დიმიტრი ხახუტაშვილი (1927-2009) იყო ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი; ის 1950-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (1948-1953). დიმიტრი ხახუტაშვილი თავის ნახატებში სხვადასხვა ჟანრს, სტილისა და ტექნიკას იყენებს: რეალიზმი, იმპრესიონიზმი, პუანტილიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, კუბიზმი და სუპრემატიზმი. ის მუშაობდა როგორც კლასიკურ, ასევე ექსპერიმენტულ, მოდერნისტულ ჟანრში. დიმიტრი ხახუტაშვილმა შექმნა 100-მდე წიგნის ილუსტრაცია. მათ შორის ყველაზე პოპულარული ხალხური ზღაპრებისთვისაა. სიცოცხლეში მხოლოდ სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა, პერსონალური გამოფენა არასდროს ჰქონია. მისი ძირითადი საქმიანობა ახალგაზრდა თაობის აღზრდა/სწავლება იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. დიმიტრი ხახუტაშვილის 95 წლის იუბილეზე რეტროსპექტული პირველი პერსონალური გამოფენა დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2022 წლის მოეწყო. დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, რუტგერსის უნივერსიტეტის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, ნენსი და ნორტონ დოჯის კოლექციაში (აშშ) და ასევე სხვადასხვა კერძო კოლექციებში.