ლევან მინდიაშვილი (1979) ქართველი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მოღვაწეობს. მის მხატვრულ კვლევებში ეგზისტენციალური საკითხები მუდმივად უკავშირდება კონკრეტულ ლოკაციებს, ქალაქების თავისებურებებს, არქიტექტურული ტექსტურების ენასა და თვითგამოხატვის ფორმებს კულტურებსა თუ სუბკულტურებს შორის. მისი ვიზუალური აზროვნება უმეტესად მულტიმედიური ინსტალაციების ფორმატს ირჩევს.
ლევან მინდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ბაკალავრის (BFA), ხოლო არგენტინაში, ბუენოს-აირესის ხელოვნების ეროვნულ უნივერსიტეტში მულტიმედიური ხელოვნების მაგისტრის (MFA) ხარისხი მიიღო. მის ჯილდოებს შორის არის ხელოვნების ეროვნული ფონდის საჯარო ხელოვნების პროექტების გრანტი (ნიუ-იორკი, 2014) და „Movistar Arte Jóven“-ის 2011 წლის ახალგაზრდა ხელოვანი (ბუენოს-აირესი, არგენტინა). 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე იგი იყო NARS Foundation-ის რეზიდენტი მხატვარი ბრუკლინში (ნიუ-იორკი).
მისი ნამუშევრები მოხვდა ბოლოდროინდელ ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს მასშტაბით — აშშ-დან ჩინეთამდე, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა (თბილისი) და ჩინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის (პეკინი) საჯარო კოლექციებში.