დაამატეთ სახელები, თარიღები ან ნებისმიერი ველი
22 ნოემბერს - 19:00 საათზე ATINATI’S კულტურის ცენტრი ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ზურაბ გიკაშვილის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 30 მდე ნამუშევარი ATINATI’S და მხატვრის პირადი კოლექციებიდან. ზურაბ გიკაშვილი 1990-იანი წლების იმ ქართველი მხატვრების ჯგუფის ცნობილი წარმომადგენელია, რომელთა ნახატები გამოირჩევიან ეგზისტენციალური თემებით და ასევე დახვეწილი ფერწერის ტექნიკით. ერთ-ერთი პირველი ჯგუფური გამოფენა მას აკადემიის დამთავრებისთანავე 1992 წელს ჰქონდა, იტალიის თანამედროვე ხელოვნების „ჯიბელინას“ მუზეუმში.
ზურაბ გიკაშვილის ყველა ნახატი ექსპრესიულია – ერთი შეხედვით მშვიდი და იდილიური პეიზაჟებიც კი, ყურადღებით შესწავლისას გარკვეულ სევდას გამოხატავენ. გიკაშვილი სხვადასხვა თემატიკისა და ფორმატის ნამუშევრების ავტორია. თითოეულს უნიკალური სტილი და განწყობა აქვს. ნამუშევრები, რომელთა მიზანი ატმოსფეროს შექმნაა ობიექტები ზუსტი წესრიგით არის დალაგებული, სინათლე ზოგიერთ შემთხვევაში ასხივებს, ზოგან ჩრდილებით ქმნის სიმყუდროვეს. ეს შეიძლება იყოს რიტუალი ან უცნაური შეკრებები, სადაც ფატალურობის განცდა რჩება დამთვალიერებელს. დაბნეული და უმწეო ადამიანების, ცხოველების თუ ობიექტების სპონტანური ერთობაა, რომლებიც თითქოს უნებურად იკრიბებიან გიკაშვილის შექმნილ სამყაროში. ეგზისტენციალური აქცენტებია დასმული ზურაბ გიკაშვილის პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებშიც. მედიტაციისა და თვითკონცენტრაციის საშუალებით გამოხატავს საკუთარ თავს.
ბიოგრაფია
ზურაბ გიკაშვილი 1961 წელს დაიბადა ყვარელში. სწავლობდა თელავის სამხატვრო სკოლაში, იაკობ ნიკოლაძის თბილისის სამხატვრო სკოლაში და ბოლოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა (დაამთავრა 1992წ). სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ზურაბ გიკაშვილი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები გამოიფინა ლონდონის სამეფო აკადემიის საზაფხულო გამოფენაზე 2000 წელს. ზურაბ გიკაშვილი 2009 წლის პრაღის ბიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა . ზურაბ გიკაშვილის შემოქმედება ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოლექციებშია დაცული.