menu

ვახო ბუღაძე - გამოფენა: O, I, II

16 მარ / 00:00 ATINATI'S


ვახო ბუღაძის(1964) გამოფენას, სახელწოდებით-O,I,II ATINATI-ს კულტურის ცენტრი ორ პარალელურ ექსპოზიციად წარადგენს. 18 მარტს ექსპოზიცია #104 საჯარო სკოლაში / სამხატვრო სკოლაში და ATINATI-ის კულტურის ცენტრში ერთსა და იმავე დღეს გაიხსნება. 


ვახო ბუღაძე (დაიბადა 1964 წლის 18 აპრილს) ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. განათლებით მოქანდაკემ 1990 იან წლებში ფერწერა მთავარ მედიუმად აირჩია და მას მერე არაერთი გამოფენის მონაწილე ყოფილა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვახო ბუღაძის შემოქმედებითი სტილი რთულად განსასაზღვრია, თუმცა მისი ხელწერისთვის დამახასიათებელია ექსპრესიული გამოსახვა ბრუტალური რეალობის, რომელიც თითქოს სკულპტურული კონცეფციების საფუძველზეა შექმნილი. ამავე დროს ტილოებზე გამოსახული ადამიანები გაუშიფრავი საიდუმლოებების მატარებლები არიან.


გამოფენაზე ვახო ბუღაძის ორივე მედიუმში შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ექსპონირებული ნამუშევრები ემოციურად და რეალურად კავშირშია სკოლასთან. იმ დროსთან, როდესაც თავად მხატვარი სწავლობდა ამავე შენობაში (ამჟამინდელი #104 საჯარო სკოლა).  იდეა, გამოფენა მოეწყოს ორ ეტაპად (ATINATI-ს კულტურის ცენტრში და #104 საჯარო სკოლაში) უკავშირდება სკოლის ძველ ფოტოს, რომელიც მხატვარმა თავის არქივში აღმოაჩინა. არტისტმა ბოლო 1 წლის განმავლობაში იმუშავა სერიაზე და შექმნა 60-მდე ნამუშევარი. კონკრეტული გამოფენით შეიქმნება მეტაფორული გზა, რომელიც დაიწყება სკოლიდან - მხატვრად ჩამოყალიბებამდე და დასრულდება ATINATI - კულტურის ცენტრში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინსტალაციაც - იმიტირებული ფოტოების გასამჟღავნებელი კუთხე.


გამოფენის კონცეფცია:


ბავშვების სკოლამდელი ცხოვრება, გატარებული სახლში, მშობლებთან ერთად, როგორც წესი, უზრუნველია, 0 კლასიდან კი იგი რადიკალურად იცვლება.


ჩხუბი, თვალთვალი, პირველი მეგობრის პოვნა და სულ სხვანაირი გახარება, რადგან თანდათანობით ეს კლასი უკვე შენი ხდება… გაურკვევლობაში ყოფნა ანდა პირიქით, არსებული გარემოს მოწონება და საკუთარი თავით კმაყოფილებაც, - ეს ყველაფერი თან ახლავს სწავლის პროცესს, თუმცა კი ამ ჩამონათვალზე უფრო მეტად მაინც გულისწყვეტა გვამახსოვრდება.


რუტინაში ეს ნელ-ნელა სხვა იერს იძენს, შეჩვევის და საბოლოოდ, სიყვარულის, რაც თანაკლასელების სიყვარულზე უფრო აღმატებულ გრძნობად რჩება ჩვენში.

ამ გამოფენით მე არ მინდა შევეხო მეხსიერებას, როგორც ასეთს, არამედ უფრო მეხსიერების იმ ფაქტებს, რომელთაც ჩვენ ამ რეგისტრში “მეხსიერებად” უკვე აღარ აღვიქვამთ ხოლმე“. 


  • ვახო ბუღაძე