1950-იანი წლებში, ჟურნალ „ამერიკის“ ერთ-ერთ ნომერში, რომელსაც საბჭოთა მკითხველისთვის რუსულ ენაზე გამოსცემდნენ, დაიბეჭდა ინტერვიუ ჯორჯ ბალანჩინთან. ინტერვიუს გაეცნო ბალანჩინის ძმაც - კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე. საქართველოში ასე გაიგეს, რომ გიორგიმ ამერიკაში უდიდეს წარმატებებს მიაღწია.
ანდრია და გიორგი ბალანჩივაძეები. სანკტ-პეტერბურგი. 1900-იანი წლები
გიორგი ბალანჩივაძე, საქართველოში პირველად, დაბადებიდან ექვსი ათეული წლის შემდეგ ჩამოვიდა და ბანოჯა, სოფელი წყალტუბოს რაიონში, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, არ უნახავს. სოფელი, საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა, ბალანჩინის საქართველოში მოგზაურობის მარშრუტში არც შეიტანეს. არაა ცნობილი მოითხოვა თუ არა თავად ბალანჩინმა იმ სოფლის მონახულება, საიდანაც 1889 წელს მამამისი - ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძე სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში სიმღერის კურსებზე გაემგზავრა.
მელიტონ ბალანჩივაძე. 1862 - 1937
მელიტონს იქ უმცროსი ძმა ელოდა - ვასო, რომელიც ორი წლის წინ ჩასულიყო ქალაქში და ცნობილ მხატვართან ილია რეპინთან სწავლობდა. ვასო არ შეიძლება არ ახსოვდეს მათ, ვისაც ქართული ფილმი „დაკარგული სამოთხე“ უნახავს, სადაც მსახიობი ბაბუა ანტონის როლს ასრულებს. სხვათა შორის, ამ ფილმის მუსიკა, სიმღერები, მათ შორის საქართველოში მეტად პოპულარული „ზესტაფონო, გშორდები“ ჯორჯ ბალანჩინის ძმას - ანდრიას ეკუთვნის.
ანდრია ბალანჩივაძე და ჯორჯ ბალანჩინი თბილისში. 1962 წელი. ბონდო დვალიშვილის ფოტო
სანკტ-პეტერბურგში, 1904 წელს დაიბადა გიორგი ბალანჩივაძე და საიმპერატორო საბალეტო სასწავლებელი დაამთავრა. 1924 წელს, როცა ქალაქს უკვე ლენინგრადი დაერქვა, გიორგი და მისი მეგობრები საგასტროლოდ გერმანიაში გაემგზავრნენ. საგასტროლო ჯგუფს საბჭოთა ხელისუფლების დეპეშა, სასწრაფოდ უკან დაბრუნებას რომ ავალდებულებდა, ევროპაში დაეწია. ახალგაზრდა მოცეკვავეებმა დარჩენა გადაწყვიტეს, სადაც დიდ იმპრესარიოს - სერგეი დიაგილევს შეხვდნენ. ჯორჯ ბალანჩინიც სწორედ დიაგილევის შერჩეული სახელია.
დიაგილევის წარმატებულ „რუსულ სეზონებზე“ 1928 წელს, 24 წლის ბალანჩივაძემ, სტრავინსკის ბალეტი „აპოლონ მუსაგეტი“ დადგა, რომელსაც შემობრუნების წერტილად თვლიდა საკუთარ კარიერაში. ამ ბალეტის დადგმიდან 90 წელი გავიდა, მაგრამ, იგი დღესაც თანამედროვედ აღიქმება და მაყურებელს აოცებს ბალეტმაისტერის თამამი იდეებით. ფოკინიდან დაწყებული, დიაგილევთან ბევრი ქორეოგრაფი მუშაობდა. ახალბედები ყოველთვის ვერ ახერხებდნენ იმპრესარიოსთან დაეცვათ საკუთარი შეხედულებები. ბალანჩინის შემთხვევაში ასე არ იყო. დიაგილევს შეეძლო ბევრი რამ ესწავლებინა მისთვის, მაგრამ ვერ შეეძლო ემართა. ბალანჩინს ეს დამოკიდებულება, რომელიც „აპოლონის“ დადგმის პროცესსაც ახლდა თან, არ მოსწონდა; არ მოსწონდა არც დეკორაცია და არც მოცეკვავეთა კოსტიუმები. სხვათა შორის, გახმაურებული სპექტაკლი პარიზში, სარა ბერნარის თეატრში, კოკო შანელმაც ნახა. ცნობილმა დიზაინერმა დიაგილევს კოსტიუმებისა და ვარცხნილობის გამო უსაყვედურა და მოგვიანებით, ამ ბალეტისთვის ბრწყინვალე კოსტიუმებიც თავად შექმნა.

ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა. Apollo. ნიუ-იორკ სითი ბალე. ნინა ალოვერტის ფოტო. 1987
„აპოლონ მუსაგეტის“ დამდგმელი ქორეოგრაფისთვის ცხადი იყო, რომ საბალეტო ხელოვნებაში რაღაც ახალი მოხდა და კლასიკურმა საბალეტო ხელოვნებამ ახალი ცხოვრება დაიწყო. ეს ბალეტი დღემდე რჩება მე-20 საუკუნის ახალი საბალეტო ესთეტიკის სიმბოლოდ;
„აპოლო“, რომელიც საბალეტო ხელოვნების ბედისწერად იქცა, ბედისწერად იქცა ბალანჩინისთვისაც. 1934 წელს, დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ, ევროპაში სრულიად უიმედოდ დარჩენილი უკვე სახელოვანი ქორეოგრაფი, ლინკოლნ კირსტაინი - ამერიკელმა მეცენატმა გაიცნო და ამერიკაში მიიწვია, სადაც მათ დააარსეს საბალეტო სკოლა. ეს კირსტაინის დიდი სურვილი იყო, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით „ნიუ იორკ სითი ბალე“ ჩამოყალიბდა, ბალანჩინის საბალეტო თეატრი.
„კონჩერტო ბაროკო“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. მერაბ ნიკოლაიშვილის ფოტო
„სერენადა“ ჩაიკოვსკის მუსიკაზე იყო პირველი ბალეტი ამერიკაში, რომელიც ბალეტმაისტერმა სკოლის მოსწავლეებისათვის დადგა და ღია ცის ქვეშ წარმოადგინა. შემდეგში „სერენადა“ და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ბევრი ბალეტის პრემიერა უკვე დევიდ კოხის თეატრის სცენაზე შედგა, რომელიც ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრის შემადგენელი ნაწილია და მეტროპოლიტენ ოპერის გვერდით დგას. აქ არის ბალანჩინის ნიუ-იორკ სითი ბალე დღესაც, რომელიც მისტერ ბის შედევრების მთავარი საშემსრულებლო ცენტრია.
ჯორჯ ბალანჩინი 1962, თბილისი
„დაინახეთ მუსიკა და მოისმინეთ ცეკვა“ - ეს ბალანჩინის ქორეოგრაფიის ფორმულაა. მის ბალეტებს არა აქვთ სიუჟეტი. ისინი მშვენიერები არიან იმისთვის, რომ ნახოთ და ისიამოვნოთ. ანდრია ბალანჩივაძე, რომელიც 40 წლის უნახავ ძმას და მის კომპანიას მეგზურობას უწევდა თბილისში, იგონებდა:
„ერთმა კორესპონდენტმა, აქ ყოფნის დროს ჰკითხა, რატომ არა აქვს თქვენს ბალეტს შინაარსი?“
„ბალეტი უპირველესად არის სილამაზე - უპასუხა მან. აი, აიღეთ ვარდი. მოგწონთ? რა შინაარსი აქვს მას. უბრალოდ, ლამაზია. ბალეტიც ასეა.“
დასაწყისში ჟურნალ „ამერიკაში“ დაბეჭდილი ინტერვიუ ვახსენეთ. ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენ ქორეოგრაფი ხართ? ბალანჩინი პასუხობს: „რა საშინელი სიტყვაა ქორეოგრაფი. მე უპირატესობას ვანიჭებ ცეკვის მეტრს ან ბალეტმაისტერს. პეტიპას ბალეტმაისტერს ეძახდნენ, ეს ჩემთვისაც შესაფერისი იქნებოდა“.
ბალანჩინი ჭეშმარიტად არის ცეკვის მეტრი. პეტიპა და ბალანჩინი კი ორი დიდი ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა და აზროვნება ქორეოგრაფიაში. კარიერის ბოლოს პეტიპამ ამაყად თქვა: „მე ევროპაში საუკეთესო ბალეტი შევქმენი“. იგივეს თქმა შეეძლო ბალანჩინს, რომელმაც საუკეთესო ბალეტი შექმნა ამერიკაში. ბალანჩინს დღეს მთელ მსოფლიოში ცეკვავენ.