menu

ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერის და ბეჭდვის თავგადასავალი

1880 წელს თბილისში იტალიიდან დაბრუნდა ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე. იმდროინდელი პრესის ქრონიკებით ვიგებთ, რომ ფილიმონი წარმატებით მოღვაწეობდა იტალიის სხვადასხვა თეატრში, მათ შორის მილანის ლა სკალაში.  თბილისში კი აქაური ოპერის თეატრის მოწვევით დაბრუნდა. უკან წასვლას რომ აპირებდა, მასთან ქართველი მგალობლები მისულან სტუმრად და უკითხავთ: ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება თუ არის შესაძლებელიო. ფილიმონს თანხმობა განუცხადებია: „მოვიდნენ, იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე, ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზეც გავაგონე საგალობლები. მაშინ დარწმუნდნენ, რომ ქართული გალობის ნოტებზე დაწყობა შესაძლებელი ყოფილა“- ასე იგონებდა იმ პირველი შეხვედრის ამბავს, მალე მთელ საქართველოს რომ მოედო.



ფილიმონ ქორიძე


ფილიმონთან მოდიოდნენ გალობის საუკეთესო მცოდნეები ნესტორ კონტრიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე, ივლიანე წერეთელი და სხვები. ისიც სიხარულით იწერდა ნოტებზე უნიკალურ საგალობლებს და იმდენად მნიშვნელოვანი გამხდარა ეს საქმე მისთვის, ოპერისთვის თავი დაუნებებია და უცხოეთშიც აღარ დაბრუნებულა.

ამ ისტორიულმა ამბავმა ქართული გალობის უნუგეშო მდგომარეობას, რომ იტყვიან სულზე მოუსწრო. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ მრავალსაუკუნოვან ქართულ საგალობლებს დავიწყების საფრთხე დაემუქრა. რუსეთის სინოდის ბრძანებით აიკრძალა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება. რუსულ ენაზე წირვა-ლოცვის დროს ქართული გალობა აღარ გამოიყენებოდა, აღარც მის შესწავლას ექცეოდა ყურადღება. რუსი ეგზარქოსები დამამცირებლად მოიხსენიებდნენ ქართულ გალობას - „თხის კიკინს“ და „ძაღლის ყეფას“ ადარებდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებული ტრადიციული სამგალობლო სკოლები მოიშალა და მალე აღარავინ იქნებოდა ცოცხალი, ვისაც შეეძლო გალობა სხვისთვის ესწავლებინა.



ფილიმონ ქორიძე და მისი გუნდი. 1902. გაზ. „ცნობის ფურცელი. სურათებიანი დამატება“


ქართველი სასულიერო პირები ბევრს ფიქრობდნენ, როგორ ეშველათ შექმნილი მდგომარეობისათვის. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში საზოგადო მოღვაწის, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის მოთავეობით თბილისში საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი რომ შეიქმნა, გალობის ნოტებზე ჩაწერის ცალკეული, თუმცა წარუმატებელი ცდები არსებობდა. კომიტეტის მუშაობას ცალკე რუსმა ეგზარქოსმა პავლემ და სასულიერო სემინარიის რექტორმა ჩუდეცკიმ შეუშალეს ხელი, ცალკე ქართული საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობამ და გარკვეულ საკითხებზე დაპირისპირებამაც.  ქართველმა მგალობლებმა თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლის მიხეილ მაჭავარიანის მიერ ნოტებზე გადაღებული იოანე ოქროპირის წირვის საგალობლები დაიწუნეს. ალექსანდრე ეპისკოპოსმაც უარი განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, თუმცა შემდეგში აგრძელებდა მზრუნველობას ქართული გალობისადმი.  



წმინდა მღვდელმთავარი  ალექსანდრე (ოქროპირიძე)


ფილიმონ ქორიძის ჩამოსვლა თბილისში ამ დროს სწორედ რომ ხსნა და შველა იყო  გალობის გადარჩენისათვის. ქართველ მამულიშვილებს მაშინ ალბათ ძნელად წარმოედგინათ, რომ ისეთ ისტორიულ საქმეს აკეთებდნენ, რომელიც ერთი საუკუნის შემდეგ გახდებოდა შეფასებული. 

ფილიმონ ქორიძეს მხარდაჭერა იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელ ქიქოძემ აღუთქვა. იქაურმა სამღვდელოებამ და მრევლმა თანხაც შეაგროვა და ფილიმონს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში განთქმული მგალობლები დაახვედრა: ჯაბა, ტელემაკ გურიელები, ანტონ და დავით დუმბაძეები, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე - გურიიდან; დიმიტრი ჭალაგანიძე - სამეგრელოდან; ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, რაჟდენ ხუნდაძე, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლიანე შოთაძე,  ვასილ ქუთათელაძე - იმერეთიდან; საეპისკოპოსო გუნდს ანდრია ბენაშვილი ხელმძღვანელობდა.



წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


ამ მხარდაჭერით ფილიმონ ქორიძემ 1885-86 წლებში ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის წირვის 400 საგალობელი ჩაწერა. 560 ხელნაწერი ფურცლის გამოცემისთვის საჭირო ფინანსები კი მოსაძიებელი დარჩა.  

ამ დროს გამოჩენილა საჭირო კაცი - მე-19 საუკუნის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი მაქსიმე შარაძე, რომლის შექმნილმა ამხანაგობამ ქართული გალობის გადარჩენას ფასდაუდებული ღვაწლი დასდო. 


მაქსიმე შარაძე


მაქსიმემ თბილისში ჯერ „საღმრთო წიგნთ საკითხავი კაბინეტი“ დააარსა, შემდეგ კი  სტამბა. ხოლო ქაშუეთის ტაძარში ცნობილი მგალობის მელქისედეკ ნაკაშიძისა და მისი გუნდის გალობა რომ მოუსმენია, „გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყეო, თურმე რა ტკბილი და კარგი გალობა ყოფილაო“, იგონებდა მაქსიმე. ცნობილ მგალობლებთან ურთიერთობამ იმხელა სიყვარული და შთაგონება მისცა, ფილიმონ ქორიძისგან ნოტები შეუსწავლია, მერე კი ილია ჭავჭავაძე დახმარებიათ, გამოუწერიათ სანოტო შრიფტი, საბეჭდი მანქანა გერმანიიდან. 



გაზეთ „ივერიის“ სტამბის თანამშრომლები. 1902 წ.

პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი: ერასტი ტოროტაძე. მეორე რიგში მარცხნიდან პირველი: ესტატე კერესელიძე (წმ. ექვთიმე აღმსარებელი), საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი არისტოვლე ქუთათელაძე, მესტამბე მაქსიმე შარაძე, ასოთამწყობი სპირიდონ ლოსაბერიძე. მესამე რიგში დგას გურგენიძე


ამ სტამბაში 1895 წელს, „მ.შარაძის, ე.კერესელიძის, ვ.გძელიძის და ს.ლოსაბერიძის ამხანაგობის" მიერ დაიბეჭდა ფილიმონის მიერ, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის ხელშეწყობით ჩაწერილი იოანე ოქროპირის ლიტურგია. ასე დაიწყო 1895 წლიდან ნოტების ბეჭდვა საქართველოში. 

შემდგომ წლებში იმერეთში ჩაწერილი საგალობლების სხვა კრებულებიც გამოიცა.  მაქსიმე შარაძეს ამ საქმეში ესტატე კერესელიძე ედგა გვერდით. მათ ერთობლივად,  თანამოაზრეებთან ერთად, ქართული საგალობლების შთამომავლობისათვის შესანახად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. 



ესტატე კერესელიძე


1893 წელს ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში მიავლინეს, სადაც ძველი მგალობლის ანტონ დუმბაძის, მისი შვილის დეკანოზ დავითისა და სვიმონ მოლარიშვილისგან უნდა ჩაეწერა გელათის სკოლის საგალობლები.  



ანტონ და დავით დუმბაძეები


ანტონ დუმბაძეს თავიდან არ სჯეროდა რომ ამ საგალობლების ჩაწერა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ძლიერ მოუნდომებია. „ივერიაში“ იგი წერდა: „როგორც სრული  საეკლესიო ქართულის გალობის მცოდნისათვის სასიამოვნოა, რომ გალობა გადადის ნოტებზე, შეუცვლელად და უნაკლოდ იმ კილოზე, როგორც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.“ 

ფილიმონი შიშობდა ეს ეროვნული საუნჯე არ დაკარგულიყო. ოზურგეთში მეორედაც ჩავიდა 900-იანი წლების დასაწყისში. ჩაწერილი საგალობლების რიცხვი კი იზრდებოდა, მაგრამ ბეჭდვის საქმე უსახსრობის გამო ისევ მოუგვარებელი რჩებოდა. 



ფილიმონ ქორიძე და მისი გუნდი. 1890-იანი წლები. მარჯვნიდან მეორე ესტატე კერესელიძე


მაქსიმე შარაძე შესაფერ დროს ელოდა, მაგრამ 1908 წელს იგი გარდაიცვალა. სტამბისა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერის საქმე აირია. ფილიმონ ქორიძეც მოულოდნელად კურორტ ბახმაროზე გარდაიცვალა და ოზურგეთში დაკრძალეს. მის მიერ ნაქირავებ ბინაში არც არქივი და არც სანოტო ჩანაწერები არ აღმოჩნდა. ფილიმონის შვილს ახსოვდა, მამამ რომ უთხრა, ნოტებს „ძალიან სანდო ადამიანს ვაბარებ, ძალიან სანდოს... მერე გაიგებო!”.  

ეს იყო მაქსიმე შარაძის ამხანაგობის წევრი ესტატე კერესელიძე, რომლის მთელი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უერთგულა ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე. ფილიმონი ჩაწერილი საგალობლების გადაწერას ექვთიმეს ანდობდა, გადაწერილს კი თავად უკეთებდა კორექტურას. თბილისში დაბრუნებულმა ფილიმონის შვილმა მოიკითხა ესტატე კერესელიძე. სადღაც, მონასტერში ბერად წავიდაო, უთხრეს. 



ბერი ექვთიმე კერესელიძე


ბერად აღკვეცილი ექვთიმე (ესტატე) კერესელიძე ამ დროს გელათის მონასტერში მოღვაწეობდა და საგალობლების გადაწერას უთმობდა მთელ დროს. მისი ღვაწლი ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერის დიდი ისტორიის გარდამტეხი ეტაპია. უნდა ნახოთ როგორი სიყვარულით, რუდუნებით და დიდი შრომითაა გადაწერილი და შედგენილი ეს კრებულები, ძველი ქართული ხელნაწერი ტრადიციით გაფორმებული და ლამაზი კალიგრაფიით მინაწერი ტექსტებით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასეთი სამ ათეულზე მეტი კრებულია დაცული, თითოეული ტომი 300-დან 1000 გვერდამდე შედგება. სულ ექვთიმე კერესელიძის მიერ 5532 სხვადასხვა საგალობლის სანოტო ჩანაწერია შემონახული. 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასევე დაცულია ეპისკოპოს სტეფანე (ვასილი)   კარბელაშვილის სანოტო არქივი, სადაც 2 000-მდე საგალობელია შესული. თუ დასავლეთ საქართველოში საგალობლების ჩაწერა ფილიმონ ქორიძემ ითავა, აღმოსავლეთ საქართველოში ამ საქმეს დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი მოთავეობდა, რომელიც  საგალობელთა აღმოსავლეთ საქართველოს კილოების ყველაზე კარგი მცოდნე აღმოჩნდა. მისი ხუთი შვილი - პეტრე, ანდრია, სტეფანე, პოლიევქტოსი და ფილიმონი წმინდანებად არიან შერაცხულნი. ძმები კარბელაშვილების მიერ ნოტებზე გადატანილ სვეტიცხოვლის სამგალობლო სკოლის საგალობლებს დღემდე „კარბელაანთ კილოს” უწოდებენ.  



წმინდა ძმები კარბელაშვილები. მარცხნიდან: წმინდა აღმსარებელი  პოლიევქტოს, წმინდა აღმსარებელი სტეფანე, წმინდა მოწამეები პეტრე და   ანდრია  


ექვთიმე კერესელიძეს საგალობელთა ხელნაწერებთან ერთად „ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღების ისტორიაც“ დაუწერია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მომცრო რვეულის 120 გვერდზე გადმოცემული ისტორია წმინდანად შერაცხული ექვთიმე აღმსარებლის ბიოგრაფიაცაა. მან ხომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა, ამ საუნჯის მოვლა-პატრონობას შესწირა.



ესტატე კერესელიძე. „ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა“. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Q-840 ხელნაწერის თავფურცელი


თურმე, უსაფუძვლოდ არ ფიქრობდა ფილიმონ ქორიძე: „ძალიან მეშინია, მთელი ეს განძი, ჩემ შემდეგ, სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმში თაგვების სახრავი არ გახდეს.“ ნოტებზე გადატანილ საგალობლებს, მართლაც მძიმე და ფათერაკებით აღსავსე გზა ელოდა წინ.

მაქსიმე შარაძის გარდაცვალების შემდეგ, სტამბის თანამოწილემ საგალობელთა კრებულებიც კი შუაზე გაყო და საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების მუზეუმს ჩააბარა. ექვთიმემ ისინი ითხოვა და ხელმეორედ გადაწერა. შემდეგ კი ქუთაისში გადავიდა და სტამბის საკუთარი წილიც გადაიტანა. ქუთაისში სტამბის საქმე თავიდანვე ურიგოდ აეწყო. ვერ მოინახა სათავსო საგალობელთა კრებულების შესანახად. დაუცველობის გამო მისი ნაწილი განადგურდა და ხელნაწერთა ფურცლებს ექვთიმე შემთხვევით ბაზარში გადაეყარა, ხორცის გამყიდველები გასახვევად იყენებდნენ თურმე.

წმიდა ექვთიმემ გურიაში ჩაწერილი საგალობლები სამივე ხმაზე გამართა, რაშიც დახმარებას უწევდნენ მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე და ივლიანე ნიკოლაძე, ქუთაისის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი. ექვთიმეს რამდენჯერმე მოუხდა ამ ხელნაწერების გამოთხოვა, თავიდან გადაწერა, კრებულებად გაერთიანება; თავაუღებლად მუშაობდა გელათის მონასტერში და ირგვლივ მყოფთა გაკვირვებასაც კი იწვევდა, ამდენს რატომ და რისთვის მუშაობსო. „ამ საქმეში დიდ სიმდიდრეს ვპოულობ, ძვირფასი განძია, ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეო !“- მიუგებდა ექვთიმე.



ექვთიმე კერესელიძის მიერ გადაწერილი სანოტო კრებულის ფრაგმენტი. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


1924 წელს საქართველოში არნახულად გაძლიერდა კომუნისტური ტერორი. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს ეკლესია. დაიჭირეს კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა ამბროსი (ხელაია), რომელმაც გენუის კონფერენციისათვის მიწერილ წერილში მსოფლიოს აცნობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ. ციხეში აღმოჩნდა თითქმის ყველა მღვდელმთავარი. დაკეტეს გელათის მონასტერი. საჭირო გახდა ხელნაწერთა გელათიდან უსაფრთხო ადგილზე გადატანა. ასეთ დროს მართლაც გასაოცარია რა ძალა შეაძლებინებს ადამიანს ერთ დღეს ურემზე დააწყოს რკინის ყუთებში ჩაწყობილი საგალობელთა კრებულები და წითელი ტერორისტების თარეშით აკლებული შარა-გზების გავლით მცხეთაში უპრობლემოდ ჩაიტანოს. სწორედ ასე მოიქცა ექვთიმე კერესელიძე. გადანახულ საუნჯესთან ერთად იგი, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაბინავდა.  



ექვთიმე კერესელიძის მიერ გადაწერილი სანოტო კრებულის ფრაგმენტი. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


ექვთიმე კერესელიძე საქართველოს ეკლესიამ 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე აღმსარებელი უწოდა. მის ღვაწლს ქართველი მეცნიერის და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას ადარებენ, ადამიანისა, რომელმაც 24 წელი საფრანგეთში, ემიგრაციაში მოუარა და სამშობლოში დააბრუნა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ოკუპაციის დროს გატანილი ეროვნული საგანძური, ისე, რომ „ერთი ქინძისთავიც არ დაუკარგავს“.


ექვთიმე კერესელიძის მიერ გადაწერილი სანოტო კრებულის ფრაგმენტი. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში


ექვთიმე კერესელიძემ აქვე, სამშობლოში, ზედაზნის მონასტრის ეზოში, რკინის ყუთებით მიწაში საიდუმლოდ დაფლა ფილიმონ ქორიძესა და მის თანამოაზრეებთან ერთად ჩაწერილი, გადაწერილი და შემონახული ქართული უნიკალური საგალობლების კრებულები, რომლებიც ორი ათეული წლის მერე სახელმწიფო მუზეუმს გადასცა.