menu

კორნელი სანაძე - ვითომ საბჭოთა არასაბჭოთა მხატვარი

საბჭოთა მმართველობის პერიოდში (განსაკუთრებით 1930-იანი წლების შუა ხანიდან) ქვეყნის საზღვართან მსოფლიოსაგან იზოლაციის რკინის მძიმე ფარდა დაეშვა; დანარჩენი სამყაროსაგან საბჭოთა წყობის ტოტალიტარული რეჟიმის შედეგად მოწყვეტილ მოძმე რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, სახელოვნებო პროცესების მართვა პოლიტბიუროს საგანგებო დადგენილებებით ხდება; ოფიციალურად იქმნება და მუშავდება სოციალისტური რეალიზმის სტილი, პირველ რიგში კი იდეოლოგია, რომლის პირველადი დანიშნულებაა, ხოტბა შეასხას მითს ბედნიერ პროლეტარზე. საერთო იდეოლოგიის დაცვა და გატარება სავალდებულო ნორმა ხდება ხელოვნების წარმომადგენელთათვის. ხელოვნების თითოეული დარგი სახელმწიფოს მხრიდან ფხიზლად კონტროლდება და მკაცრ ცენზურას ექვემდებარება. ასე იქმნება ადგილობრივი ნაციონალური ნიშნების მატარებელი, ფსევდო ჰეროიკული პათეტიკით აღსავსე სოც-რეალისტური მხატვრობის თავისთავად საინტერესო, არა მხოლოდ მხატვრული, არამედ სოციო-კულტუროლოგიური ფენომენი. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ცალკეული ხელოვანები მაინც ახერხებენ პლაკატური კომპოზიციების მიღმა სხვადასხვა მხატვრული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობას და ამ გზით ნამუშევართა მხატვრული დონის ამაღლებას. ამგვარ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება კორნელი სანაძეც, რომლის შემოქმედება ვერც თემატური მრავალფეროვნებითა და ვერც შინაგანი შემოქმედებითი თავისუფლებით ვერ ეწერება სოც-რეალისტური მხატვრობის კონტექსტში.


კორნელი სანაძე მრავალმხრივი ნიჭისა და ინტერესების მქონე ადამიანი იყო; მხატვარსა და პოეტს კიდევ რამდენიმე პროფესია ჰქონდა. თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1924 წლამდე მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა; ამავე წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხვის შემდეგ კი პირველ წლებში არქიტექტურას ეცნობოდა; 1927 წელს, „პროლეტკულტის“ ლიტერატურულ ფაკულტეტზეც სწავლობდა, პარალელურად კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ოთხი წლის განმავლობაში ვოკალს ეუფლებოდა. თუმცა საბოლოოდ კორნელი სანაძემ მაინც მხატვრობა აირჩია და 1929 წელს აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო; მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში, მუშაობს მხატვართა ასოციაციებში, მხატვართა კავშირის გამგეობებში, ხდება 1930 წლის 8 თებერვალს დაარსებული საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა საზოგადოების - ”სარმა”ს - ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1934 წლიდან კორნელი სანაძე პედაგოგიურ საქმიანობაშიც ერთვება და ფერწერას ასწავლის აკადემიაში. მუშაობს არამხოლოდ დაზგურ ფერწერაში, არამედ თეატრისა და კინოს მხატვრობაში (გაფორმებული აქვს კინოფილმები: ”დარიკო”, ”ქალი მწვანეში”, სასცენო დადგმები შ. რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის თეატრებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ბათუმის თეატრში).


    

კორნელი სანაძე (1907-1985) “გურია, ჭალანდარი”. 61,5x85,5.  ქაღალდი, ტემპერა. 1963. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ბუნებით აქტიური და ენერგიული კორნელი სანაძის მხატვრული მემკვიდრეობა ძალიან დიდია, მოიცავს როგორც პორტრეტების ვრცელ გალერეას, ისე თემატურ კომპოზიციებსა და გამორჩეული მხატვრული ფასეულობის პეიზაჟებს. მაგრამ თუ პეიზაჟი კორნელი სანაძისთვის შეუზღუდავ მხატვრულ ძიებებს გულისხმობს, პორტრეტებში იგი უფრო თავშეკავებულია, მხატვარი ანგარიშს უწევს ოფიციალური პორტრეტის ზოგად სტილისტურ ნიშნებს (ფრონტალურობა, წარდგენითი ხასიათი, პოზიტიური რეპრეზენტაცია). კორნელი სანაძე ხშირად ხატავს მისთვის ახლობელ და ძვირფას ადამიანებს, თუმცა მეტწილად მაინც სამთავრობო დაკვეთებს ასრულებს; ქმნის ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი ფიგურების - ისტორიული პირების, მწერლების, მეცნიერების, მხატვრების, თეატრისა და ბალეტის წარმომადგენლების პორტრეტებს (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, სერგო ქობულაძე, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ანდრია ბალანჩივაძე, ევგენი მიქელაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, აკაკი შანიძე და სხვა). ამოსავალი წერტილი მხატვრისთვის ყოველთვის პორტრეტირებულის პიროვნება და მისი მოღვაწეობის სფეროა, ამის მიხედვით არჩევს იგი კომპოზიციურ სტრუქტურას, ფერადოვნებასა თუ შესრულების მანერას. მსახიობებს ხშირად გამოხატავს სასცენო როლში, შესაბამისი კოსტიუმითა და სრული ანტურაჟით, ისტორიულ პირებსა თუ გარდასულ ეპოქათა მწერლებს რენესანსულ ინტერიერში, მეცნიერებს წიგნთან თუ საკვლევ მასალასთან მუშაობის პროცესში, მუსიკოსებს კი მოულოდნელი რაკურსებითა და შესრულების უფრო თავისუფალი მანერით. ესთეტიკურად დახვეწილი და კარგად გამართული მხატვრული ფორმის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ პორტრეტული ჟანრი კორნელი სანაძისათვის ნაკლებად წარმოადგენს შემოქმედებითი მუშაობის ასპარეზს და უფრო მეტად საბჭოთა რეალობასთან, ასევე სოც-რეალიზმის მოთხოვნებთან ადაპტაციის საშუალებაა.


კორნელი სანაძე (1907-1985) “ციტრუსის მკრეფავი გოგონები აჭარიდან”. 60×85. ტემპერა, შერეული ტექნიკა. 1976.  ATINATI-ს კერძო კოლექცია


კორნელი სანაძე (1907-1985) “ჩაის მკრეფავი გოგონა”.  65x89. ქაღალდი, ზეთი. 1963. ATINATI-ს კერძო კოლექცია


კორნელი სანაძე (1907-1985) “ჩაის მკრეფავი აჭარიდან”. 65x89. ქაღალდი, ზეთი. 1961. არჩილ დარჩიას პირადი კოლექცია



კორნელი სანაძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი პეიზაჟს უკავია, რადგან ფერმწერის ნიჭი და მხატვრული ინდივიდუალობა ყველაზე უკეთ მოცემულ ჟანრში გამოვლინდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი დროისა და წრის მხატვართა შორის განსაკუთრებულ მასშტაბს პეიზაჟის ჟანრი სწორედ კორნელი სანაძის შემოქმედებაში აღწევს. ყურადღებას იმთავითვე იქცევს კორნელი სანაძის პეიზაჟების თემატური მრავალფეროვნება და ფერწერული შესრულების ცვალებადი მანერა. მასთან ნახავთ მჟღერი, კონტრასტული ფერებითა და პასტოზური მონასმებით შესრულებულ ექსპრესიულ პეიზაჟებს, უფრო ეტიუდური ხასიათის სვანეთის ხედებს, მსუბუქ მოვერცხლისფრო გამაში მოლივლივე ლანდშაფტებსა თუ ძველი ოსტატების ტრადიციაში შექმნილ, XVII საუკუნის ჰოლანდიური მხატვრობისა და XIX საუკუნის ფრანგული სტილის პასტორალურ მოტივებს. ქართულ რეალისტურ მხატვრობაში პეიზაჟის ჟანრის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ციმაკურიძის მხატვრობასთან გარკვეული სიახლოვის მიუხედვად, (კომპოზიციური წყობა, შესრულების ცოცხალი, პასტოზური მანერა, ტყის მოტივთა სიჭარბე წინა პლანზე მოცემულ რომელიმე ერთ ან ორ ხეზე აქცენტით), კორნელი სანაძის პეიზაჟებს მისი წინამორბედისაგან, პირველ რიგში, შესრულების ექსპრესიული მანერა და მის კვალად მიღწეული დრამატული ჟღერადობა გამოარჩევს. კორნელი სანაძის მხატვრული ინდივიდუალობის საუკეთესო დასტური მისი აჭარისა და გურიის თემაზე შექმნილი პეიზაჟებია, რომელთაც ნაკლებად აქვთ საერთო ციმაკურიძის პეიზაჟურ სკოლასთან, რადგან საკუთარი მხატვრული ძიებებით XX საუკუნის დასაწყისის ქართულ მოდერნიზმს ეხმიანება.


კორნელი სანაძე (1907-1985) “შტორმი”. 69x58. ზეთი, ტილო. 1958. მაკა და ეკა არბოლიშვილების პირადი კოლექცია


კორნელი სანაძე (1907-1985) “გაზაფხული”. 49,5x60. მუყაო, ზეთი. 1941. ATINATI-ს კერძო კოლექცია


კორნელი სანაძე. გურიის პეიზაჟი. ტილო, ფანერა. 72x44სმ. 1976. ATINATI-ს კერძო კოლექცია


დავით კაკაბაძის მსგავსად, კორნელი სანაძემ ბუნების სურათის განზოგადებისა და აბსტრაჰირების საკუთარ მეთოდს მიაგნო. ჩაის პლანტაციებით მოფენილი მთა-ბარით ერთიანად შევსებული სასურათე კადრი მასთან მსუბუქად გეომეტრიზირებული ფორმების – ფერადოვანი სიბრტყეების, უსწორმასწორო წრეებისა და მრუდეების – დეკორატიული ძალით გარდაიქმნება. თუმცა დავით კაკაბაძისაგან განსხვავებით, კორნელი სანაძის პეიზაჟები ნაკლებ ამაღლებული და უფრო ამქვეყნიურია, რადგან მოკლებულია კაკაბაძისეულ მოჩვენებით მათემატიკურ სიზუსტეს, დაუფარავად თავისუფალი და ნებისმიერია. კორნელი სანაძისათვის უცხოა გამოსახულების ფორმულის ხარისხში აყვანის სურვილი. მხატვარი მთის ფერდებზე შეფენილი ჩაის პლანტაციების თავისებურ პიქტოგრამას ქმნის და არა წარუვალი ბუნების მარადიულ ხატს. სწორედ ამიტომ დავით კაკაბაძისა თუ ალექსანდრე ციმაკურიძისაგან განსხვავებით, სანაძის აჭარის პეიზაჟები კარგად გუობს წინა პლანზე მოტანილ მსხვილმასშტაბიან პორტრეტებსა და გამოსახულებებს. ამით კინო კადრის ფრაგმენტულობისა და დინამიზმის შთაბეჭდილებას ახდენს და შედეგად, თემატურ კონტექსტს უცვლის პეიზაჟს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კორნელი სანაძის პერსონაჟები, (ვგულისხმობთ როგორც აჭარის პეიზაჟებში მუქი ლოკალური ლაქებით მონიშნულ, იდუმალ, მისტიკურ ფიგურებს, ისე ყანაში მომუშავე, მხარზე ცელგადებული გლეხების სქემატურად მოცემულ გამოსახულებებს), უმეტეს შემთხვევაში, არ ემორჩილება საბჭოთა კონიუნქტურას და არ ჯდება კოლმეურნის ტრადიციულ იმიჯში, რისი წყალობითაც მისი პირობითი სახვით-სამეტყველო ენა ინარჩუნებს მხატვრულ მთლიანობას უკან გაშლილ პეიზაჟთან.


კორნელი სანაძე (1907-1985) “ხეები”. 46x57. მუყაოზე დამაგრებული ტილო, ზეთი. 1958. მაკა და ეკა არბოლიშვილების პირადი კოლექცია


კორნელი სანაძე (1907-1985) “მდინარე”. 25x35. მუყაოზე დამაგრებული ტილო, ზეთი. 1978. მაკა და ეკა არბოლიშვილების პირადი კოლექცია



ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში (1930-1950-იანი წლები) პეიზაჟის ჟანრი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართულ დაზგურ ფერწერაში, რადგან, ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოქმედი თავისუფალი ქმედების საშუალებას აძლევს საკუთარ თავს. ამ დროს პეიზაჟი ბევრისთვის გამოსავალია, მრავალთათვის კი ინტუიტიური “სვლა”, რომლის დროსაც თავისუფლად ვლინდება მხატვრის ფერწერული შესაძლებლობები – გაცილებით უფრო ბუნებრივი და ნამდვილი ხდება წერის მანერა, შეუზღუდავი, გულწრფელი და არანაძალადევი თემისა თუ მოტივის არჩევანი. კორნელი სანაძეც სწორედ ამ საშუალებას მიმართავს და საკუთარი ინდივიდუალური მხატვრული ძიებებისთვის პეიზაჟს იყენებს, რისი წყალობითაც სოცრეალისტურ ეპოქასთან ადაპტაციის მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, მრავალმხრივ და შემოქმედებით მხატვრად დარჩა XX საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიაში.