გურანდა ქლიბაძე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება ძლიერი ემოციებისა და დრამატული ვნებების გამომსახველია. იგი გვანცვიფრებს თხრობის უკომპრომისო პირდაპირობით, ლაკონური და უკიდურესად დაძაბული კომპოზიციური გადაწყვეტითა და სახვითი მეტყველების ვირტუოზული ფლობით. გურანდა ქლიბაძის სურათები მაგნიტური ძალით გვითრევენ მათზე წარმოსახულ სამყაროში და ღრმა კვალს ტოვებენ მაყურებლის ცნობიერებაზე.

გურანდა ქლიბაძე. ,,კენტავრი და ქალი” 105x88 სმ. მონოტიპია. 1999
აქედანვე იწყება მისი შემოქმედების ძირითადი დამახასიათებელი არსის გამოკვეთა. მხატვარი თავისი ნამუშევრებით ყოველთვის, მისთვის საჭირბოროტო კითხვებს სვავს და მაქსიმალური გულწრფელობით თვითონვე პასუხობს მათ. ესაა გურანდა ქლიბაძისეული შემოქმედების დიალოგური წყობა, რომელიც ძირითადად შეწყვილებულ სურათებს გულისხმობს. ,,ევა და ადამი“ და ,,სამოთხის ვაშლის ხე“; სანჩო პანსა ,,გუბერნატორი“; ,,დონ კიხოტი“; ,,მედეა და იაზონი“; ,,მეფე აიეტი“; ,,ბრძოლა“ და ,,მეფეთა ვნებები“.
გურანდა ქლიბაძე. ,,მედეა და იასონი” 100x100სმ. მუყაო ტიპოგრაფიული საღებავი. 2004

გურანდა ქლიბაძე. “აიეტი” 150x150სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი. 2014

გურანდა ქლიბაძე. “მედეა და იასონი” 150x110სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი, 2013
ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა გურანდა, როდესაც ამთავრებდა თბილისის ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელს (ფერწერის განხრით) სადიპლომოდ ირჩევს, ჩვენში ახლად თარგმნილ, მარკიზ დე სადის ნაწარმოებების დასურათებას. ესაა შერეული ტექნიკით შესრულებული სერია, სადაც წარმოდგენილია მარკიზი დე სადის ლიტერატურული გმირების გარემო, ტიპაჟი და ერთგვარი კოსტიუმირებული სცენები. ტუშითა და კალმით შესრულებული ეს ნამუშევრები დიდი სიფაქიზითაა დახატული და როკოკოს სტილის შესანიშნავ ატმოსფეროს გადმოსცემენ. ამ ადრეულ ნახატებში ქლიბაძე უკვე მაღალ პროფესიულ უნარს იჩენს. არაფერი მათში დამწყები მხატვრის გაუბედაობაზე არ მიგვითითებს. იგი საგანგებოდ ირჩევს ეროტიული ხასიათის ნაწარმოებებს, თუმცა ეროტიზმს იგი ჯერ არსად ხატავს. ეროტიზმი, ისე როგორც სიყვარული ქალის ინტიმური ცხოვრების ასპექტებია და ეს თემა მხატვრის შემოქმედებაში ბუნებრივად შემოდის.
ვინ არის ქალი? რა ადგილი უკავია მას სამყაროში? როგორია მისი დანიშნულება საზოგადოებაში? აი ის კითხვები, რომელსაც სვავს მხატვარი და თვითონვე პასუხობს მათ. ამაყი და შეუპოვარია ფეხმძიმე ევა, რომელიც ოპტიმიზმითაა სავსე და მომავლისკენ იყურება. სულის შემძვრელია ეშხდაკარგული შიშველი ქალი, რომელიც იშთარის ტაძრის ეზოში ზის და მომწონებელს ელოდება, ,,ბაბილონელი ქალები”. უსაზღვროდ დამაჯერებელია სიყვარულის ძალით მთვრალი მედეა, რომელიც იაზონის ჟინიან და ძლიერ ფიგურას უღონოდ მინდობია.

გურანდა ქლიბაძე. ,,ბაბილონელი ქალები” 105x88სმ. მონოტიპია. 1999
გურანდა ქლიბაძე. ,,სანჩო პანსა გუბერნატორი” 150x150სმ. მონოტიპია. 2011
განსაკუთრებით ძლიერი ტრაგიკულობითა და თითქმის გამოუვალი განწირულობით გვიჩვენებს მხატვარი თავის ბოლო, დიდი ზომის პანოებში, ადამიანის სულიერი მარტოობისა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლის სცენებს. ამ პანოების შინაარსობრივი წვდომა ძალიან რთულია. გამორჩეულია ,,ბრძოლის’’ სცენა, სადაც ადამიანი გაბმულია არჩევანისა და შესაძლებლობების თავბრუდამხვევ ქსელში. გამოსავალი არც საპასუხო ,,მეფეთა ვნებებში’’ ჩანს. მასში ჯალათი და მეფე, თითქოს მუდმივ ურთიერთ შემნაცვლებელ მდგომარეობაში გვესახება. ყველა ეს სურათი შავ-თეთრია. მათში თავისუფალი, ძლიერი მონასმით, თეთრ ნეიტრალურ სიბრტყეზე, მონუმენტური ფიგურები იძერწება. სკულპტურობა გურანდა ქლიბაძის შავ-თეთრი ნახატების განმსაზღვრელი თვისებაა. ისინი მათთვის განკუთვნილ პირობით სივრცეში მოქმედებენ და ამავე დროს თითქოს იწვევენ მაყურებელს მათთან უშუალო კონტაქტისაკენ.

შავ-თეთრი ფერების ასკეტური კონტრასტი, ძლიერი ემოციების ხაზგასმას ემსახურება. მხატვარი პარალელურად ქმნის ფერწერულ სურათებს, სადაც ფერადოვნება თავშეუკავებული ემოციურობით იღვრება მაყურებელზე. ქლიბაძის ფერწერის თემა ყვავილებია. ეს ჯადოსნური, ურთიერთში გადახლართული, დაბურული გარემოა. ყვავილებისა და ბალახის ზომები ადამიანთან შედარებით გრანდიოზულია. ჩვენ თითქოს მის ნახატებში არსებული პერსონაჟების შესატყვისი გიგანტების სამყაროში ვხვდებით. ყვავილების ფერადოვანი გამა, მათი ტონალური სიმდიდრით გადმოცემა, სინათლისა და ატმოსფეროს გასაოცარი შეგრძნება, ამ ბაღებს ჯადოსნურ-ზღაპრულ ხასიათს აძლევს და სრულიად განსხვავებულ რეალობაში გადავყავართ.


გურანდა ქლიბაძე. “ბაღი”. 250x150სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი. 2024. ATINATI-ს კერძო კოლექცია

გურანდა ქლიბაძე. “მზესუმზირები”. 150x259,6სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი. 2020. ATINATI-ს კერძო კოლექცია

გურანდა ქლიბაძე. „ყვავილები“. 235x150 ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი, სმ. 2023. ATINATI-ს კერძო კოლექცია

გურანდა ქლიბაძე. სერიიდან “ჰესპერიდების ბაღი”. 265x150სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი, 2024

გურანდა ქლიბაძე. “ცხენი”. 150x125სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი. 2021. ATINATI-ს კერძო კოლექცია


გურანდა ქლიბაძე. “ცხენები”. 150x299,5სმ. ქაღალდი, ტიპოგრაფიული საღებავი. 2023
.jpg)
იგი თავისი მხატვრობით, უსაზღვრო მადლობას უხდის სამყაროს შემოქმედს და ამ თემას არა ერთი სურათით გამოხატავს. მათ შორის ,,მწყემსების თაყვანისცემა’’, „წმინდა იოსები’’, ხარებების მრავალრიცხოვანი ციკლი და გამორჩეულად ,,იესოს დაბრუნება ეგვიპტიდან’’. ეს სურათიც, ისე როგორც ,,დონ კიხოტი’’, თემის გახსნის სრულად ავტორისეულ პოზიციას გვთავაზობს. მცირეწლოვანი იესო, ერთგული მშობლების მეოხებით ჩვენთან ბრუნდება. მისი ჯვრულად გაშლილი ხელები, აღტაცებისა და სიხარულის გამომხატველია. იგი მოდის, რათა კაცობრიობას განახლებისა და უკვდავების იმედი მისცეს. გურანდა ქლიბაძისთვის სწორედ იესოს დაბრუნებაშია ის მარადიული სიცოცხლის სიყვარულის ძალა, რომელიც წუთით არ ტოვებს მას და ახალი შემოქმედებითი ძიებებისთვის უკვალავს გზას.