menu

ჯიბსონ ხუნდაძე. ბუნების პოეზიაში წვდომიდან-აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტულ კომპოზიციებამდე

ჯიბსონ ხუნდაძე (1927-2022) საქართველოში აბსტრაქტული ხელოვნების მეორე ეტაპის ერთ-ერთი პირველი, დიდი წარმომადგენელია. ის თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1945-52 წლებში სწავლობდა-იმ პერიოდში, როდესაც შემოქმედების ყველა დარგში სოცრეალიზმი იყო დაკანონებული. მისი სადიპლომო ნამუშევრის დასახელება-„მიტინგი ბათუმში“-მოწმობს, რომ იმ დროს ყველა მოვალე იყო ანგარიში გაეწია ოფიციალური მოთხოვნებისთვის, მაგრამ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ის უკვე სტუდენტობის წლებში ფერწერულობისთვის, ფერის გამომსახველობისთვის იღწვოდა. ასახვის ფორმას მისთვის წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდა.


საბჭოთა სინამდვილეში, აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ჯიბსონ ხუნდაძე იატაკქვეშეთში ქმნიდა არაობიექტური ხელოვნების ნიმუშებს.  ეს იყო საკუთარი შემოქმედებითი მრწამსის მიმართ ერთგულების გამოხატულება. ფორმალისტურ გზაზე მხატვარი სულ ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დადგა. ეს განაპირობა მისმა ნატურის-პეიზაჟის თუ ცოცხალი ფიგურის, პოეტურმა ხედვამ. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად ფერის, ფერწერული მონასმების დიდოსტატი იყო, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს მის აბსტრაქტულ კომპოზიციებში, მისი ფერწერა ყველა ეტაპზე სწორედ ბუნების დინამიზმით, მისი ძლიერი ენერგიებით იკვებებოდა. რაც უფრო უღრმავდებოდა ხილულ სინამდვილეს, რომელიც შთააგონებდა, მით უფრო იხსნებოდა მისთვის თვალით უხილავი, აბსტრაქტული სამყაროები და მით უფრო „უსაგნო“ ხდებოდა მისი ფერწერული კომპოზიციები, მაგრამ მისი მონასმების უკან, კომპოზიციების სტრუქტურაში მუდამ იკითხება მხატვრის მიერ საქართველოს მთების, ხეობების, მდინარეების, ცის კაბადონის აღქმით მიღებული ძლიერი, ფილოსოფიურად გააზრებული ემოცია.




ჯიბსონ ხუნდაძე(1927-2022). “აბსტრაქცია”. 95x86. ზეთი, ტილო. 1983. ATINATI-ის კერძო კოლექცია.



განცდილის და ნაფიქრის ფერწერის ენაზე გადატანის, საღებავებით გამოხატვის შესაბამისი ტექნიკის დასაუფლებლად ჯიბსონ ხუნდაძე ჯერ კიდევ 1940-იანი წლების შუა ხანებში საფუძვლიანად გაეცნო ფრანგი იმპრესიონისტების და პოსტიმპრესიონისტების, მათ შორის ნეოიმპრესიონისტების შემოქმედებას. ვამბობთ, ჯერ კიდევ, რადგან ეს ჯერ ისევ სტალინის ეპოქაა და დასავლური მიმდინარეობები საბჭოთა კავშირში აკრძალულია. როგორც ჩანს, ხუნდაძისთვის ხელმისაწვდომი გახდა პისაროს, რენუარის, მანეს, მონეს, დეგას, ვან გოგის, სიორას, სინიაკის და ფრანგული ფერწერის სხვა წარმომადგენელთა ნამუშევრების რეპროდუქციები. რემინისცენციები ამ მხატვრებთან თვალნათლივ იკითხება მის არაერთ ადრეულ ნამუშევარში, მაგრამ ნანახს და შესწავლილს ის ინდივიდუალურად, ექსპრესიულად გადაამუშავებდა, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოოდ  მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური ხელწერა.




ჯიბსონ ხუნდაძე(1927-2022). “კონსტრუქციული პეიზაჟი”. 61x50. ზეთი, ტილო. 2000.  ATINATI-ის კერძო კოლექცია



მას საქართველოს მთის ბუნება შთააგონებდა, რასაც მისი კომპოზიციების კონკრეტული დასახელებებიც მოწმობს-„თრუსოს ხეობაში“, „თოვლი მთაში,“ „კლდოვანი დარიალი,“ „ხევსურეთი,“ „წითელი მთები,“ „ქარჩოხის გადასასვლელი“ და სხვ. თუმცა კი მის ტილოებზე უმეტესად ვხედავთ არა ბუნების ხედებს, არამედ ვგრძნობთ მის ბობოქრებას, ძლიერებას, ჟღერადობას მისას. მისი ნამუშევრების სტრუქტურა ამისთვის არის მომართული. ამ კომპოზიციებს აყალიბებს მხატვრის ხელი, რომელსაც ამოქმედებს მის მიერ შეგრძნობილი ცოცხალი გარემოს, მისი მოძრაობის და „ხმაურის“ ან ჩუმი გარინდების ძალა. ფერწერული მონასმები ხუნდაძის ტილოებზე კონცენტრირდება თითქმის წრიულ ფორმებად, რომლებიც მორევის მსგავსად მიემართებიან სიღრმისკენ, ერთმანეთთან წნულს ქმნიან და ცენტრულ კომპოზიციას აყალიბებენ. ასე იქმნება ჯიბსონ ხუნდაძის სტრუქტურულად რთული კოსმიური პეიზაჟები.



ჯიბსონ ხუნდაძე(1927-2022). “კომპოზიცია”. 178x144. ზეთი, ტილო. 1990.  ATINATI-ის კერძო კოლექცია


ჯიბსონ ხუნდაძე(1927-2022). “უსათაურო”. 96,3x103. ზეთი, ტილო. 1966.  ATINATI-ის კერძო კოლექცია


აბსტრაქცია არამიმეტურ ხელოვნებას გულისხმობს. შემთხვევით არ აქვს მას სინონიმები-უსაგნო, არაფიგურატიული, არაობიექტური და სხვ. მაგრამ ჯიბსონ ხუნდაძის აბსტრაქტული კომპოზიციები გარკვეულ მიმეზისს მაინც შეიცავენ. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც თვალს ვადევნებთ მისი შემოქმედების თანმიმდევრულ განვითარებას. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ტრანსფორმირდება მის ტილოებზე მთები და ხევები, ჩანჩქერები და ნაკადულები ფერწერულ მასებად. მისი თითოეული მონასმი, მიუხედავად მათი სიმრავლისა და სიმსუყისა, მუდამ სტრუქტურულია. ფუნჯის ყოველი მოქმედება მთლიანი კომპოზიციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, მის შესაკვრელად, ერთიან სისტემად ქცევისთვის არის მომართული.   


გარდა პეიზაჟის ფილოსოფიისა, არის კიდევ ბიბლიური თემები, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედებაში. ეს არის ჯვარცმა, შობის ღამე და სხვა.


ჯიბსონ ხუნდაძე(1927-2022). “კოდირებული სტრუქტურა”. 202x165. ზეთი, ტილო. 1988.  ATINATI-ის კერძო კოლექცია



ჯიბსონ ხუნდაძემ თავის შემოქმედებაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ხაზი განავითარა. ასეთი შემოქმედნი საბჭოთა სინამდვილეში ძალზე იშვიათნი, მართლაც თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ. სწორედ მათი ხელშეწყობით არ შეწყდა ქართულ ხელოვნებაში ავანაგარდული სწრაფვა და განვითარება პოვეს დასავლურმა ტენდენციებმა. 1990-იან წლებში, როდესაც რკინის კარი გაიხსნა, ჯიბსონ ხუნდაძის აბსტრაქტული მხატვრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ხელოვნების როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტებისთვის და მოყვარულთათვის. 


ჯიბსონ ხუნდაძე მონუმენტალისტი იყო. ეს მჟღავნდება არა მხოლოდ მისი ფერწერული ტილოების ზომებში, არამედ მათ სტრუქტურაში, რაც განაპირობებს მათ მასშტაბურობას. 1970 წელს მან სახელმწიფო დაკვეთით შექმნა ვიტრაჟი თბილისის ა.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ფასადისთვის, სახელწოდებით „ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო.“ ეს სტრიქონი პოეტ აკაკი წერეთლის ლექსიდან მთელი მისი შემოქმედების შინაარსს გამოხატავს, რადგან საქართველოს ბუნებიდან ამოიზარდა მხატვრის ხედვა, რომელმაც მის აბსტრაქტულ ლანდშაფტებში მასშტაბური განზოგადება პოვა.