menu

მეწამულისფერი სფუმატო

ესმა ონიანის ფერწერულ-გრაფიკული „სახიერება“ იპოსტასია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების. მისი ნამუშევრები ქართული საბჭოთა მხატვრობის და ზოგადად ხელოვნების მიღმაა; იზოლირებულ-ინტროსპექტულია. მეწამულისფერი საღებავი, როგორც თვითგამოხატვის უმთავრესი იარაღი და ამ ფერით შეპირობებული ხელწერა წყალგამყოფია საბჭოთა-დათბობის პერიოდის იდეოლოგიასთან. მოცემულ პერიოდში მხატვრები უმთავრესად საბჭოთა, აბსტრაქტულ, ისტორიულ და ეროვნულ თემატიკაზე მუშაობდნენ, ერთი მხრივ, სოცრეალისტური ჩარჩოებიდან გამოსული 1950-60-70-80-იანელების თაობა კვლავ ჩიხში შედის, რადგანაც მათი ნამუშევრებით რთულია ზემოხსენებული დეკადების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც ფერწერის უმთავრესი დანიშნულებაა, ანუ სუბიექტურ-ობიექტურ მხატვრულ სამყაროში ეპოქის არსი-ღირებულება ფრონტალურ პოზიციას უნდა იჭერდეს. რასაკვირველია, ესმა ონიანი იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელიც თავისი გარემოთი და ადამიანებით პირუთვნელად წარმოაჩენს ამ პრინციპს - ახალ ქართულ რეალობას, სოციუმს და ახლებურად გადააზრებულ ქართულ კულტურულ პარადიგმებს. ამ გზით ესმა ონიანი ემიჯნება ქართველ მხატვრებს, რომლებიც იყოფოდნენ თაობებად დათბობის პერიოდიდან (1950-იანები) დამოუკიდებელ საქართველომდე (1991). ეს იყო ერთგვარი ნიშანი ახალი სახელოვნებო „ტალღის“ დაბადების, რომელსაც სხვანაირად პოსტსტალინისტურ ლიბერალიზაციას უწოდებდნენ. თითოეულ თაობას 1990-იან წლებამდე ერთიანი მცდელობა ქონდა ქართულ სახელოვნებო სივრცეში სიახლის შემოტანის. ესმა ონიანი, როგორც საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის მქონე მხატვარი მოღვაწეობას იწყებს 1970-იან წლებში, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ 1970-იანების მხატვართა პარალელური თუ მარგინალური წარმომადგენელი, რომელიც არ ეწერებოდა თავისი უაღრესი ინდივიდუალიზმით არსებულ თაობათა სამეტყველო ენაში. მხატვარი ადრეულ ათწლეულებში უფრო ეძებს საკუთარ თავს (1950-60-იანებში), ხოლო 1970-იანი წლებიდან 1999 წლამდე მისი შემოქმედება უკვე ფორმირებულია. 1957-63 წლებში ესმა სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე გიორგი ჯაშთან, სერგო ქობულაძესთან და უჩა ჯაფარიძესთან. იგი 1966-67 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად და შემდგომ პედაგოგად სამხატვრო აკადემიაში 1969 წლიდან გარდაცვალებამდე (1999 წლამდე). 1962 წლიდან მისი ნამუშევრები იფინებოდა საგაზაფხულო, საშემოდგომო, საკავშირო თუ რესპუბლიკურ გამოფენებზე. ესმა ონიანი ფერწერის, გრაფიკის და წიგნის ილუსტრაციების პარალელურად მოღვაწეობდა პოეზიასა და ესეისტიკაში, ავტორია არაერთი პოეტური კრებულის.


ესმა ონიანი (1938-1999). “ვარდი ჩემს ბავშვობაში”. ტილო, ზეთი. 1980. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ესმა ონიანის შემოქმედება ებმის რენესანსულ პერიოდში დამკვიდრებულ ცნებას - „უნივერსალური ადამიანი“, იგივე „პოლიმათი“. რამდენიმე იპოსტასი, მრწამსი თუ შემოქმედებითი განზომილება არსებობს, რომლის მიხედვით შეგვიძლია ონიანის სამყაროს აღქმის, საზრისის ძიების თუ ღირებულებათა სისტემის განსაზღვრა; საკუთრივ სამყაროს მოდელირება ფერებსა და ხაზში, კრიტიკულ-პოეტურ ლინგვისტურ ერთეულებში გამოიხატება. ესმას სინამდვილე, მელანქოლიური დაკვირვება, ამაოების შეგრძნება და ზოგადსაკაცობრიო პრობლემების სიღრმისეული წვდომა თანაბრად ვლინდება - ესეისტიკაში, პოეზიაში, ფერწერასა და გრაფიკაში. ლინგვისტური და ვიზუალური კატეგორიები თანმიმდევრულად თუ სიმბიოტიკურად ასაზრდოებს ერთმანეთს, რაც მხატვრის მრავალშრიან პორტრეტიზაციას ახდენს ფერებისა და სიტყვების სინერგეტიკულ ბმაში. თუ პოეზიას, ესეისტიკასა და მხატვრობას ერთ სტიქიაში გავამთლიანებთ, შემოქმედის სიტყვას უფრო კარგად დავინახავთ ფერში, ხოლო ფერს-სიტყვაში. ზემოხსენებულ მიმართულებებში გამოხატულ ოსტატობას, უნივერსალურობას და სინამდვილეს განაპირობებს შემდეგი აქცენტები: სამყაროსთან ღიაობა, რაციონალურ - ირაციონალური იმპულსები, შემოქმედებითი გახსნილობა, როგორც  აღმსარებლური თვითგამოხატვის ფორმა, უკიდურესი სტილისტურ - მხატვრული მარგინალიზაცია მის თანამედროვე მხატვართაგან და იზოლირება, გნებავთ თავდაცვა საბჭოთა იდეოლოგიისგან.


ესმა ონიანი (1938-1999). „მირქმა“. ტილო, ზეთი. 80x60,5 სმ. 1996. კერძო კოლექცია


ესმა ონიანის მსოფლაღქმა, შემოქმედებითი და ზოგადად პიროვნული ეფუძნება ტკივილის, სევდისა და ამაოების ემპირიულ კვლევას. სხვადასხვა ენაზე თავისებურ ლინგვისტურ გარდაქმნას წარმოაჩენს სიტყვა-მსოფლაღქმა, ამ უკანასკნელს გერმანელები „Weltschmertz“ (სამყაროს ტკივილი) -ის განსაზღვრებაში აქცევენ, ანუ სამყაროს აღქმა სულიერი ტკივილის გზით. ესმაში ჭარბობს უფრო გნოსეოლოგიური საწყისები, შემეცნებაზე დაფუძნებული და შემდგომ უკვე ონტოლოგიური - ყოფიერებაზე. ადამიანი, როგორც სამყაროს მთავარი ღირებულებითი ერთეული ქმნის თავის შემეცნებით ყოფიერებას. ეს პრინციპი ვლინდება ესმას პოეზიასა და ფერწერაში გამოხატული ანთროპცენტრიზმით, „ყველა-ფერი“ და ყველაფერი, მხატვრობა და სიტყვა ადამიანის გრძნობაზე, ექსპრესიულობაზე დგას.


ესმა ონიანი (1938-1999). „ეტიუდი“. ტილო, ზეთი, 100x60. 1970. კერძო კოლექცია


ესმა ონიანი (1938-1999). “გაოცება” სერიიდან „სამოთხე“. ტილო, ზეთი. 120x71. 1989. კერძო კოლექცია


მეწამულისფერი და კონტრასტული ფერების დომინაციით შექმნილ ტილოებში შეინიშნება ხშირად შავი კონტურები, ასევე ფიგურების ფონიდან ამოწეული პასტოზური ფაქტურა, რითაც ფერის მიღმა ხაზის მნიშვნელობაზე დაისმის აქცენტი. პორტრეტებს, ნატურმორტებსა და ყოფით სცენებს აერთიანებს შემდეგი ნიუანსები - ეროვნულობა, თანამედროვეობის ასახვა, გროტესკი, ხასიათის, წამის, მოძრაობის ერთგვარი ფოტოფიქსაცია. ტილოებში კიდევ ერთი ქვეჯგუფი ვლინდება, ბუნდოვანი და ნისლში გახვეული ყოფითი სცენები, სადაც გამოსახული არიან ძირითადად ადამიანები (მშობლები, წინაპრები, მეგობრები) კამერულ გარემოსა და ბუნებაში, ასევე განყენებული ნატურმორტები თუ პეიზაჟები. მხატვრისთვის საღებავის ბუნდოვანი მისტერია, მელანქოლია, ცხოვრების ამაოება და მისი სიმულტანური უნიკალურობა, სევდა და ყოფითი სცენების მნიშვნელოვნებაა ღირებული. წარსულსა თუ დაკარგულ დროში, ანუ ბავშვობაში  გასვლის ორი ვარიაცია იკვეთება ესმას სახვით სამყაროში: შავი ფერით მიღწეული ბუნდოვანება და მეწამულისფერის ტონალურ-ქრომატული გრადაცია, ამ შემთხვევას დავინჩის ყავისფერი გრადაციის სფუმატო მიესადგება; ესმასაც ხაზსა და ფერში თავისი - „მეწამულისფერი სფუმატო“, ჰაეროვანი პერსპექტივა გააჩნია.


ესმა ონიანი (1938-1999). “ქართველი ქალის პორტრეტი”. ტილო, ზეთი. 77х55. 1980. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ექიმ ტატიანა შატილოვას პორტრეტი. მუყაო, ზეთი. 43x24სმ. 1991. ათინათის კერძო კოლექცია


ეტიუდებსა და ესკიზებს შორის რთულია ზოგჯერ გამიჯვნა, თუ რომელია გრაფიკა და რომელი - ფერწერა. ისინი სიუჟეტურად, ემოციური ტონალობის და კომპოზიციის აგების კუთხით ავსებს ერთმანეთს. ფერები, ფიგურები, ობიექტები, პირობითობა, ლაქობრივი ფერადოვნება, ხაზების დენადობა და განათება ავლენს მჭიდრო კავშირს ნაბიდების სკოლის, პოსტიმპრესიონიზმისა და ინტიმიზმის სტილებთან. ეფემერული მუდმივობა, ამ ოქსიმორონში, ანუ ურთიერთგამომრიცხავ ცნებებში ცხოვრების შინაარსი იძერწება, ტკივილი - სიხარულის მიმოქცევაში.   მხატვარი ეტიუდებსა და ესკიზებში კვლავ წინაპრებს, ნივთებს, რელიკვიებს, პიროვნებებს და ბავშვობის გეშტალტებს მელანქოლიურად ეძებს, რესტავრაციას ახდენს ძველი ნივთიერი ქსოვილის, რომლის გარეშეც ცხოვრება არ ძალუძს...


ესმა ონიანი (1938-1999). “ეტიუდი”. მუყაო, ზეთი. 48x33. 1963. პირადი კოლექცია


გრაფიკული სერიაც იდენტურად მეტყველებს ესმას ოსტატობასა და მხატვრულ სამყაროზე; თითოეული ნამუშევარი კონკრეტული აქცენტია თუ ქარგა ტილოებზე გამოსახული სამყაროსი. გრაფიკაში ესმა ონიანი, ფერწერისგან განსხვავებით, უფრო ფრანგული, კარტეზიანული რაციონალიზმის წესებს იყენებს, თუმცა სუბიექტურად იაზრებს. მისთვის მთავარია ფერი, როგორც განათების და ხაზი,  როგორც დინამიკის პრიმა მატერია. ადრეული ფრანგული მოდერნისტული სკოლის - მატისის, ბონარის, პიკასოს, პოსტიმპრესიონიზმის, ინტიმიზმის და ნაბიდების სახვითი ტრადიციები ჰარმონიულად თანაარსებობს ესმასეულ არქაულ და თანადროულ სიბრტყეებში. რეალისტურ - აკადემისტური გრაფიკული ნამუშევრები ძირითადად ადრეული პერიოდის ძიებებს წარმოაჩენს და მათი ღირებულება მდგომარეობს კლასიკური წესების არამოჭარბებულად მოხმობაში. პორტრეტები, ნატურმორტები და პეიზაჟები რეალისტურია და ფოტოგრაფიული სიზუსტის, ესთეტიკის შეგრძნებას ბადებს. ამ ტიპის არცერთ ნამუშევარში არ იკითხება გამოსახულების საბჭოთა იდეალიზაცია თუ კიჩური ელემენტები. ესმას საბავშვო ილუსტრაციების სერია კი ბავშვობის, მელანქოლიისა და დაკარგული დროის ძიების სინდრომს მკაფიოდ ასახავს. სახვითი ემოციების ასაკობრივი ექვილიბრიუმია; მოზრდილი მეტაფორულად, ხოლო ბავშვი მისთვის ჩვეული აღქმით იჭერს ემოციებს. ცხოველები, ნივთები, სივრცეები, ადამიანები და ყოფითი სცენები დიდი რეჟისორის მიზანსცენაა და მთელი შინაარსი თუ დატვირთვა ბავშვობის დაკარგულ - ნაპოვნი დროის ერთგვარი ილუსტრაციაა.


ესმა ონიანი (1938-1999). “ქუჩა იურმალაში”. მუყაო, ზეთი. 80x49. 1988. პირადი კოლექცია


ესმა ონიანი (1938-1999). “ქუჩა რიგაში”. მუყაო, ზეთი. 78.5x49. 1988. პირადი კოლექცია


ესმა ონიანის ფერი, ისევე, როგორც სიტყვა დაკარგული დროის ძიებაა, როგორც თვითშემეცნების მედიუმი. მარსელ პრუსტის ვრცელი რომანი მთელი მეოცე საუკუნის თავისუფლების მოყვარული ხელოვანების სინდრომის თუ სტიგმის გამომხატველია. პრუსტი სიმპლეგადია სინამდვლისა და სიყალბის (მხატვარი ესეისტიკაში მრავალგზის მოიხმობს პრუსტის შემოქმედებით და პიროვნულ ფენომენს, ხშირად იაზრებს საკუთარ თავთან მიმართებაში, შესაბამისად მოცემულ ტექსტში პრუსტი გამოყენებულია, როგორც ავტორის შთაგონების წყარო). ესმასთვის თავისი შემოქმედების საპირწონეს წარმოადგენდა ეპითეტი - ნამდვილი და იგი უკომპრომისოდ ნამდვილს ქმნიდა. ონიანის სახვითი სამყარო დაღდასმულია დაკარგული დროის სინდრომით, რათა იპოვოს ახალი, განთავისუფლდეს, განათავისუფლოს...

რატომ ეძებდა მხატვარი დაკარგულ დროს? იმისთვის, რათა შეექმნა არასაბჭოთა ქართული ხელოვნება, ნამდვილი, უნივერსალური. იგი ერთ-ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც იდეოლოგია, რეჟიმი ჩაანაცვლა თავისუფალი ადამიანებით და შექმნილი, წარმოსახვითი თუ „ნაკარნახევი“ სიუჟეტები, მის თანამედროვე მხატვრებისგან განსხვავებით, უკუაგდო მიმდინარე რეალობით, იმ ათწლეულებით, სადაც მოუწია ცხოვრება და ყოველი ყოფითი სცენა ხდებოდა ნამდვილი, მითოლგიური, რაღაც უფრო დიადი, ვიდრე პოლიტიკური ძალაუფლებით დახშობილი ხელოვნება.


ესმა ონიანი (1938-1999). “თბილისის ხედი”. მუყაო, ზეთი. 49x49. 1960. პირადი კოლექცია


P.S.


ესმა ონიანი იყო ხელოვანი და ადამიანი, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი ვერ შეეხო.  სვანეთში არსებობენ ოჯახები, რომლებიც ინახავენ საგვარეულო რელიკვიებს და მათთან არა თუ რეჟიმები, არამედ საუკუნეებიც კი უძლურია. ესმაც, შინაგან სისუფთავესა და სინამდვილეს, საოჯახო რელიკვიის მსგავსად იცავდა, რაც მისი შემოქმედების ქვაკუთხედად გვევლინება.