menu

ლადო გუდიაშვილი

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველი მხატვრებიდან, ნიკო ფიროსმანაშვილის შემდეგ, ყველაზე ბევრი დაიწერა ლადო გუდიაშვილის შესახებ. მასაც, ისევე, როგორც ფიროსმანს პირველი აღიარება, უწინარესად, ხელოვნების არაქართველი დამფასებლებიდან ერგო, თუმცა შემდეგ, ისევე, როგორც საქართველოს მითოლოგემად ქცეული ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილიც ქართველთათვის, უაღრესად საამაყო და სასახელო შემოქმედათ იქცა.       



ლადო გუდიაშილი (1896-1980) 


ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წელს. 1910 წელს, იგი შედის ტფილისის  “კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების“ ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, სადაც მას ფერწერას და ქანდაკებას ასწავლიდნენ: ოსკარ შმერლინგი და იაკობ ნიკოლაძე, აგრეთვე, ბორის ფოგელი, ჰენრიკ ჰრინევსკი და სხვები. 1914 წელს მხატვარი პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს სასწავლებელს და მუშაობას იწყებს ხატვის მასწავლებლად ტფილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. პარალელურად, ლადო გუდიაშვილი თანამშრომლობს ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“-ს რედაქციასთან, როგორც ილუსტრატორი. 1915 წლიდან მხატვარი აქტიურად მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ ლადო გუდიაშვილის ინტერესთა სფეროში რეალისტურ მხატვრობაზე მეტად, თანამედროვე მოდერნისტული მიმართულებები: ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი, სიმბოლიზმი მოექცა. სიმბოლიზმით ლადო გუდიაშვილის გატაცება კი, განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც იგი დაუკავშირდა ქუთაისიდან თბილისში გადმოსული სიმბოლისტი პოეტების დაჯგუფებას - „ცისფერყანწელებს“, რომელთა ბეჭდურ გამოცემას „მეოცნებე ნიამორები“ სწორედ ლადო გუდიაშვილი გააფორმებს. 1916 წელს, როდესაც მიუნხენიდან ჩამოსულმა მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ ტფილისში დააფუძნა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოება“, ლადო გუდიაშვილი ამ საზოგადოების აქტიური წევრი გახდა. 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) „ძვირფასი საჩუქარი“. 43x29,5. შერეული ტექნიკა, ტონალურ ქაღალდზე. 1965. ATINATI-ს კერძო კოლექცია


1916-1917 წლებში ლადო გუდიაშვილმა, რამდენიმე მხატვართან ერთად მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა“ და „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სამეცნიერო-სამხატვრო ექსპედიციებში, რომელთა მიზანსაც ქართული ხუროთმოძღვრების დაცვა-შესწავლა, ფრესკების ასლების გადაღება და მათი მუზეუმში თავმოყრა წარმოადგენდა. ასე მიიღო ლადო გუდიაშვილმა მონაწილეობა ნაბახტევის, დავით-გარეჯის და 1917 წელს, მხატვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მესამე ექსპედიციაში თორთუმ-ისპირის მხარეს. ამ ექსპედიციის მიზანი იყო ისტორიული  ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესწავლა და დაზიანებული ფრესკების პირების გადაღება. როგორც ლადო გუდიაშვილი მოგვიანებით მოიგონებს: ძეგლების დათვალიერებამ და შესწავლამ წარუშლელი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე, კერძოდ კი, მისი ე.წ. „მხატვრული ქართულობის სტილის „ჩამოყალიბებაზე. აღნიშნულ წლებს განეკუთვნება ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩის და ზიგა ვალიშევსკის მიერ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „ფანტასტიკური ყავახანას“ მოხატვა. მალე მხატვართა ამ ჯგუფს სხვა მხატვრებიც (ს.სუდეიკინი, ალ.ზალცმანი, დ.კაკაბაძე, მოსე და ერეკლე თოიძეები) შეუერთდებიან და ერთობლივად მოხატავენ პოეტების და მხატვრების თავშეყრის ადგილს-კაფე „ქიმერიონს“. 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) "ბრუნიკელი". 34,5x25. აკვარელი ქაღალდზე. 1924. ATINATI-ს კერძო კოლექცია


1919 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ლადო გუდიაშვილის და მასთან ერთად, დავით კაკაბაძის და  შალვა ქიქოძის დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სტიპენდიანტების რანგში, პროფესიული სრულყოფის მიზნით საფრანგეთში (პირველ ნაკადში) გაგზავნა, იყო „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიერ ორგანიზებულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებზე მოპოვებული წარმატება. ორივე გამოფენაზე მრავლად წარმოდგენილმა ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებმა წარმოაჩინა,  ნიკო ფიროსმანის შემოქმედებით ინსპირირებული ძველი თბილისის ბოჰემის ამსახველი მხატვრის ინდივიდუალური ხელწერა, რომელსაც პარიზში, თითქოს,  კიდევ უფრო „შეესხა ხორცი“. ლადო გუდიაშვილის მიერ, ჯერ კიდევ სამშობლოში შემუშავებული მხატვრული მეთოდი ითვალისწინებდა  შუასაუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის სამეტყველო ენის თანამედროვე მოდერნისტული მხატვრობის ტექნიკურ მიღწევებთან  სინთეზს. ეს იყო, ერთგვარი, რეალობის ნეორომანტიკული აღქმა. პარიზში მხატვარი აქტიურად ჩაერთო საფრანგეთის დედაქალაქის სამხატვრო ცხოვრებაში. ლადო გუდიაშვილის ექსპრესიულად გამომსახველი, პლასტიკური ხაზის მოძრაობა სასურათე სიბრტყეზე, ევროპელ მაყურებელს იმგვარ ეგზოტიკურ, ზღაპრულ სამყაროს აზიარებდა, რომელიც მას მანამდე არ ენახა. კომპოზიციათა მონუმენტურ-დეკორატიული გადაწყვეტა მიღწეული მკვეთრი, ექსპრესიული სილუეტური ხაზის, ფერადოვანი ლაქის, კომპოზიციის ელემენტების რიტმული სიმწყობრით შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ფრანგ ხელოვნების მოყვარულებს, ცნობილ კრიტიკოსებს: მორის რეინალს, რომელმაც ლადო გუდიაშვილს მონოგრაფია მიუძღვნა, ანდრე სალმონს, რაიმონდ კონიას, პიერ ვორმს და  სხვებს, რომელთაც საქებარი სიტყვები არ დაიშურეს ახალგაზრდა ქართველი მხატვრის მიმართ. პარიზში ლადო გუდიაშვილი შემოქმედებითად დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობდა, ქმნიდა სპექტაკლებისთვის სათეატრო ესკიზებს, მოხატა პარიზში „კავკასიური კლუბი“-ს კედლები, იღებდა მონაწილეობას როგორც ჯგუფურ (ქართველ მხატვრებთან ერთად), ისე სოლო გამოფენებში  პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში. ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო ზოლოაგამ ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევრებით საკუთარი კოლექცია გაამდიდრა. ლ.გუდიაშვილის ნამუშევრები მრავალმა კოლექციონერმა შეიძინა. მიუხედავად ასეთი დიდი აღიარებისა, მხატვარს  სამშობლოს მონატრებით გამოწვეული ნოსტალგია სტანჯავდა.



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) „თარიღი“. 38x32. გუაში ქაღალდზე. 1973.  ATINATI-ს კერძო კოლექცია



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “ესპანელი მეგობრები”. 73x60. ტილო, ზეთი. 1922 


1925 წლის ნოემბერში ლადო გუდიაშვილი სამშობლოში ბრუნდება. ბრუნდება თავის სანატრელ სამშობლოში, სადაც სრულიად შეცვლილი ვითარება დახვდა. ასე დაიწყო 1926 წლიდან ლადო გუდიაშვილის ცხოვრებაში შემოქმედების ახალი, რთული და შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ეტაპი. ამ სირთულეს განაპირობებდა საბჭოთა ხელისუფლების რეჟიმის არსებობა, როდესაც ძალზე ძლიერი იყო იდეოლოგიური წნეხი განსაკუთრებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე. ლადო გუდიაშვილმა პარიზიდან დაბრუნებისთანავე საანგარიშო გამოფენა მოაწყო, რომელზეც საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა პარიზში შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის შემდეგ დაწერილ რეცენზიებში თავდაპირველად თავშეკავებულად, შემდეგ შეფარული სიცივით აღინიშნა, რომ ფორმალიზმის ტყვეობას ვერ გაექცა მხატვარი და რომ ამ ნაწარმოებებს ცოტა ჰქონდა საერთო საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობასთან. საპასუხოდ, სულ მოკლე დროში მხატვარი ქმნის სოციალური შინაარსის ნაწარმოებებს: „ბაკურიანის ანდეზიტი“, „მუშკორის სიკვდილი“, „ცხვრის პარსვა“ და სხვა. ეს იყო აშკარა იძულებითი კომპრომისები ლადო გუდიაშვილის მხრიდან. ამგვარ დაძაბულ ვითარებაში მყოფი მხატვრისთვის უდავოდ დიდი შვება იყო, ქართული თეატრის რეფორმატორთან კოტე მარჯანიშვილთან შეხვედრა. ლადო გუდიაშვილის სულიერი მეგობრობა ამ დიდ ხელოვანთან 1926 წლიდან - რეჟისორის გარდაცვალებამდე (1933წ.) გაგრძელდა. იგი რეჟისორის თხოვნით შეუდგა მუშაობას გრიგოლ რობაქიძის (ვაჟა-ფშაველას მოტივებზე) შექმნილი პიესის „ლამარას“ მხატვრულ გაფორმებაზე, შემდეგ იმავე 1926 წელს, ლადო გუდიაშვილი დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად, აფორმებს თამარ ვახვახიშვილის პანტომიმას „მზეთამზე“. 1931 წელს, კვლავაც კოტე მარჯანიშვილის შეთავაზებით, ლადო გუდიაშვილი მუშაობს, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის მუსიკაზე, რეჟისორის მიერ, ხალხური პოემის „არსენას ლექსის“ ინსცენირების მხატვრულ გაფორმებაზე, ხოლო 1933 წელს, კოტე მარჯანიშვილთან მხატვრის თანამშრომლობის ბოლო აკორდს წარმოადგენდა    აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის კომიკური ოპერის „არშინ-მალ-ალან“-ის მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობა. სამწუხაროდ ეს დადგმა არ განხორციელებულა კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების გამო.   



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “მზის ქალი”. 80x70. ქაღალდი, გუაში. 1968



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) „ქალი შველით“. 36,3x25,4. გუაში ქაღალდზე. 1956. ATINATI-ს კერძო კოლექცია


სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ლადო გუდიაშვილმა შექმნა მონუმენტური მხატვრობის რამდენიმე ნიმუში: სასტუმრო „ორიანტის“ ინტერიერის ფრესკული მხატვრობა და თბილისის რკინიგზის სადგურის ცენტრალური დარბაზის პანო. სამწუხაროდ, მხატვრის სიცოცხლეშივე ეს ნამუშევრები განადგურდა, შემორჩა მხოლოდ მათი ფოტოები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმ არაჩვეულებრივ კომპოზიციებზე, ოდესღაც სასტუმროს კედლებს, რომ ამშვენებდა: „ნადირობის“, „თბილისის დაარსების ლეგენდის“, „ქალიშვილები წყაროსთან“ და „ქართული ცეკვების“ სახით. შავ-თეთრი ფოტოების დაბალი ხარისხის მიუხედავად, ვრწმუნდებით კონტურულ ხაზთა ხვეულების ორნამენტაციაში ჩართული ადამიანთა გამოსახულებებით შექმნილი განწყობის პოეტურ-რომანტიკულ ზეაწეულობაში. 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) "ნადირობა ოქროყანაში". 78x56. ფერადი ფანქარი, ოქროს ფონზე, მუყაო. 1970. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) „თბილისის დაარსების ლეგენდა“. 41,5x33. ქაღალდი, გრაფიტის ფანქარი, ქაღალდი, მელანი. 1957. ATINATI-ს კერძო კოლექცია


შუასაუკუნეების ქართულ მონუმენტურ ფრესკულ მხატვრობასთან ერთგვარ „გადაძახილადაც“ შეიძლება მივიჩნიოთ ლადო გუდიაშვილის მიერ ამავე წლებში შესრულებული ნიკო ფიროსმანის ცნობილი პორტრეტი შვლით. იგი წარმოაჩენს მხატვრის განზოგადებული, მონუმენტური ფორმისკენ სწრაფვას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარი ნამუშევრებით წარსდგა ლადო გუდიაშვილი 1928 წელს, ვენეციის მე-16 საერთაშორისო გამოფენაზე. 1929-1931 წლებში კი, ლადო გუდიაშვილმა შექმნა ექსპრესიონისტული ელემენტებით გაჯერებული ფერწერული კომპოზიციები: „The guilty family“ (1929), „The unfortunate”(1930), „No title”(1931). აშკარაა, რომ მხატვარმა კომპოზიციათა შინაარსობრივი მხარის ხაზგასასმელად, სხვადასხვა ფორმატის ტილოს სასურათე სიბრტყეზე, მხატვრული ფორმის დეფორმაცია-უტრირების ხერხის გამოყენებით, ერთგვარად სიმახინჯის ესთეტიზაციის გზა აირჩია. თუმცა, სამივე შემთხვევაში, ორიგინალური კომპოზიციური აგებისა და საოცარი გამომსახველობის მიუხედავად, ამ მიჯნის შემდეგ, მსგავსი პრინციპით შექმნილ ნაწარმოებებს მხატვარი აღარ მიბრუნებია. პირიქით, მის შემოქმედებაში ფესვი გაიდგა ძირითადად ქალის და მისივე განსახოვნების ლამაზი ცხოველის (რაშის, შველის, ნიამორის, ეგზოტიკური ფრინველის) სახეში პერსონიფიცირებულმა სილამაზის და მშვენიერებისადმი მხატვრის ჰედონისტურმა  დამოკიდებულებამ. 1930-იანი წლების შუახნიდან დაწყებული, მნიშვნელოვანი იყო ლადო გუდიაშვილის უდიდესი ძალისხმევა გაწეული წიგნის ილუსტრირების დარგში. შუასაუკუნეების ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ცოდნა, ფართო განათლება დიდად ეხმარება მხატვარს ზუსტად იპოვოს და მოურგოს ლიტერატურულ ტექსტს-სახვით-სახეობრივი გაფორმების გასაღები. ქართული ლიტერატურული კლასიკის ილუსტრირებისას, ლადო გუდიაშვილმა გამოიყენა შუა საუკუნეების ილუსტრატორთა აპრობირებული ხერხი, როდესაც მხატვარი საკუთრივ ილუსტრაციების გარდა, შუა საუკუნეების ქართველ მინიატიურისტთა კვალად მთლიანად კაზმავს წიგნს. ისიც უნდა ითქვას, რომ მრავალ, მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტს ლადო გუდიაშვილი, თავისი შემოქმედების მანძილზე, არაერთგზის მიუბრუნდა. ასე იყო შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ყოველ ჯერზე, მხატვარი ერთხელ გაკვალული გზით როდი მიდიოდა, არამედ ახალი სახვითი ხერხების გამოყენებით და დამატებითი ახალი ეპიზოდების ილუსტრირებით უფრო მეტად ამდიდრებდა ჩვენს გაუხუნარ კლასიკურ მემკვიდრეობას. ლადო გუდიაშვილმა სხვადასხვა წლებში დიდი ამაგი დასდო აღმოსავლური ლიტერატურის შედევრების: “ათას ერთი ღამის“, ნიზამი განჯევის და ფიზულის პოეტური ქმნილებების: „ხოსროვი და შირინის“(1956 წ.) „ლეილა და მეჯნუნის“ (1962) დასურათხატების საქმესაც. აღნიშნული ილუსტრაციები გვიჩვენებენ რაოდენ ორგანული აღმოჩნდა ლადო გუდიაშვილისთვის დასავლურ კულტურულ ღირებულებებთან ერთად, აღმოსავლური კულტურის კლასიკურ ნაწარმოებთა ავტორების მსოფლაღქმა. 

1930-იანი წლების ბოლოს, როდესაც მხატვრის შემოქმედებაში ახალი ინტონაციები გამოჩნდა, მისი შემოქმედება არამხოლოდ ახალი თემატური რკალით გამდიდრდა, არამედ აღნიშნულის შესაბამისი ხელწერითაც ტრანსფორმირდა. მისი ნამუშევრების ფერთა გამა უფრო გაღიავდა, ფუნჯის მონასმი კი, უფრო პასტოზური გახდა. თუმცა, იმთავითვე უნდა ითქვას, რომ  მხატვრის დაუცხრომელი შემოქმედებითი ძიების მიუხედავად, რა ევოლუციური  განვითარებაც არ უნდა განეცადა მის ხელწერას, გუდიაშვილის მანერა, მისი ხელწერის თვითმყოფადი სტილი ყოველთვის ადვილად ამოსაცნობი იყო. პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის შემოქმედებაში დიდ ადგილს იკავებს პორტრეტული ჟანრი, რომელიც პირობითად შეგვიძლია ორ ჯგუფად დავყოთ: პირველ ჯგუფს მიეკუთვნება მხატვრის ფანტაზიით ხორცშესხმული, დროით საკმაოდ დისტანცირებული ისტორიულ პიროვნებათა სახეები; მეორე ჯგუფს კი, წარმოადგენს მხატვრის თანამედროვეთა პორტრეტები, რომლებიც მხატვრის მოდელებს წარმოადგენდნენ, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ეს პორტრეტები ასასახ მოდელებთან კონკრეტულ პორტრეტულ მსგავსებას  მხოლოდ ნაწილობრივ ინარჩუნებენ. მხატვარი სახის ნაკვთებიდან დაჭერილ  კონკრეტიკას - განაზოგადებს და ამგვარად, მოდელს საკუთარი წარმოსახვით  „შეთხზულ“ გარემოში ათავსებს. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ჯგუფის პორტრეტებში მხატვარმა პორტრეტირებულთა ე.წ. სულის ანაბეჭდები, იდეალიზებული სახეები შექმნა. თითოეულ მათგანში, პორტრეტირებულის დასახასიათებლად მხატვარი აქტიურად იყენებს გარკვეულ ეპოქალურ - კულტურულ კონტექსტებს გაცხადებულს სხვადასხვა ანტურაჟის სახით. 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) „გართობა აივანზე“. 43x31,5. შერეული ტექნიკა, ქაღალდზე. 1942. ATINATI-ს კერძო კოლექცია


40-იანი წლების დასაწყისში, ლადო გუდიაშვილის მხატვრობის ღერძი გახდა- მშვენიერი ქართველი ქალი. ლადო გუდიაშვილის ფერწერული პორტრეტული გალერეის ერთ-ერთი მშვენებაა, ნინო გუდიაშვილის სადა, ამავდროულად, მრავლისმეტყველი პორტრეტი (“Portrait of Nino Gudiashvili“-1937წ.). მეუღლის ხასიათში ფსიქოლოგიური წვდომა ინტროვერტულ მზერასა და იდუმალ ღიმილში გამოვლენილი-იტალიური რენესანსის ოსტატთა საუკეთესო  ქმნილებებს მოგვაგონებს. როდესაც 40-იან წლებში მხატვრის მიერ დახატულ მრავალრიცხოვან ქალთა სახეებს აკვირდები ყოველ მათგანში ამოიკითხავ იმ  ოპტიმიზმს, რომელსაც მათი სილამაზის გამაკეთილშობილებელი ძალა ამკვიდრებს. თითქმის ყოველი მათგანი, ან ბუნების პეიზაჟის, ან მდიდრული ინტერიერის ფონზეა ასახული. ფონი სრულ ჰარმონიაშია პორტრეტთან და მას პოეტურ-რომანტიკულ ელფერს სძენს (“Atoast with golden Horn”, “Poetess”). 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) "ზარიეტა". 20x14,5. გუაში ქაღალდზე. 1956. ATINATI პირადი კოლექცია


1930-40-იანი წლების მიჯნიდან ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში   მძლავრად შემოიჭრა ცეკვის თემა, რომელიც მხატვრისათვის სისხლსავსე  ფორმებსა და ჯანსაღი ოპტიმიზმით გაჟღენთილ, გარკვეულწილად თავაწყვეტილი ვნებების ორგიასტულ გამოვლინებასთან იყო წილნაყარი. ქალთა მოხდენილი სხეულების სწრაფი მოძრაობა, უცნაური რაკურსები, შეფარული ეროტიკული განცდა, ქვეცნობიერად ზემოქმედებს მაყურებელზე. როგორც ცნობილია, თვით მხატვარი საკუთარი სხეულის ყოველი კუნთით, თუ სულის ყოველი ნერვით შეიგრძნობდა საცეკვაო მუსიკის რიტმს. ამგვარად, ლადო გუდიაშვილის სხეულში განფენილ ცეკვის რიტმს ადევნებული ფუნჯი კი, სასურათე სიბრტყეზე საოცარი სისწრაფით აფიქსირებდა ფერწერულ  კომპოზიციებს: “Tourbillion dance”,”Court dancers”,”Dancer OL-OL” და სხვა.



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “ცეკვის მორევი” 61x82,5. ტილო,ზეთი. 1937


მხატვრის შემოქმედებაში ამ ახალი თემის გამოჩენამ კი, მხატვრული ფორმის თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა. სხეულებრივი ფორმა უფრო მკვრივი და მოცულობითი გახდა. შესაბამისად, სასურათე სიბრტყე პერსონაჟთა სამოქმედო სივრცედ გარდაიქმნა, რომელშიც ფიგურატიული გამოსახულებები, ერთგვარად თითქოს ბარელიეფურ ხასიათს იძენენ (“Mummy is kidnapped”,“Awounded Amazon). გუდიაშვილის მოცეკვავე ქალთა ფიგურები, მხატვრის მიერ შექმნილი - ფარდებით დამშვენებულ რენესანსული ანტურაჟის ფონზე „მოქმედებენ“. თუმცა, თვით ცეკვის თემის გამოჩენა ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში, იმ  მოდერნისტული კულტურული პარადიგმის გაზიარების შედეგი იყო, რომელმაც მხატვრის შემოქმედებაში ადრეული ეტაპიდანვე იჩინა თავი (როგორც ცნობილია, ცეკვა-მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი საკვანძო თემაა). მხატვრის სადადგმო გამოცდილება მხატვარ-დეკორატორის ეს თვისება გამოჩნდა აგრეთვე, მხატვრის მიერ შესრულებულ ნამუშევრებში: „სერაფიტას გასეირნება,“ “არმაზის აკლდამიდან“ და სხვა. ამ ციკლიდან აღსანიშნავია  დიდი ზომის ფერწერული ტილო „ქორწილი არმაზში“, რომელშიც 100-მდე  ფიგურანტი მონაწილეობს.   

ლადო გუდიაშვილსაც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე რამდენიმე  ავტოპორტრეტი აქვს შექმნილი. თუმცა, მინდა შევეხო იმ ერთს, რომელშიც  მხატვარმა ზეთის საღებავებით ტილოზე დააფიქსირა თავისი ბუნების  ამბივალენტური ხასიათი (“Autoportrait”,1950 წ.). იუმორის გრძნობა, რომელიც არასოდეს ტოვებდა მხატვარს, კარგად ჩანს ამ ავტოპორტრეტში. ლადო გუდიაშვილიც თავისი ავტოპორტრეტით ადამიანის ქვეცნობიერში დალექილი  ორი საწყისის: აპოლონიურის და დიონისურის კონფლიქტური თანაარსებობის  გააზრებას შეეცადა. მხატვრის ამბივალენტური შინაგანი ბუნება კარგად გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის წლებში შესრულებულ ნამუშევრებში. ომის და ნგრევის საშინელებანი გახდა იმპულსი, რომელმაც მხატვრის შემოქმედების   ალეგორიულ-სიმბოლურ მეტყველებას შეუწყო ხელი. ასე შეიქმნა 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის თემაზე სატირული გრაფიკული ფურცლების სერია. მხატვრის გონებაში ფაშიზმი განზოგადდა, დიქტატორული ავტორიტარიზმით დაბადებულ ანტიჰუმანიზმად, რომელიც დაუცხრომლად ებრძვის სიკეთეს, სინათლეს და სილამაზეს. ლადო გუდიაშვილის მიერ, 1942 წელს, ტონირებულ ქაღალდზე, ტუშით და კალმით შესრულდა გრაფიკული ციკლი, რომელიც არამხოლოდ ჰიტლერის მიერ წარმოებულ, არამედ ზოგადად, ყოველგვარი ომის საშინელებებს თვალსაჩინოსხდის. გრაფიკის ენით მხატვარმა მოახდინა მარადიული იდეალების: სიკეთის, სილამაზის, მშვენიერების - ბოროტებასთან შეჯახების უაღრესად დრამატული კოლიზიის ამსახველი სცენების დემონსტრირება (“The generosity of Fascism”), ნაციზმის მიერ გამოვლენილი საშინელი ანტისემიტიზმის მხილება („The issue of Jews”,) ომისმოსურნეთა სატანისტური თარეში (“The power of Satan”), ან ძალმომრეობითი ომით გასანადგურებლად განწირულ კულტურულ მემკვიდრეობაზე წუხილი.(”Who knows what we will need it for”, “We do not assume it is a burden)  ლ.გუდიაშვილის მიერ შექმნილი სატირული გრაფიკის ეს ნიმუშები  კომპოზიციური აგებით, თვითმყოფადი ორიგინალური მიგნებებით არიან   უნივერსალურნი.   



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “ფაშიზმის კეთილშობილება”.32x43,5. შეღებილი ქაღალდი, ინდური მელანი. 1942 წ.



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “სატანის ძალა”. 32x44. შეღებილი ქაღალდი, ინდური მელანი. 1942 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “ასეთი თავებიც არის”. 34x44. შეღებილი ქაღალდი, ინდური მელანი. 1942


1947 წელს ლადო გუდიაშვილს საქართველოს კათალიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ შესთავაზა მოეხატა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.  ლადო გუდიაშვილი ყოველთვის ოცნებობდა შუა საუკუნეების უსახელო ოსტატთა მსგავსად, მოეხატა ღვთის სახლი, ამიტომაც სიხარულით დასთანხმდა და შეუდგა კიდეც მოსამზადებელ სამუშაოებს: შეადგინა მოხატულობის მთლიანი პროგრამა, დაიწყო საღებავების ძველი რეცეპტურით (ენკაუსტიკის ტექნიკით) მომზადება, ხარაჩოების აღმართვა და საბჭოური ათეიზმის პირობებში, უდიდესი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ მყოფმა მოასწრო  მხოლოდ საკურთხევლის აფსიდაში გამოესახა ღვთისმშობელი ყრმით, „ხარების“, და „ზიარების“ სცენები, კონქში ქრისტეს „ხელთუქმნელი“ ხატი. ცხრა თვისა და ცხრა დღის დაუღალავი, ურთულესი სამუშაო მხატვარს მოულოდნელად უმაღლესი პოლიტიკური ეშელონებიდან წამოსული ბრძანებით  შეაწყვეტინეს. ამის შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა ლადო გუდიაშვილის მიმართ რეპრესიული რეჟიმი, რის გამოც, მხატვარი საკუთარ სახელოსნოში  ჩაიკეტა. ქაშვეთის მოხატულობის სახით მხატვარმა წარმოადგინა უფრო საერო  ხასიათის, ვიდრე დადგენილ-დაკანონებული იკონოგრაფიულ სქემებს დაქვემდებარებული მხატვრობა. შეიძლება ითქვას, რომ წმინდანთა სახეები მხატვარმა შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობის   ადეკვატური განცდით დამუხტა. ამას ისიც დაემატა, რომ წმინდანთა პროტოტიპებად, მხატვრის თანამედროვენი: თვით კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე, ეპისკოპოსი დიმიტრი ლაზრიშვილი და მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი იყვნენ ასახულნი. 



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) ქაშუეთის ტაძრის კედლის მხატვრობა


1947 წლიდან თითქმის ათი წლის განმავლობაში ლადო გუდიაშვილი ნაკლებად ჩანდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვევა, მას არც ერთი წუთით არ შეუჩერებია შემოქმედებითი  ძიებები, რისი საჯარო დემონსტრირებაც მოხდება ათი წლის თავზე. 1958 წლის 12 მაისს, როდესაც თბილისში საქართველოს სურათების ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ლადო გუდიაშვილის ვრცელი, რეტროსპექტიული გამოფენა. გამოფენამ აჩვენა, მხატვრის მრავალფეროვანი ძიებები, მათ რიცხვში: 1955 წელს ლადო გუდიაშვილის მიერ შესრულებული სატირული გრაფიკის ნიმუშები, ზნეობის საკითხებზე კონცენტრირებული. მხატვარი „ეზოპეს ენით“ ამხელდა საზოგადოებრივ და ადამიანურ მანკიერებას: პირმოთნეობას, სიბრიყვეს, ეგოიზმს, მეგალომანიას, მიყურადებას, ცენზურას და სხვა.(„The Saga: Faded Wisdom”,“The Megalomania”). 1950-იანი წლებიდან დაწყებული, ლადო გუდიაშვილი კვლავაც ერთგული რჩება იმ თემატიკისა, რომელმაც ჯერ კიდევ წინა წლებში იჩინა თავი, თუმცა მხატვრის შემოქმედების ძირითადი სააზროვნო კონცეპტები მხატვრული ფორმის სახეცვლილებით წარმოჩინდა. ეს თემებია: შუასაუკუნეების რაინდული კულტურის მსგავსად, მშვენიერი ქალის კულტში გაცხადებული; ეს არის სიყვარულის პასტორალური აღქმა (“Spring”,“ Kiss on the Hills”,„Waiting for bethrothed one”), კვლავაც გაგრძელდა მხატვრის შემოქმედების ზღაპრისეულ-ფანტასტიკური ხაზი (“Fairy Tale”,“A wounded Doe”,“Owners of fabolous horses”). მხატვარი ისევ ცდილობს ცოდვილი  სამყაროს გააზრებას (“The victim of sinful wourld”). აღსანიშნავია, კვლავაც სიკეთე-ბოროტების, სილამაზე-სიმახინჯის ანტონიმების მხატვრისეული ინტერპრეტაციები: ასე მაგალითად, ფერწერულ კომპოზიციაში „Left to Fate“ ტილოზე ზეთის საღებავებით ასახულია, მდინარეზე მოცურავე ტივზე  გულხელდაკრეფილი, ბედსმინდობილი ახალგაზრდა ქალი, რომლის თავთანაც სახედრისთავიანი არსება ფანდურზე უკრავს. ამ შემთხვევაშიც, სახეზეა მხატვრისთვის ჩვეული სიკეთე-ბოროტების, სილამაზე-სიმახინჯის, ნათლისა და ბნელის დაპირისპირების სიმბოლურ-ალეგორიული გააზრება. 


ლადო გუდიაშვილი (1896-1980) „მშვენიერება ტბასთან“. 76x55. პასტელი, ქაღალდი. 1973. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “უბედური” 80x66. ტილო, ზეთი. 1930


60-70-იანი წლებიდან მხატვრის შემოქმედებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. მისი პალიტრა უფრო ღია, მსუბუქი და გამჭვირვალე გახდა, რასაც ხელი შეუწყო-გუაშის, პასტელის და აკვარელის ტექნიკით გატაცებამ. დიდი ზომის ტილოების მაგივრად სულ უფრო ხშირია, შედარებით მცირე ზომის კომპოზიციები. სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ზეთით ტილოზე შესრულებული მრავალფიგურიანი თემატური კომპოზიციები. მხატვრის შემოქმედების ძირითადი საყრდენი-ხაზიც მხატვრის განწყობის შესაბამისად ხან უფრო  დენადი, პლასტიკურად მოძრავი და ხვიარა, არაბესკის მსგავსია, ხანაც უფრო ხისტი და მკვეთრია. ჟანრობრივად კვლავაც პატივშია პორტრეტი და მშვენიერი ქალბატონების შიშველი სხეულების გამოსახულებები. როდესაც ლადო გუდიაშვილის მრავალწახნაგოვან ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ფერწერის, გრაფიკისა და სცენოგრაფიის გარდა, მხატვრის მიერ შეტანილი წვლილი კინომხატვრობასა და ბალეტის გაფორმების  დარგში. მას ეკუთვნის კინო-ფილმების: „საბა“ (1929, დ.კაკაბაძესთან ერთად, რეჟ.მ.ჭიაურელი) და „ხაბარდა“ (1931, დ.კაკაბაძესთან ერთად, რეჟ. მ.ჭიაურელი) გაფორმება. მან, ასევე, ვალ. სიდამონ-ერისთავთან ერთად გააფორმა ფილმები: “განწირულნი“, და „გაყრა”. აღსანიშნავია, რომ ლადო გუდიაშვილი გვევლინება პირველი ქართული ანიმაციური ფილმის  „არგონავტები(კოლხიდა)“ (რეჟისორი ვლადიმერ მუჯირი) სცენარის  ავტორადაც და მხატვრული ნაწილის ხელმძღვანელად (1935წ.). ლადო გუდიაშვილი, ანიმატორულ მუშაობას კიდევ ერთხელ მიუბრუნდება, როდესაც  1965 წელს, ფილმის „როგორ წარმოიშვა სახლი“ (რეჟისორი შალვა გედევანიშვილი, მუსიკა მერი დავითაშვილისა) მხატვრულ მხარეზე იზრუნებს. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია ლადო გუდიაშვილის მიერ, 1961 წელს შესრულებული, არაჩვეულებრივად ცხოველხატული ესკიზები კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის ბალეტისთვის „სერაფიტას გასეირნება“, რომლის  ქორეოგრაფიული მხარე უნდა განეხორციელებინათ: ვახტანგ ჭაბუკიანს და ზურაბ კიკალეიშვილს. სამწუხაროდ, ეს საბალეტო დადგმა არ  განხორციელებულა, კერძო კოლექციაში შემორჩენილია მხოლოდ მხატვრის  მდიდარი  ფანტაზიითა და საოცრად დახვეწილი გემოვნებით შესრულებული 14 ესკიზი (“In Atelier of an artist”). საბალეტო კოსტიუმების გუდიაშვილისეული ესკიზები თავისი ზღაპრულობით, სიმსუბუქით და ამავდროულად,  თანამედროვე დიზაინით დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. პარიზელი მეგობრის პაბლო პიკასოს მსგავსად, მხატვარი, ყოველ ასაკში სულ ძიების პროცესში იმყოფებოდა. ამით უნდა აიხსნას შემოქმედების ბოლო ათწლეულში ლადო გუდიაშვილის მიერ მოზაიკის იმიტაციით, გუაშის ტექნიკით განხორციელებული ახალგაზრდა ქალების პორტრეტული გალერეა („The Sunwoman“, „A fairy from Nabakhtevi”და სხვ.). მოზაიკასთან მუშაობის გამოცდილება კი, ლადო გუდიაშვილმა მაშინ შეიძინა, როდესაც მას, მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად მოუწია ბიჭვინთის მოზაიკური მხატვრობის აღდგენით სამუშაოებში ჩართვა.  



ლადო გუდიაშვილი (1896-1980) “კოცნა ბორცვებზე”. 142x115. ტილო, ზეთი. 1972


1980 წლის 20 ივლისს ლადო გუდიაშვილი გარდაიცვალა. მადლიერმა ქართულმა საზოგადოებამ მთაწმინდის პანთეონში მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი დიდ მხატვარს. თავისი სრულიად გამორჩეული შემოქმედებით ლადო გუდიაშვილმა მიაღწია მარადიულ სიცოცხლეს.