menu

ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო

შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიაში XVII საუკუნის საოქრომჭედლო სახელოსნოს არსებობა მეტად ყურადსაღებია მძიმე და არეულ ეპოქაში. იგი დაარსა იმდროინდელმა უძლიერესმა ფეოდალმა, ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა, ლევან დადიანმა. მისი ფიგურა იმდენად კოლორიტულია, რომ უკვე ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ გაჩნდეს ინტერესი სახელოსნოს მიმართ. როგორ აისახა მისი დაძაბული, მღელვარებით აღსავსე ოჯახური ურთიერთობები იმ პროდუქციაზე, რომელიც ამ სახელოსნოში შეიქმნა? − გავიხსენოთ, როგორ მოექცა თავის პირველ მეუღლეს, შარვაშიძის ასულს: სრულიად გაურკვეველი მიზეზით დააბრალა მას ღალატი, ვინაიდან თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი ბიძის, გიორგი ლიპარტიანის, ულამაზესი მეუღლე ნესტან-დარეჯანი; როგორ მოიტაცა მან ბიცოლა და როგორ იქორწინა კიდეც მასზე. თავისი ,ცოდვების‘ მოსანანიებლად ლევან დადიანი დიდი რაოდენობით ხატებს უკვეთავდა, ნესტან-დარეჯანის სახის უკვდავსაყოფად კი მისი პორტრეტი თავის პორტრეტთან ერთად არაერთ ხატზე გამოასახინა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძეგლების მრავალრიცხოვნება, პორტრეტების აღბეჭდვა და სახელოსნოს დაარსება მთავრის პატივმოყვარეობითაც იყო განპირობებული. სახელოსნოზე ზრუნვაში გამოვლინდა აგრეთვე მისი დამოკიდებულება ზოგადად კულტურისადმი, ასე მაგალითად, სხვა დარგის ძეგლების მიმართ მის განსაკუთრებულ ზრუნვაში.


ლევან დადიანის კარზე არსებულმა სახელოსნომ, იტალიელი მისიონერის ლამბერტის გადმოცემით, ათი წელი იარსება. მასში მომუშავე ოქრომჭედელთა რიცხვი ოცს აღემატებოდა. აქ შექმნილი ძეგლების რაოდენობა იმდენად დიდია, ლევანის მმართველობის პირველი წლებიდან მოყოლებული ვიდრე მის გარდაცვალებამდე, რომ ისინი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს XVII საუკუნის ჭედური ხელოვნების შესწავლის მასალად. ყველა ძეგლის დამკვეთი უშუალოდ ლევან დადიანია. დადიანისეული ძეგლების ქრონოლოგიური დიაპაზონი ორმოცი წელია (1619-1659), და არავითარი ევოლუცია, ან სტილისტური ხასიათის რაიმე ცვლილებები ამ მრავალრიცხოვან მასალაში არ შეინიშნება. შეიძლება მხოლოდ ორ ჯგუფად მისი დაყოფა: ერთი − მცირერიცხოვანი, ლევან დადიანის მმართველობის პირველ წლებს რომ მიეკუთვნება, და მეორე − საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, მრავალფეროვანი, შესრულების უფრო მაღალი დონით. დადიანისეული ხატების მხატვრული გადაწყვეტა მისდევს იმ საერთო ტენდენციას, რომელიც მთელ ამ ეპოქას ახასიათებს. მათი სტილი ეკლექტურია. სხვადასხვაგვარი ხერხებისა და სხვადასხვანაირი სტილის გამოყენება ერთსა და იმავე ნაწარმოებშიც ხდება. დადიანისეული ხატები შეიცავს ვრცელ წარწერებს (მხედრულს). ეს წარწერები დიდად უწყობს ხელს იმ დროის საქართველოს რთული პოლიტიკური სიტუაციის ცალკეული მომენტების გარკვევა-გააზრებას. ზოგი მათგანი შეიცავს იმ გეოგრაფიულ ადგილებზე მითითებას, სადაც ლევან დადიანს სასახლეები ჰქონდა აგებული. საინტერესო ცნობებია შემონახული ისეთ წარწერებშიც, რომლებიც ლევან დადიანის სახელოსნოს ეხება. მათში მოხსენიებულია აგრეთვე იმ ოქრომჭედელი ოსტატების სახელები, ვინც წარწერის შემსრულებელნიც, და შესაძლოა, შემდგენელნიც იყვნენ. და ბოლოს, სრულიად გამორჩეულია ავტოგრაფი, რომელიც ზოგიერთ წარწერას ასრულებს და რომელიც დადიანს თავისი სახელის უკვდავსაყოფად გამოუყენებია.



წარწერა ოქონის ხატის ბუდეზე. ლევან დადიანის ავტოგრაფი



ამავე მიზანს ემსახურება პატივმოყვარე მთავრის ბრძანებით შექმნილი ექვსი ხატი: ყველა ლევან დადიანის გამოსახულებას წარმოადგენს.



კორცხელის წინასწარმეტყველთა ხატი. ქტიტორები − ლევან დადიანი და ნესტან-დარეჯანი



ერთი და იმავე პიროვნების რამდენიმე პორტრეტის წარმოჩენა უნიკალური ფაქტია ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიაში. ასევე უჩვეულოა ქართულ ჭედურობაში სცენა, რომელიც ოჯახის მთელი შემადგენლობით გამოსახვას წარმოადგენს. არადა, დადიანის ერთ-ერთ ხატზე სწორედ ასეთი სცენაა აღბეჭდილი: ლევან დადიანი, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანი და ვაჟიშვილები ალექსანდრე, მანუჩარი და ზილიმხანი. დადიანისეულ ხატზე ქტიტორთა ასეთი ზრდა, უთუოდ, საერო ელემენტების მომატებას უკავშირდება, რაც გამოიწვია ამ დროს, გვიანფეოდალურ ხანაში, სინამდვილისადმი გაძლიერებულმა ინტერესმა. საზოგადოების გაბატონებულმა ფენებმა აიტაცეს ის ახალი მოდური მიმდინარეობა, რაც ირანულ მოდაში აისახა, ახალი მხატვრული გემოვნებით. ტონის მიმცემი მაღალი წოდების წარმომადგენლები ცდილობდნენ, მიებაძათ სპარსელებისთვის გარეგნულად, სახელებითაც, სასაუბრო მეტყველებითაც კი. ასეთი იყო დაკვეთა, ასეთი იყო ამოცანა, რომელსაც ოსტატს ახვევდნენ თავს. დადიანისეულ ხატებზე ქტიტორთა მუხლმოყრილი პოზა, ხელების მავედრებელი ჟესტი, თმის აკეცვის მანერა და გვირგვინი, მორთული თვლებითა და ჯიღით, გამოსახულთა ჩაცმულობა სპარსულ ყაიდაზეა წარმოდგენილი, მაგრამ ქართველი ოსტატებისთვის ირანული მოდა გამოსახულებათა მხოლოდღა გარეგნულ იერს ასახავდა, სხვა მხრივ, ისინი ეროვნული, ქართული ტრადიციების შენარჩუნებას აგრძელებდნენ. დადიანის ოქრომჭედლები თავიანთ ქმნილებებში ადგილს უთმობდნენ ორნამენტს. აქ წარმოდგენილი ორნამენტული რეპერტუარი მეტად მდიდარია და მრავალფეროვანი. ის ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია, რითაც მთელი ეს მასალა მკვეთრად გამოირჩევა XVII საუკუნის ყველა სხვა ძეგლისაგან. დადიანისეული ხატების ორნამენტი შედგება როგორც ძველი ტრადიციული, ასევე ახალი მოტივებისგან. ვაზის ფოთოლს, ჩაწნულს ერთმანეთზე გადაბმულ კონცენტრულ წრეებში, საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს, ისევე როგორც ლურსმულ ორნამენტს. ძველია აგრეთვე ღეროს ტალღის დინებაში მოქცეული სამკბილა ფოთოლი.


ჩაცმა-დახურვის წესი 



დადიანისეული ხატების ორნამენტი



ლურსმული ორნამენტი


ყველაზე მრავალფეროვანი დადიანის ხატებზე ფოთლოვანი მოტივია. ამ ორნამენტის სხვადასხვა ვარიანტებიდან ზოგი ორიგინალობით არის გამორჩეული. წარჩეს მთავარანგელოზთა ხატზე დახვეწილად არის შესრულებული აფურჩქნული ფოთლოვანი ორნამენტი, ოდნავ ამოზიდული პუნსონირებულ ფონზე. ღეროვან დინებაში ჩასმული ფოთლები რეალისტურადაა დამუშავებული და სულ ახლებურად წარმოგვიდგება. სუჯუნის წმიდა გიორგის ხატის მოჩარჩოებაზე ფოთლების განლაგება მოწესრიგებულია საერთო ღეროთი.



 

წარჩეს ხატი


დადიანისეულ ხატებს თვლებიც ამშვენებს, ძირითადად იყენებდნენ მარგალიტს, ფირუზს, ლალს, ხანდახან სარდიონს. კოლორისტული ეფექტის გარდა ასეთ მორთვას სხვა დანიშნულებაც ჰქონდა: ის თითქოს ცოდვათა მონანიებასა თუ გამოსყიდვას ემსახურებოდა.


დადიანისეული ხატები საინტერესოა იკონოგრაფიული თვალსაზრისითაც. ოსტატები იშვიათ ან სულაც ახალ თემებს ირჩევენ. ტრაფარეტული იკონოგრაფიული სიუჟეტების გადახალისება, როგორც ჩანს, გამოიწვია იმან, რომ ქართული ჭედური ხელოვნების განვითარების საერთო დაქვეითების პირობებში ოქრომჭედლების მთელი ყურადღება გადატანილ იქნა შინაარსზე. იკონოგრაფიული თემის რთული სიმბოლიკით გამორჩეულია კორცხელის წინასწარმეტყველთა ხატი, ან კიდევ სრულიად ორიგინალური სიუჟეტის მქონე ილორის ხატი. ანალოგიურ სიუჟეტს შეიცავს კიდევ ერთი ხატი XVI საუკუნისა, ისიც ილორიდან. მსგავსი შინაარსის ხატი სხვაგან არსად გვხვდება. ამდენად, ამ ხატის ადგილობრივ წარმომავლობაში ეჭვი არავის  ეპარება.



 

ილორის ხატი


ორიგინალურია იკონგრაფიული თემები, წარმოდგენილი ილორის წმ. გიორგის სასწაულების ხატზე, 1651 წლისა, რომელიც დღეს აღარ არსებობ. აქ ასახული ყრმის ტყვეობიდან გათავისუფლების სცენა მეტად იშვიათია შუა საუკუნეების ხელოვნებაში და ისიც, რაც არის გიორგის მიერ შხამის შესმასთან დაკავშირებული სასწაული და შხამის მიმტანის სიკვდილი, სრულიად უცნობია ქართული ლიტერატურული წყაროებისთვის. ვარაუდის სახით კი მას უკავშირებენ ხალხურ თქმულებებს. გარდა ამისა, ამ სცენის გამოყენებაზე გარკვეული ზეგავლენა დასავლეთის ხელოვნებამაც იქონია. მით უფრო, რომ ლევან დადიანის კარზე დიდი პატივით სარგებლობდნენ იტალიელი მისიონერები. წმიდა გიორგის სასწაული, აქვე გადმოცემული ხარის გაცოცხლების ლეგენდა, ასევე ნაკლებად არის ცნობილი ქართული იკონგრაფიისთვის: სულ რამდენიმე ძეგლით. რუსული იკონოგრაფიული სქემების გავლენით უნდა იყოს შექმნილი იოანე ნათლისმცემლის ხატი 1656 წლისა, რაზეც მისი იკონოგრაფიული ტიპი მიუთითებს − ძაძებში შემოსილი ფიგურა, მესიისკენ მიმართული მარჯვენა ხელის ორი თითით. ამდენად, დადიანისეული ხატები იკონოგრაფიული სიახლეებით საინტერესო მასალას იძლევა მათი შინაარსის გამოსავლენად.


 ამ ხატების კიდევ ერთი გამორჩეული თავისებურებაა ფერწერული სახეების ლითონის საფუძველზე დატანა.


ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო, რომელიც შეიცავდა XVIIს. ჭედური ხელოვნების საკმაოდ დიდ პროდუქციას, მეტად მნიშვნელოვანია ამ დარგის ისტორიისთვის. მართალია, მან ვერ შეძლო შეეჩერებინა ის უკუსვლა, რომელიც გამოვლინდა იმ დროის ჭედურობაში, მაგრამ მან არ დაკარგა და ამდენად, შეინარჩუნა არსებითი და მთავარი − საუკუნეების მანძილზე შემუშავებული ეროვნული ტრადიციები, რაც უფლებას გვაძლევს, ვისაუბროთ ქართულ ჭედურობასა და მის ცალკეულ მიღწევებზე.