menu

ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედება

ნიკოლოზ კანდელაკი თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად შეიძლება იყოს აღიარებული. იაკობ ნიკოლაძესთან ერთად, მასთანაა დაკავშირებული რეალისტური ქანდაკების დამკვიდრება საქართველოში. 

ნიკოლოზ კანდელაკი იყო, როგორც ბრწყინვალე შემოქმედი, ასევე შესანიშნავი პედაგოგი. მას მიეწერება ეგრეთ წოდებული კანდელაკისეული სკოლის შექმნა, სადაც არა ერთი ნიჭიერი ქართველი მოქანდაკე აღიზარდა.

ის დაიბადა სოფელ კულაშში (1889) სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში. სამედიცინო განათლებამ ბიძგი მისცა მის დაინტერესებას, როგორც მცენარეთა, ასევე ადამიანის აგებულების სტრუქტურის შესწავლის მიმართ.

ეს უნარი მან ქანდაკების შექმნაში გამოავლინა. იმ ადრეულ პერიოდში ნ.კანდელაკმა ცვილიდან გამოძერწა პლემანიკოვის პორტრეტი, რომელიც გამოფენაზე იყო გატანილი. ნამუშევარმა დადებითი შეფასება დაიმსახურა. კანდელაკს რეკომენდაცია მიეცა ჩაებარებინა ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) სამხატვრო აკადემიაში. იმ დროისათვის ნიკოლოზ კანდელაკს საკმაოდ კარგი პროფესიული მომზადება ჰქონდა მიღებული ლ.დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში, რომელიც მას გიმნაზიის დროინდელმა მეგობარმა, დავით კაკაბაძემ ურჩია.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სახელოსნოში, 1955 წ.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). ლ.დიმიტრიევ-კავკაზსკის კლასში. კადრში ზურგიდან ჩანს ნ.კანდელაკი შიშველი ნატურის ხატვისას, პეტერბურგი 1910 წ.



ქართველი მხატვრები. დგანან: მარცხნიდან პირველი დ.კაკაბაძე, ნ. კანდელაკი, კ. კალაძე, ლ გუდიაშვილი, სხედან: მარცხნიდან პირველი კ. ზდანევიჩი, თ. აბაკელია, დ. არსენიშვილი. 1930-იანი წლების პირველი ნახევარი.


ნიკოლოზ კანდელაკი სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა ა.მატვეევის კლასში. პედაგოგის გავლენა ნ.კანდელაკის მთელ შემოქმედებას გასდევს თან. მატვეევი ნატურის ერთგულებასა და მისი შესაძლებლობების სრულ გააზრებას ითხოვდა შეგირდებისგან. სკულპტურული ფორმის სისავსე, მატერიალურობა და აგების მკაფიო სტრუქტურა, არის ის, არასრული ჩამონათვალი, რაც მტკიცედ შეითვისა ნ.კანდელაკმა სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. უკვე სადიპლომო ნამუშევრით (არ არის შემორჩენილი), მან საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და მივლინებული იქნა, სახაზინო სტიპენდიით უზრუნველყოფილი, უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ მან უარი განაცხადა საზღვარგარეთ სწავლაზე და 1926 წელს საქართველოში დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ნ.კანდელაკი აქტიურად ჩაება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ის უპირველეს ყოვლისა დიდი პორტრეტისტი იყო. სწორედ პორტრეტი იქცა მოქანდაკის შემოქმედებითი ინდივიდუალობის თვალსაჩინო ჟანრად. იგი აკეთებდა თავისი თანამედროვე, გამორჩეული პიროვნებებისა და მშრომელი ადამიანების პორტრეტებს.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “ნინო დუმბაძის ფიგურის ძერწვისას”, 1950-იანი წლები.


ქანდაკების სახელოსნოში: მარჯვნივ ნ.კანდელაკი, მარცხნივ ი. ნიკოლაძე, საქართველოს სამხატვრო აკადემია, 1926 წ.


მის მიერ შესრულებული პორტრეტები ყოველთვის მკაფიოდაა აგებული. ქანდაკების სტრუქტურა, მისი ღერძული შეპირისპირებები ძლიერ მოძრაობებს, ემოციურ დაძაბვასა და პლასტიკურ ფორმათა მძაფრ გამოკვეთას უწყობდა ხელს. ძერწვის მანერა ერთგვარად მოუხეშავია. მოქანდაკე დაუზოგავი სიმკვეთრით გადმოსცემს სახის განსაკუთრებულ ფორმებს. მათში ხასიათის ჰეროიზება, მამაკაცური სიძლიერე და შეუპოვრობა იკითხება. ეს თვისებები განუყოფელი იყო თვითონ ნიკოლოზ კანდელაკისგან. ვისაც იგი ერთხელ მაინც უნახავს, მას არასოდეს დაავიწყდება მისი გოლიათური აღნაგობა, მკაცრი სახის გამომეტყველება, მხრებზე დაფენილი ღია ფერის თმები, რომელიც ლომის ფაფარივით ჰქონდა გაშლილი. ეს გარეგნობა მისი ხასიათის შესატყვისი იყო.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “მძლეოსანი. სიმძიმეების ამწევი”. ფრაგმენტი.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “უცნობი მამაკაცი”, პლემიანიკოვის პორტრეტი. 12x11x5. ტონირებული თაბაშირი. 1921 წ. კერძო კოლექცია.


შეუპოვარი, მუდამ კრიტიკულად განწყობილი, როგორც მთავრობის, ასევე ყოფითი და სასწავლო პროცესების მიმართ. ის არავის უნახავს ქედმოხრილი. მისი ავტორიტეტი შეუვალი იყო ყველასთვის, მას უძღვნიდნენ ლექსებს, მასთან მეგობრობდნენ ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების გამოჩენილი ადამიანები. მისი მადლიერები დარჩნენ ქართველ მოქანდაკეთა თაობები, რომელთა ჩამოყალიბებაში კანდელაკმა თითოეულის ინდივიდუალურობის გამოვლენას შეუწყო ხელი. 1929 წლიდან მოყოლებული ნ.კანდელაკი სიცოცხლის ბოლომდე (1970) თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტური სკულპტურის კათედრას ედგა სათავეში.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). საფასადო პლასტიკა. რაკურსი.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “სოფლის სცენა”. 3x1,70მ. ბარელიეფი. თაბაშირი, 1929 წ.


მონუმენტალიზმი აი, ის გამორჩეული თვისება, რომელიც ნიკოლოზ კანდელაკის ყველა ნამუშევარს უცვლელად თან ახლავს. რა იწვევს ამ საკამათო დახასიათების შთაბეჭდილებას? ეს არის ქანდაკების შორიდანვე სრულფასოვანი მკაფიო აღქმა, გამოკვეთილი პლასტიკური ფორმები და სილუეტის გამომსახველი ერთიანობა. მოქანდაკე ისე ანაწილებდა კომპოზიციას, რომ მაყურებელი იძულებული იყო ყოველი მხრიდან შემოევლო მისთვის და სხვადასხვა ხედვის წერტილიდან აღექვა იგი. ყოველი ახალი რაკურსი ქანდაკების, როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი ემოციების მრავალფეროვნებაში წვდომის საშუალებას იძლევა. ამ მხრივ აღსანიშნავია ლადო გუდიაშვილის (1933-1935), აკაკი ხორავას (1935), მაღაროელი იმერლის (1938) და სხვათა პორტრეტები. კანდელაკი ძირითადად პორტრეტ-ბიუსტებს აკეთებდა. ისინი ძალიან სადა პოსტამენტს ეყრდნობიან. ესაა მრგვალი, პროფილირებული ფორმის საყრდენები, მათში ყველაფერი მხოლოდ სახის აღქმას ემსახურება. ნიკოლოზ კანდელაკი ერთნაირი ოსტატობით ქმნიდა, როგორც თიხიდან და შემდეგ ბრინჯაოთი ჩამოსასხმელ, ასევე ქვიდან ნაკვეთ ქანდაკებებს.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “კოლხი - იმერელი მემაღაროვე”. 48x42x28 სმ. ტონირებული თაბაშირი. 1938 წ. მოქანდაკის სახელოსნო.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “შრომის გმირის მემაღაროვე” კ. ილურიძის პორტრეტი. 54,5x62,5x33,5 სმ.  ტონირებული თაბაშირი. 1957 წ. სემ. სურათების ეროვნული გალერეა.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “აკაკი ხორავა”. 385x103x41 სმ. ქვა. 1979. არქ. ვახტანგ დავითაია. სენაკი. აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ლადო გუდიაშვილის (1933) პორტრეტი. მოქანდაკემ მოდელთან დიდი მსგავსების გარდა გააძლიერა სახის ნაკვთების გამომსახველობა: მაღალი შუბლი, არწივისებრი გამოხედვა, მკაცრი ტუჩების მონახაზი, მაღალი ყვრიმალები და მძიმე ნიკაპი, რაც შეუპოვარი ადამიანის ხასიათს ანიჭებს პორტრეტირებულს. ქანდაკება კისერთან ირიბადაა გადაჭრილი, რაც თავის უეცარი შემობრუნების შთაბეჭდილებას ტოვებს. პლასტიკური ფორმები დარწმუნებული, ოსტატური ხელითაა გამოძერწილი და მათი ურთიერთშეთანხმება ნათლად იკითხება.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “ლადო გუდიაშვილის პორტრეტი”. 65x60x30 სმ. ქვა. 1936 წ. სემ. საქართველოს სახ. ხელოვნების მუზეუმი.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970). “ლადო გუდიაშვილის პორტრეტი”. 50x40x25 სმ. ტონირებული თაბაშირი. 1934 წ. მოქანდაკის სახელოსნო.



ორი წლის შემდეგ ნ.კანდელაკმა ლ.გუდიაშვილის პორტრეტი ქვიდან გამოკვეთა. მან ნაწილობრივ შეცვალა კომპოზიცია, პორტრეტირებული მკერდ ქვემოთ გადაჭრილ ბიუსტად წარმოადგინა. ქვის ბლოკი მკერდს ქვემოთ უხეშადაა დამუშავებული, რაც ქანდაკების პლასტიკურ მეტყველებას მეტ გამომსახველობას სძენს. ბრინჯაოთი შესრულებულ ვარიანტთან შედარებით, პორტრეტის ხასიათი ქვის მასალით კიდევ უფრო გაძლიერებულია. მოძრაობა მკვეთრ ღერძულ შეპირისპირებაზეა აგებული. თავი მარჯვნივ აქვს  მობრუნებული, მაშინ როცა მხრები მარცხნივაა შემოტრიალებული. იქმნება სივრცეში გაშლილი მოძრაობა, რომელიც მაყურებლისგან ქანდაკების ყოველი მხრიდან დათვალიერების სურვილს იწვევს. ხედვის ყოველი წერტილიდან ქანდაკება თითქოს უხილავი დაძაბული კონტურითაა გამოყოფილი სივრციდან. გუდიაშვილის პორტრეტები განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ქართული ქანდაკების განვითარების ისტორიაში: მათ განაპირობეს არა მარტო ავტორის პორტრეტული შემოქმედების ძირითადი ხაზი, არამედ მომავალი ქართული ქანდაკების ზოგადი ხასიათიც.


ნიკოლოზ კანდელაკის მიერ შესრულებული მამაკაცების პორტრეტები, თითქმის ყოველთვის გმირული თვისებებითაა შემკული, მაგრამ მას რომანტიკული, მგრძნობიარე ხასიათის გადმოცემაც იზიდავდა. ამ მხრივ საგულისხმოა ხელოვნების მკვლევარის აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის პორტრეტი. მოქანდაკემ გამოძერწა შთაგონებული ადამიანის სახე, ძერწვის მანერა რბილია და პლასტიკური ფორმები მოძრავი.
კანდელაკის შემოქმედებითი გზა მრავალფეროვანია. მისი ძირითადი ამოცანა იყო, მოდელის სულიერი და ფიზიკური არსის ამომწურავი დახასიათებისთვის მიეღწია. ამისთვის თავის ემოციებსა და ინტუიციას ეყრდნობოდა, ხოლო პლასტიკური ფორმა ამ გრნობების გამოხატვას ემსახურებოდა. 


ჩვენ შემოგვრჩა არა ერთი პორტრეტი, სადაც ოსტატი ეტიუდურ მანერას იყენებს. მათი კანდელაკის მთრთოლვარე ხელია აღბეჭდილი. უნდა გავიხსენოთ ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფის მ.ბერძენიშვილის მოგონება, სადაც ის აღწერს, თუ როგორი განცდებითა და მოუთოკავი გზებით ძერწავდა იგი მოდელს, ამის შემსწრე მოწაფეებიც მისი ემოციების ზეგავლენის ქვეშ ექცეოდნენ. კანდელაკისთვის ტრადიციულად ქცეული მრავალჯერადი სეანსები, ხანდახან რამდენიმე შეხედვით ამოიწურებოდა. ასეთია გალაქტიონ ტაბიძის პორტრეტი (1957). კანდელაკს კარგად ესმოდა, რომ მუდამ მოუცლელი გალაქტიონის ნატურაზე დათანხმება ხანგრძლივი დროით შეუძლებელი იქნებოდა. მოქანდაკეს თითქოს ეჩქარებოდა თავისი ემოციების პლასტიკურ ენაზე გადაყვანა. განა შეიძლება ვინმემ დაივიწყოს გალაქტიონისეული ლექსის კითხვის მანერა. მისი აჩქარებული, სუმოუთქმელი თხრობა. გალაქტიონის ხმა თითქოს ნიაღვარივით მოჩქეფს და ყოველივეს წალეკვით ემუქრება. სწორედ ასეთია კანდელაკის ძრწვის მანერაც, მასაც თითქოს ეჩქარებოდა ხელიდან არ გასხლტომოდა პოეტის სახეზე აღბეჭდილი ღრმა ფიქრები და უძირო სევდა. ძერწვის მანერა სწრაფია და იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი ცხოველხატულებითაა გამორჩეული. პლასტიკურ ფორმათა ზღვარი ბუნდოვანი, ერთმანეთში გადამდიარეა. მოქანდაკემ გალაქტიონ ტაბიძის რომანტიკული, შთაგონებული სახე შექმნა, სადაც დროის დინების, მისი გარდამავლობის შეგრძნება გვექმნება. 


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970 წწ). „გალაკტიონ ტაბიძის პორტრეტი“. 54x57x33,5 სმ. თაბაშირი. 1957. ATINATI-ს კერძო კოლექცია


არა ნაკლებ შთამბეჭდავია, კანდელაკის ცხოვრების მიწურულში შექმნილი კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი (1969) კონსტანტინე გამსახურდიას ბუნებით, განუმეორებელი პლასტიკის სახე ჰქონდა. ლამაზი, წარბაწეული, მკაცრად ტუჩებშეკრული, იგი ქართველი რაინდის იერს ატარებდა.  მან გამსახურდია ფრონტალურად გაშლილი წარმოგვიდგინა. მხოლოდ სახის ოდნავი დახრა და დიდრონი თვალების მზერის ქვევით მიმართვა, მწერლის თვითჩაღრმავებულ ფიქრებში წასული ადამიანის სახით გადმოგვცემს. მოქანდაკემ პორტრეტი რბილი, თავისუფალი ძერწვის ხერხით შეასრულა. მასში არაფერია უტრირებული, მაგრამ თავის ოდნავი ძირს დახრით, შუბლის მნიშვნელობა გაზრდილია, რწაც მწერლის გონებრივი შრომის მიმანიშნებელია. კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტში გასაოცარი შინაგანი ენერგია იკითხება, რაც მოქანდაკის ოსტატობის გამორჩეულ უნარზე მეტყველებს. 


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970 წწ). "კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტი". 54x43x24 სმ. თაბაშირი. 1969. ATINATI-ს კერძო კოლექცია


კანდელაკის პორტრეტულ გალერეაში ქალების სახეებსაც ვხვდებით. მათი რიცხვი შედარებით ნაკლებია. ავტორის ყურადღებას თავისი დროის გამორჩეული ქალბატონები იმსახურებდნენ, ასეთებია: ა.თოიძე და დ. ჭიჭინაძე, ნ.ვაჩნაძე და სხვები. უნდა აღინიშნოს, რომ სილამაზით სახელგანთქმულ ქალებს იგი სხვა ასპექტიდან გვაცნობს. მოქანდაკე არ იყო გატაცებული მოდელის უზადო მშვენების ასახვით. ნიკოლოზ კანდელაკს ამ რჩეული ქალების შინაგანი განცდების გადმოცემა სურდა. ამ მხრივ საინტერესოა ნატო ვაჩნაძის პორტრეტი, სადაც ცხოვრებით დაღლილი, სევდიანი სახეა წარმოდგენილი. ძერწვის მანერა რბილია, მოქანდაკე ცდილობდა ოდნავი თავდახრითა და თვალების დამძიმებული ქუთუთოებით, ფიქრში წასული ქალის სახე გადმოეცა. საინტერესოა, რომ ნატო ვაჩნაძემ ნატურაზე ჯდომა ბოლომდე ვერ მოასწრო. იგი მოსკოვში გაემგზავრა, საიდანაც ვეღარ დაბრუნდა. ეს სევდიანი პორტრეტიც თითქოს წინათგრძნობითაა სავსე.



ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970 წწ). “ვახტანგ ბერიძის პორტრეტი”. 32x27x25 სმ. ტონირებული თაბაშირი. 1934 წ. მოქანდაკის სახელოსნო.


ქართველი მხატვრები. დგანან: მარცხნიდან პირველი დ.კაკაბაძე, ნ. კანდელაკი, კ. კალაძე, ლ გუდიაშვილი, სხედან: მარცხნიდან პირველი კ. ზდანევიჩი, თ. აბაკელია, დ. არსენიშვილი. 1930-იანი წლების პირველი ნახევარი.


ნიკოლოზ კანდელაკი არაერთი, სივრცეში დასადგმელი მონუმენტის კონკურსის მონაწილე იყო. ბევრი მათგანი არ იქნა განხორციელებული. ხოლო (1968) ქ.წულუკიძეში (ოზურგეთი) ფ.წულუკიძის ფეხზე მდგომი ძეგლი დაიდგა, რომელიც ახალი დროის პოლიტიკურ შეხედულებებს შეეწირა. 

დღემდე მხოლოდ შრომის თემაზე შესრულებული რელიეფი შემოგვრჩა. ეს რელიეფი ერთგვარი ექსპერიმენტის ხასიათს ატარებდა. დაბალ რელიეფზე გამოძერწილია გლეხების ფიგურები, რომლებიც შრომის პროცესში არიან ჩართული. ფიგურები და შრომითი იარაღები რიტმულადაა სიბრტყეზე განაწილებული. კომპოზიცია მკვეთრად ლაკონურ და სქემატურ ხასიათს ატარებს. ამგვარი მიდგომა ნ.კანდელაკის მომდევნო შემოქმედებაში არ გვხვდება, თუმცა მსგავსი სტილი შემდეგი თაობის მის მოწაფეებში, არა ერთხელ გაგვახსენებს თავს.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970 წწ). “ნატო ვაჩნაძის პორტრეტი”. 78x27x31 სმ. ტონირებული თაბაშირი. 1952 წ. მოქანდაკის სახელოსნო.


ნიკოლოზ კანდელაკი (1889-1970 წწ). “მოქანდაკის მეუღლის ევგენია ჟუკოვსკაია-კანდელაკის პორტრეტი”. 78x60x38სმ. ტონირებული თაბაშირი. 1952-1953წ.წ. მოქანდაკის სახელოსნო.


ნიკოლოზ კანდელაკი არა მარტო დიდი პორტრეტისტი, არამედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალი ქართული ქანდაკების სულისჩამდგმელი იყო. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ XX საუკუნის 40-90იანი წლების ქართული ქანდაკების ხელოვნება, სწორედ ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედებით ფესვებს ემყარება. ამოუწურავია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის კულტურაში.