menu

პეტრე ოცხელი - „არტ დეკოს“ ეპოქის დახვეწილი ოსტატი

პეტრე ოცხელის ესკიზები ყვებიან არა მხოლოდ მისი როგორც მხატვრის ფართო ფანტაზიის, მაღალი ოსტატობის და ღრმა აზროვნების შესახებ, არამედ საუბრობენ ზოგადად 1920-30-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოზე, თანადროულ მსოფლიო ავანგარდულ ხელოვნებაზე.


პეტრე ოცხელი (1907-1937). ესკიზი "მფრინავი მღებავი" 1936. საქართველოს ხელოვნების სასახლე


ქართულ სათეატრო მხატვრობას საფუძველი 1922 წელს დაედო, როდესაც რუსეთსა და უკრაინაში სახელგანთქმული რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, საქართველოს დაუბრუნდა და ქართული თეატრის მოდერნიზებას შეუდგა. თეატრში საყრდენს ის მხოლოდ მსახიობების ნიჭიერებაში ხედავდა და თვლიდა, რომ ყველა სხვა კომპონენტი განახლებას საჭიროებდა. ხუთი წლის მანძილზე, სანამ მარჯანიშვილი 20 წლის პეტრე ოცხელს მიიწვევდა თეატრში, ქართული სცენოგრაფიის სკოლა უკვე ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი მოვლენა. პეტრე ოცხელმა, მიუხედავად მისი ასაკისა, ამ არენაზე გამოჩენისთანავე პროფესიონალთა გვერდით დაიმკვიდრა ადგილი და თავისი ხელწერით გაამდიდრა არა მხოლოდ სცენა, არამედ ზოგადად ქართული სათეატრო ხელოვნება. ორიოდე წელიწადში, როდესაც მან კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ გააფორმა, ცხადი გახდა, რომ 22 წლის პეტრე ოცხელი კულტურული მნიშვნელობის ფიგურას წარმოადგენდა.


პეტრე ოცხელი (1907-1937).“ეტიუდი”. ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი, ტუში. 32x40,3. 1932. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი


პეტრე ოცხელი (1907-1937). კოსტიუმის ესკიზი “ოტელო”დან. ქაღალდი,ფანქარი,აკვარელი. 46X40


მარჯანიშვილი თეატრში აბსტრაქტულად, პირობითი ფორმებით მოაზროვნე მხატვრებს იწვევდა, - ვინც თანამედროვედ აზროვნებდა და სასცენო სივრცის უახლესი ხედვით გარდასახვა შეეძლო. ზოგადად, მოდერნისტულ მხატვრობაში არსებობს ორი მაგისტრალური ხაზი: ერთი სწორხაზოვან გეომეტრიულ ფორმებს უკავშირდება, მეორე დენად ბიომორფულ ფორმებს. პეტრე ოცხელი უფრო მეორე ხაზს განეკუთვნება. არაერთი მიმდინარეობის გააზრების საფუძველზე, მან საკუთარი სტილი შეიმუშავა, რომელიც არტ ნუვოში და ექსპრესიონიზმში პოვებდა საფუძველს. ყველა მიმართულებამ თავი მოიყარა მის მხატვრობაში და ჩამოყალიბდა არტ დეკოს მახასიათებლების მატარებელი ორიგინალური მხატვრული ხელწერა.



პეტრე ოცხელი (1907-1937). ქალის კოსტიუმის ესკიზი. ქაღალდი, აკვარელი, გრაფიტის ფანქარი, 38,9 x 29,9. 1930-იანები. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოცხელი ქმნიდა პირობით მოცულობით დეკორაციებს და სკულპტურულ კოსტიუმებს, რომელთა არქიტექტონიკა - თაღების, ნახევართაღების, კიბეების, მოედნების მონაცვლეობით, მოქნილი დენადი ხაზებით და კოსტიუმშიც კი უკანასკნელ დეტალამდე არქიტექტურულად გათვლილი   ელემენტებით, მსახიობს გარკვეულ პლასტიკას, მოძრაობის ნახატს სძენდა (პერსი შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“–1930, „ენრიკ იბსენის „მშენებელი სოლნესი“– 1931, უილიამ შექსპირის „ოტელო“– 1933 და სხვ.).


პეტრე ოცხელი (1907-1937). კოსტუმების ესკიზი სპექტაკლისთვის "თეთრები". რეჟისორი - შენგელაია


პეტრე ოცხელი (1907-1937). ესკიზი სპექტაკლისთვის ''ბეატრიჩე ჩენჩი''. 1930 წ


პეტრე ოცხელი (1907-1937). კოსტიუმების ჩანახატი სპექტაკლისთვის კარლ გუცკოვი „ჰურიელ აკოსტა“ ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი. 25,5x13,5. 1929. რეჟისორი - კ.მარჯანიშვილი. საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი


ოცხელის მიერ შექმნილ კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობის ფიგურა დეკორაციის ორგანულ ნაწილად აღიქმებოდა, მისგან ამოიზრდებოდა და მას ერწყმოდა. თუმცა, ეს აბსტრაქტული-მხატვრის მიერ შეთხზული გარემო, რა თქმა უნდა, არასოდეს იყო მოწყვეტილი დრამატურგიულ საფუძველს. თითოეული სპექტაკლის განზოგადებულ ფორმებში, მათ მასშტაბში, სივრცით გადაწყვეტაში, შორეულ მინიშნებებში-იკითხებოდა მოქმედების დრო და ადგილი, გმირის ხასიათიც კი. ამასთან, ხშირად სწორედ მის მიერ შექმნილი კოსტიუმები აყალიბებდნენ სცენური გმირის ხასიათს. სწორედ ის იყო სცენაზე გამოჩენილი ყველა დეტალის ყალიბის შემქმნელი.


პეტრე ოცხელი (1907-1937). დეკორაციის ესკიზი  სპექტაკლისთვის ,,სურამის ციხე“ ქაღალდი, აკვარელი, ტუში, 24,1x21,1. 1933 . ATINATI-ს კერძო კოლექცია


პეტრე ოცხელი (1907-1937). დეკორაციის ესკიზი  სპექტაკლისთვის ,,სურამის ციხე“ ქაღალდი, აკვარელი, ტუში, 29,1x24,3. 1933. ATINATI-ს კერძო კოლექცია


1927 წლიდან-მის ტრაგიკულ აღსასრულამდე 1937 წელს, როდესაც ის საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა თეატრში, ოცხელმა მრავალი სპექტაკლი გააფორმა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ქართული ავანგარდის ისტორიაში, რადგან მოდერნისტული ტენდენციები გარკვეულწილად ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო, მაგრამ თანდათანობით სიტუაცია სულ უფრო მწვავდებოდა და საკუთარი შემოქმედებითი მრწამსის შენარჩუნება ძალიან რთული იყო. პეტრე ოცხელმა ამ ამოცანას ისე უპასუხა, რომ თეატრის პირობითი ბუნებისთვის და საკუთარი ავანგარდული ხედვისთვის არასოდეს უღალატია. როდესაც ყველა შემოქმედებით დარგში სოციალისტური რეალიზმი დაკანონდა(1932), მან ფორმათა უტრირების და ჰიპერთროპირების განსაკუთრებულ ხერხებს მიაგნო. ამ გზით, ის რეალობასთან ახლოს მდგომ გამოსახულებებს ახალ მხატვრულ დატვირთვას სძენდა და სცენოგრაფიულად გარდასახავდა („აპრაკუნე ჭიმჭიმელი“– 1934, „ჩატეხილი ხიდი“ -1935,  და სხვ.).


პეტრე ოცხელი. თამარ ბალანჩივაძის პორტრეტი. პასტელი, ქაღალდი, მუყაო. 39x33. ATINATI-ს კერძო კოლექცია


მრავალი მოდერნისტული მიმართულების გადააზრებით და კლასიკურ საფუძველზე დაყრდნობით, პეტრე ოცხელი ბუნებრივად ჩამოყალიბდა როგორც იმ დროისათვის მოწინავე, „მანქანის ეპოქის“ სტილის-არტ დეკოს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი. ამის უტყუარი დასტურია და დღეს შემთხვევით არ არის განსაკუთრებით პოპულარული, მისი ესკიზები კინო-ფილმისთვის „მფრინავი მღებავი“ (რეჟისორი ლეო ესაკია, 1936).