menu

ვასილ შუხაევი

ოქტომბრის რევოლუციის წლებში და მერეც, საქართველო და, კონკრეტულად, თბილისი ხშირად იყო დევნილ, ნიჭიერ შემოქმედთა თავშესაფარი. ბევრი მათგანი დიდ კვალს ტოვებდა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაზე. მათ შორისაა შესანიშნავი რუსი ფერმწერი და გრაფიკოსი ვასილ შუხაევი. 


ვასილ შუხაევი



ვასილ შუხაევი 1887 წელს მოსკოვში დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში, შემდეგ კი - პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის ფერწერისა და ქანდაკების განყოფილებაზე. 1908 წლიდან მეცადინეობდა შესანიშნავ პედაგოგ დიმიტრი კარდოვსკისთან, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შუხაევზე. ცხოვრების დიდი ნაწილი ვასილ შუხაევმა საფრანგეთში გაატარა, მუშაობდა დაზგურსა და მონუმენტურ ფერწერაში, მხატვრულად აფორმებდა წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებს, პარიზში თანამშრომლობდა იდა რუბინშტეინთან, ნიკოლაი ბალიევის თეატრ „ღამურასთან“, პარიზის თეატრთან-„ბალაგანჩიკი“. თანამშრომლობდა ჟაკ შიფრინის გამომცემლობასთან – „პლეადა“. მისი კარიკატურები თანამედროვე პოლიტიკურ მოღვაწეებზე დაიბეჭდა ამერიკულ ჟურნალ – Vanity Fair-ში. ამასთანავე ვასილ შუხაევი ხატვას ასწავლის თავისსავე დაარსებულ სამხატვრო სკოლაში. შუხაევი მეუღლესთან, ვერა შუხაევასა და მეგობარ, ალექსანდრე იაკოვლევთან, ერთად ბევრს მოგზაურობდა სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთსა და მაროკოში. მისი ყოველდღიური და შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ აქტიური და უსაფრთხო იყო.


ვასილ შუხაევი. ოვერნში. 1926. ტილო, ტემპერა. 78x60.5


ვასილ შუხაევი.ზამთრის დღე ფინეთში. 1921. ტილო, ზეთი


და მაინც, 1920 წელს საბჭოთა რუსეთიდან ემიგრირებული ვასილ შუხაევი 1935 წელს იმედით სავსე სამშობლოში, უკვე საბჭოთა კავშირში, დაბრუნდა. გასაკვირი არ არის მისი შემდგომი ბედი. ემიგრაციიდან დაბრუნებული ბევრი სხვა შემოქმედის მსგავსად 1937 წელს შპიონაჟის ბრალდებით დააპატიმრეს და მაგადანში, კოლიმაზე გადაასახლეს. 1947 წელს შუხაევების წყვილი დიდ ქალაქებში ცხოვრების უფლების გარეშე გაათავისუფლეს. მეგობრის რჩევით ისინი თბილისისკენ გამოემგზავრნენ. ამ დროიდან შუხაევების წყვილის ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს. თბილისი და საქართველო არ იყო მათი მხოლოდ იძულებითი გადაადგილების ტერიტორია. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელმაც მხატვარს ცხოვრებისა და შემოქმედების საშუალება მისცა. პრობლემების მიუხედავად ვასილ შუხაევს არასდროს უფიქრია საქართველოს დატოვება. თბილისი მისი არჩევანი, საქართველო კი - მეორე სამშობლო გახდა. განუზომელია ვასილ შუხაევის ღვაწლი რუსული მოდერნისტული ხელოვნების განვითარებისთვის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც მან საქართველოში ცხოვრების დროს შექმნა და რომლის უდიდესი ნაწილი, მისივე ანდერძით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა.


ვასილ შუხაევი. პეიზაჟი. ქაღალდი, აკვარელი. 31 x 44. 1970. ATINATI-ს კოლექცია


ვასილ შუხაევი. ფარდის ჩანახატი. ქაღალდი, აკვარელი. 37x54. 1940 - 47. ATINATI-ს კოლექცია


1954 წელს თბილისში, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში, ვასილ შუხაევის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ეს მხატვრის ათწლიანი გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი გამოფენა იყო. დიდი ძალისხმევის შედეგად შუხაევმა თბილისში თავი მოუყარა 1910-1930 წლების ნამუშევრებს, რომლებიც მის დაპატიმრებამდე ლენინგრადში რჩებოდა.


1900-1920-იანი წლების რუსეთის ხელოვნების კვლევისას ყურადღების ცენტრში უმეტესად ავანგარდული კულტურისა და ხელოვნების მოვლენები ხვდება. ხელოვნების განვითარების მეორე პოლუსზე კი, მხატვარი-ნეოკლასიცისტები ცდილობდნენ თანამედროვე ეპოქა კლასიკური ხელოვნების ენაზე აემეტყველებინათ. რუსი ავანგარდისტებისგან განსხვავებით ეს მხატვრები მოწადინებულნი იყვნენ სახვით ხელოვნებაში დაებრუნებინათ ძველი მხატვრების ფერწერისა და ნახატის კლასიკური ტრადიციები. ვასილ შუხაევი არ იზიარებდა ხელოვნებაში ავანგარდისტების რევოლუციურ ცვლილებებს სახვითი ენის განახლების თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარი მხატვრული მეთოდის ჩამოყალიბების გზაზე მუდმივ ძიებაში იყო - იცვლებოდა სამყაროს აღქმის, გამოსახვის, სახვითი ხერხების გამოყენების რაოდენობრივ-ხარისხობრივი დონე. ეს ცვლილებები ხანდახან ეკლექტიზმშიც გადადიოდა. ეს ცხადად ჩანს 1910-1920-იან წლებში შესრულებულ ნამუშევრებშიც და მხატვრის წერილებშიც, რომელსაც მასწავლებელს, დიმიტრი კარდოვსკის ან მეგობრებს წერდა: „სურათში რამდენიმე კარგი ადგილია, მაგრამ არ არის ერთობა, ბოლომდე გარკვეული არ არის მთლიანი სურათის სტილი“.



ვასილ შუხაევი და ალექსაანდრე იაკოვლევი. ავტოპორტრეტები. არლეკინი და პიერო. 1914 (დასრულებულია 1962 წელს ვ. შუხაევის მიერ). ტილო, ზეთი. 210×142. რუსული მუზეუმი



1914 წელს ვასილ შუხაევისა და ალექსანდრე იაკოვლევის მიერ იტალიაში მივლინების დროს შესრულებული „ორმაგი ავტოპორტრეტი - არლეკინი და პიერო“ ფერწერაში რუსული ნეოკლასიციზმის მიმდინარეობის საპროგრამო ნამუშევარი და შემოქმედებითი ტანდემის ბრწყინვალე შედეგი იყო. არლეკინი და პიერო ორი შემოქმედის ტიპაჟების, ხასიათების კონტრასტია. მანამდე კი პიეროსა და არლეკინის როლები ახალგაზრდა მხატვრებმა პეტერბურგში, მეიერჰოლდის თეატრ „ინტერმედიების სახლში“ შეასრულეს და წარმატებაც მოიპოვეს. თითოეულმა ტილოზე გამოსახა საკუთარი თავი: იაკოვლევმა არლეკინის, შუხაევმა კი - პიეროს როლში. მიუხედავად იმისა, რომ სურათი დაწერილია აკადემიური ხელოვნების კანონების მიხედვით ის მაინც მატარებელია იმ ახალი ნიშნებისა, რომელიც მოდერნისტულმა ხელოვნებამ მოიტანა. ნეოკლასიცისტური ხელოვნების პრინციპები გაჯერებულია კუბიზმის კუთხოვანებისა და ნეოპრიმიტივიზმის ფორმათა დეფორმაციით,  თეატრალიზებული პოზების, ფერისა და ხასიათების კონტრასტებით, რაც შედეგად სახეთა ექსპრესიულობაში ვლინდება. ამავე პერიოდშია შესრულებული რენესანსული ხელოვნებით შთაგონებული შესანიშნავი პორტრეტები და სიუჟეტური კომპოზიციები.


ვასილ შუხაევი. მადამ ანდრეევას პორტრეტი. ქაღალდი, სანგინა,სოუსი. 147x103. 1921. მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი


1917 წელს შესრულებულ „ე.შუხაევას პორტრეტში“ მხატვარი იმ დროისთვის უკვე დავიწყებულ ტექნოლოგიას იყენებს. სტუდენტობისას ვასილ შუხაევი გულმოდგინედ შეისწავლიდა ფერწერის ტექნოლოგიას - ენკაუსტიკას, ოქროთი წერას, ლისირებას. სურათის საფუძველი ფურცლოვანი ოქროთი იფარება და შემდეგ ქალის მდიდრული დრაპირებული კაბა უფაქიზესი ნიუანსირებით, ლისირებითაა შესრულებული, რაც კოლორიტს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ანიჭებს. მსგავს ტექნიკას შუხაევი მრავალი წლის შემდეგ, 1956 წელს, თბილისში „ნინო თუმანიშვილის პორტრეტში“, („ქალი ფარჩის კაბაში“), გამოიყენებს და კიდევ მეტად გააძლიერებს რეპრეზენტაციულობასა და დეკორატიულობას.

პეტერბურგელ ლამაზმანთა პორტრეტები ვასილ შუხაევის შემოქმედების კვლევის ცალკე თემაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მხატვრის მიერ შესრულებული სალომე ანდრონიკაშვილის პორტრეტებია. 1917 წელს სანგინით შესრულებული პორტრეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელშიც მხატვარი კლასიკური და ახალი ხელოვნების ნიშნებს თანაბარი სიძლიერით და გამომსახველობით ავლენს. ვასილ შუხაევმა სალომე ანდრონიკაშვილის პორტრეტი საფრანგეთში, ემიგრაციაში ყოფნისას, 1920-იან წლებში, კიდევ ორჯერ შეასრულა. 1921 წელს მხატვარმა შექმნა სანგინისა და სოუსის ტექნიკით მოსამზადებელი ნახატი სურათისთვის „სალომეა წითელ წინდებში“, 1922 წელს კი ზეთის საღებავებით დიდი ზომის ფერწერული კომპოზიცია, რომლის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია და მხოლოდ ჟურნალ „ფასკუნჯის/Жар-птица“ ერთ-ერთი ნომრის რეპროდუქციითაა ცნობილი. სალომე ანდრონიკაშვილი-გალპერნის პორტრეტი შუხაევმა 1922 წელს პარიზში გალერეა „ბარბაზანჟში“ წარმოადგინა.


ვასილ შუხაევი. მადამ პავლოვას პორტრეტი. ტილო, ზეთი. 186x119.4. 1920


ვასილ შუხაევი. ვიოლონჩელი. ტილო, ზეთი. 1921. 135x91.5. კერძო კოლექცია


პორტრეტთა კომპოზიციები იდენტურია, თუმცა მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება - სანგინით შესრულებულ ნახატში ყურადღება გამახვილებულია სალომე ანდრონიკაშვილის ფსიქოტიპის, თავდაჯერებული, ამპარტავანი, მაღალი წრის ქალის იმ თვისებების გამოვლენაზე, რომელიც მას პიროვნულად ახასიათებდა. სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ფერწერული პორტრეტი. აქ მთავარი აქცენტი გადატანილია არა მოდელის ხასიათის გახსნაზე, არამედ კომპოზიციურ-კოლორისტულ ამოცანაზე, რომელიც სალომე ანდრონიკაშვილის მოგონებით მხატვარს ლონდონის ნაციონალურ გალერეაში გამოფენილმა სურბარანის სურათმა შთააგონა.


სალომე ანდრონიკაშვილი გამოსახულია აგრეთვე დიდი ზომის კომპოზიციაზე „პიკნიკი“, რომელიც ევროპულ ფერწერაში ცნობილი სიუჟეტის, ბუნების წიაღში გამოსახული ნახევრადშიშველი ფიგურების, ერთგვარი პერიფრაზირებაა. ფიგურათა ჯგუფი ვერა შუხაევას მიერ 1920-იანი წლებში გადაღებული ფოტოს მიხედვითაა დაწერილი. მაყურებელთან ახლოს მოტანილი ხის ყავისფერი მკაფიოდ მოხაზული ტანების „მაქმანების“ მიღმა ცისა თუ ზღვის მონაცრისფრო ქაფივით ხედი იშლება. კომპოზიცია სახეობრივ-ფორმალურ კონტრასტებზეა აგებული - ბუნების მასშტაბური ხედის წიაღში ჩაკარგული ადამიანთა ჯგუფის მნიშვნელოვანება მათი ცენტრში განთავსებით არის მიღწეული. პეიზაჟის ექსპრესიულ გადაწყვეტაში ფიგურათა ჯგუფის იდილიური განწყობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა.


ვასილ შუხაევი. ლიალია მაკოვსკაია კითხვის დროს. ტილო, ტემპერა 150x79. 1931. ხელოვნების მუზეუმი/სემ


ვასილ შუხაევი. ოლია რუდიკის პორტრეტი. ტილო, ტემპერა. 99,5x80. 1970. ხელოვნების მუზეუმი/სემ


1920-1924 წლებში, ფინეთსა და საფრანგეთში შესრულებულ ნამუშევრებში, შუხაევის პეიზაჟებში კუბიზმისა და ნეოპრიმიტივიზმის ელემენტები იჩენს თავს. მხატვარი ინარჩუნებს რა ხაზისა და კონტურის გამომსახველობას კომპოზიციის სტრუქტურას ფერადი სიბრტყეების რიტმული განლაგებით აგებს. გეომეტრიზებულ გამოსახულებათა პირობითობა, საგანთა ლითონისებრი სიმკვრივე, აცდენილი პერსპექტივა, კომპოზიციური წყობის ფრაგმენტულობა, მუქი და ღია დიდი სიბრტყეების კონტრასტი ამ კომპოზიციებს განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენს. ასეთი კომპოზიციები მხატვრის შემოქმედებაში ბევრი არ არის, მაგრამ მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით საინტერესო და ოსტატურია: „პროვინცია“ (რუსული პეიზაჟი.1923), „ნატურმორტი სამარილით და საკვამურით“ (1921), „ქუჩა, პროვინცია“ (ფინეთის სოფელი.1921), „სოფლის სცენა“ (ფინეთი 1920), „ფინური სოფელი. სახურავები“ (დაახ. 1922). ზოგ შემთხვევაში პეიზაჟები თითქოს თეატრალური დეკორაციის სახით წარმოგვიდგება. საინტერესოა, რომ ფინეთში შესრულებული „ზამთრის პეიზაჟი“ მხატვრული ენის ლაკონიზმით, თოვლიან გარემოში ადამიანთა და ობიექტების მუქი სილუეტების რიტმით, რომელიც პიტერ ბრეიგელის ესთეტიკას მოგვაგონებს, ელენე ახვლედიანის მიერ 1924 წელს შესრულებულ სურათ „ზამთარშიც“ გვხვდება. (აქ მხედველობაში გვაქვს საერთო პრინციპისადმი დამოკიდებულება და არა მისი ფერწერული განხორციელების მსგავსება) ამ დროს ისინი ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ერთმანეთს და ეს მსგავსება ინტუიციური, ინტერესთა საერთო სფეროდან გამომდინარეა, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ქართულ პერიოდში მსგავსი სცენები ვასილ შუხაევისა და ელენე ახვლედიანის პეიზაჟურ ფერწერაში არც-თუ იშვიათია.


საფრანგეთში მხატვარი ბევრს მოგზაურობდა და მუდმივად მუშაობდა პეიზაჟის ჟანრში. შუხაევის შემოქმედებაში იშვიათად შევხვდებით სურათს, რომელიც ემოციურად აგვაღელვებს, ის სამყაროს გრძნობადი აღქმის ნაცვლად მის მჭვრეტელად, მასზე დამკვირვებლად გვევლინება. მხატვარს ხშირად საყვედურობდნენ, რომ მის ნამუშევრებს „აკლია ფერწერული მგრძნობელობა და შემოქმედებითი აღმაფრენა“. მაგრამ შუხაევისთვის, ეს მოცემულობა ორგანულია. ის ოპერირებს ხაზისა და შუქ-ჩრდილის საშუალებით და ფერს ფორმადქმნადობის ფუნქცია ნაკლებად აკისრია. თუმცა შუხაევთან, შესაძლებელია, ოდნავ მეტად არის გამოვლენილი სწრაფვა შესრულების ტექნიკური სრულყოფილებისადმი. თავისი მეგობრისა და თანამოაზრის, ალექსანდრე იაკოვლევისგან განსხვავებით, რომლის „სამყარო ნათელი და მოძრავია, ჩუმი, აზარტული ვირტუოზულობით, შუხაევთან სამყარო მუქია და სტატიკური, სრულყოფილებისადმი ფლეგმატური ნებით“.


განსხვავებულ კონცეპტუალურ - ფორმალურ გადაწყვეტას აღწევს შუხაევის შემოქმედებაში ნატურმორტი, რომელიც დროის და მხატვრის ცხოვრების პერიოდების ვიზუალურ მატიანედ გვევლინება. ასეთი, უმეტესად, ასკეტური ნატურმორტების ემოციური განწყობაც სევდიანია, არა სენტიმენტალური, არამედ რაღაც მნიშვნელოვანი ფასეულობის დანაკარგის განცდით სავსე. მათ თან სდევს უკვე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის იძულებითი შეცვლისა თუ ბუნდოვანი მომავლის გაუცნობიერებელი შიშის შეგრძნება. ეს განსაკუთრებით ეხება 1910-1920-იან წლებში შესრულებულ ნატურმორტებს. ეს განწყობა ხან იკარგება და ხან ახალი ძალით იჩენს თავს საქართველოს პერიოდის ნატურმორტებშიც. მეტწილად შუხაევის ნატურმორტები თვითკმარია, საკუთარ თავში მოსაზღვრული და ნაკლებად აქტიური მაყურებელთან კონტაქტისას. იშვიათი გამონაკლისის გარდა მათში ვერ შევიგრძნობთ სიცოცხლის, სიუხვის, ლამაზი საგნებით მიღებული სიამოვნებისა თუ ხალისის განწყობას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ხერხია ადამიანისა და სამყაროს გაუცხოების საჩვენებლად.



ვასილ შუხაევი. თაიგული. ტილო, ტემპერა. 81,5 x 65,5. 1953. ATINATI-ს კოლექცია


სამხრეთ საფრანგეთის ზღვისპირეთისა და პატარა ქალაქების ხედები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქართულმა ლანდშაფტებმა შეცვალა, თუმცა ნაკლებად ზღვისპირეთმა. მხატვარს მეტად იზიდავს მთაგორიანი ხედები, ნაძვის კორომები მზის სხივებით განათებული მდელოებითა და გორაკებზე შეფენილი ტყეები. ამ პეიზაჟების უმეტესობა მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული რეალისტური ხელოვნების მხატვრული სტილის საზღვრებიდან იშვიათად გადის. მცირე გამონაკლისის გარდა შუხაევის ამ პერიოდის ნამუშევრები სავსებით ჯდება საბჭოთა ხელოვნების მხატვრულ სისტემაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ მხატვარი იძულებული იყო მორგებოდა სოცრეალიზმის პრინციპებს, არამედ იმიტომ, რომ, ფორმალური თვალსაზრისით თავად ნეოკლასიციზმის სტილი, დაფუძნებული კლასიკური ხელოვნების პრინციპებზე, წარმოადგენდა სოცრეალიზმის პლასტიკურ ენას.


საქართველოში ცხოვრების ხანაში ძირითადად ტემპერის ტექნიკით შესრულებულ პორტრეტებზე გამოსახული პიროვნებები უმეტესად მხატვრის ახლო წრის წარმომადგენლები არიან. დიდი ფორმატის კომპოზიციებზე ფიგურები წარმოდგენილია ნეიტრალურ ან მათი პროფესიის აღმნიშვნელი ატრიბუტიკის ფონზე, რომელიც მხატვარს მოდელის პიროვნების უკეთ წარმოჩენაში ეხმარებოდა.


შუხაევი ბრწყინვალე გრაფიკოსია. სანგინის ტექნიკაში შესრულებული მისი პორტრეტები და კომპოზიციები ევროპული გრაფიკული ხელოვნების მემკვიდრეობაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. საქართველოშიც შუხაევი უმეტესად პორტრეტის ჟანრში მუშაობდა და ქართული კულტურის მოღვაწეთა სერია შექმნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველ მწერალთა გრაფიკული პორტრეტები. ფურცლის თეთრი ფერი, რომელიც იმავდროულად სივრცის შთაბეჭდილებასაც ქმნის და სანგინის ჟღალი ტონალური გადასვლებით სკრუპულოზურად მოდელირებული სახისა და ხელის მტევნების მოცულობების დაპირისპირება შთამბეჭდავია, კომპოზიციის ამგვარი გადაწყვეტა, ბუნებრივია ყურადღებას ამახვილებს თვალებსა და ხელებზე. ისინი წარმოადგენენ ამ სრულიად განსხვავებული ადამიანების შინაგან სამყაროს.


ვასილ შუხაევი. ციხისჯვარი. მობანავე ქალები. ტილო, ტემპერა. 66x91.  1959. ხელოვნების მუზეუმი/სემ


ვასილ შუხაევისთვის მორალური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იყო ელენე ახვლედიანთან მეგობრობა. შესანიშნავი ქართველი ფერმწერი თავის გარშემო გაერთიანებულ ქალ მხატვრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა ციხისჯვარს, სადაც შუხაევების ოჯახი ზაფხულს ატარებდა. ერთადაც დადიოდნენ პლენერზე. შუხაევის შემოქმედების ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი მომეტებული ფერწერულობა შესაძლოა განაპირობა საქართველომ, მისმა ბუნებამ, ფერადოვნებამ და, აგრეთვე, ახლო მეგობრულმა და შემოქმედებითმა კავშირმა ელენე ახვლედიანთან. ციხისჯვარის ერთობლივი პლენერები ამ ორ დიდ მხატვარს შორის არ გამორიცხავს შემოქმედებით ურთიერთგავლენას. ელენე ახვლედიანის მხატვრულ სისტემაში განმსაზღვრელი ფერის დეკორატიულობა შესაძლოა გარკვეული იმპულსი იყო შუხაევისთვისაც.

ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ვ.შუხაევმა რამდენიმე ავტოპორტრეტი შექმნა. „ავტოპორტრეტი ყვითელ ქურთუკში“ ერთ-ერთი უკანასკნელია. მხატვარმა საკუთარი თავი სახელოსნოში სურათის - „საბჭოთა ხელისუფლების ორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად“ ფონზე გამოსახა. ამ პორტრეტის ხილვისას უნებურად გვაგონდება საფრანგეთიდან ახლადდაბრუნებული მხატვრის სიტყვები: „მხატვარს ზოგადად უჭირს საკუთარ თავზე საუბარი, მე კი, ახლა განსაკუთრებულად. ჩემი შემოქმედებითი გზა მოთხრობილია სურთებში, ნახატებსა და ილუსტრაციებში“...