მწერალ გურამ რჩეულიშვილს პირველად ავთო ვარაზი რომ გააცნეს, მასთან დამშვიდობებისას, მეგობრისთვის ახალ გაცნობილ მხატვარზე უთქვამს: „აი, ნამდვილი მხატვარი“.
თავად ჩინებულმა და, მართლაც, ნამდვილმა მწერალმა, მეორეში მონათესავე სული ამოიცნო. ეს სიტყვა -„ნამდვილი (იგივე „ ნაღდი“), ზუსტად განსაზღვრავს ავთო ვარაზის პიროვნულ არსს, საკუთარ შემოქმედებაში სრულად განსხეულებულს.

ავთო ვარაზი- ანრი კარტიე ბრესონის ფოტო წიგნიდან „ავთო ვარაზი“
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთ განსაზღვრებას - „ნაღდი, ნამდვილი“, ქართულ სახელოვნებო სივრცეში მხოლოდ ნიკო ფიროსმანის მსგავსს, სულით-ხორცამდე მხატვრობაში ჩაძირულ ხელოვანს თუ მიუსადაგებ. ალბათ, სწორედ ამიტომ ასე შესანიშნავად გაითავისა ფიროსმანის როლი ავთო ვარაზმა, მრავალი საერთაშორისო პრემიით აღნიშნულ მხატვრულ ფილმში „ფიროსმანი“ (რეჟისორი გიორგი შენგელაია). ამ ფილმის კინომხატვრობაც მთავარი როლის შემსრულებელ - ავთო ვარაზს ეკუთვნის.

ავთო ვარაზი-ფიროსმანის როლში
ავთანდილ (ავთო) ვასილის ძე ვარაზი 1926 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა თბილისში. მას და მის ძმებს - ვახტანგსა და ლევანს - გამორჩეული მშობლები ჰყავდათ: ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში ნობელის პრემიაზე 1939 წ. წარდგენილი საერთაშორისო აკადემიურ წრეებში აღიარებული მეცნიერი - ბიოქიმიკოსი და პათოფიზიოლოგი, ვასილ სოფრომის ძე ვარაზაშვილი (წარდგენა, ნომინირებულს თავადვე მოუხსნია საბჭოთა რეპრესიული რეჟიმით პროვოცირებული შიშის გამო) და დედა - ელისაბედი-ხატვის ნიჭით დაჯილდოებული, სათნო, კეთილშობილი ქალბატონი. მშობლები, რომელთაც სახლში არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ შვილების მრავალმხრივ განვითარებას. დედას შეუმჩნეველი არ დარჩენია ავთოს თანდაყოლილი შემოქმედებითი ნიჭი და მხატვრობისკენ მიდრეკილება, რომლის განვითარებისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებდა. თავდაპირველად ხატვას პატარა ავთანდილი მხატვარ ლეონიდ პოტაპოვთან სწავლობდა, მოგვიანებით კი, ალექსანდრე ბაჟბეუქ- მელიქოვთან ეუფლებოდა ფერწერის საიდუმლოებებს. 13 წლის ასაკში ნორჩ მხატვარს მიხეილ ლერმონტოვის პოემების („დემონი“ და „მწირი“) ილუსტრაციები შეუქმნია, რომელთაც მოსკოვში, ლერმონტოვის ნაწარმოებების ილუსტრირების საკავშირო კონკურსზე, მეორე პრემია დაუმსახურებიათ. სამწუხაროდ, ეს ილუსტრაციები არ შემორჩენილა. ყრმობის ასაკიდან, ქრისტიანული სარწმუნოებისკენ მიდრეკილი ყმაწვილი ქმნიდა მაცხოვრის ფერწერულ გამოსახულებას ელ-გრეკოს მიხედვით.

ავთო ვარაზი. მაცხოვარი ელ გრეკოს მიხედვით. ზეთი, ტილო. 60x43,5. 1972. კერძო კოლექცია
შემორჩენილია აგრეთვე მოგრძო ფორმატის სასურათე სიბრტყეზე ფანქრითა და ტუშით შესრულებული ბიბლიური სიუჟეტი „მოგვთა თაყვანისცემა“, სადაც სხეულთა შემომსაზღვრელ , პლასტიკურად მეტყველ კონტურულ ხაზებს ენაცვლება ძლიერი, ენერგიული დაშტრიხვით შექმნილი კიბეები ზეაღმავალი საფეხურებით, რომლის თავშიც ღვთისმშობელია ასახული ყრმით, რომლისკენაც მიილტვიან მოგვები სხვადასხვა ძღვენით ხელდამშვენებულნი. ამ ადრეულ, სწრაფ ჩანახატშიც კი იგრძნობა მხატვრის ხელწერისათვის დამახასიათებელი განზოგადების და შინაგანი მოზღვავებული ემოციების მოთოკვის საოცარი უნარი.

ავთო ვარაზი. მოგვთა თაყვანისცემა. შერეული ტექნიკა, ქაღალდი. 24x8. 1942. კერძო კოლექცია
თბილისის 18-ე საშუალო სკოლაში (დღეს 51- ე საჯარო სკოლა) სწავლის პარალელურად, პატარა ავთო სულიერ საკვებს, მხატვრობის გარდა, ვიოლინოზე დაკვრითაც იღებდა. თითქოს ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, რომ ამგვარი მდიდარი სულიერი კულტურის მატარებელ ყმაწვილს, საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში განეგრძო სწავლა - მაგრამ არა. სრულწლოვანებას მიღწეული ავთო ვარაზი თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი), არქიტექტურის განხრით აგრძელებს სწავლას. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იგი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის პატრიარქის, გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დაფუძნებულ ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში აბარებს. ასპირანტურაში სწავლას ავთო ვარაზისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე აღნიშნულმა, იმ სამეცნიერო რეფერატებმა, რომლებიც ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სხვადასხვა საკითხს, განსაკუთრებით კი ქართული ისტორიული პორტრეტის განვითარების გზას მიუძღვნა ავთო ვარაზმა, მტკიცე საფუძველი შეუქმნა მის ჭეშმარიტ მხატვრად ჩამოყალიბებას. პირველ რიგში, ეს იყო ესთეტიკური გემოვნების დახვეწა - მსოფლიო მხატვრობის შედევრების ხილვით, რომლის შესაძლებლობაც ავთო ვარაზს 1949-1950 წწ. მიეცა მოსკოვისა და პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) წამყვან მუზეუმებსა და გალერეებში სამეცნიერო მივლინებისას. ეს იყო ასევე ქართული მატერიალური კულტურული ძეგლების, არქეოლოგიური კვლევა-ძიებით მოპოვებული ინვენტარის ახლოს გაცნობა, როდესაც 1966-67 წწ. მხატვარს, საქართველოს ისტორიის მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მხატვრული გაფორმება დაევალა. მან საექსპოზიციო სამუშაოები იმდენად მაღალ დონეზე შეასრულა, რომ არქეოლოგიური მასალის ვარაზისეული ექსპოზიცია დღემდე სანიმუშოდ ითვლება.

ესკიზები არქეოლოგიური გამოფენისათვის. 1959
მას შემდეგ კი, რაც მხატვარმა საკუთარი თავი მთლიანად თავისუფალ მხატვრობას მიუძღვნა, მისი შემოქმედება ძალზე პირობითად შეიძლება ქრონოლოგიურად სამ პერიოდად დავყოთ: 1. 50-იანი წლებიდან შემორჩენილი ძალზე მცირე რაოდენობის ნაწარმოებები; 2. 60-იან წლებში შესრულებული მრავალი მნიშვნელოვანი ქმნილება, იქნება ეს პორტრეტის, ნატურმორტის, პოპ-არტის, ასევე სრულიად განსხვავებული იმ დროის ქართული არტ-სივრცისთვის, კოლაჟის დამამკვიდრებელი ნიმუშები. და ბოლოს, 3. 70-იანი წლების ყველაზე რთული პერიოდი მხატვრის ავადმყოფობის (ალკოჰოლიზმი) პროგრესირებისა და მასთან უშედეგო ბრძოლის 7 წელი, რომელიც სამწუხაროდ, 1977 წლის 3 მარტს, ავთო ვარაზის გარდაცვალებით დასრულდა. მიუხედავად ასეთი ბრძოლისა საკუთარ თავთან, მხატვარმა ამ ბოლო წლებშიც, საკმაოდ მნიშვნელოვანი არტეფაქტები შექმნა.
ავთო ვარაზი სხვას არ ჰგავდა, სხვები კი ცდილობდნენ, რომ მისთვის მიებაძათ. იგი შუა საუკუნეების უსახელო ოსტატების მსგავსად, თითოეულ ნამუშევარზე დიდხანს მუშაობდა, ამა თუ იმ მოტივის ერთგვარ ვარიაციებს ქმნიდა. იგი განწყობის შესაბამისად მუშაობდა, თითქოს ცდილობდა, თითოეული მათგანისთვის სული შთაებერა. ძირითადად იმ თემატიკას უტრიალებდა, რომელიც მისთვის ყველაზე ახლობელი იყო. ეს იყო მისი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი -ვიოლინო- ეულად გამოსახული, ან სხვადასხვა ინსტრუმენტთან თანამეზობლობაში.

ავთო ვარაზი. ვიოლინო. შერეული ტექნიკა. 1970-იანები
საოცარია ის, რომ საბჭოთა რეჟიმის ზეობის პერიოდში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულ ავთო ვარაზს არ უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, რომელიც სრულიად აცდენილი იყო სოციალისტური რეალიზმის მხატვრობის იდეოლოგიური მიმართულებისგან. მან ზურგი აქცია ოფიციალური საბჭოური ხელოვნების პათეტიკურ-პლაკატურ ერთფეროვნებას და საკუთარი მახვილი შემოქმედებითი ინტუიციით ზუსტად იმ მეინსტრიმულ მხატვრულ ტენდენციებს მიაგნო, რითაც სუნთქავდა თანამედროვე დასავლური მხატვრობა. ამას, რასაკვირველია, პოსტსტალინური ლიბერალიზაციის ეპოქის დადგომამაც შეუწყო ხელი, როდესაც ე.წ. „რკინის ფარდა“ მართალია ოდნავ, მაგრამ ისეთი მხატვრისთვის, როგორიც ავთანდილ ვარაზი იყო, საგრძნობლად გადაიწია. ამიტომაა, რომ მის შემოქმედებაში თამამად შემოიჭრა პოპ-არტი და კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ამის შემდეგ წმინდა ვარაზისეული გამოხატულებით დამკვიდრდა ქართულ ფერწერაში. აღსანიშნავია, რომ ვარაზის თვითმყოფადმა მხატვრობამ , თითქოს ქართული არტ-სივრცისთვის წინმსწრებად დააფიქსირა პოსტმოდერნისტული მხატვრობის ნიშნები. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ნოვატორული ძიებისას, ავთო ვარაზი მეოცე საუკუნის 20 იანი წლების ქართველი ავანგარდისტი მხატვრების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძის, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილის და სხვათა მსგავსად, ინარჩუნებდა ევროპულ მოდერნიზმთან შერწყმულ ეროვნული მხატვრული ფორმის მახასიათებლებს. სულიერება და ერთგვარი პანთეიზმი, მთელის და დეტალების ჰარმონიული თანაფარდობა, მონუმენტურობასთან ზომიერად შეზავებული დეკორატიულობა, ხაზობრიობის პრიორიტეტი და სიბრტყის ერთგვარი რელიეფური დამუშავება, აი ის, შუა საუკუნეებიდან მომდინარე მემკვიდრეობის უწყვეტი ჯაჭვი, რომლის გაწყვეტაც საბჭოთა იდეოლოგიურმა რეჟიმმაც ვერ შეძლო და ქვეცნობიერად ავთო ვარაზის შემოქმედების ყველა ეტაპზე, სხვადასხვა ხარისხით იჩინა თავი. ამავდროულად, ვარაზის კოლაჟების სტრუქტურირების შინაგანი დრამატიზმი, თითქოს წინააღმდეგობით აღსავსე საბჭოური ყოველდღიური რუტინული ყოფის ნამსხვრევებად ქცევას ესწრაფოდა.

ავთო ვარაზი. ნატურმორტი ბოთლებით. ზეთი, ტილო და კოლაჟი. 52x36 სმ. 1965. ათინათის კერძო კოლექცია
ავთო ვარაზის შემოქმედებით ლაბორატორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მეტაფორული აზროვნება, ერთგვარი სიმბოლური ნიშან-ხატების არსებობა. მხატვრის ფერწერულ ნატურმორტებსა და კოლაჟებში სერიულობის პრინციპით ფიგურირებს იკონური ნიშანი - თევზის გამოსახულებით. ქრისტეს სიმბოლო - თევზი, მხატვრის ნამუშევრებში სხვადასხვა დატვირთვის მატარებელია. იგი, თითქოს აღმნიშვნელს (თევზი) და აღსანიშნს (ქრისტე) შორის სხვადასხვა კორელაციაშია, მაგრამ ყოველთვის ამაღლებულის, განზოგადებულის და როგორც თავად მხატვარი ერთ-ერთ თავის ჩანაწერში აღნიშნავს, „მგრძნობიარე თვალისა და გულისათვის აღსაქმელზე“ მიგვანიშნებს. აღქმის ემოციური რეგისტრებიც, წლიდან წლამდე შესრულებულ ნატურმორტებში თევზით, ან თევზებით, ხან მხოლოდ გარეგნულ ესთეტიკაზეა მიბმული, ხანაც - ფილოსოფიურ ქვეტექსტს წარმოაჩენს. თევზის ჩონჩხის ასახვა, თუ ტრაგიკულ განცდას გვაზიარებს, თეფშზე თავით ქვემოთ, დაქანებულად თევზების გამოსახულება დაჭყეტილი თვალები (უფრო სწორად, თვალის ნაცვლად ხვრელებით), ერთობ შემაძრწუნებელია.
ავთო ვარაზი. თევზი აჟურულ ჩარჩოში. მუყაო, ზეთი, თეფში, თევზის ფხა, გაზეთი, თაბაშირი, 42x61,5სმ. 1966. ათინათის კერძო კოლექცია.

ავთო ვარაზი. კომპოზიცია თევზით. ზეთი და შერეული ტექნიკა (გაზეთი, ნახერხი, ეტიკეტები) ფანერზე. 80x55,5 სმ. 1967. ათინათისს კერძო კოლექცია
ნიკო ფიროსმანის მსგავსად, ავთო ვარაზისათვის თეთრი ფერის სემანტიკური დატვირთვა ასოცირდება უბიწობის, სულიერი სიწმინდისა და სისუფთავის იდეურ განსახიერებასთან. ამგვარია თეთრი ფერის კონცეპტი ვარაზის რამდენიმე პორტრეტსა და ნატურმორტში.
ავთო ვარაზი. ნატურმორტი. ზეთი, ხე, ტილო. 43x63 სმ. 1975-1976. ათინათის კერძო კოლექცია
არ შეიძლება არ აღინიშნოს მხატვრის მიერ შექმნილი პოპ-არტის ორიგინალური ნიმუშები - „ხარის“, „კრავის“, „რვაფეხას“ და სხვა ანიმალისტური ხასიათის არტეფაქტების სახით. ეს არის მხატვრის მიერ თითქოს ექსპრომტად შექმნილი ნიმუშები: კედელზე ჩამოკიდებული თუ იატაკზე შემთხვევით დაგდებული სამოსის (მხატვრის საღებავებით ამოსვრილი შარვლის), ქუსლმოქცეული ფეხსაცმლის თუ მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტული ლურსმნების გროვის სახით, რომლებიც მხატვრის წარმოსახვაში ამა თუ იმ არსებასთან, ცხოველთან ასოცირდებოდა. მხატვრის ფანტაზიით შექმნილი სხვადასხვა ხასიათის ეს უცნაური პოპ-არტის ნიმუშები კი, დღეს ნონკონფორმისტულ ამერიკულ და ევროპულ ცნობილ კოლექციებს ამშვენებს.

ავთო ვარაზი. ცხენის თავი. ხე, ზეთი, შარვალი, გაჯი, ნახერხი. 1966. ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, აშშ
ცალკე საუბრის თემაა მხატვრის ინტერესი მიმართული ხის სხვადასხვა ფორმის ჩარჩოებისადმი, რომლის ხისტი გეომეტრიზმი, თუ პირიქით, ოქროსვარაყიანი, მდიდრული მოჩარჩოების კონტრასტული დაპირისპირება, მასში მოთავსებულ ავანგარდულ მხატვრულ ფორმასთან (მაგალითად, თეთრი თევზის ჩონჩხთან, როგორც სიმბოლურ კონცეპტთან) შემოქმედის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ავთო ვარაზს იმ საბჭოთა რეჟიმის პირობებში, სითამამე ჰყოფნიდა, თანამედროვე პოსტმოდერნისტი მხატვრის მსგავსად, ერთგვარად „ეთამაშა“ სხვადასხვა ეპოქალური სტილის ჩარჩოებით, რომლის შიგნით შესაძლოა სიცარიელეც ყოფილიყო. ამგვარი ეკლექტური სიმულაკრული არტეფაქტი, მხატვარს კონცეპტუალური ხელოვნების სიმაღლეზე აჰყავდა.

ავთო ვარაზი. "თეთრ თევზთან ერთად"
1977 წლის დასაწყისში ავთო ვარაზმა დაიწყო ერთ-ერთ თავის ბოლო ნატურმორტზე მუშაობა, რომლის დასრულებაც მხატვარს უდროო გარდაცვალების გამო არ დასცალდა. ეს უაღრესად სადა, სამიოდე საგნით დამშვენებული ნატურმორტი, შესრულებული მხატვრისთვის ასე საყვარელი ფერადოვანი პალიტრით (მოლურჯო-მწვანე, მოყვითალო - ყავისფერი), თითქოს მაყურებელს ითრევს იდუმალ სასურათე სივრცეში და მას ერთგვარ დაუსრულებელი - დასრულებულობის განცდას უქმნის. ეს ნატურმორტი, როგორც ავთო ვარაზის შემოქმედების ბოლო აკორდი, ქართული ფერწერის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს თხემით-ტერფამდე მხატვრობაში ჩაძირულ უაღრესად ინდივიდუალური ხელწერის მქონე შემოქმედს-ავთანდილ (ავთო) ვარაზს.
ავთო ვარაზი. დაუსრულებელი ნახატი. 1977