menu

ავთო მესხი- „ლაბირინთში დაკარგული მინოტავრი“

ავთო მესხის ბიოგრაფიით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მუდმივად „არამეინსტრიმული“ ხელოვანები გარდაცვალების შემდგომ ხდებიან პოპულარული კვლევის საგანი. არანაირი ლოგიკური სარჩული არ მიესადაგება მხატვრის სიცოცხლეშივე ნულოვან შემოქმდებით წარმატებას და პროფესიული სფეროდან არარსებულ უკუგებას. მისი ბიოგრაფია, ტრაგედიისა თუ კომედიის მიღმაა, უფრო აბსურდის თეატრის ან კიდევ ტრაგიფარსის შეგრძნებებს ბადებს; იგი რამდენადმე თავისთვის არსებობდა, როგორც „ფუძის ანგელოზი“ და დუენდე (Duende) ავანგარდული ხელოვნების ნანგრევებში... ავთო მესხის მიკუთვნება რომელიმე სტილთან  და მისი სახელდება ქართულ სახვით ხელოვნებაში რთულია, რამეთუ შესაფასებლად არაოფიციალურ-სანქცირებული ხელოვნების თუ ნონკონფორმისტული იდეოლოგიის კლიშე ზედაპირულია მასთან მიმართებაში. მისი არტისტული მატრიცა სტილსა და სახელოვნებო პროცესს გადაედინება; მუდმივ ეგზისტენციალურ სუსპენსიაში იმყოფება. არტისტი განხეთქილებაშია ცხოვრებასთან, კანონიკასთან და თავად გეომეტრიული აბსტრაქციის „იკონოგრაფიასთანაც“ კი, უბრალოდ მისი სტილი და თვითგამოხატვა არ მიესადაგებოდა საბჭოეთს. მისი სერიული აბსტრაქტული ნამუშევრები ირიბი გზებით ყვება ხელშესახებ, მატერიალურ თუ ტაქტილურ სამყაროზე; მხატვარი არა ნანახს თუ ფიქსირებულს გამოსახავს, არამედ დავიწყებულს, მონატრებულს, მეხსიერებიდან განდევნილს, მხოლოდ ამ გზით იქმნება ავთოსთვის დამაჯერებელი და სინამდვილესთან მიახლოებული ვიზუალური ნარატივი.


ავთო მესხი. ქალი სარკეში. შერეული ტექნიკა, ქაღალდი. 40x29 სმ. 2008. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი. აბსტრაქცია. გუაში ქაღალდზე. 59x42 სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი. აბსტრაქცია. გუაში ქაღალდზე. 59x42 სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია.


მასთან  შეუქცევადია ნამუშევრის სათაურისა და გამოსახულების მთლიანობა. თითოეულ ნამუშევარს გააჩნია  კონკრეტული, პოეტური, გრძნობადი სათაური, თუმცა გამოსახულება ამ სათაურს აშთობს და  თამაშის მდგომარეობაში ვხვდებით. ავთო მესხის ღრმად სუბიექტივისტურ მიკრომოდელში, გაოცებას იწვევს გამოსახული ფერების, ფორმების დინამიკა და კომპოზიციური მდგრადობა, მაგრამ ეს ხერხები არასდროს მიესადაგება სათაურის შინაარსს. ლაქობრივი და გეომეტრიული აბსტრაქციის ექსპრესიას უმთავრესად განსაზღვრავს სათაური და ეს ორი კომპონენტი გარდაიქმნება კონოტაციად, მეტაფიზიკად, სინტაგმად, სემიოტიკურ ერთეულად; მესხის აბსტრაქციებში კი ხშირად ვვარდებით (Displacement) ამ კომფორტის ზონიდან.


 ავთო მესხი. ნაყინის ყუთი. ზეთი, ტილო. 24x30 სმ. 2008. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი. ღია კარი. ზეთი, ტილო. 35x30სმ. 2014. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი დაიბადა თბილისში 1946 წელს. დედა მენშევიკი იყო და გადაასხლეს, რის გამოც მას გარკვეული წინააღმდეგობა უჩნდება რეჟიმის მიმართ. იგი ადრეული ასაკიდან ეუფლება ხატვას, განაგრძობს სწავლას იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ქეთევან მაღალაშვილთან. მან აკადემიაში ორჯერ სცადა ჩაბარება; არ მოსწონდათ მისი ხატვის მანერა, რომელიც უფრო აბსტრაგირებისკენ იყო მიდრეკილი. ხელოვანი ბუნებით იყო ინტროვერტი და ნაკლებად მონაწილეობდა თბილისის სახელოვნებო პროცესებში. 13-14 წლის ასაკში უახლოვდება ავთო ვარაზს, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მასზე. მეგობრობის მიღმა, ისინი ინტენსიურად ბჭობდნენ თანამედროვე ხელოვნების საკითხებსა და დასავლურ ფერწერაზე. მხატვარი პირველად ავთო ვარაზის სახლში გაეცნო ევროპელ ავანგარდისტებს,  ფერადი ალბომების სახით; ავთო აღფრთოვანდა პიკასოს, მონდრიანის და მალევიჩის  რეპროდუქიებით. ვარაზი მას ფიროსმანს ადარებდა ჰაბიტუსით, ცხოვრების წესით და ალბათ არტისტული კარმითაც. იგი 1968 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ესენია: მოსკოვი(1974), პეტერბურგი(1982), ბონი(1990), ძველი გალერეა,  ხელოვნების მუშაკთა სახლი, ეროვნული გალერეა (ჯგუფური გამოფენა-Reframing the 80s). მატერიალური სიდუხჭირის გამო, თბილისში ბინა დაკარგა და ბოლო წლები რუსთავის მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. 2016 წელს ავტოავარიაში დაიღუპა...


ავთო მესხი. აბსტრაქცია. გუაში ქაღალდზე. 59x42 სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი. აბსტრაქცია. გუაში ქაღალდზე. 59x42 სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი. აბსტრაქცია. გუაში ქაღალდზე. 59x42 სმ. 1987. ათინათის კერძო კოლექცია


საინტერესოა ავთო მესხის განვრცობა თუ გადააზრება დასავლურ-ადგილობრივ სახელოვნებო ჭრილში, რის შედეგადაც მყისიერად ვაცნობიერებთ მის თვითკმარ და ატიპურ არტისტიზმს. 1970-80-იან წლებში თბილისის სახელოვნებო ასპარაზზე  იკვეთებიან შემდეგი არტისტები: ალბერტ დილბარიანი, ვატი დავითაშვილი, თემო ჯაფარიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, სერგო ფარაჯანოვი, ამირ  კაკაბაძე, ვახტანგ ქოქიაშვილი. მხატვრთა ამ ჩამონათვალს ებმის მჭიდროდ არაოფიციალურ-სანქცირებული  თუ ნონკონფორმისტული ხელოვნების სტიგმა. საბჭოთა „ანდერგრაუნდის“ წარმომადგენლები ქმნინდნენ მულტიმედიურ, აბსტრაქტულ, ფორმალისტურ, ეროტიული თემატიკის ნამუშევრებს, კოლაჟებს, სოცარტს, ანუ არაოფიციალური ხელოვნების იდენტობა იყო მოზაიკური- მასში არ დომინირებდა კონკრეტული სტილი, მედიუმი, იდეოლოგია, ხოლო ამ ყველაფრის საერთო მიზანს წარმოადგენდა დასავლური ხელოვნების ელემენტებით საბჭოეთის ჩამოშლა. ზემოხსნებული ლოკალური კონტექსტიდან გამომდინარე, ავთო მესხი უფრო იმანენტურ ტრავმებზე რეფლექსირებდა, ვიდრე სოციალურზე. მისი გამომსახველობითი სამყარო არაა მტკივნეული და არც სოციალისტურად ლაღი, უფრო არტისტულ მოცალეობასა და ჰედონიზმში აღმოცენებული აბსტრაქტული მიკრომოდელია... ანალოგიურად გაგვიჭირდება მსოფლიო თუ დასავლურ ავანგარდისტებთან მესხის კორელირება, იქნება ეს - პიტ მონდრიანი, პოლ კლე, ჯოან მირო, კაზიმირ მალევიჩი, ვასილი კანდინსკი, ელ  ლისიცკი... ავთოს კავკასიური ქრომატული ტრაგიზმი, ფორმათგანცდა, პატერნები, სქემატურობა მთლიანად დისონანსშია ევროპული მოდერნიზმის ესთეტიკურ წესდებასთან (დეშტილი, სუპრემატიზმი, ბაუჰაუსი, ორფიზმი). მრუმე და დამჯდარი ქრომატული ლაქები, მათით ტონირებული ფორმები, სივრცობრივ-სიღრმისეული შრეები უფრო არქაული და არქეტიპულია, ვიდრე ევროპული. ავთო მესხის ნახატებში მიღწეული განათება ფიროსმანის განათებას გავს,  მასში მეტია სულიერ-მიღმიერი და არა მატერიალურად შეგრძნებადი - მესხის სახვით სამყაროში, ადამიანი რამდენადმე ბოლომდე მიენდო მასზე აღმატებულს ან კიდევ  უძლურია სამყაროს უხილავი არსის ამოხსნაში...  ამ მოსაზრებას ამყარებს მისი დეტონაციები - გამოსახულებისთვის სათაურის მინიჭებაში,  ანუ ხატოვანი სახელდებები, ესენია: „მკვდართა მეფე“, „პირადად ცნობილი“, „მწვანე ფერის ცხვირი“, „წაკითხული წიგნი“, „დაუპატიჟებელი სტუმრები“... მითოლოგია და ზაუმი თანაბრად ბინადრობს ამ სათაურებში, ხოლო გამოსახულებასთან მთლიანობაში დადაისტურ აბსურდს ვიღებთ; გაგვიჭირდება გამოსახული სცენის უტოპიურ თუ დისტოპიურ მოდელთან გაიგივება.


ავთო მესხი. ყვითელი აბაჟური. ზეთი, ტილო. 40x35 სმ. 2010. ათინათის კერძო კოლექცია


ავთო მესხი. ანარეკლი. ტილო, ზეთი. 30x35სმ. 2011. ათინათის კერძო კოლექცია


ავთოს  მესხის მნიშვნელოვანი ნამუშევრები შეიქმნა 1980-იანი წლებიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე. რამდენიმე ციკლად შეგვიძლია გავყოთ მისი შემოქმედება: კოლაჟები (1990-იანები), ფანქარში შესრულებული აბსტრაქტული სერია (1990-იანები), ფლომასტერში დახატული საგნობრივ-უსაგნო კომპოზიციები (2000-იანები)  და აბსტრაქტული ტილოებისა თუ ქაღალდი-გუაშის სერია (1980-იანები). 1980-იან წლებში შექმნილი ნამუშევრების სერია (გუაში, ქაღალდი; ტილო,ზეთი) ასახავს მესხის გეომეტრიული აბსტრაქციონიზმის პერიოდს. მათში თავს იყრის: ზედხედ-გვერდხედის გაერთიანება, ფერის ტონალურ-ქრომატული გრადაცია, საავტორო პატერნები, პოლიცენტრულობა, მკვეთრი ან ჩამქრალი ფერადოვნება, საგნობრივი გამოსახულებების გეომეტრიზებულ „ცხაურებთან“ დაყენება. 1990-იანებში შექმნილი კოლაჟები პოლიტიკურია და ასევე პერსონალურიც, მრავალფიგურულ  თუ ნიუანსირებულ სიბრტყეზე ლოკალურ ლაქებად ფეთქავს დეკადებისთვის დამახასიათებელი ყოფითი საგნები. გაზეთების მსუყე სვეტებითა და პოლიტიკურ-ტაბლოიდური სახეებით შემჭიდროვებულ რეალობაში, თითქოს ინდივიდი ან თავად არტისტიც გაუჩინარდა. კოლაჟებში ყველასთვის ამოცნობადია უტილიტარული ნივთები, რაშიც პოსტსაბჭოთა ადამიანი მისთვის „სასიხარულოს“ თუ „საზარელს“ ერთნაირად ხედავს... ფანქარში შესრულებული სერია, ალექსანდრე კალდერის მობილებისა და საბჭოთა მოზაიკური პანოების რემნისცენციას აჩენს. დინამიკა, რითმი, ლოკალური ლაქები, უწონადობა, ასიმეტრია თანაბრად იწვევს მატერიალურობისა და ეთერულობის შეგრძნებებს. ფლომასტერის სერიაში აღრეულია საგნობრივ-უსაგნო გამოსახულებები, ამოვარდნილი ფერები, ყოფითი სცენები, ნამუშევრის სათაურები. ცხაურებსა თუ ბადისებურ პრიზმაში გარდამტყდარი ავთოს სამყარო ბოლომდე არ გიშვებს; მისი მიზანსცენები სტერილურია კომუნიკაციაში და კალეიდოსკოპურად მოუხელთებელი...


ავთო მესხი. მკვდართა მეუფე. პოპ-არტი. 28,5x45,5სმ. 1991. ათინათის კერძო კოლექცია


P.S.

ავთო მესხი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:  „ცხოვრებაში ყველაფერს რეალური საზრდო აქვს; ადამიანი  ამ ყველაფერში იღუპება. ხელოვნებით კი რეალური სახიდან გადის“. აბსტრაქტული ნამუშევრებით ხელოვანს მართლაც რეალური სახიდან გაყავს ადამიანი. ავთოს ტრანსცენდენტალური სამყარო ადამიანს ეკუთვნის, რათა ხელოვნებით დაჯაბნოს ყოფა, რუტინა, ბანალურობა. თავად მხატვარი კი დიდ მითოლოგიურ  ფაბულაში არსებობდა; იგი რამდენადმე მინოტავრივით იყო დატყვევებული აბსტრაქტულ ლაბირინთებში, საიდანაც მისი ცნობიერება გამიზნულად არ გამოდიოდა, იქნებ საბჭოთა რეალობის გამოისობითაც... ხიშირად არის დასერილი მისი საგნობრივი და უსაგნო კომპოზიციები ბადისებური პატერნებით (Grid painting) და ცხაურებით. შესაძლოა, ავთო მესხი ამგვარად იზოლირდებოდა საბჭოთა ყოფისგან. იგი რჩებოდა სახლში მის პერსონაჟებთან, როგორც დუენდე (Duende); ეს მხატვრულო სამყარო უტოპირიც იყო  და დისტოპიურიც...