menu

სვანეთის მუზეუმი

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ისტორიულად სხვადასხვა ცივილიზაციათა ბუნებრივ გზა-ჯვარედინს წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება. ახლა, როდესაც საქართველო ისევ იმკვიდრებს თავს მსოფლიო რუკაზე, ჩვენი მიზანი, საერთო ღირებულებების განვითარებასა და გლობალურ პროცესებში მონაწილეობასთან ერთად, ისევ კულტურული იდენტობის შენარჩუნებაა. ვფიქრობ, სვანეთი და მისი განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში.

ძნელად წარმოსადგენია კუთხე, სადაც ასე ორგანულად იყოს შერწყმული და შენარჩუნებული ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა. სვანეთის მთებსა და კოშკებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ნებისმიერი მნახველი. სვანეთს ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული იხსენიებენ უცხოელი ისტორიკოსები და მოგზაურები.

საქართველოს ხანგრძლივი და მშფოთვარე ისტორიის მანძილზე სვანეთი კარიბჭის როლს ასრულებდა. ბევრისთვის იგი განძსაცავთან ასოცირდება, მაგრამ სვანეთი არა მხოლოდ საგანძურის ერთგული მცველია, არამედ აქ დაცული კულტურული მემკვიდრეობა მოწმობს, რომ იგი ქართული კულტურის ერთიანი სისტემის ორგანული ნაწილია და გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, აქტიურად იყო ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.



მესტია. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


დღევანდელი სვანები ერთ-ერთი უძველესი ქართველური ტომის შთამომავლები არიან. სვანურმა ენამ ყველაზე მეტად შემოინახა არქაული ნიშნები. ქართველური ფუძე-ენისა და მისი მატარებელი ეთნოსის სვანურ და ქართულ-ზანურ ერთობად დაშლის პროცესის დაწყება ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულისთვის ივარაუდება.

სვანეთის ტერიტორიაზე ადამიანის კვალი ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქიდან, დაახლოებით 7-8 ათასი წლის წინ ფიქსირდება. მოგვიანებით, ბრინჯაოს ხანიდან იგი ადრეული მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა ხდება. აღმოჩენილი არტეფაქტები მადნის ინტენსიურ მოპოვებაზე მიუთითებს.

ყველასთვის ცნობილია მითი არგონავტების შესახებ. ძველი ბერძენი ავტორების გადმოცემის თანახმად, იასონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის საძებნელად კოლხეთში იმოგზაურეს. დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა ცხადყოფს, რომ კოლხეთი ოქროთი მდიდარი რეალური ქვეყანა იყო. სწორედ სვანეთში, მთიან კოლხეთშია შემონახული ცხვრის ტყავის მეშვეობით მდინარიდან ოქროს მოპოვების ის წესი, რომელიც ოქროს საწმისის შესახებ მითის წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია.



ხედი სვანეთის მუზეუმის ტერასიდან. ფოტო  - მირიან კილაძე


ელინისტური კულტურული ტენდენციების საფუძველზე აღმოსავლური ქრისტიანობის წიაღში ახალი კულტურული ცენტრები შეიქმნა საკუთარი დამწერლობებითა და კულტურული ტრადიციებით, რომლებიც აღმოსავლურ-დასავლური კულტურების გავლენას განიცდიდა. ბიზანტიური სამყარო ამ კულტურების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობდა.

IV საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანებამ და საკუთარი დამწერლობის შექმნამ განაპირობა თვითმყოფადი ქართული კულტურის შენარჩუნება.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სვანეთში შემორჩენილი ეკლესიები და ქრისტიანული კულტურის უნიკალური ნიმუშები მსოფლიო კულტურის ნაწილს წარმოადგენს, რაც, სამწუხაროდ, ნაკლებადაა ცნობილი დღევანდელი საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისთვის. დარწმუნებული ვარ, სვანეთი აღიარებული იქნება ადრეული ევროპული კულტურის დღემდე შემორჩენილ უნიკალურ კუნძულად.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესწავლა, ეკლესიებში დაცული ხელოვნების ნიმუშების აღწერა და ფოტოფიქსაცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. 1910 წელს სვანეთში და ლეჩხუმში იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა, დიმიტრი ერმაკოვთან ერთად. სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დაიწყო სვანეთის ეკლესიებში დაცული ოქრომჭედლობის ნიმუშების აღწერა. სვანეთის სიძველეთა კომპლექსურ მეცნიერულ შესწავლას კი 1931 წელს საქართველოს მუზეუმის ექსპედიციამ ჩაუყარა საფუძველი, რომელშიც გ. ჩუბინაშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, პ. ინგოროყვა, რ. შმერლინგი მონაწილეობდნენ. მას შემდეგ სვანეთის ძეგლებს ქართველ მეცნიერთა სხვადასხვა თაობის არაერთი ნაშრომი მიეძღვნა.



ექვთიმე თაყაიშვილის და დიმიტრი ერმაკოვის ექსპედიცია სვანეთში


მუზეუმის ისტორია 1936 წლიდან იწყება. მისი შექმნის აუცილებლობის საკითხის დაყენება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და შესწავლის მიზნით ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ფუძემდებელთა და ადგილობრივ საზოგადო მოღვაწეთა სახელს უკავშირდება. სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე შექმნილი მუზეუმის დირექტორი ეგნატე გაბლიანი გახდა. მისი ხელმძღვანელობით მუზეუმში სხვადასხვა გზით შემოსული ნივთების საშუალებით კოლექცია ნელ-ნელა მდიდრდებოდა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 1948 წელი, როდესაც ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებლის, გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილმა სამეცნიერო ექსპედიციამ ზემო სვანეთის იმდროინდელი საზოგადოების მხარდაჭერით მუზეუმში გადმოიტანა ხელნაწერები, ხატები და მრავალი სხვა ძეგლი.

XX საუკუნის 70-იან წლებში სვანეთის სიძველეების აღსანუსხად და შესასწავლად მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სვანეთის შემსწავლელმა კომპლექსურმა სამეცნიერო ექსპედიციამ მიხეილ ჩართოლანის ხელმძღვანელობით.

სვანეთის მუზეუმის კოლექციების დაცვას, გამდიდრებასა და შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ციალა ჩართოლანს, რომელიც 1977 წლიდან 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სვანეთის მუზეუმს. მის სახელს უკავშირდება 2003 წელს კოლექციების მუზეუმის ახალ შენობაში (არქიტექტურული პროექტი: რ. კიკნაძე და გ. მეტრეველი) დაბინავება. 2004 წლიდან სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შევიდა,2005 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა დაიწყო სვანეთის მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლა და წლების განმავლობაში თანმიმდევრული ღონისძიებების გატარება სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების და დონორების (UNESCO-ს საქმეთა საქართველოს ეროვნული კომისია, აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, იტალიის საელჩო საქართველოში და შვეიცარიის საელჩო საქართველოში) დახმარებით მუზეუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობების შესაქმნელად. ეს მრავალკომპონენტიანი მასშტაბური პროექტი მოიცავდა კოლექციების რესტავრაცია-კონსერვაციას, დაცვა-აღრიცხვას და კვლევას, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მუზეუმის შენობა ვერ უზრუნველყოფდა კოლექციების დაცვის, სათანადოდ წარმოდგენისა და ვიზიტორთა მომსახურებისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტებს.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


2011 წელს დაიწყო შენობის ფუნდამენტური განახლება. მრავალკომპონენტიანი პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და უცხოელი ექსპერტები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის / ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების (გერმანია) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის `თვინინგის~ პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობასა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებასთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ისახავდა მიზნად.

მუზეუმის განახლებაში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ამ პროექტს ადგილზე მუზეუმის ხელმძღვანელი რუსიკო ქოჩქიანი უძღვებოდა, ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციას კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო კალანდაძე წარმართავდა, პროექტის საერთო კოორდინაციას პროექტების მართვის სამსახურის უფროსი სალომე გურული უწევდა.

ურთულეს პირობებში მიმდინარე სამუშაოები დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევდა და დიდი მხარდაჭერა ჰქონდა როგორც პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის და ადგილობრივი ეპარქიის, ასევე საერო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხრიდან.

პროექტი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა დიდი ძალა აქვს ერთობას, საერთო იდეის გარშემო კონსოლიდაციას. სწორედ ასეთი ერთსულოვნების, თანამშრომლობის მაგალითია სვანეთის განახლებული მუზეუმი, რომელიც რწმენისა და ცოდნის, განათლების, ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზს წარმოადგენს და ამ ღირებულებების და ტრადიციების გამგრძელებელია სხვადასხვა სფეროში.



მესტიის მუზეუმის რეკონსტრუქციის გეგმა. არქტიტექტორები - გაგა კიკნაძე; ლევან მუშკუდიანი.


არქიტექტორ გაგა კიკნაძის მიერ დაპროექტებული თანამედროვე შენობა ადგილობრივი არქიტექტურის ელემენტებს იყენებს და ბუნებრივადაა შერწყმული საერთო ლანდშაფტთან. მუზეოგრაფია (დიზაინერი ლინა-მარია ლოპესი) და საექსპოზიციო სივრცის ზონირება (რომელშიც კონსულტაციებს გვიწევდა ფრანგი არქიტექტორი ლორან გინამარი) თითოეული კოლექციის სპეციფიკის გათვალისწინებით გაკეთდა. ეს ხედვა ჩანს ლინა-მარია ლოპესის მიერ შექმნილ მუზეოგრაფიაში და მნახველზე ორიენტირებულ ესთეტიკურ და სადა სტილში.



მესტიის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


2013 წლის 1 ივლისს  მუზეუმმა კარი გაუღო დამთვალიერებლებს.

მუზეუმის არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, შუა საუკუნეების ხელოვნების, ხელნაწერების და ეთნოგრაფიის კოლექციები ექვს დარბაზშია გამოფენილი.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


დროში მოგზაურობა გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის  შოთა ჩართოლანის სახელობის არქეოლოგიური დარბაზიდან იწყება. ბატონი შოთას სახელთანაა დაკავშირებილი სვანეთის არქეოლოგიის ფუნდამენტური კვლევა. მუზეუმში წარმოდგენილი მასალა ძირითადათ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიდანაა.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო - მირიან კილაძე


ბუნებრივი განათების მქონე არქეოლოგიური დარბაზიდან მნახველი მოულოდნელად პატარა ჩაბნელებულ სივრცეში ხვდება, რომელშიც ინდივიდუალური განათების მქონე მონეტები და შეწირული ნუმიზმატიკური განძები იდუმალ გარემოს უქმნის მნახველს და თითოეული მონეტის აღქმის საშუალებას აძლევს.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო - მირიან კილაძე


მონეტების კაბინეტიდან განსაკუთრებულ, ნათელ გარემოში - ქრისტიანულ საგანძურში ვხვდებით, სადაც XI-XIV საუკუნეების უნიკალური ხატებია წარმოდგენილი.

ეს სივრცე  მუზეუმის  აწ გარდაცვლილი დირექტორის, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან კოჩქიანის სახელს ატარებს.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო


შემდეგი დარბაზი საკრალური სივრცის აღდგენის მცდელობაა, სადაც სვანეთის ეკლესიებისთვის საუკუნეების მანძილზე საქართველოს მეფეების, საეკლესიო მოღვაწეების, დიდი ფეოდალებისა თუ კერძო პირების მიერ შეწირული ლიტურგიკული და სხვა ღირსშესანიშნავი ნივთებია წარმოდგენილი. ამ ისტორიული კონტექსტის აღდგენა განსხვავებული ტიპის ვიტრინებში წარმოდგენილი ადგილობრივი - სვანური სკოლის და საქართველოს სხვა კულტურული ცენტრების მოწინავე სახელოსნოებში შექმნილი ძეგლების, ასევე ბიზანტიის, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილი ხელოვნების ნიმუშების საშუალებით ვცადეთ.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


ხელნაწერთა დარბაზი ჩაბნელებულია. ხელნაწერებისა და წიგნების კონსერვაციისათვის აუცილებელი სპეციფიკური დაბალი განათება დამთვალიერებელს შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრებთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო კერებში თარგმნილ, გადაწერილ და მოხატულ წერილობით ძეგლებთან განმარტოების შთაბეჭდილებას უქმნის. ამავე დროს, დარბაზის კედელზე მულტიმედიის საშუალებით წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქ დაცული ხელნაწერებისა და წიგნების შესახებ.



სვანეთის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


ექსპოზიცია სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის გამოფენით მთავრდება, სადაც სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი სვანური მატერიალური კულტურის ძეგლები. სვანეთის ავთენტური ყოფის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ეწვიოს მარგიანების საცხოვრებელ კომპლექსს, „მაჩუბს“ მესტიაში, რომელიც სვანეთის მუზეუმის ნაწილია.


სვანეთის მუზეუმი. ფოტო ფერნანდო ხავიერ ურკიხო 


მუზეუმის ფონდები და სარესტავრაციო ლაბორატორია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.

დროებითი საგამოფენო სივრცე სხადასხვა თემატური გამოფენის მოწყობის საშუალებას იძლევა. აქ მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.

გამოფენებთან ერთად მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა სეზონური და რეგულარული საგანმანათლებლო პროგრამებით სვანეთის რეგიონის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია.

ახალი აუდიტორია, რომელიც ლექციების, პრეზენტაციების, შეხვედრების, ფილმების ჩვენების, კონცერტების, სესიების თუ კონფერენციების მოწყობის საშუალებას იძლევა, 100 ადგილზეა გათვლილი. აქ ინტენსიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები

ზაფხულში მუზეუმის ეზო ღია ცის ქვეშ მასპინძლბს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს.



სვანეთის მუზეუმუს ეზო


მუზეუმს ყოველდღიურად ასეულობით მნახველი ყავს. სხვადასხვა ასაკის ჩამოსული დამთვალიერებელი აღტაცებას არ ფარავს მუზეუმის საგამოფენო სივრცეებით.

დღეს რუსუდან ჯაფარიძის ხელმძღვანელობით სვანეთის მუზეუმის კოლექტივი ღირსეულად აგრძელებს მუზეუმის ტრადიციებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სვანეთის მუზეუმი XXI საუკუნის საერთაშორისო სტანდარტების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც სამეცნიერო კვლევასა და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება. მუზეუმში დაცული საგანძური ცოდნის ის უმდიდრესი არქივია, რომლის შესწავლა მსოფლიო მეცნიერების ამოცანაა.