შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო მხატვარი სერგო ქობულაძე თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველ-კურსდამთავრებულთა თაობის წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც მოიცავს ფერწერისა და გრაფიკისა დარგს, ასევე თეატრის მხატვრობას და ფოტო ხელოვნებას. მნიშვნელოვანია ასევე მისი წვლილი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის თვალსაზრისითაც.
ყველა სფეროში რაშიც კი მონაწილეობა აქვს მიღებული, გამორჩეული ინდივიდუალურობითა და უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

სერგო ქობულაძე. შოთა რუსთველი. გრავიურა. 60x40 სმ. 1976. ათინათის კერძო კოლექცია
სერგო ქობულაძის მამა სოლომონ ქობულაძე სამხედრო პირი იყო, ახალციხის სამხედრო ოლქში მსახურობდა და ამ ქალაქშივე, 1909 წლის 7 თებერვალს, დაიბადა მომავალი მხატვარი. მას ადრეულ ასაკშივე გამოუვლინდა ხატვისადმი განსაკუთრებული ნიჭი.
ოჯახის თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდგომ სერგო ქობულაძე #43 შრომის სკოლაში იწყებს სწავლას და პარალელურად 1918 – 1922 წლებში ნიკოლაი სკლიფასოვსკის სამხატვრი სასწავლებელში ეუფლება ხატვის ხელოვნებას. 1925 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება, რომელსაც 1930 წელს ამთავრებს. აკადემიაში მას შესანიშნავი პედაგოგები - იოსებ შარლემანი, გიგო გაბაშვილი და ევგენი ლანსერე ასწავლიდნენ და სწორედ ევგენი ლანსერეს რეკომენდაციით, აკადემიის დამთავრების შემდეგ სამხატვრო პრაქტიკის ასამაღლებლად იყო მივლინებული მოსკოვისა და ლენინგრადის (ამჟ. პეტერბურგი) მუზეუმების გასაცნობად, სადაც ეწეოდა პრაქტიკულ მუშაობას, ასრულებდა მსოფლიოს საუკეთესო მხატვრების შედევრების ასლებს, რითაც კიდევ უფრო აიმაღლა პროფესიული ოსტატობის დონე.

სერგო ქობულაძე. ქალის თავი. მონოტიპია. 32,5x50 სმ. 1960-იანი წლები. ათინათის კერძო კოლექცია

სერგო ქობულაძე. ქალის თავი. მონოტიპია. 32,5x50 სმ. 1965წ. ათინათის კერძო კოლექცია
1938 წლიდან სერგო ქობულაძეს თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვის პედაგოგად იწვევენ და წლებს მიდევნებული, თანდათან მატულობს მისი კარიერული წინსვლაც: 1945 წლიდან ხატვის კათედრის გამგე და პროფესორის მოვალეობის შემსრულებლია, 1948 წლიდან ხელმძღვანელობს თეატრალურ-დეკორაციულ სახელოსნოს, 1952-1959 წლებში კი თბილისის სამხატვრო აკადემიის დირექტორია. იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა თაობათა აღზრდას და ახალგაზრდა ხელოვანებს უზიარებდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას.
.jpg)
სერგო ქობულაძე სახელოსნოში
სერგო ქობულაძის შემოქმედებას ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული. მისი ღვაწლი სხვადასხვა წლებში მინიჭებული წოდებებითა თუ ჯილდოებით იქნა აღნიშნული.[1]
სერგო ქობულაძე შემოქმედებითი მოღვაწეობის დაწყებისთანავე იპყრობს როგორც პროფესიული, ასევე ფართო საზოგადოების ყურადღებას.
1937 წელს შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბილეოდ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში, რუსეთის გამომცემლობის Детиздат-ის დაკვეთით[2], მუშაობას იწყებს „ვეფხისტყაოსანი“-ს დასურათებაზე და ასრულებს პოეტის პორტრეტს და 11 ილუსტრაციას.
რუსთაველის პოემის ილუსტრირებისთვის ხელოვანი რენესანსული მხატვრობისთვის დამახასიათებელ სტილს ირჩევს და თავშეკავებული, ემოციით სავსე დახვეწილი ნახატით სიღრმისეულად ასურათხატებს ნაწარმოების მნიშვნელოვან ეპიზოდებს[3].

სერგო ქობულაძე. სიბილა. რენესანსის მოტივი. ქაღალდი, სანგინა. 64.5x49სმ. 1927. ათინათის კერძო კოლექცია
გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, სერგო ქობულაძეს გაფორმებული აქვს: უილიამ შექსპირის (1934 – 1935 წწ.; 1946 წ.), ალექსანდრე პუშკინის (1951), შალვა დადიანის (1951) ნაწარმოებები, ასევე - „თქმულება იგორის ლაშქრობაზე“ (1938-1941) და „ქართული ხალხური ზღაპრები“ (1954-1955).
განსაკუთრებულია სერგო ქობულაძის მიერ თეატრის მხატვრობაში შეტანილი წვლილი. იგი ქმნიდა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზებს. თავდაპირველად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა. აფორმებდა ასევე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმოდგენებს. თანამშრომლობდა მოსკოვის ცენტრალურ საბავშვო თეატრთან და დიდ თეატრთან. იმუშავა ქართულ კინოსტუდიაშიც (სიკო დოლიძის ფილმისთვის „მტრები“, 1938). შეასრულა ასევე კოსტიუმების ესკიზები, მოსკოვში ფიზკულტურის საკავშირო დემონსტარაციის ქართველი მონაწილეებისათვის (1945-1947).

სერგო ქობულაძე. დეკორაციის ესკიზი ბალეტისთვის „რაიმონდა“. ქაღალდი, გუაში. 42x53.5 სმ. 1945. ათინათის კერძო კოლექცია
თეატრთან დაკავშირებულ მის შემოქმედებით ცხოვრებაში ხაზგასმით გამოსაყოფია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის შექმნილი სასცენო ფარდა, რომელიც განსაკუთრებული უნიკალურობით იყო გამორჩეული. სამწუხაროდ, ეს ფარდა 1973 წელს ოპერის თეატრში გაჩენილი ხანძრის დროს განადგურდა. ფარდის ახალი ვარიანტის შექმნას მხატვარი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო მისი განხორციელება.

სერგო ქობულაძე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფარდაზე მუშაობის პროცესში. 1959-61 წწ

სერგო ქობულაძე. ესკიზი ოპერის ფარდისთვის. ქაღალდი, ტუში, კალამი. 31,3x30. 1959-61
ფერწერული ნამუშევრების განსახორციელებლად სერგო ქობულაძე ზეთისა და ტემპერის საღებავებს იყენებს. ქმნის ფიგურატიულ ნამუშევრებს, პეიზაჟებს, ნატიურმორტებს. საოცარი ოსტატობით ფლობს გრაფიკულ მასალებსაც, იქნება ეს ფანქარი, აკვარელი, გუაში, სანგინი თუ პასტელი. აკვარელით შესრულებული პეიზაჟები გამჭვირვალე ტონალობითა და ჰაეროვნებითაა გაჯერებული. მისი ყოველი კომპოზიცია მხატვრის საოცარი ნიჭისა და ოსტატობის გამოვლენის ნიმუშია.

სერგო ქობულაძე. პორტრეტი. მუყაო, ზეთი. 38,5x30. 1940-ანი წწ

სერგო ქობულაძე. ქალის პორტრეტი. ქაღალდი, გუაში. 39X29სმ. ათინათისს კერძო კოლექცია
სერგო ქობულაძეს ფიგურის გამოსახვისთვის საბოლოო შედეგის მისაღწევად არჩეული აქვს საფეხურებრივი გზის გავლა - ადამიანის ჩონჩხიდან სხეულის სრულ აგებამდე და სამოსით შემკობამდე. განსაკუთრებულად შეიგრძნობა მოცულობითობა, საოცარი ოსტატობითაა გადმოცემული ფიგურის მკვრივი ფორმები, პასტელით შესრულებული თავისუფალი, ოსტატური ხელწერით დადებული თამამი, ძლიერი მონასმებით. ფორმათა დახვეწილობის გარდა გამოსახულებები მკვეთრი ფერადოვნებითაა გამორჩეული.

სერგო ქობულაძე. კრიმჰილდა. მუყაო, ტემპერა, 70x52. 1969
ზეთის საღებავითაა შესრულებული შორი ხედიდან აღქმული პეიზაჟები, აქა-იქ გაბნეული ბუჩქოვანი მცენარეებით, ჩამავალი მზის ასოციაციით გამოწვეული შთაბეჭდილებებით წამიერად გადაყავხარ იმ საოცარ გარემოში რაც საქართველოს ლანდშაფტისთვისაა დამახასიათებელი და როდესაც მოგზაურობის დროს ხვდები ამდაგვარ გარემოში, ქობულაძისეულად აღქმის შეგრძნება გიჩნდება - რომ შენ იქ, შენთვის მშობლიურ გარემოში, თითქოს უკვე ნამყოფი ხარ.
სახვით ხელოვნებაში შეტანილი უზომოდ დიდ წვლილთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სერგო ქობულაძის მიერ წარმოებული მეცნიერული კვლევები ოქროს კვეთის პროპორციული სისტემის შესახებ და ამ კვლევებზე დაყრდნობით ქართული არქიტექტურული და ფერწერული ძეგლების, კონკრეტულად კი ატენის სიონის ფრესკებისა და მცხეთის ჯვრის ტაძრის პროპორციულ აგებაზე დაკვირვება.
სამწუხაროდ, დღემდე არ იძებნება მის მიერ შექმნილი წერილობითი შინაარსით განმარტებელი თეორიული ნაშრომი მცხეთის ჯვრის კვლევების შესახებ. შემორჩენილია მხოლოდ ნახაზები, ზედ დატანილი პროპორციათა მიმანიშნებელი ზომებისა და ფორმულების მინაწერებით.
მნიშვნელოვანია სერგო ქობულაძის მიერ ფოტო-ხელოვნებაში შეტანილი წვლილი. მხატვრის არქივში ინახება მრავალი ფოტოსურათი და ფოტო-ნეგატივი, რომელიც თავად მხატვრის მიერაა გადაღებული, სხვადასხვა შინაარსის კადრებით. არის ოჯახისა და სამეგობრო წრის პირთა ფოტოსურათები, საქართველოს არქიტექტურული ძეგლები, პეიზაჟები... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1956 წელს ვენეციის ბიენალეზე სტუმრობის დროს გადაღებული ფოტოები: მილანის, ვენეციის, რომის, ფლორენციის კადრები. ფიქსირდება მხატვრის თვალით დანახული და შერჩეული ადგილები, ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი მყუდრო ქუჩები და კაფეები, არქიტექტურული ძეგლები, მოქალაქეთა ყოველდღიური ყოფა, მათი ჩაცმულობა, სარეკლამო ბანერები, ტრანსპორტი...[4]
სერგო ქობულაძის შემოქმედების შესწავლა კვლავ გრძელდება და კიდევ და კიდევ მკაფიოდ გამოვლინდება მის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში.
[1] საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946)
1946 წ. 24 თბერვალს დაჯილდოვდა მედლით: „1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში შრომითი მამაცობისათვის“.
საქართველოს სახალხო მხატვარი (1958)
დაჯილდოვდა: შრომის წითელი დროშის ორდენით (1969), ივანე ჯავახიშვილის მედლით (1975)
შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1979. სიკვდილის შემდეგ).
[2] სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალები მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეასა და აღმოსავლეთის მუზეუმის საკუთრებაში დარჩა.
[3] 1956 წელს ვენეციის 28 ბიენალეზე ყოფილი საბჭოთა კავშირის დელეგაციაში საქართველოდან მხოლოდ სერგო ქობულაძე იღებდა მინაწილეობას და ერთი ილუსტრაციით იყო წარდგენილი - ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობის სცენა. ამ ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ჟურნალ გაზეთებში ბიენალეს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში განსაკუთრებულად იქნა აღნიშნული.
[4] 2025 წლის 7 თებერვალს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ შედგა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“. გამოიცა ასევე ალბომი „იტალია 1956. ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“. თბ., 2025