menu

ბორჯომის ფირუზა

ბორჯომის მთავარი პარკის შესასვლელთან არის შენობა, რომელიც თავისი მხატვრული იერსახითა და ფერადოვნებით გამოირჩევა სხვა სააგარაკე ნაგებობებისგან, რომელსაც ფირუზას უწოდებენ. ფირუზა ირანელი დიპლომატის, 1889-1895 წლებში თბილისში ირანის გენერალური კონსულის, მირზა რეზა ხანის მიერ იქნა აგებული იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მან კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვის (1863–1881) ნებართვით შეიძინა.



სასტუმრო ფირუზეს  საერთო ხედი, ბორჯომი


მირზა რეზა ხან არფა ად-დოულე ერთ-ერთი გამორჩეული და  კოლორიტული ფიგურა იყო გვიანყაჯარული პერიოდის ირანულ დიპლომატიურ ელიტაში. იგი  1853 წელს  დაიბადა ქალაქ თავრიზში, ერევნიდან ემიგრირებულ მუსლიმთა ოჯახში. 1873 წელს ნიჭიერი და ენერგიული მირზა რეზა ხანი  წარუდგინეს ირანის ხელმწიფეს, ნასერ ად-დინ შაჰს, რომელმაც იგი თავის ამალაში თარჯიმნად ჩარიცხა და თან წაიყვანა  ევროპაში პირველი მოგზაურობის დროს. 


ირანელი დიპლომატი მირზა რეზა ხან არფა ად- დოულე, 1900


1889 წელს მირზა რეზა ხანიკიდევ ერთხელ ახლდა ნასერ ად-დინ შაჰს ევროპაში მესამე მოგზაურობის დროს. ამ მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე შაჰი ნიშნავს მას ირანის გენერალურ კონსულად თბილისში, სადაც იგი 1895 წლამდე ასრულებს გენერალური კონსულის ფუნქციებს.


ლამაზი შენობების აგება მისი ერთ-ერთი გატაცება იყო: ცნობილია, მაგალითად, თბილისში ირანის საკონსულოს შენობა, რომელიც მან გერმანელი ინჟინრისგან შეიძინა და მნიშვნელოვანდ გადააკეთა აღმოსავლურ სტილში, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს და რომელსაც მისი გამორჩეული დეკორის გამო თანამედროვეებმა ალმასის სასახლე უწოდეს. ასევე,  მის მიერ 1910-იან წლებში მონაკოში აშენდა ვილა დანეშ  – მდიდრულად მოწყობილი, სამსართულიანი გუმბათიანი შენობა ჩუქურთმებით, ფიგურული კომპოზიციებით, მოხატულობებით, სპარსული წარწერებითა და ა.შ. (ხშირად ამ შენობას ირანის მუზეუმსაც უწოდებდნენ).  აგრეთვე, დანეშაბადად წოდებული მისი მდიდრული სახლი თავრიზში და შესანიშნავი სახლი-რეზიდენცია თეირანში, რომელშიც XX საუკუნის 50-იან წლებში ირანის კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზი განთავსდა. 


ალმასის სასახლე, თბილისი


ვილა დანეშ , მონაკო


ბორჯომის ფირუზა   საკმაოდ დიდი ზომის  ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ფასადის მხარე მთავარ ქუჩაზე გამოდის. მის ძირითად მხატვრულ იერსახეს ხის მდიდრულად მოჩუქურთმებული, ცისფრად შეღებილი  ორსართულიანი აივანი ქმნის, რომელიც გვერდითი ფასადებიდან ოდნავ წინ არის გამოწეული და ტიპური  ქართული, ჭვირული ორნამენტული დეკორით არის შემკული. შეისრული აივნის ზედა მარცხენა  და მარჯვენა კუთხეებში ხმალამოწვდილი ლომის გამოსახულება, ამომავალი მზით.  ეს  ირანის ყაჯართა სამეფო დინასტიის ოფიციალური  სახელმწიფო ემბლემა და სიმბოლოა (შირ-ო- ხორშიდ), რაც ამ შენობის მნიშვნელოვნებაზე მიუთითებს. ცენტრალური შენობის გვერდითი ფასადების მეორე სართული ევროპული ყაიდის რკინის აივნებით არის შემკული, რომელზეც გამომავალი კარებების ზედა ტიმპანები მდიდრულად არის დეკორირებული  სტუკოს ორნამენტით. მარჯვენა  და მარცხენა ფრთის ზედა ნაწილებში, ალებასტრის ფირფიტებზე, ლათინური  და რუსული ასოებით შესრულებული წარწერაა თარიღით მირზა რიზა ხანი 1892, ქვეშ კი მოთავსებულია სპარსული წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ ამ შენობას მეგობრებმა ფირუზა უწოდეს და  ის მირზა რეზა ხანის სახსოვრად დარჩა. იგივე სახელი (მირზა რეზა ხანი) სპარსულად ჩაწერილია რკინის აივნების ცენტრალურ მედალიონებშიც.


სასტუმრო ფირუზეს  საერთო ხედი


ფასადის მორთულობის  ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ელემენტია ცისფერი აივნის შიდა დეკორაცია, რომელიც აღმოსავლური სტილის სარკეებით, სტუკოთი და ფერწერული მედალიონებით არის შემკული.

შენობის უკანა ნაწილი კვადრატული ფორმის ნაგებობა  შიდა ეზოთი, რომლ ფანჯრები სხვადასხვა ფერის მინითაა შესრულებული.  სტუკოს ნაძერწობითა და სარკეებიანი ორნამენტული სახეებითაა შემკული ერთ-ერთი  შიდა ოთახი, რომელშიც დღესდღეობით სასტუმროს სასადილო დარბაზია. 


აივნის შიდა სივრცე



ფირუზეს აივანი ლომისა და მზის სიმბოლოებით


ბორჯომის ფირუზა აშენების პირველი დღიდანვე იზიდავდა  როგორც ადგილობრივი მნახველების, ისე საქართველოში სტუმრად ჩამოსული უცხოელების ყურადღებასამერიკელი ჯონ ბუკვალტერი (1837-1915), რომელიც 1898 წელს ეწვია საქართველოს, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბორჯომში ყოფნისას მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო უმშვენიერესმა სახლმა, რომელიც ირანელ დიპლომატს მირზა რეზა ხანს ეკუთვნოდა


ფირუზას ეხება გრიგორი ჯანშიევი, რომელმაც XIX საუკუნის დასასრულს იმოგზაურა ბორჯომის ხელობაში და დაგვიტოვა ამ მხარის აღწერა. მისი მოგზაურობის აღწერაში მოტაილია  სახლის ფოტო და ავტორისეული კომეტნარიც რომ ეს აგარაკი ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და გამორჩეულია თავისი სარკებით ინკრუსტირებული ცისფერი აივნით.


სასტუმრო ფირუზა გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც  მნახველს იზიდავს   ევროპულ, ქართულ და ირანულ მხატვრული ხერხების საოცარი ერთიანობით. შენობის   ერთ-ერთი მთავარი დეკორატიული ელემენტი ხის აივნის შიდა მორთულობაა. აივნის შიდა მედალიონის სპარსული წარწერის თანახმად, იგი ირანელ ოსტატს მირზა მოჰამად ყაზვინს შეუსრულებია და შეუმკია სარკეებითა და სტუკოს ორნამენტული რელიეფებით ჰიჯრის 1309 წელს ( ახ.. 1891/92 წწ.) აივანზე კარი და ორი ფანჯარა გამოდის, რომლებიც ისევეა დეკორირებული ორნამენტითა და  სხვადასხვა ფერის ფერადი მინით, როგორც შიდა ეზოს მეორე სართულის ოთახები. აივნის ფანჯრებშ და გვერდითი სიბრტყეები შემკულია სტუკოს რელიეფებით რომლის მცენარეულ-დეკორატიული მოტივები  მთელ სიბრტყეს ფარავს.


სასტუმროს შიდა ეზო


აივნის დეკორატიული მორთულობის  მთავარი ელემენტი არის სარკეებიანი, ორნამენტული მცენარეული მოტივები, რომლებიც ფანჯრების ზედა რეგისტრში ოთხივე მხარეს შემოუყვება აივანს. სარკეებითვეა დეკორირებული აივნის გვერდითი კედლის ცალკეული მონაკვეთები და ჭერი. სარკეებიანი ორნამენტი დატანილია თეთრ ფონზე და ნატიფი, დეკორატიული ხვეულებით არის შემკული. სარკეებისა და სტუკოს დეკორს შორის ჩასმულია ოთხფურცლა და ოვალური მედალიონები, რომელთა ნაწილზე მუქ ტონალობაში შესრულებული პეიზაჟებია, ნაწილზე კი –  ფერადი თაიგულები.


შენობის სარკეებიანი აივნის მთავარი კომპოზიციური და იდეური ცენტრი ფანჯრებისა და კარის ტიმპანების თავზე, მინის ქვეშ მოთავსებული პორტრეტებია. ასეთი სულ ხუთი პორტრეტია. კომპოზიციის ცენტრში, კარის თავზე, არის ირანის იმდროინდელი ტახტისმპყრობლის, ნასერ ად-დინ შაჰის პორტრეტი. ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პორტრეტია, რომელიც მეფობის (1848-1896) თითქმის მიწურულს არის გადაღებული. პორტრეტის თავზე გამოყვანილ სპარსული წარწერაში წარმოდგენილია ირანის შაჰის მთელი სამეფო ტიტულატურა




სარკეებიანი აივანი


შაჰის მარცხნივ არის მისი ერთ-ერთი შვილის, იმჟამად ირანის ტახტის მემკვიდრე უფლისწულის - მოზაფარ ად-დინის (ანუ ირანის მომავალი ტახტისმპყრობლისმოზაფარ ად-დინ შაჰის (1896-1907) პორტრეტი შესაბამისი წარწერითსადაც იგი მოხსენიებულია ჯერ კიდევ მირზად, ანუ უფლისწულად. მოზაფარ ად-დინ მირზას მარცხნივ არის თავად მირზა რეზა ხანის პორეტრეტი და თარიღი ჰიჯრის 1311 ელი  (ახ.. 1893/94 წწ.). ნასერ ად-დინ შაჰის მარჯვნივ არის ირანის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის მირზასყარ ხან ამინ ას-სოლტანის (1858-1907) პორტრეტი და თარიღიჰიჯრის 1309 წელი (= ახ.. 1891/92 წწ). განაპირა, მარჯვენა მხარეს კი  მირზა რიზა ხანის კიდევ ერთი პორტრეტია, თარიღით ჰიჯრის 1309 წელი (ახ.. 1891-1892) რაც შეესაბამება იმ წლებს, როცა  იგი თბილისში ირანის გენერალური კონსული იყო.



სასტუმრო ფირუზეს  საერთო ხედი


სასტუმრო ფირუზე ჯანშიევის წიგნიდან


საბჭოთა პერიოდში შენობაში სანატორიუმი იყო განთავსებული, 1990 იან წლებში კი იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თითქმის დაინგრა შენობის უკანა მხარე. მან რამდენჯერმე შეიცალა პატრონი და შენობის უმძიმესი მდგომარეობის გამო წლების მანძილზე ვერ ხერხებოდა მისი სათანადოდ რესტავრაცია. თუმცა, 2010-2012 წლებში მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოწვეული კონსულტანტები და რესტავრატორები. შენობის სპარსული ნაწილის, აივნისა და სასადილოს სტუკოსა და სარკეებიანი დეკორის  რესტავრაცია ირანის კონსერვაციის ინსტიტუტის  გუნდმა განახორციელა, რომელმაც საქართველოში კულტურის სამინისტროს მოწვევით  ადგილზე რამდენიმე თვე იმუშავა.  საბოლოოდ მოხერხდა შენობის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად აქ საერთაშორისო ბრენდის Golden Tulip Hotelsის მაღალი კლასის სასტუმროა განთავსებული, რომელიც დღესაც ისევე ხიბლავს ბორჯომის დამთვარიელებლესა და სტუმრებს, როგორც ადრე, მისი აგების პირველი დღეებიდან.