ალბერტ დილბარიანი (დილბო) მიეკუთვნება 1960-იანელთა თაობას. დილბოს მელანქოლიური და რომანტიკული მსოფლაღქმით მოდელირებული ფერწერული მიზანსცენები არ ჰგავს მისი თანამედროვე მხატვრების ხელწერას თუ ზოგად პოსტსტალინისტურ კანონიკას. იგი არასდროს გამოხატავდა შეურიგებლობას საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ, თუმცა ამავდროულად განდგომილი იყო თავისი „არტისტული გარსით“. მისი ირეალური, ილუზიური თუ თურმეობით კილოში აგებული ფერწერული წინადადებები წარმოადგენდა გარკვეულ ესკაპიზმს კოლექტივისტური საზოგადოებიდან. დილბო პასეიზმით, რეტროგრადულობით თუ სომხური მსოფლშეგრძნებით რეფლექსირებდა მის (საბჭოთა) ყოფაზე; მასთან საბჭოთა ონტოლოგია და ანაქრონისტული გნოსეოლოგია მთლიანდებოდა...

ალბერტ დილბარიანი. 1974
ალბერტ დილბარიანი ორმაგი კულტურული აგენტი იყო და ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი თბილისური ინტერნაციონალიზმის, ინტერკულტურული კავშირების, კროსკულტურის, სადაც არამხოლოდ სომხურ-ქართული, არამედ დასავლური-აღმოსავლურიც კი სინერგიაში მოდიოდა. მხატვრის ხატოვანი სამყარო და თვითობა განასახიერებს თანამედროვეობაში დამკვიდრებულ ცნებას- „Melting pot“, რაც სიტყვასიტყვით თარგმანში ნიშნავს - „სადნობ ქოთანს“. მართლაც, დილბოს შემოქმედებით ქოთანში შეუთავსებელი კულტურული მოდელების დნობად ალქიმიას ამოვიკითხავთ. მის ფერწერაში ჰეტეროგენური გარდაიქმნება ჰომოგენურად, ანუ მრავლგვაროვანი ერთგვაროვნად, რაც თბილისს წარმოაჩენს ერთგვარ მონოკულტურულ კერად. დილბოს შემოქმედებით-არტისტული ინტენციონალობა იმდენად კომპლექსურია, რომ საბჭოთა სისტემის ფაქტორი მთლიანად ბათილდება. ხელოვანის შემოქმედებაში ასახული თბილისური საგა ეპიკური, სიზმრისეულ- ფროიდიანული და თანატოსურია. ქალაქის აგორა ერთიანად შთანთქმულია ისტორიულ-კულტურული, რენეგატული პერსონაჟებით, ხოლო მათი სოციალური როლი თუ ჰაბიტუსი განაპირობა ცხოვრების ამაოებამ და ბონვივანურმა(bon vivant) ხასიათმა. თეატრალური ანაქრონიზმი სუფევს დილბოს საბჭოთა თბილისში, ანუ მხატვარი გამიზნულად უარყოფს სოციალისტური რეალიზმის იდეოლოგიას, მის მხატვრულ ხერხებს... დილბოს პროტაგონისტები საზოგადოებასთან გაუცხოებასა და ჰედონისტურ მოცალეობაში არიან გამოსახულნი, ამ მიკროსოციუმის და ინდივიდების პარადული თუ ჯგუფური პორტრეტები წარმოაჩენს საბჭოთა ნატიფი ხელოვნების მომიჯნავე „ასასახ“ განზომილებას.

სერგო ფარაჯანოვი, ალბერტ დილბარიანი. 1988
ალბერტ დილბარიანი დაიბადა თბილისში, 1928 წელს. თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა 1952 წელს, სადაც მას ასწავლიდნენ უჩა ჯაფარიძე და კორნელი სანაძე. ხელოვანი უმთავრესად ქმნიდა ყოფითი სცენების ამსახველ ნამუშევრებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებსა და პორტრეტებს. მისი ნამუშევრები საქართველოსა და მსოფლიოში (ლიტვა, პოლონეთი, იტალია, უკრაინა, გერმანია) იფინებოდა 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე (1991წელი). დილბო იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967წელი). პირველად მისი ნამუშევრები 1963 წელს გამოიფინა პარიზში; ისინი დაცულია მსოფლიოს არაერთ მუზეუმში (ზიმერლი-ნიუ-ჯერსი; აშშ, ეროვნული გალერეა, ხელოვნების მუზეუმი-თბილისი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი-ერევანი, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი-მოსკოვი). საბჭოთა პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო გამოფენებში.
დილბოს ბიოგრაფიაში განმსაზღვრელია ორი საკითხი, ესენია- 1960-იანელთა თაობის კონტექსტში მისი ეული პერსონა და თბილისური ფერწერული სკოლა, როგორც ინტერკულტურული არტისტული დაჯგუფება. რაც შეეხება 1960-იანელთა თაობას და მის თანამედროვეებში დილბოს განყენებულობას, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ქართული პოსტსტალინსტური სახვითი ხელოვნების ახალი ტალღის არტისტული მისწრაფებების განვრცობა - 1960-იანელები უმთავრესად საბჭოთა ხელოვნების მოდერნიზაციას ახდენდნენ ავანგარდული და ფრანგული მოდერნისტული სტილების შემოტანით, მათი ქართულ კულტურასთან შერწყმით, ასევე ეროვნული კულტურული იდენტობის აღდგენით და სოცრეალისტური კანონიკის უგულებელყოფით. ამ თაობის წარმომადგენლები იყვნენ: ედმონდ კალანდაძე, ლევან ცუცქირიძე, შურა ბანძელაძე, პიკო ნიჟარაძე, ხიტა ქუთათელაძე, ჯიბსონ ხუნდაძე და სხვები.

ალბერტ დილბარიანი. შეყვარებულები ეზოში. ზეთი, ტილო. 70 x 56 სმ. 1970. ათინათის კერძო კოლექცია
მსგავს არტისტულ ამბოხს და დასავლური სკოლის იმიტაციას დილბოსთან ვერ აღმოვაჩენთ და უფრო მეტიც, იგი მის თანამედროვეთაგან განსხვავებით, არც ფერთა რევოლუციას, ანუ ფრანგულ ექსპრსეიონისტულ კოლორიტს და არც უსაგნო ხელოვნებას ეძებდა. უმთავრესად დილბოსთან ინტენსიურად იკითხება მეორე ხაზი, საკუთრვ თბილისური ფერწერული სკოლის სახით, რომლის წარმომადგენლები იყვნენ: ავთო ვარაზი, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი, თემო ჯაფარიძე... ამ სკოლისთვის სტილისტურად დამახასიათებელი იყო: მონოქრომული კოლორიტი, ინდივიდის საზოგადოებასთან გაუცხოების ფენომენი (პორტრეტებში), წარსულის ლირიული რეფლექსია, რომანტიზმი, პასეიზმი, საყოფაცხოვრებო ნივთებში არეკლილი დეკადები, რაც ნატურმორტებსა და კოლაჟებშიც ვლინდებოდა. ყველა მახასიათებელი წარმოადგენს ალბერტ დილბარიანის მხატვრულ მთლიანობას. თუკი ვინმესთან შეიძლება მხატვრის კორელირება ლოკალური და მსოფლიო მხატვრობიდან, ესენი არიან : ჰაიმ სუტინი, ჯორჯო მორანდი, სეზანი, პიკასო მარიო სირონი (ნოვეჩენტო), ნიკო ფიროსმანი, ალექსანდრე ბაჟბეუქ მელიქოვი. ჩამოთვლილი არტისტული „კორელანტები“ არ გულისხმობს ხისტ პარალელებს, არამედ იქმნება მცდელობა კონკრეტული სტილური ჩანართებით და საერთო სულისკვეთებით დილბოს უფრო ფართო კონტექსტში გადააზრების. მათი საერთო მახასიათებელს კი წარმოადგენს ერთგვარი რთული და ბანალური დიალოგი - ძველის ახალთან, ინოვაციის ტექნესთან, ოსტატობის არტისტულ ეგოსთან, მოხმობილი მხატვარები საცეცებით კოორდნირდებოდნენ თანამედროვე ხელოვნებაში, რათა „უკვდავის“ და „მარადიულის“ პროფანაცია არ დაეშვათ; მათ ერჩივნათ მოდერნულ გამოძახილებზე მეტად, ზოგადად ფერწერასთან ყოფილიყვნენ გულწრფელნი. დილბოც ამდაგვარი გზით წავიდა, უფრთხოდა ზედაპირულ მედასავლეთეობას, თუმცაღა ქმნიდა პირუთვნელად ტიფლისურ მოდერნს, ანუ დასავლურს...
დილბოს ფერწერულ-გრაფიკულ ნამუშევრებში დომინირებს ყოფითი სცენები, პორტრეტები, ნატურმორტები და ურბანული პეიზაჟები. თითოეული ჟანრი ჰარმონიულად არის აწყობილი თანატოსის არქეტიპზე, მხატვრის ვიზუალურ თხრობაში და თუგინდ მასალის გამოყენებაში იკვეთება თანატოსით ეროსზე გამარჯვების ციკლი. დილბოს მრუმე ფერები, მონოქრომულობა და კონკრეტული ინტენსიური ფერის დაბალ სიხშირეზე დასმა, მოგვასწავებს დიდი კლასიკოსების ოპუსებს, რომლებიც ონტოლოგიურ აბსურდს, ამაოებას და ტოპოსის ეთერულობას, განათების დრამატურგიით აღწევდნენ (ველასკესი, რემბრანდტი, კარავაჯო...).
პორტრეტები
ალბერტ დილბარიანის პორტრეტებში გამოსახული ადამიანების ტიპიზირება რთულია სინემატურ- ფოტოგრაფიულ თუ ფერწერულ ხატოვანებასთან. ისინი სკულპტურულად თუ რელიეფურად აღიქმება, მრგვლოვანია და სივრცობრივი. თითოეული ფიგურა თავისი მზერით და სტატიკურობით სტერილურ კომუნიკაციაშია ჩვენთან. ყოველი მათგანი მხატვრისთვის ძვირფასია და სწორედ ამიტომაც ლაკონურად და ძუნწად გვიზიარებს. ამ ჟანრში დილბო რამდენამდე ვუაიერისტია და ადამიანებს მარიონეტულად ფლობს „გაუპრანჭავი ფერწერული თეატრისთვის“. მხატვარი არც ემპათიას ავლენს მათ მიმართ, სურს მათი ავკარგიანი ზნე, ხასიათი გამოკვეთოს. იგი, როგორც პორტრეტისტი, სტოიციზმის ჭრილში ხედავს ადამიანის სილამაზეს - „გაუბზარაობაში“. ის ნიუანსი, რომ ეს პორტრეტები მხატვრის თანადროულია, ვიდრე ანაქროისტული, თითქოს ამ უკანასკნელზე მეტყველებს ძუნწ კამერულ ფონსა თუ სამოსზე ამონათაბული ორნამენტები.

ალბერტ დილბარიანი. არლეკინი. ტილო, ზეთი. 60,2x48,2სმ. 1974
ნატურმორტები
დილბოს ნატურმორტები ტერაკოტულია, მონოქრომული ფერადოვნების და მოცულობითი აღქმის ასპექტით. მასთან ნატურმორტის ეტიმოლოგია, ანუ მკვდარი ბუნების კონცეპტი „ფერწერულად“ განსხეულდება. საგნები უცნაურად მრგვლოვანია, მოცულობითი, ყოფითზე მეტად თვისობრივი, სეზანისტურად არაპარადული და ძუნწი; ამ ნიუანსებით ვახდენთ მხატვრის ფსიქეის დეკოდირებას. ნატურმორტებში ასახული ხილი, საკერავი მანქანა, ქალის ქუდი, ყვავილები, არღანი, ნახშირის უთო, სამოვარი, ლარნაკი, ჭურჭელი ფაქტურულად თუ ტაქტილურად ხმელია, ნედლი და „სოფიზმით“ გაჯერებული. უსულო ნივთები ადამიანთა ღირებულების და ეპოქის სულისკვეთების იდეებთანაა ბმაში. ნატურმორტები დილბოს პორტრეტების გაგრძელებაა; ანუ საგნის მატერიალური სხეული ადამიანის გარეშე არაა თვითკმარი. საგანთა წესრიგი ლირიულია და რაციონალურიც; საგანთა წესრიგზე მეტად ნატურმორტებს დილბოს იდეათა სამყარო მიესადაგება. მხატვარს ასევე შემოაქვს დაკარგული დროის შეგრძნებები, სადაც იგი კონკრეტული ობიექტის ხატვის დროს, უახლოვდება მათ მფლობელებს, მათთან ერთად გატარებულ, დაკარგულ-ნაპოვნ დროს... საგნები და მათი მფლობელები დროში გაფანტული და შემდგომ მხატვრის მიერ შეკრული მასაა. მისი ნატურმორტები არ დემონსტრირებენ სუნებით, გემოებით, სიმდიდრით, სოციალური კლასით, ნივთიერი ქსოვილით, არამედ ყველასა და ყველაფრის დროში ცვეთაზეა თხრობა აგებული. ეს გოთიკური პოეზია და ენტროპია დილბოსეული სიცოცხლისადმი სიყვარულია. თითოეული ობიექტი თუ ნივთი ეროვნულ (სომხურ) მსოფლაღქმას წარმოაჩენს, რამეთუ გამოსახული საგნები მეხსიერების ძაფს, გენეტიკურ კოდს, მარადიულობას და ისტორიულ რუინებს უფრო ებმის, ვიდრე ახალ ყოფას...

ალბერტ დილბარიანი. სუპოვნიკი. ზეთი, ტილო. 42x52 სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია

ალბერტ დილბარიანი. ნატურმორტი თევზით და წითელი კვერცხებით. ზეთი, ტილო. 63,5 x 73 სმ. 1968. ათინათის კერძო კოლექცია

ალბერტ დილბარიანი. ნატურმორტი. ზეთი, ტილო. 60,2x65,6 სმ. ათინათის კერძო კოლექცია

ალბერტ დილბარიანი. ნატურმორტი. დოქი ჩაიდნით. 1985. 28,5x19სმ. 1985
ყოფითი სცენები და ურბანული პეიზაჟები
სოციალისტური, რეალისტური და აკადემიური ფერწერული ცნებები არც ამ ჟანრებში იკვეთება. თბილისის ძველი უბნების ურბანულ პეიზაჟებში შეიგრძნობა ტრაიბალური და რიტუალური მსვლელობები. ძველი ქალაქი თავისი არქიტექტურული იერსახით აგორაა თუ პარნასი; ფრივოლური პერსონაჟები, ეთნიკურად ჭრელი კასტები, მეძავეები და გაუცხოებული ადამიანები პილიგრიმებივით მიემართებიან ტიფლისური მექისკენ; პოლისი მათთვის ტაძარივით საზიაროა და აპოლიტიკური. წინამორბედ ჟანრებში შესრულებული ნამუშევრების მსგავსად, აქაც დომინირებს ხნოვანების, ცვეთის, წარსულის რომანტიკული დატირება. ალაყაფი, აივნების ტვიფრები, შენობის ფასადური სამკაულები, სამოსი, ტრაპეზები ქმნის ფიროსმანისეულ ეპიკურ მუხტს, თხრობას-დროსა და სივრცეში ყოვლისმომცველი განფენილობით... ურბანული პეიზაჟები და ყოფითი სცენები ხშირად ერთმანეთს ენაცვლებიან, ან კიდევ ორი ჟანრით იკვრება კომპოზიცია. დროის შეგრძნება აპკისებურად აკრავს თბილისს, მის მოქალაქეებს და დიდ მონოქრომულ ბურუსში იკარგება რეალობა; ხშირად სასურათო განათება სიურეალისტური სცენის, უტოპიის და „დაკარგული სამოთხის“ შეგრძნებებს ბადებს, განათება თეატრალურია, ყველაფერი უკიდურეს პირობითობაში არსებობს...

ალბერტ დილბარიანი. დღესასწაული. ზეთი, ტილო. 90,7x75სმ. 1968. ათინათის კერძო კოლექცია

ალბერტ დილბარიანი. სახლი წითელი სახურავით. ტილო, ზეთი. 60x62სმ. 1979
P.S.
დილბოს არ უყვარდა საკუთარ თავზე საუბარი, არც არტისტული ტრუიზმებით ჟონგლირებდა, მისი შემოქმედებითი გენიალურობა, სიმირტივითა და სირთულითაა ყოვლისმომცველი. მან ყოველგვარი აროგანტულობისა და არტისტული ეპატაჟის გარეშე შექმნა მისი „სულის ბიოგრაფია“; ნამდვილი ნეოკონსერვატორი იყო - სიახლესთან ფრთხილი და სიძველესთან შემწყნარებელი. იგი ტრადიციონალისტურ პრიზმაში გარდაქმნიდა და აწახნაგებდა ნოვატორულს, ამავდროულად ძველისა და ახლის შერიგებასა და სინთეზში უსხლტდებოდა საბჭოთა რეალობა, თუმცა არსებობდა გამონაკლისიც ავტოპორტრეტის სახით, სადაც ხელოვანი „ჯამბაზის თვალთახედვით“ ცხადად ამათრახებს საბჭოთა წყობას.

ალბერტ დილბარიანი. 1984
ზოგადად, ინდივიდუალიზმის და თვითობის გამომხატველი ავტოპორტრეტების ტრადიცია საბჭოთა საქართველოში იკარგება, რადგანც ყველას ავტოპორტრეტული სარკე ბელადი უნდა ყოფილიყო ან კიდევ სანიმუშო- „Homo Sovieticus“. დილბოს შემოქმედების აკმეისტურ წერტილად თუ ეპილოგად გვევლინება ავტოპორტრეტი, სადაც მხატვარი საკუთარ თავს აიგივებს ჯამბაზთან. იგი სევდიანი გამომეტყველებით სერავს სასურათო სიბრტყეს და მხოლოდ ამდაგვარი გზით ეძებს შემოქმედებით-პიროვნულ თვითობას - ამათრახებს ეგოს, საბჭოთა წყობას თუ ბიოგრაფიას, რითაც ცხოვრებაზე ირონიით გამარჯვებას ცდილობს (ჯამბაზის ამპლუას იყნებს ორ ავტოპორტრეტულ ნამუშევარში - დედასთან და ცოლ-შვილთან). მსგავსი ეპოქალური ავტოპრტრეტი ეხმიანება კაკაბაძის, ქიქოძის, ახვლედიანის ფერწერულ პარადიგმებს თვითობის ძიების კუთხით. დილბოს ზემოხსენებული ნამუშევარი საბჭოთა პორტრეტულ ჟანრში მოწინავეა, რომელიც ერთიან ეპოქალურ ალეგორიად კრავს თვითრეფლექსიასა და პოლიტიკურ ქვეტექსტს.