menu

ყაჯარული ფერწერა - ათინათის კოლექცია

XVIII-XIX სს-ის ირანულ დაზგურ ფერწერას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არა მხოლოდ ირანის, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. მას ხშირად ყაჯარულ ან ირანულ სამეფო ფერწერასაც უწოდებენ, რადგან მისი ჩამოყალიბება და განვითარება უშუალოდ ირანის სამეფო დინასტიის - ყაჯართა მმართველობის დროს მოხდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ყაჯართა ეპოქის დაზგური ფერწერის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციას ფლობს. 


აბას მირზას პორტრეტი, უცნობი ავტორი,. ირანი. XIX ს-ის პირველი ნახევარი.  ტილო/ზეთი,  81-60 სმ. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი


ყაჯართა დინასტია ირანის სათავეში XVIII ს-ის ბოლოს მოდის. მისი დამაარსებელი, აღა-მაჰმად-ხანი (1789-1797), სასტიკად უსწორდება ირანის იმდროინდელ მმართველებს-ზენდის საგვარეულოს და ახერხებს ქვეყნის გარეთიანებას და გაძლიერებას. მისი მემკვიდრე ფათჰ-ალი შაჰი (1797-1834) რთულ სიტუაციაში იბარებს ქვეყანას რუსეთის,  ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებთან მუდმივ დიპლომატიურ და ფიზიკურ  ომში ჩართული, რომელიც დიდი თამაშის სახელით შევიდა XIX საუკუნის პოლიტიკურ ისტორიაში. მიუხედავად რთული პოლიტიკური სიტუაციისა და წაგებული ომებისა და ტერიტორიებისა, მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის კულტურული ცხოვრების აღმავლობა. ფათჰ-ალი შაჰი სრულიად გამორჩეულ მხატვრულ სტილს აყალიბებს, რომლის მეშვეობითაც გარკვეულ იდეოლოგიურ მესიჯებს უგზავნის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მტრებსაც და მოკავშირეებსაც.  მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი დინასტიათა შორის მჭიდრო კავშირი და მათი უწყვეტობაა. ყაჯარები ირანის მითიური თუ რეალური მმართველების (ყაიანიდები, სეფიანები) ტრადიციების გამგრძელებლებად მოიაზრებიან, ამიტომ ფათჰ-ალი შაჰი აღადგენს მათ მიერ აშენებულ სასახლეებს, ათავსებდა წინამორბედთა გამოსახულებებს თანამედროვე ძეგლებზე. მისი მმართველობის დროს ირანული ხელოვნების სტილი გახდა მონუმენტური, რეპრეზენტატული და ამაღლებული. ახალი საერო ნაგებობები  მდიდრულად იმკობოდა დეკორატიული და პოეტური ფერწერული ტილოებითა და კედლის მხატვრობით. მათში აღმოსავლური ხედვა და სტილისტიკა ევროპული ფერწერის ტექნიკას ერწყმოდა, რის შედეგადაც იქმნებოდა სრულიად განსხვავებული, სიცოცხლითა და გრაციოზულობით აღსავსე ფერადოვანი ტილოები. ეს ახალი სტილი მოგვიანებით სამეცნიერო ლიტერატურაში ყაჯარული ხელოვნების სახელით ხდება ცნობილი.


მიღება შაჰის კარზე. უცნობი ავტორი,. ირანი. XIX ს-ის პირველი ნახევარი.  ტილო/ზეთი,  105-70 სმ. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი


სულ ახლახან ფონდმა ათინათმა არაჩვეულებრივი სპარსული ფერწერა შეიძინა, რომელზეც   ყაჯართა დინასტიის მეორე მმართველის ფათჰ -ალი შაჰის(1797-1834) საზეიმო მიღების სცენააა გამოსახული. ღია აივანზე, რომლის უკანაც წარმტაცი პეიზაჟი იშლება ფიჭვის ხეებით და სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობით, კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენლია ფარშევანგის ტახტზე მჯდომი საზეიმო სამოსში გამოწყობილი ფათჰ -ალი შაჰი, თავზე ბრწყინვალე გვირგვინით. მის ორივე მხარეს ორ რიგად განლაგებულნი არიან  სამ-სამი დიდგვაროვანი და უფლისწული. ისინიც ასევე გვირგვინებით, ტიურბანებითა და ძვირფასი სამოსით არიან წარმოდგენილნი.


ფათჰ-ალი შაჰი და სამეფო კარისკაცები. ტილო, ზეთი. 109,5x147,5სმ. დაახლ. 1815წ. ათინათის კერძო კოლექცია


კომპოზიციაში სჭარბობს  ჟღერადი ოქროსფერი, წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერების კოლორიტული გამა. ფერწერაზე წარმოდგენილი კომპოზიცია მინიატიურული ასლია დიდი ფერწერული ტილოსი, რომელიც თეირანის შემოგარენში მდებარე ყაჯართა ერთ-ერთ რეზიდენციის-ნეგარესტანის სასახლის მთავარ მისაღებ დარბაზს ამშვენებდა. აქ გამოსახული იყო ირანული ახალი წლის- ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების სცენა. სასახლის ფერწერაზე, რომელიც ათინათის კოლექციასი დაცული ფერწერის პირველწყაროს წარმოადგენს, კომპოზიცია უფრო მასშტაბური და მრავალფიგურიანი იყო და მასზე, უფლისწულებისა და სამეფო კარის ვაზირების გარდა, წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები, სამხედრო პირები და ასევე, სხვა მნიშვნელოვანი პიროვნებები. ორიგინალურ ფრესკაზე ყველა პერსონაჟს ჰქონდა სპარსული წარწერა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო წარმოდგენილი პერსონაჟების იდენტიფიკაცია. ნეგარესტანის სასახლის შაჰის საზეიმო მიღების სცენა მხატვართა ჯგუფმა შეასრულა მხატვარ აბდალაჰის მეთაურობით 1812-13 წწ.  იმავე წლებში  მხატვართა სხვადასხვა ჯგუფების მიერ, მსგავსი საზეიმო მონუმენტური სცენებით შეიმკო  ყუმის, ყარაჯის, ისფაჰანის  სასახლეების კედლები. 1812-1834 წლებს შორის შესრულდა ასევე ამ მონუმენტური ფერწერების მცირე ზომის ასლები, რომლებიც  დიპლომატიურ ან სამახსოვრო საჩუქრებად  გადაეცემოდა სხვადასხვა პიროვნებებს როგორც ირანში, ასევე სხვა ქვეყნებში. მათი ნაწილი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში, ნაწილი კი, კერძო კოლექციებშია დაცული. ამ ფერწერულ ნამუშევართა ნაწილზე არის სპარსული წარწერები, რომლებითაც შესაძლებელია გამოსახული პერსონაჟების იდენტიფიკაცია. საქართველოში დაცულ ნიმუშზე ასეთი წარწერები არაა, თუმცა, ნამუშევრის შესრულების მანერა, ნახატის კომპოზიციური  სტრუქტურა, გამოსახული პერსონაჟები, ფორმების გადმოცემის დახვეწილი, რაფინირებული სტილი და კოლორიტი მიუთითებს, რომ ეს ფერწერაც ამავე პერიოდში, 1810-20 იან წლებში უნდა იყოს შესრულებული (ამაზე აუქციონის ლოტში მითითებული თარიღიც ადასტურებს -1815 წელი) და დიპლომატიური ძღვენის სახით  უნდა ყოფილიყო გაგზავნილი ევროპაში. ამას, ასევე, ადასტურებს აუქციონის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტიც, სადაც მითითებულია, რომ ფერწერა შეძენილია ლონდონში მცხოვრები ირანელი დიპლომატისგან.






ირანის სამეფო კარის ბრწყინვალება დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა უცხოელებზე. გართობათა, მიღება-წვეულებების, ნადირობის, თავად შაჰის, მისი უფლისწულების ჩაცმულობისა და სასახლეთა ინტერიერების მორთულობების შესახებ საინტერესო ცნობები (და ზოგჯერ, დაწვრილებითი აღწერებიც) მოიპოვება მათი თვითმხილველი, ფათჰ-ალი შაჰის თანამედროვე ფრანგებისინგლისელებისრუსებისა და სხვათა ჩანაწერებში.

მრავალმხრივ განათლებული, პოეზიის მოყვარული, თავადაც პოეტი და დიდი ესთეტი ფათჰ-ალი შაჰი  განსაკუთრებით ზრუნავდა სახვით ხელოვნებაზე - იგი დიდი გულმოდგინებით უკვეთდა სასახლეთა მორთულობებს, პირადად არჩევდა სიუჟეტებს მათი შემამკობელი ფერწერისათვის. შაჰის სამეფო კარის მხატვრების - მირზა ბაბას, მიჰრ ალის, აბდალაჰისა და სხვათა ნამუშევრები  თანამედროვე ევროპელთა გულწრფელ აღტაცებას იწვევდა. მათი საუკეთესო ნამუშევრები საჩუქრების სახით ეძლეოდათ უცხოელ ელჩებს და სამეფო კარზე ეგზავნებოდათ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის გვირგვინოსან მბრძანებლებს.






საინტერესოა, რომ თავად ყაჯარულ ხელოვნებას, განსაკუთრებით კი მის წამყვან დარგებს, დაზგურ და მონუმენტურ ფერწერას მსოფლიო აღიარება შედარებით გვიან , მეოცე საუკუნის გვიან 90 იან წლებში ეწვია, როდესაც ბრუკლინის მუზეუმსა  (აშშ) და ბრუნეის გალერეაში (დიდი ბრიტანეთი) დიდი გამოფენები ჩატარდა  სახელწოდებით ყაჯარული სამეფო ფერწერა. ამ გამოფენების კურატორები იყვნენ ისლამური ხელოვნების ცნობილი მკვლევარები ლეილა დიბა, მარიამ ეხთიარი, ჯულიან რეიბი. ორივე გამოფენამ გადატრიალება მოახდინა სამეცნიერო წრეებში და ყაჯართა ეპოქის ირანულ ხელოვნებას სათანადო ადგილი მიუჩინეს ირანული ვიზუალური კულტურის ათასწლეულების ისტორიაში. თუმცა, აქვე  გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ამ ხელოვნების დაფასებისა და აღიარების  ჯერ არანაირი სიმპტომი არ ჩანდა, საქართველოში  ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით დაარსდა პირველი სახვითი ხელოვნების გალერეა, სადაც მუდმივ ექსპოზიციაში 1920 წელს ქართული და დასავლეთევროპული  დაზგური ფერწერის გვერდით იფინება  ყაჯართა ეპოქის  დაზგური ფერწერის ის ნიმუშები, რომლებიც მოგვიანებით შალვა ამირანაშვილის მუზეუმის დღევანდელი უმდიდრესი კოლექციის ბირთვი გახდა. საინტერესოა, რომ პირველი სამეცნიერო კვლევები ყაჯარული ფერწერის შესახებ, ასევე, ქართველ მეცნიერს აკადემიკოს შალვა ამირანაშვილს ეკუთვნის, რომელიც 1930 იან წლებში ამზადებს და ბეჭდავს ირანული დაზგური და მინიატიურული ფერწერის  ნიმუშების ილუსტრაციებს საფოსტო ბარათების სახით, 1940 და 1941 წლებში კი უშვებს ორ მონოგრაფიას გვიანირანული  დაზგური და მინიატიურული ფერწერის შესახებ, სადაც პირველად  განიხილავს ყაჯარული ფერწერის ფენომენს, ასახელებს მისი წარმოშობის სხვადასხვა წყაროებს და აღნიშნავს, რომ ეს ხელოვნება ირანელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაგროვილი მხატვრული ფორმების, ადგილობრივი და უცხოული გავლენების სინთეზისა და თვითმყოფადი ირანული მხატვროლი კულტურის ორგანული ნაწილია, რომელმაც ერთგვარად დააგვირგვინა ხელოვნების განვითარების ეს რთული, წინააღმდეგობრივი და სრულიად უნიკალური  მოვლენა, რასაც საუკუნეებისმანძილზე ჩამოყალიბებული ირანელთა  ეროვნული იდენტობა ეწოდება.