სვანეთი განსაკუთრებით მიმზდიველია არა მარტო ბუნების დიდებულებით, არამედ კულტურული მემკვიდრეობის იშვიათი სიმდიდრითაც. შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლების გარდა სვანეთის საგანძურში შემონახულია უცხოური წარმომავლობის არა ერთი ნაწარმოები. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ბიზანტიური ხელოვნების ორი შესანიშნავი ნაწარმოები – მაცხვარიშის ჯვარი და ლაგურკის ‘შალიანის ხატის’ სახელით ცნობილი ‘ძელი ცხოველის’ რელიკვარიუმი.
‘შალიანის ხატი’ ზემო სვანეთის უპირველეს სალოცავში, წმ. კვირიკეს (ლაგურკა) სახელობის ეკლესიაში, ინახება. ეს პატარა დარბაზული ტიპის ეკლესია კალას თემში, მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირზე, მთის თავზე დგას. ნაგებობა გარეგნულად დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორიაში მან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა – მის კედლებს შემორჩა მე–12 საუკუნის ბრწყინვალე მოხატულობა, შესრულებული მეფის მხატვრის თევდორეს მიერ, ხოლო მის საგანძურში თავმოყრილია შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, მათ შორის, ბიზანტიური წარმომავლობის ‘შალიანის ხატიც’.

შალიანის ხატი
უცნობია, როგორ მოხვდა ეს ბიზანტიური ხატი სვანეთში. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ოდესღაც იმერეთის ერთმა მეფემ ას სვანს გეგუთის ველის მოთიბვა დაავალა. ერთ-ერთ მათგანს, ვინმე შალიანს, მთელი ამ სამუშაოს შესრულება თავად უკისრია, იმ პირობით, რომ ჯილდოს თვითონ აირჩევდა. შალიანმა პირობა შეასრულა და ჯილდოდ ეს რელიკვარიუმი მოითხოვა. აქედან მომდინარეობის ხატის სახელწოდებაც. სვანეთისკენ მიმავალ შალიანს გზად კალის თემის მაცხოვრებლები გადაუდგნენ, მოკლეს იგი და ხელთ იგდეს ხატი. შემდეგ მათ ორი მოზვერი უღელში შეაბას, გამოაბეს მასზე მორი, ზედ ხატი შემოდეს და ბედის ანაბარად მიუშვეს. მოზვრები მთაზე ავიდნენ და სწორედ იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც წმ. კვირიკეს ეკლესიაა.
‘შალიანის ხატი’ ოდითგანვე მთელი სვანეთის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა. აბრეშუმის ქსოვილში გამოხვეულ და შეჭედილ ყუთში ჩასვენებულ ხატს იშვიათ შემთხვევაში თუ გახსნიდნენ. ხატს ყუთიდან მხოლოდ წელიწადში ორჯერ – შაბათს სააღდგომოდ და 28 ივლისს, წმ. კვირიკეს დღეს, ამოასვენებდნენ ხოლმე. ვინაიდან ‘შალიანის ხატს’ მკურნალი ძალა მიეწერებოდა, მას წყალში ავლებდნენ. ეს წყალი წმინდა წყლად ითვლებოდა და სასწაულმოქმედი საშუალება იყო სნეულთათვის.
‘შალიანის ხატი’ გამორჩეულია მდიდარი მოკაზმულობითა და შესრულების მაღალი დონით. მისი დეკორი აერთიანებს ჭედურობას, ტიხრულ მინანქარს და ნახევრადძვირფასი ქვებით მორთულობას. რელიკვარიუმი შელახული სახითაა შემორჩენილი. ესაა სანაწილე ხატი. იგი რელიკვარიუმის ერთ-ერთ გავრცელებულ ტიპს ე.წ. სტავროთეკას განეკუთვნება. იგი განკუთვნილია როგორც წმინდა ნაწილების, ასევე ‘პატიოსანი ჯვრის’ ფრაგმენტების შესანახად. ესაა სწორკუთხა ფორმის ხის ყუთი (31×23×4.5 სმ.), რომელიც მოოქრული ვერცხლის ფურცლებითაა შემოსილი. ყუთის ზედა ფირფიტა გამოსაწევი სახურავია, შიგნით კი ჩაღრმავებული ექვსმკლავა სახის უჯრედია ამოჭრილი.
ხატის შიდა ნაწილი ჭედური ხელოვნების ნიმუშია. კომპოზიციის ცენტრში გამოჭრილია ოთხ საფეხურზე შემდგარი გოლგოთის ექვსმკლავა ხის ჯვარი, რომელიც გამიზნულია ‘პატიოსანი ჯვრის’ ჩასასვენებლად. კომპოზიციის კუთხეში ოთხი კარშებმული პატარა უჯრედია, წმინდა ნაწილების შესანახად. ოთხსავე კარზე წმინდანთა რელიეფური ფიგურებია გამოსახული (წმ. პეტრე მოციქული და წმ. ელია წინასწარმეტყველი, წმ. იოანე ნათლისმცემელი და წმ. პავლე მოციქული). ჯვრის თავზე ორი მედალიონია წმ. მიქაელ და წმ. გაბრიელ მთავარანგელოზთა ნახევარფიგურებით. ხის ჯვრის აქეთ-იქით წმინდანთა – ჯვრის კულტის დამდგენელის, კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, დედოფალ ელენეს, გოლგოთის ჯვრის ხელმეორედ აღმომჩენის – ფრონტალური ფიგურებია მოთავსებული.
რელიკვარიუმის გამოსაწევი სახურავი მდიდრულადაა მორთული. ცენტრში ოქროს ფირფიტაა მინანქროვანი ჯვარცმის სცენით. მისი ჩარჩო აკანთის ფოთლოვანი ორნამენტითაა მოჭედილი. კომპოზიციას გარს ევლება მრავალრიცხოვანი ნახევრადძვირფასი ქვებით შემკული ფართო არშია. ქვების ბუდეები სხვადასხვა ფორმისაა და მკაფიო რეგულარულ ნახატს ქმნის.
რელიკვარიუმის ზურგზე გამოჭედილია ‘ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის’ სცენა, რომელსაც ორნამენტული არშია ევლება გარშემო. ფირფიტა ვერცხლისაა, მოოქრული. ვერცხლის ფირფიტები ამკობს გვერდით წახნაგებსაც, რომლებზეც ერთი სახის დეკორატიული კომპოზიციაა: მედალიონებში ჩაწერილი წმინდანთა ნახევარფიგურებისა და ჯვრიანი მედალიონების მონაცვლეობა. მედალიონები ერთმანეთს უკავშირდება წრეებით, რომლებშიც მრავალფურცლა ყვავილებია ჩასმული, ხოლო ზემოდან და ქვემოდან ორნამენტული ყლორტებია დამატებული.
ხატის იკონოგრაფიული სქემა ემყარება ბიზანტიურ ტრადიციას, კერძოდ, ბიზანტიურ რელიკვარიუმებზე საკმაოდ ხშირად გამოყენებულ თემას, რომელიც აერთიანებს ჯვარცმის, მკვდრეთით აღდგომისა (უკანასკნელი აქ წარმოდგენილია ჯოჯოხეთს წარმოტყვევნის სცენით) და ხსნის იდეას. ‘ჯვარცმისა’ და ‘ჯოჯოხეთს წარმოტყვევნის’ სცენათა კომბინაცია შედარებით იშვიათია ბიზანტიური სტავროთეკების გაფორმებაში: მის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს რელიკვარიუმი სიენიდან (მე–14 ს.)
‘შალიანის ხატის’ მნიშვნელოვან მხატვრულ ელემენტს გამოსაწევ სახურავზე მოთავსებული ოქროს ფონზე ტიხრული მინანქრით შესრულებული ჯვარცმის სცენა წარმოადგენს. სიმეტრიულად აგებული კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ჯვარზე გაკრული მაცხოვარი, მის აქეთ-იქეთ ღმრთისმშობელი და იოანე მახარობელი, ზემოთ, ჯვრის ორსავ მხარეს – მფრინვალ ანგელოზთა ნახევარფიგურები, ასევე მზე და მთვარე. აგებულების სიმკაცრეს შეესაბამება თავშეკავებული კოლორიტი. ოქროს ფონზე გამოსახულებათა სამოსის მოლურჯო-მოცისფრო ტონებია განაწილებული, წარწერები მოყავისფრო-წითელია. ჯვარცმის კომპოზიციის კოლორიტთან ჰარმონიულად არის შეხამებული მისი არშიების მუქი ყავისფერი სარდიონის თვლებიც. ჯვარცმის სცენის ქვემოთ, სამსტრიქონიან ბერძნულ წარწერაში (იამბიკო), მოხსენიებულია ვინმე ილარიონი, – როგორც ჩანს, რელიკვარიუმის მომგებელი.

შალიანის ხატი. ჯვარცმა. მინანქარი
‘შალიანის ხატის’ ჯვარცმის ტიხრული მინანქარი ბიზანტიური სამინანქრო ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლების ჯგუფს მიეკუთვნება. რელიკვარიუმის მთლიან დეკორს ერთიანი იდეა და მხატვრული გადაწყვეტა უდევს საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ნაწილებს შორის სტილისტური სხვაობა შეინიშნება, ხატის ყველა ნაწილი ერთდროულად უნდა იყოს შესრულებული, კერძოდ, მე–12 საუკუნის ბოლოსა და მე–13 საუკუნის დასაწყისში, ადრეული ნიმუშების (მე–10–მე–11 სს.) გავლენით, რაც გამოვლინდა ჭედურობაშიც, მინანქარშიც და ძვირფასი თვლების სამკაულებშიც.
‘შალიანის ხატის’ შესრულების უმაღლესი ხარისხი, მდიდრული დეკორის ბრწყინვალება და სინატიფე მას შუა საუკუნეების მცირე ფორმათა ხელოვნების ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშად აქცევს.