menu

‘ვეფხისტყაოსნის’ დასურათებული ხელნაწერები

საქართველოში ძნელად მოიძებნება ვინმე, ვისთვისაც შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსანიარ არის ცნობილი. XII საუკუნეში შექმნილი პოემის ჩვენამდე მოღწეული უადრესი ხელნაწერები XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. სულ  შემორჩენილი 170 ხელნაწერი მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი დასურათებული ნუსხებია.


XVI-XVII საუკუნეები მძიმე ხანაა საქართველოს ისტორიაში. ქვეყანა მოქცეული იყო ორ მძლავრ მაჰმადიანურ სახელმწიფოს – ოსმალეთის იმპერიასა და სეფეიანთა ირანს შორის და  ხშირად მათი პოლიტიკური გავლენის ქვეშაც იმყოფებოდა. ამ გარემოებამ თავისი კვალი დაამჩნია ქართულ კულტურასა და ყოფას. ისლამური აღმოსავლეთის კულტურის  გავლენას განიცდის ამ პერიოდის ქართული ლიტერატურაც და ხელოვნებაც; ირანული გავლენა ჩანს სპარსული ჩვევებისა და ზნე-ჩვეულებების დამკვიდრებაში, სპარსული სამოსის შემოღებასა და სხვა.


ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით, ირანული ხელოვნების გავლენა ყველაზე მეტად ხელნაწერი წიგნის გაფორმებაში გამოვლინდა, განსაკუთრებით საერო ლიტერატურის დასურათებაში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ XVI-XVII საუკუნეებში  მრავლად ითარგმნებოდა სპარსული ლიტერატურა. ხელნაწერები, ჩვეულებრივ, მდიდრულად იყო დასურათებული, რაც ირანული მინიატურით დაინტერესებას იწვევდა. ადგილობრივი მხატვრები მათ ხშირად თავისი ილუსტრაციების ნიმუშებადაც იყენებდნენ.


წერეთლისეულივეფხისტყაოსნისსახელით ცნობილი ხელნაწერის (S-5006. 33X22 სმ.) ტექსტი XVIII საუკუნეშია გადაწერილი, მისი ილუსტრაციები კი XVII საუკუნით თარიღდება. როგორც ჩანს, ხელნაწერი, რომელსაც ეს მინიატურები ეკუთვნოდა დაზიანდა. მინიატურები ამოიღეს და XVIII საუკუნეში წერეთლისეულ ‘ვეფხისტყაოსანს’ დაურთეს. დასურათებაში პოემის სიუჟეტური თანმიმდევრობა დაცულია. თითოეულ მინიატურას ტექსტისგან დამოუკიდებლად ცალკე გვერდი ეთმობა. ისინი შესრულებულია ორი მხატვრის მიერ დროის მცირე შუალედში – XVII საუკუნის პირველ ნახევრაში და XVII საუკუნის 60–70–იან  წლებში. თვალის ერთი შევლებითაც აშკარაა, რომ პირველი მხატვრის მინიატურები (მას 60 მინიატურა ეკუთვნის) XVII საუკუნის ისპაჰანური სამინიატურო ხელოვნების უშუალო გავლენითაა შექმნილი, მეტიც მათ თითქმის არაფერი აკავშირებთ ადგილობრივ ეროვნულ ხელოვნებასთან. დასურათება ირანული ხელნაწერი წიგნის პრინციპებს მისდევს. მხატვარი სიუჟეტურ ამბებს ნაწარმოების იდეური გააზრების გარეშე ასურათებს. მინიატურებზე პოემის არა მხოლოდ ძირითადი და საკვანძო ამბები, არამედ მეორეხარისხოვანი, ზოგჯერ უმნიშვნელო ეპიზოდებიცაა ასახული, მაგალითად, თინათინის გამეფებას ორი მინიატურა ეთმობა: ერთზე როსტევან მეფეს თინათინი ტახტისკენ მიჰყავს, მეორეზე –  თინათინის მეფედ კურთხევაა გადმოცემული. მინიატურების თანმხლები წარწერებიც შესაბამისად განმარტავს სცენებს: ‘აქა როსტევან მეფეს თავისი ქალი ტახტზედ დასაჯდომად მიჰყავს’ და ‘აქა როსტევან მეფემ თავისი ქალი თინათინ ტახტს დასვა’.


        

თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. როსტევან მეფეს თინათინი მიჰყავს ტახტისკენ        


თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. თინათინის გამეფება


წერეთლისეული ‘ვეფხისტყაოსნის’ ილუსტრაციები, ირანული მინიატურების მსგავსად ზედმიწევნით დეკორატიული ხასიათისაა. კომპოზიციები სიმეტრიული და გაწონასწორებულია, ფიგურათა მოძრაობა მშვიდია, გამომეტყველება – ერთგვაროვანი, უემოციო. ერთნაირი გულმოდგინებით არის გამოწერილი მთავარი პერსონაჟების ფიგურებიც და მცირე დეტალებიც, იქნება ეს ყვავილი თუ ორნამანტი.  სასურათო სიბრტყე მთლიანად არის შევსებული რიტმულად განლაგებული ელემენტებით, რაც მინიატურების ხალიჩისებრ აღქმას განაპირობებს და, რაც ასევე ირანული სამინიატურო ხელოვნების ერთ–ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ირანული მინიატურისთვის არის დამახასიათებელი ასევე ფერთა ლოკალური ლაქები, სუფთა, ნათელი და ჟღერი კოლორიტი, ფერთა კონტრასტული შეხამება, გამოსახულებათა დახვეწილი კონტურები, ხაზის ვირტუოზული სინატიფე, ნახატის დეკორატიული ხასიათი.


  

თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობა.


      

თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა



თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. ტარიელი წყლის პირას ზის.


ირანული ხელოვნების გავლენა თავს იჩენს წერეთლისეული ‘ვეფხისტყაოსნის’ მეორე მხატვართანაც (მისი შესრულებულია 26 მინიატურა), თუმცა აქ ქართული მხატვრობისთვის დამახასიათებელი მიდგომებიც ვლინდება. ეს მხატვარი ფერთა უფრო რბილ შეხამებებს მიმართავს; აქ ფონიც ნაკლებად არის დატვირთული სხვადასხვა დეტალით და პერსონაჟებიც შედარებით დიდი ზომისაა. მათ სახეებს უფრო მეტად ახასიათებთ ეროვნული ნიშნებიც, განსხვავებით პირველი მხატვრის გამოსახულებებისგან, რომელთაც ირანული მინიტურისთვის დამახასიათებელი ე.წ. ‘მონღოლური ტიპის’ სახეები აქვთ.


ისპაჰანური წიგნის გაფორმების პრინციპებს მისდევს ე.წ. ავალიშვილისეული  ‘ვეფხისტყაოსანი’ (H-2074. 37X24სმ. XVI-XVII სს.) და ქართლის მეფის, გიორგი XI-ის დაკვეთით კალიგრაფ ბეგთაბეგის მიერ 1680 წელს გადაწერილი ‘ვეფხისტყაოსანი’ (H–54. 44,5X30სმ.). სწორედ ისპაჰანური წიგნის მხატვრული გაფორმებისთვისაა დამახასიათებელი ტექსტის დეკორატიული არშიებით მოჩარჩოება, რომელიც ორივე ამ ხელნაწერშია გამოყენებული.


        

ავალიშვილისეული ‘ვეფხისტყაოსანი’       



ბეგთაბეგისეული ‘ვეფხისტყაოსანი’


საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ირანული ხელოვნების გავლენა არ იყო საყოველთაო; მის გვერდით იქმნებოდა ისეთი მინიატურებიც, რომლებშიც არ არის ასახული ან მხოლოდ გარეგნულად აისახება აღმოსავლური ხელოვნების ნიშნები და, რომლებიც წმინდა ქართულ, ადგილობრივ ტრადიციებზეა დაფუძნებული. ამის ერთ–ერთი საუკეთესო ნიმუშია თავაქარაშვილის სახელით ცნობილი ‘ვეფხისტყაოსნის’ მინიატურები (H-599. 27სმX19სმ.). ხელნაწერი 1646 წელს  ოდიშის მთავრის ლევან II–ის (1611–1657) დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილმა გადაწერა. თავაქარაშვილი იმერეთის სამეფო კარის მდივანი იყო. 1634 წელს ის ტყვედ მოხვდა ლევან დადიანთან. ხელნაწერის ანდერძში მამუკა ამბობს კიდეც  ტყვეობაში ვწერდიო.

თავაქარაშვილის ‘ვეფხისყაოსანში’ 39 მინიატურაა. თითოეულს მთელი გვერდი ეთმობა.  

ზემოგანხილული ხელნაწერებისგან განსხვავებით, თავაქარაშვილის ‘ვეფხისტყაოსნის’ მინიატურები ქართული შემოქმედებითი ტრადიციის ნიმუშს წარმოადგენს. მხატვარს კარგად აქვს გააზრებული პოემის შინაარსი. ის ასურათებს შინაარსობრივად მთავარ, საკვანძო ეპიზოდებს.


           

თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. თინათინის გამეფება.                                                    



თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. ავთანდილის ლოცვა.


თავაქარაშვილის ‘ვეფხისტყაოსნის’ ილუსტრაციებს არ ახასიათებთ წერეთლისეული ხელნაწერის მინიატურათა ხალიჩისებრი დეკორატიულობა; მხატვარი უპირატეს მნიშვნელობას პოემის მთავარი პერსონაჟების გამოსახულებებს ანიჭებს, რომლებიც დიდი ზომითაც გამოირჩევიან და მაყურებელთან ახლოს, წინა პლანზე არიან გამოსახულნი. მინიატურები არ გამოირჩევა წერეთლისეული ‘ვეფხისტყაოსნის’ ილუსტრაციების შესრულების სინატიფით, ფერთა ფაქიზი შეხამებით, დახვეწილი ხაზით, პირიქით გამოსახულებები ბრტყელი და მოუხეშავია, პროპორციულად გაუმართავი, ხაზი ხისტი, შესრულების მანერა რამდენადმე უხეში, მაგრამ მათთვის მეტი გამომსახველობა და უშუალობაა დამახასიათებელი.  


                          

                                    

თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. ტარიელი.



თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. ავთანდილი.


თავაქარაშვილის ‘ვეფხისტყაოსნის’ მინიატურებს სტილისტურად ბევრი აქვთ საერთო შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ე.წ. “ხალხურ” ნაკადის ნიმუშებთან. ირანული ხელოვნების გავლენა აქ უფრო გარეგნულ მხარეში ჩანს – მუხლმორთხმული აღმოსავლური ჯდომის მანერა, თავსაბურავი (ჩალმები, ბუმბულებიანი და ჯიღიანი გვირგვინები და თავსაბურავი).



თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წიგნის დასაწყისში პირველი მინიატურა. ორ იარუსად განლაგებული კომპოზიციის ზედა ნაწილში გამოსახულია ხელნაწერის მომგებელი – ლევან II დადიანი თანმხლებ პირებთან ერთად, ხოლო ქვემოთ პოემის ავტორი – შოთა რუსთაველი და მამუკა თავაქარაშვილი.  რუსთაველი მამუკას უკარნახებს პოემას, რომელსაც ის გრაგნილზე იწერს. საინტერესოა, რომ მხატვრისთვის წინააღმდეგობას არ წარმოადგენს XII და XVII საუკუნეების პირების – რუსთაველისა და თავაქარაშვილის ერთმანეთთან დაკავშირება, მათი, როგორც თანამედროვეთა გამოსახვა. ამ გამოსახულებებში არ არის გადმოცემული მათი ინდივიდუალური პორტრეტული ნიშნები, თუმცა მაყურებელი პოემის პერსონაჟებისგან მათ მაინც განასხვავებს. მამუკა თავაქარაშვილი ხელნაწერში სხვა მინია ტურებზეცაა  გამოსახული.


                                  

თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. ლევან დადიანი. შოთა რუსთაველი. მამაუკა თავაქარაშვილი     



თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსანი’. მამაუკა თავაქარაშვილი  


თავაქარშვილის ‘ვეფხისტყაოსნის’ გარდა, შოთა რუსთაველის კიდევ ორი გამოსახულებაა  შემორჩენილი – იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოხატულობაში (XVI ს.) და XVII საუკუნის მინიატურაზე, რომელიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ის, თავის დროზე, ‘ვეფხისტყაოსნის’ ერთ–ერთ ხელნაწერს (Q-1082) ეკუთვნოდა. მინიატურაზე გამოსახულია ხალიჩაზე ფეხმორთხმით მჯდომი რუსთაველი, მუხლზე გადაშლილი წიგნი უდევს და წერს. სწორედ ეს გამოსახულება დაედო საფუძვლად ამჟამად ფართოდ გავრცელებულ შოთა რუსთაველის  პორტრტებს.      


 

შოთა მუსთაველი. მინიატურა


ჩვენ მიერ განხილული ‘ვეფხისტყაოსნის’ ხელნაწერები კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. მათ გარდა, კიდევ ერთი მინიატურებით შემკული ‘ვეფხისტყაოსნის’ ხელნაწერი (XVII ს.) ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაშია დაცული.