menu

ლევ ბაიახჩევის შემოქმედება

ლევ  ბაიახჩევი 60-იანელთა თაობის მხატვარია, იმ  თაობის, რომელმაც  პოსტსტალინური ლიბერალიზაციის პერიოდიდან (50-იანი წწ.) დაწყებული  საბჭოეთსა და დანარჩენ  მსოფლიოს შორის  ჩამოშვებული  „რკინის ფარდის“  ოდნავი   გადაწევიდან შემოსული  თავისუფლების  ჰაერი ხარბად  ჩაისუნთქა   და   საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებს  აუღო ალღო. იმ დროის მხატვრებიდან ლევ ბაიახჩევი თავისი  ესთეტიკური გემოვნებით და გარკვეული შეხედულებებითაც ყველაზე ახლოს მხატვარ ავთო ვარაზთან  იდგა.  შესაძლოა, ამას ხელი შეუწყო  საწყისს ეტაპზე  საერთო პედაგოგის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის პერსონამ. ლევ ბაიახჩევი ასევე მეგობრობდა თბილისელ მხატვარ  ალბერტ დილბარიანთან.   თბილისელი სომეხი მხატვრების ხელოვნებას (განსაკუთრებით 70-იან წლებისას), სამხატვრო კრიტიკა  ე.წ. „თბილისური სკოლით“ მონათლავს.  ამის თქმის საფუძველს იძლეოდა ის, რომ თბილისში სხვადასხვა დროს  ადაპტირებულმა  სომეხმა მხატვრებმა მოახერხეს  საკუთარი გენეტიკური  სომხური  შემოქმედებითი კოდი დაემუხტათ ადგილობრივი,  თბილისური  ფერწერული ტრადიციებით. შეიძლება ითქვას, რომ ლევ  ბაიახჩევის   პეიზაჟებსა და პორტრეტებს, მათგან წამოსული  ე.წ.  ქართული აურის   გარდა,  სომხური ტრადიციული   მხატვრული ფორმის შეგრძნებისათვის დამახასიათებელი მძაფრი დრამატიზმი  ახასიათებთ.


ლევ ბაიახჩევი


ლევ ბაიახჩევი დაიბადა თბილისში 1930 წელს,  მხატვრობით გატაცებულმა,  საწყისი  სახელოვნებო განათლება  ფერმწერ  ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან მიიღო.  გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოსკოვის ერთ-ერთ ტექნიკურ ინსტიტუტში  გადაწყვიტა  განათლების მიღება,  თუმცა მისი მიჯაჭვულობა მშობლიური თბილისისა და მხატვრობისადმი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ  სწავლა თბილისის  სამხატვრო აკადემიაში   განაგრძო. აქ მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე  და ვასილი შუხაევი. 1959 წელს სამხატვრო აკადემიის დასრულებისთანავე, მხატვარი ჩაერთო  დედაქალაქის სამხატვრო-საგამოფენო ცხოვრებაში. იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში, როგორც ჯგუფურში, ისე პერსონალურში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის  წამყვან  სახელმწიფო  მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში  (აშშ  ზიმერლის   ნონ-კონფორმისტულ კოლექცია,  გერმანიის,  საფრანგეთის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის  კოლექციები). მხატვრის პეიზაჟები განსაკუთრებით გვხიბლავს საოცარი გულწრფელობით  და  თვითმყოფადი სტილით.  მხატვრის მიერ სხვადასხვა რაკურსიდან  ასახულმა  ურბანულმა პეიზაჟებმა, გასაოცარი ძალით შეინარჩუნეს  ის  მყუდროება  და განუმეორებელი სურნელი , რომელიც  ძველ  თბილისს ახასიათებდა.  შინაგანი  მღელვარება  ახლავს  მხატვრის მიერ  60-იან   წლებში შესრულებულ ნაწარმოებებს. ეს ის წლებია, როდესაც  მხატვარი  საკუთარი თვითგამოხატვის ძიებების გზას  დაადგა.   ლევ ბაიახჩევი  მშობლიური თბილისის  ძველი უბნების ასახვისას, თითქოს ესწრაფვის ამ ქალაქის  პორტრეტი შექმნას.  თბილისის  პორტრეტი, რომელიც მის ქუჩებში ხეტიალისას, მხატვარს  სხვადასხვაგვარი, ერთმანეთისგან განსხვავებული  სახით   ეცხადებოდა.   ასე   შეიქმნა  პეიზაჟების  სერია , სადაც  მხატვარი   სხვადასხვა განწყობით ,  ერთგვარ  თბილისურ  სუიტას ქმნის. იგი  ტილოზე   ხან  ზეთის საღებავებით, ხანაც   მუყაოზე   გუაშის, ან აკვარელის ტექნიკით  გამოყოფს ჩვენი დედაქალაქის ძველი უბნებისთვის დამახასიათებელ   ფერ-გადასულ    და  წაფერდებულ  აივნიან  ორ ან  სამ სართულიან სახლებს,  წითელი ან  ცისფერი   კრამიტის   გადახურვით,  აბრებით დამშვენებული   ღვინის სარდაფებით  და  ქვით მოკირწყლულ ქუჩაბანდებში   თითო-ოროლა გამვლელით,  გზას კომპოზიციის სიღრმისკენ რომ მიიკვლევს, იქ, საიდანაც მოჩანს ცადაზიდული  გუმბათოვანი ეკლესიები.        


        

ლევ ბაიახჩევი. შემოდგომა მთებში. ქაღალდი, გუაში. 34x48სმ. 1992. ათინათის კერძო კოლექცია


 

ლევ ბაიახჩევი. პეიზაჟი. ქაღალდი, გუაში. 60x46სმ. 1985. ათინათის კერძო კოლექცია


 70-იან წლებში შექმნილ პეიზაჟებში, პორტრეტებსა და ნატურმორტებში  მეტი   შემოქმედებითი თავისუფლება  და  გამოსახვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებისაკენ სწრაფვა გამოჩნდა. ამ პერიოდის პეიზაჟები მეტყველებენ სხვადასხვა ინტონაციით, ხან დრამატულით, ხანაც ლირიკულით, რასაც მხატვარი განათების  საშუალებით აღწევს.  მხატვარი  ფორმათა  ხაზოვან-რიტმული მონაცვლეობითა  და  ფერწერული ლაქების  დაპირისპირებით ოპერირებს,  რასაც  კომპოზიციური  სტრუქტურირების  დაძაბულობა  შეაქვს სასურათე სიბრტყეზე.


ლევ ბაიახჩევი. ძველი თბილისი. ქაღალდი, გუაში. 36x25სმ. 1992. ათინათის კერძო კოლექცია


ნატურმორტის ჟანრში კი, სადაც საგნობრივი სიმრავლეა, მხატვარი ფორმათა გამარტივება-განზოგადებით,  საგანთა წახნაგების აღმნიშვნელ  და მათ შემომსაზღვრელ კონტურულ ხაზთა  ხლართით, საოცარ დეკორატიულ ქარგას ქმნის და ამით ამთლიანებს   კომპოზიციებს.  შეიძლება ითქვას, რომ მის ნატურმორტებში კომპოზიციური დეტალების ურთიერთკავშირისას,  კონტრასტების ჰარმონიზაციის მხატვრისეული  სურვილია აღბეჭდილი. ყველაფერი ეს  კი დასტურია იმისა , რომ  ბაიახჩევისთვის  სრულიად მიუღებელი  იყო  ამა თუ იმ  მოტივის პასიური ასახვა  და შიშველი ნატურალიზმი. ამიტომ  არის, რომ  მის ნატურმორტებსაც ახასიათებთ  საგანთა ერთგვარი დეფორმირება, როდესაც    საგნობრივი სამყარო ასიმეტრიული, ზოგან  „ შეჭყლეტილი“, თუ   ოდნავ    ტეხილი    კონტურული ხაზებით  არის შემოსაზღვრული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხატვარს არასდროს  ღალატობდა საგნების ფაქტურული დამუშავების სიზუსტის შეგრძნება.იგი  ყოველთვის   ახერხებდა    მასალის  ფაქტურის  ბუნებრივთან არსებულის  მიმსგავსებულად გადმოცემას.   ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბაიახჩევის  ნატურმოტების საგანთა  განსხვავებული ფაქტურის  ( მინის,  კერამიკის, ლითონის, ხის, თუ სხვა)  გადმოცემისას. ამგვარ  სიზუსტეს კი,  მხატვარი  ფერ-სინათლის ნუანსირებით აღწევდა. იგი   სხვადასხვა   ფორმატის სასურათე სიბრტყეზე,  ფუნჯის მონასმის განსხვავებული  ინტენსივობით  საგნობრივ-სხეულებრივი მოდელირებისას,  სწორედ   ფერ- სინათლით  „ძერწავდა“ფორმებს. იგი   სხვადასხვა ინტენსივობის  განათებით ამუშავებდა  საგანთა ზედაპირს, ხოლო  დაჩრდილული   უბეებით   იმ დრამატულ ინტონაციას აღწევდა, რომელიც ყველა მისი ნაწარმოების ძირითად მახასიათებლად იქცა. 



ლევ ბაიახჩევი. ნატურმორტი. მუყაო, შერეული ტექნიკა. 62x79სმ. 1977. ათინათის კერძო კოლექცია



ლევ ბაიახჩევი. ნატურმორტი. ტილო, ზეთი. 48.5x45.8სმ. 1978. ათინათის კერძო კოლექცია 


მოტივის განზოგადებასთან ერთად,  ლევ ბაიახჩევის შემოქმედების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა - სევდანარევი   განცდის  გადმოცემა, რაც  მხატვრის მიერ შექმნილი  პორტრეტული გალერეის  თითოეული მოდელის მზერაში  იკითხება. ამასთან ერთად,  სიამაყე, შიში, დაძაბულობა,  საკუთარ თავში დაეჭვება ადამიანის  სულის გამოვლენის ის ნიუანსებია, რომელიც ლევ ბაიახჩევის პორტრეტებიდან  გამოსჭვივის.  პორტრეტირებულთა მზერა  ძირითადად  თითქოს მაყურებელზეა  მომართული, მაგრამ ამავდროულად, ინტროსპექციაში  იძირება. ეს  მოდელის  საკუთარ სულში ჩაბრუნებული მზერაა.  აღსანიშნავია, რომ  მხატვრის მიერ,  60-70-იან წლებში შესრულებულ პორტრეტებს გარკვეული სტილიზაცია და უტრირება  ახასიათებდა. 



 

ლევ ბაიახჩევი. ქალის პორტრეტი. ტილო, ზეთი. 70x50სმ. 1969


ლევ ბაიახჩევი. ლიანას პორტრეტი. ტილო, ზეთი. 106x52სმ


1980-იან წლებში შესრულებულ  პორტრეტებში  კი,  მხატვარი  განთავისუფლდა  წინა  წლების სტილიზაციისაგან  და ზომიერების დაცვით,  პორტრეტირებულის ხასიათის  უფრო  სიღრმისეულ   ფსიქოლოგიურ  დახასიათებას  მიმართავდა.  შინაგანი დაძაბულობა გამოარჩევს ფოტოხელოვან ალექსანდრე სააკოვის პორტრეტსაც.  ფოტოხელოვანი პოზირებისას თითქოს  გარკვეულ დისკომფორტს  გრძნობს, იმავე მოდელის სხვა პორტრეტი კი უფრო ბუნებრივი და თავისუფალია.



 

ლევ ბაიახჩევი. ა. სააკოვის პორტრეტი. ტილო, ზეთი. 108x58სმ. 1973-1974


აღსანიშნავია,რომ ლევ ბაიახჩევი, ხშირად, ზოგიერთ მოდელს რამდენჯერმე უბრუნდებოდა, თუმცა ყველა მათგანში ხასიათს განსხვავებული ინტონაციით  წარმოაჩენდა.  ასე  მაგალითად, ახალგაზრდა ქალის  მანანა ნინიძის   პირველი პორტრეტი თუ დრამატული იყო,  ერთგვარად ხელოვნურად დაძაბული, მეორე პორტრეტი  უფრო ლაღი, თავისუფალი და ოდნავ რომანტიკულია. აშკარაა, რომ პორტრეტულ ხელოვნებაში, ლევ  ბაიახჩევის   მიერ ხშირად   გამოყენებული  უტრირების  ხერხი, ასასახი   მოდელების  ხასიათთა  შინაგანი  დრამატიზმის გაძლიერებას ემსახურებოდა.   


ლევ ბაიახჩევი. შიშველი ფიგურა. ზეთი, ტილო. 96x80 სმ. 1992. ათინათის კერძო კოლექცია


მარტოსულობისა და სევდის განცდა  ლევ ბაიახჩევის თითქმის ყველა არტეფაქტს  სხვადასხვა   ხარისხით   ახასიათებს.  მიუხედავად ამისა, თამამად  შეიძლება ითქვას, რომ მხატვრის შემოქმედება სულაც არ არის ერთფეროვანი, რადგან  იგი   გაურბოდა მონოტონურობას და აქ მაშველ რგოლად  მას  კოლაჟის ტექნიკა  მოევლინა. კოლაჟის ტექნიკას, მხატვარი  განსაკუთრებით   ნატურმორტებში   იყენებდა.    ამ    ჟანრში, კოლაჟის ტექნიკის გამოყენებისას, მხატვარს აინტერესებდა   არა იმდენად  საგნობრივი პლასტიკის გადმოცემა  გარეგნული ეფექტებით  (რიტმიკა, დეკორატიულობა, ფერთა  ჟღერადობა) , რამდენადაც  მის მიერ ასახული თითოეული  საგნის არსში წვდომა, რისთვისაც  მას გარედანაც შეჰქონდა  გარკვეული სემანტიკური  ხასიათის მარკერი, მაგ. გაზეთის ნაგლეჯი, ან  ფოტოს ფრაგმენტი, ან  სულაც   დაჭმუჭნული სიგარეტის კოლოფი ან  ნამწვი.  ამ მიწეპებული დეტალებით, მხატვარს  თითქოს სურდა საგნის სული აემეტყველებინა , ჩასწვდომოდა  უხილავს და ის ხილული გაეხადა.  კოლაჟებში  მხატვარი ოსტატურად ოპერირებდა  ფერწერული ლაქების ტონალური დამუშავებით,  მუქი და გამჭვირვალე  ტონების ურთიერთ ჩახლართვით, სასურათე სიბრტყეზე შეწეპებული დეკორატიული დეტალების  დამუშავებისას, აქტიურად ოპერირებდა  შუქ-ჩრდილის რეჟისურით. 



ლევ ბაიახჩევი. არლეკინი. გუაში, მუყაო. 70x50სმ. 1981


ლევ ბაიახჩევი. ძველი თბილისი. მუყაო, ზეთი. 76x54 სმ, 1975


ის, რომ  საგნობრივ თუ სხეულებრივ არსში წვდომის სურვილი ერთნაირად ახასიათებს მხატვრის მიერ შექმნილ  როგორც  ნატურმორტს, ისე მის  პეიზაჟურ,  პორტრეტულ, თუ თემატურ  მხატვრობას, იმის დასტურია, რომ იგი   ყოველთვის ცდილობდა მაყურებელიც საკუთრივ განცდილი ემოციების თანაზიარი გაეხადა. ამ  მხრივ,  არ შეიძლება  არ აღინიშნოს ლევ ბაიახჩევის  მიერ 80-იანი წლების მიწურულში შექმნილი ორი მეტად მნიშვნელოვანი არტეფაქტი. ეს არის ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ  ორ  დიდ  ტრაგედიას, რომელიც თავს დაატყდა ლევ ბაიახჩევის დედა სამშობლო სომხეთს- 1988 წლის სპიტაკის  დამანგრეველი მიწისძვრით  და  ერთი წლის თავზე, - მხატვრის მეორე სამშობლო-საქართველოს- 1989 წლის 9 აპრილის თავისუფლებისმოყვარე მშვიდობიანი  დემონსტრანტების გაუგონარი  დარბევით  საბჭოთა რუსეთის რეჟიმის მიერ, რასაც  შედეგად დიდი მსხვერპლი მოჰყვა.  ორივე ფერწერული ქმნილება, შინაგანი ძალით  ძლიერად  დამუხტული ფერთა გამითა და ხაზთა ქაოსური მოძრაობით, ჩრდილ-სინათლის  დრამატული დაპირისპირებით, მხატვრის  მგრძნობიარე  სულში არსებულ ტრაგიკულ   განცდას  ჩვენც გვაზიარებს. 


ლევ ბაიახჩევი. სომხეთის ტრაგედია, სპიტაკი. 1988


ლევ ბაიახჩევი გარდაიცვალა  1992 წელს.  მხატვრის  შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც ქართული ფერწერის განუყოფელი ნაწილია  ყოველთვის გაგვახსენებს  ამ საოცრად  ორიგინალური და თვითმყოფადი  ხელწერის მქონე  შემოქმედს- მხატვარ ლევ ბაიახჩევს.