ამის დასავლეთით არს გერგეთი, არაგუს
იქით კიდესა. ზეით ამისა არს, მყინვარი კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა,
გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესუენა ნინოს ჯუარი,
შვენიერი ნაშენი, შვენიერ ადგილას“[1]
ვახუშტი ბატონიშვილი
ხევი, საქართველოს ისტორიული, მაღალმთიანი მხარეა. უძველესი დროიდან ის ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე მნიშვნელოვან ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენდა. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სალოცავი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გუმბათოვანი ტაძარია საქართველოს მთიანეთში. კომპლექსი დაბა სტეფანწმინდიდან (ყაზბეგი) ოთხიოდე კილომეტრის დაშორებით მაღალ მთაზეა გაშენებული (ზღვის დონიდან 2200მ.)
გერგეტის სამების კომპლექსი, ხედი სტეფანწმინდიდან

გერგეტის სამების კომპლექსი. შ. ლაჟავას ფოტო
გერგეტის სამების კომპლექსი, ხედი-აღმოსავლეთიდან
გალავნით
შემოსაზღვრული გერგეტის ხუროთმოძღვრული კომპლექსი შედგება XIV ს-ის
30-იანი წლების სამების გუმბათიანი ტაძრის, სამრეკლოსა (XIV ს-ის I
ნახევარი) და ე.წ. „საბჭეოსგან“ (XV- XVI -ეების მიჯნა).
დიდია
სამების ტაძრის ისტორიული მნიშვნელობა. საუკუნეთა მანძილზე ის მცხეთის
განძსაცავი და სახიზარიც იყო. ხანგძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა წმინდა
ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს იგი სვეტიცხოველისა და თბილისის სიონთან
ინაწილებდა.
გერგეტის სამების კომპლექსი, ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან
გერგეტის სამების კომპლექსი, ხედი დასავლეთიდან
სამების
ტაძრის მძიმე პროპორციების გარე მასები კუბურ ძირს ქმნის, რასაც მასთან
მისადაგებული განიერყელიანი გუმბათი ასრულებს. ნაგებობის კედლები ორმხრივად
შემოსილია ანდეზიტის თლილი კვადრებით. მოკრძალებული ზომების მიუხედავად,
გერგეტის სამების სადა, ცოტა არ იყოს ხისტი, კუბური პროპორციების მქონე
მოცულობა, ხევის ზოგადი მკაცრი და შეუპოვარი ხასიათის გამომსახველია. მუდამ
თოვლიანი მყინვარწვერის ფონზე, მთის ყველაზე მაღალ წერტილში აღმართული, ეს
ერთადერთი გუმბათიანი ეკლესია ამ რეგიონში, მთელ ხეობას დაჰყურებს.
გერგეტის სამების ტაძარი, გუმბათი
გერგეტის სამების ტაძარი, ინტერიერი, გუმბათი

გერგეტის სამების ტაძრის გეგმა
ტაძრის
მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ქმნის თავშეკავებული დეკორი, რომელიც მხოლოდ
ეკლესიასთან ახლოს მისვლისას აღიქმება. ორნამენტული მორთულობა ძირითადად
ღიობების საპირეებს შემოსდევს და ასევე ამკობს მათ ზემოთ გამოკვეთილ დიდ
ჯვრებს. საფასადო დეკორი კედლის სიბრტყეშია ჩაკვეთილი. მხოლოდ გუმბათის
სარკმლის საპირეების ორნამენტია ამობურცულ ზედაპირიანი. ამის გარდა
საფასადო სიბრტყესა და გუმბათზე წყობაში ჩართულია გირჩები და სხვადასხვა
ფორმის ვარდულები. დეკორის შესრულება ოსტატურია, თუმცა მას, ამ
პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმშრალეც ახლავს.
ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს უნიკალური ფუნქციის ე.წ. „საბჭეო“ (XV_XVI- ეების მიჯნა) - ხევის თემის უხუცესთა სათათბირო, რომელიც გეგმით კვადრატული კარიბჭის ტიპის, ორფერდა გადახურვის მქონე, სამხრეთისკენ თაღით გახსნილ ნაგებობას წარმოადგენს.
გერგეტის სამების ტაძარი, სამხრეთი ფასადი
გერგეტის სამების ტაძარი, სამხრეთი ფასადი, აბჭეოს კეხი
ეკლესიისა და
სამრეკლოს სამშენებლო მასალა და პროპორციები მსგავსია. განსხვავებულია
სამრეკლოს საფასადო მორთულობა. აქ მოცემულია - ყურძნის მტევნები,
ფანტასტიკური ცხოველების და ადამიანის ფიგურული გამოსახულებები.
გერგეტის სამების კომპლექსი,სამრეკლო, ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან
გერგეტის სამების კომპლექსი, სამრეკლო, სამხრეთი ფასადი
სამრეკლოს პორტალი, გეომეტრიულორნამენტიანი არშიით არის შემკული. კომპლექსის ქვის ფერიც, ფაქტურაც, იმ ძლიერი, მკაცრი ხასიათის მატარებელია, რაც სავსებით ესადაგება როგორც გარემოს, ისე თავად მთის ამ კუთხის მოსახლეთა ხასიათს. კომპლექსი სივრცეში ისეა განლაგებული, რომ მაქსიმალურად ნათლად აღიქმება მრავალი წერტილიდან და თანაც უზარმაზარი ბუნებრივი არეალის ვიზუალურ ცენტრს წარმოადგენს. ეკლესიისთვის ადგილის შერჩევა მხოლოდ მხატვრულ-ესთეტიკური მიზეზებით არ იყო განპირობებული - აქ დიდ როლს ასრულებდა მისი განსაკუთრებული რელიგიური მნიშვნელობა.
გერგეტის სამების კომპლექსი,სამრეკლო, საფასადო დეკორი
გერგეტის სამების კომპლექსი,სამრეკლო, საფასადო დეკორი
XX
საუკუნის ბოლო წლებში გარგეტის სამებასთან მამათა მონასტერი დაფუძნდა.
ახალი ნაგებობები ანსამბლთან საკმაოდ ახლოს აშენდა, რამაც განმარტოვებით
მდგარი გერგეტის სამების ასკეტური ხასიათისა და არსებული მკაცრი
გარემოსთვის დამახასიათებელი განწყობა ერთგვარად შეასუსტა, თუმცა
მთის
დამაგვირგვინებელი გერგეტის სამების კომპლექსის სილუეტი დღესაც მკაფიოდ
იკითხება მყინვარწვერის ფონზე და ქმნის იმ განუმეორებელ სურათს, რასაც
გარემოსა და არქიტექტურის შერწყმა ბადებს.
გამოყენებული ლიტარატურა
1. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,2. თბ. 2004
3. Д.Бакрадзе, Кавказ в древних памятниках христианства, Тиф, 1873
4. П. Уварова,путевые заметки, М. 1887
5. Муравьёв, Грузия и Армения, ч 1-3 СПб, 1848
6. ს. მაკალათია, ხევი,თბ., 1934
7. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა,2, 1995
8. თ. სანიკიძე გერგეტის ტაძარი: სსრკ მეცნ. აკად. საზოგ. მეცნ. განყ. მაცნე, თბ., 1967, #1
9. ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ.1955
10. პარმენ ზაქარაია - ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა. 1981 წ.
11. Г.Н. Чубинашвили, Архитектура Кахети 1959 წ.
12. თ.საყვარელიძე ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, , თბ., 1977 წელი.