თავისუფალი საქართველოს დედაქალაქის – ტფილისის¹ 1918-1921 წლების მხატვრულ-კულტურული ცხოვრება გამორჩეული ფენომენია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ამ დროისთვის ქართულმა ხელოვნებამ კარი გაუღო დასავლეთიდან შემოსულ ახალ მხატვრულ მიმდინარეობებს და სცადა მათი დაფუძნება თავის კულტურულ ნიადაგზე, ასე მოხდა სწრაფი ევოლუცია საქართველოში შედარებით გვიან შემოსული აკადემიური ხელოვნებიდან თანამედროვე, მოდერნისტული ხელოვნებისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მოდერნიზმში მრავალი მიმდინარეობა არ ჩამოყალიბებულა, მასში ინდივიდუალიზმის ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო. მისი მრავალფეროვნება არა მიმდინარეობების მრავალგვარობამ, არამედ ცალკეული ხელოვანის სრულიად გამორჩეულმა ინდივიდუალიზმმა განაპირობა. კაკაბაძე, ქიქოძე, გუდიაშვილი, ახვლედიანი, სიდამონ-ერისთავი, ოცხელი, გამრეკელი, ზდანევიჩი, გორდეზიანი და სხვები ქმნიდნენ იმ მრავალფეროვან მხატვრულ კალეიდოსკოპს, რასაც ქართული მოდერნიზმი ეწოდება.
როცა ოქტომბრის რევოლუციამ და სამოქალაქო ომმა საფუძველი დაუნგრია რუსეთის ბოჰემურ ცხოვრებას, “დამსხვრეული ოცნებებითა და გაურკვევლობის ბინდით მოცული”² რუსული ინტელიგენციისა და არისტოკრატიის დიდი ნაწილი ცივი რუსეთიდან თავისუფალი საქართველოსკენ გამოემართა. ამ დროს ტფილისს თავს აფარებდნენ რუსი ფუტურისტებიც, მათ შორის, ვასილი კამენსკი, ალექსეი კრუჩონიხი, იგორ ტერენტიევი და ბევრი სხვა, რომლებიც ძმებ ზდანევიჩებთან ერთად აქტიურად ჩაებნენ ქალაქის მხატვრულ ცხოვრებაში. მათთვის საქართველო წარმოადგენდა იმ “მშვენიერი აღმოსავლეთის” განსახიერებას, რომელზეც ჯერ კიდევ 1913 წელს რუსი ავანგარდისტები წერდნენ: “გაუმარჯოს მშვენიერ აღმოსავლეთს! ჩვენ ვერთიანდებით თანამედროვე აღმოსავლელ მხატვრებთან ერთად სამუშაოდ...”³
ქართული მოდერნიზმის წიაღში აღმოცენებული - მხატვრული ძიებებისთვის თავისუფალი გარემო, სხვადასხვა ეროვნული ძალების შემოქმედებითი თანამშრომლობა, განსხვავებული ნაციონალური ნიშნების ინტეგრირება საერთო მხატვრულ სისტემაში, სადაც მიუხედავად ხელოვნების წარმომადგენელთა ინდივიდუალური და ეროვნული ჟღერადობისა, ერთიანი მხატვრული ენა შეიქმნა, იმ ინტერკულტურული და ინტერნაციონალური ხელოვნების მახასიათებელი გახდა, რომელიც ტფილისური ავანგარდის სახელით არის ცნობილი.
1910-იანი წლების ბოლოს ტფილისში დატვირთული მხატვრულ-ლიტერატურული ცხოვრება სჩქეფდა. აქ მოღვაწეობდა მხატვრული წრეები: “ნატიფი ხელოვნებების კავკასიური საზოგადოება”, გაერთიანება ”მალიი კრუგ”, “მხატვართა ქართული საზოგადოება”, “სომეხ მხატვართა კავშირი”, თბილისელ ავანგარდისტთა ჯგუფი, რომელიც ფუტურისტული ლოზუნგებით გამოდიოდა... ფუტურისტულ მოძრაობას სათავეში ძმები ზდანევიჩები ედგნენ, ისინი ავანგარდისტულ იდეებს 10-იანი წლების დასაწყისში ეზიარენ. ამავე წლებშია შესრულებული დავით კაკაბაძის პირველი ავანგარდული ნაწარმოებები: “დაკრძალვა იმერეთში” (1913წ.), ”კუბისტური ავტოპორტრეტი” (1914წ.) და ზიგა ვალიშევსკის “დაძრული სახლები” (1912წ), ანუ, საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები ახლის ძიებაში იყვნენ და ევროპული თუ რუსული თანამედროვე ხელოვნების შემოქმედებითად გააზრებას და ქართულ ნიადაგზე გადმოტანას ცდილობდნენ.

დავით კაკაბაძე. კუბისტური ავტოპორტრეტი. ტილო, ზეთი. 86 x 69 სმ. კერძო კოლექცია.
1910-იანი წლების ბოლოს ტფილისში დატვირთული მხატვრულ-ლიტერატურული ცხოვრება სჩქეფდა. აქ მოღვაწეობდა მხატვრული წრეები: “ნატიფი ხელოვნებების კავკასიური საზოგადოება”, გაერთიანება ”მალიი კრუგ”, “მხატვართა ქართული საზოგადოება”, “სომეხ მხატვართა კავშირი”, თბილისელ ავანგარდისტთა ჯგუფი, რომელიც ფუტურისტული ლოზუნგებით გამოდიოდა... ფუტურისტულ მოძრაობას სათავეში ძმები ზდანევიჩები ედგნენ, ისინი ავანგარდისტულ იდეებს 10-იანი წლების დასაწყისში ეზიარენ. ამავე წლებშია შესრულებული დავით კაკაბაძის პირველი ავანგარდული ნაწარმოებები: “დაკრძალვა იმერეთში” (1913წ.), ”კუბისტური ავტოპორტრეტი” (1914წ.) და ზიგა ვალიშევსკის “დაძრული სახლები” (1912წ), ანუ, საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები ახლის ძიებაში იყვნენ და ევროპული თუ რუსული თანამედროვე ხელოვნების შემოქმედებითად გააზრებას და ქართულ ნიადაგზე გადმოტანას ცდილობდნენ.
მაშინ საქართველოს კულტურულ ცხოვრებას წინ “ცისფერი ტაძრისკენ” მიმავალი “ცისფერყანწელები” მიუძღოდნენ. მათი შემოქმედება სიმბოლიზმისკენ იხრებოდა, მაგრამ მათ მაინც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ხელოვნების სხვა მიმდინარეობების წარმომადგენლებთან. ცისფერყანწელები თავიანთი ტემპერამენტით, განახლების და აქტიური მოქმედების სურვილით ფუტურისტებს ჰგავდნენ. “ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შესცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას”⁴ - წერდა ცისფერყანწელთა ლიდერი - პაოლო იაშვილი. ცისფერყანწელები მხატვრებთან, პოეტებთან, მსახიობებთან ერთად ხშირად იკრიბებოდნენ ლიტერატურულ კაფეებსა და კლუბებში, სადაც თბილისური ბოჰემური ცხოვრება თავის კულმინაციას აღწევდა. არტისტული კაფეები უმეტესად მოხატული იყო, სცენაზე გამოდიოდნენ მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები, პოეტები და მწერლები კითხულობდნენ თავიანთ თხზულებებს. აქვე კითხულობდნენ ლექციებს, მანიფესტებს, იმართებოდა დისკუსიები, კონცერტები, საბალეტო დადგმები, თეატრალიზებული და ლიტერატურული საღამოები, საქველმოქმედო პროგრამები, ცნობილი მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეების ბენეფისები... თბილისურ კაფეებში მოხდა ის გაერთიანება, რაზეც ოცნებობდნენ პეტერბურგის არტისტული კაფე-კაბარეების მესვეურნი, აქ მაყურებელი და გამომსვლელი ერთიანი იყო, მოქმედებები ხშირად მაგიდებთან ვითარდებოდა და მაყურებელს შეეძლო აქტიური მონაწილეობა მიეღო საღამოების მსვლელობაში. ამ არტისტულ კაფეებში, შეიძლება ითქვას, რომ განხორციელდა ხელოვნებათა სინთეზი: მუსიკა, თეატრი, ცეკვა, მხატვრობა, პოეზია და პროზა შეერწყა ერთმანეთს და ყოველი ახალი სიტყვა ხელოვნების თითოეულ ამ დარგში სწორედ რომ აქ ითქმოდა.
ტფილისის ლიტერატურული კაფეები პარიზის, პეტერბურგისა და მოსკოვის კაფე-კაბარეების კვალდაკვალ გაიხსნა. აქ პირველი კაფე-კლუბი 1917 წელს დაარსდა – “ფანტასტიკური სამიკიტნო”, რომელიც პოეტი იური დეგენის, მხატვრებისა და პოეტების ინიციატივით შეიქმნა. მის გაფომებაში რამდენიმე მხატვარი, მოქანდაკე და პოეტი იღებდა მონაწილეობას. 1918 წელს ტფილისში გაიხსნა მეორე პოპულარული ბოჰემური ტიპის სტუდია “არგონავტების ნავი”. ეს აკმეისტების (პოეტთა თბილისური გილდია) შეხვედრების ძირითადი ადგილი იყო. კაფე ასევე მოხატული იყო გუდიაშვილისა და კირილე ზდანევიჩის ფრესკებით. ამათ გარდა თბილისში მოქმედებდა კაფე “ფარშევანგის კუდი” - აკმეისტების, სიმბოლისტების და ფუტურისტების თავშეყრის ადგილი. მისი კედლებიც დაფარული იყო კირილე ზდანევიჩის და ზიგა ვალიშევსკის მხატვრობით. იყო სხვა კაფეებიც: “ძმური ნუგეში”, “ჭიქა ჩაი”, “ინტერნაციონალი”, “იმედი”, “ქართული კლუბი”, “კაფე-დარბაზი”, “არტისტული საზოგადოების დარბაზები” და მრავალი სხვა, სადაც უკვე ხსენებული საზოგადოება იკრიბებოდა და თბილისურ ბოჰემურ ცხოვრებას ეზიარებოდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ბოჰემური ცხოვრების მებაირაღინი “ციფერყანწელები” იყვნენ. სწორედ მათ მიერ 1919 წელს დაარსებული არტისტული კაფე-კლუბი “ქიმერიონი” იქცა უმნიშვნელოვანეს მოვლენად თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში (მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ ორ წელიწადს იარსება). “ალბათ მთელს ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, როგორც “ქიმერიონი””⁵ – წერდა ტიციან ტაბიძე. “ქიმერიონის” მოხატვას ხელმძღვანელობდა და ფრესკების ძირითადი ნაწილი შეასრულა იმ დროისთვის კარგად ცნობილმა რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა, რომელსაც რუსეთში უკვე რამდენიმე კაფე ჰქონდა გაფორმებული. მასთან თანამშრომლობდნენ ლ. გუდიაშვილი და დ. კაკაბაძე. “ქიმერიონში”თანამედროვე რუსული და ქართული მხატვრობა ორგანულად შეერწყა ერთმანეთს, სადაც მიუხედავად რამდენიმე მხატვრის სრულიად გამოხატული ინდივიდუალური ხელწერისა, კედლის მხატვრობა ერთიან ანსამბლურობას ემორჩილება და საერთო თეატრალურ, ოდნავ მისტიურ განწყობას ქმნის.
სერგეი სუდეიკინი. ქიმერიონი. 1919.

ლადო გუდიაშვილი. სტეპკოს დუქანი. ქიმერიონი. 1919.
ტფილისში ხშირად ეწყობოდა მხატვართა და პოეტთა საჯარო გამოსვლები, რომლებიც კითხულობდნენ მოხსენებებს და ლექციებს სხვადასხვა თამებზე. მრავალფეროვნება იყო როგორც თემატიკაში, ისე მომხსენებელთა მხატვრულ იდეოლოგიაში. მაგალითად, ჟურნალი “ARS”-ი (1918წ) იტყობინება, რომ დროის მცირე პერიოდის განმავლობაში წაიკითხეს შემდეგი ლექციები: ს. გოროდეცკი – რუსულ სიმბოლიზმზე; გრ. რობაქიძე – ანდრეი ბელიზე; მ. ხრისტოგანოვი – სეზანზე ან მეოთხე განზომილებაზე ფერწერაში; რობაქიძე, იაშვილი, არსენიშვილი – “ცისფერ ყანწებზე” და სხვები. “ფუტურვსეუჩბიშა”-ს ლექტორიუმებზე კითხულობდნენ: ი. ზდანევიჩი – “ზაუმური პოეზია და პოეზია საერთოდ”, “ინტერნაციონალიზმი და ნაციონალური ხელოვნება”; კრუჩონიხი – “ახალი ენის შესახებ”, “სიტყვა, როგორც ასეთი” და სხვა. ასევე კითხულობდნენ ნაწყვეტებს ფუტურისტული ნაწარმოებებიდან. “ფანტასტიკურ სამიკიტნოში” “ვსეუჩბიშას” წარმომადგენლების გვერდით გამოდიოდნენ დეგენი, ხარაზოვი, რობაქიძე, კატანიანი და სხვები.
ინტერკულტურული ურთიერთობის საუკეთესო მაგალითი იყო ადგილობრივი და ჩამოსული ხელოვანებისა და ავანგარდისტი პოეტების თანამშრომლობა. 1918 წელს ფუტურისტმა პოეტებმა და მხატვრებმა: ილია და კირილე ზდანევიჩებმა, ყარა-დარვიშმა, კრუჩონიხმა, ჩერნიავსკიმ და გუდიაშვილმა ტფილისში ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია “ფუტურისტთა სინდიკატი”, რომელიც მალე დაიშალა სხვადასხვა ჯგუფებად. მისმა ერთმა ნაწილმა შექმნა, ზემოთ ნახსენები გაერთიანება - “ფუტურვსეუჩბიშჩე”. ილია ზდანევიჩმა, კრუჩონიხმა და ტერენტიევმა კი შექმნეს ახალი გაერთიანება “41°”. ავანგარდისტმა პოეტმა ილია ზდანევიჩმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა აღნიშნული გაერთიანების დაარსებაში და ავანგარდული პოეზიის განვითარებაში, ჯერ ტფილისში, ხოლო შემდგომ პარიზში. ის საქართველოში დადას ფუძემდებლადაც ითვლება. სწორედ 41°–ისა და ილია ზდანევიჩის მიერ ტფილისური ავანგარდის წიაღში გატარებული რადიკალური ლინგვისტურ-პოეტური თუ ტიპოგრაფიული ექსპერიმენტები აქ დადაისტურ მიმდინარეობაზე საუბრის საფუძველს იძლევა.

ფუტურისტული გაზეთი 41°. 1919.
მაშინდელი ტფილისი დასავლეთის მოდერნიზაციის რიტმს ჩამორჩებოდა, მაგრამ მისი კულტურულ-ისტორიული ფონი მის ფანტასმაგორიას განსაზღვრავდა. ქალაქი სხვადსხვა ფერადებით ნაქსოვ სპარსულ ხალიჩას გავდა, სადაც თითოეულ დეკორს თავისი ადგილი ჰქონდა და სოცარი სილამაზე შეჰქონდა ერთიან ჰარმონიაში. ეს აზიურ-ევროპული ქალაქი სავსე იყო მრავალგვარი ჟღერადობით, სურნელით, სამოსით, ენითა თუ ტრადიციით. აქ მართლაც შეერწყა აღმოსავლეთი დასავლეთს და სრულიად სპეციფიკური, გამორჩეული ქალაქის სახე შექმნა. როგორც უკვე ვთქვით, 1910-იანი წ

ილია ზდანევიჩი. ზოხნა და მისი საქმროები. 1919. სოფია მელნიკოვას ალბომიდან.
საუკუნის დასაწყისის ტფილისში საკმაოდ მრავალფეროვანი საგამოფენო ცხოვრებაც მიმდინარეობდა. 1919 წელს ჩატარდა “მალიი კრუგ”-ის გამოფენა, რომლის კატალოგშიც არიან მოხსენებული: ბაჟბეუქ-მელიქოვი, ვალიშევსკი, გუდიაშვილი, სუდეიკინი, სორინი, ზალცმანი, ლანსერე და სხვები. 1918 წელს “ფუტურისტთა სინდიკატმა” მოაწყო “მოსკოველი ფუტურისტების გამოფენა”, სადაც წარმოდგენილი იყო დ. ბურლიუკის, გონჩაროვას, კულბინის, კ. ზდანევიჩის, როზანოვას, მალევიჩის, ფილონოვის, შევჩენკოს, გუდიაშვილის, ტატლინის და სხვების 145 სურათი. როგორც ჟურნალი “ფენიქსი” გვატყობინებს, იმავე წელს მოეწყო ლ. გუდიაშვილისა და ა. ბაჟბეუქ-მელიქოვის ექსპოზიცია. მოდერნისტი მხატვრები იფინებოდნენ როგორც პატარა კლუბებში, ისე დიდ გამოფენებზე სხვებთან ერთად. მაგალითად, 1919 წლის მაისში ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ გამართულ გამოფენაზე საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა შემოქმედი იყო წარმოდგენილი. სწორედ ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ 1919 წელს მოწყობილ საგაზაფხულო გამოფენაზე შეირჩენ დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე და ლადო გუდიაშვილი, როგორც საუკეთესო მხატვრები და გაიგზავნენ პარიზში ევროპული ხელოვნების გასაცნობად და თავიანთი სამხატვრო ოსტატობის ასამაღლებლად. აღნიშნულ ხელოვანთა შემოქმდების პარიზულმა პერიოდმა უდიდესი როლი ითამაშა ქართული მოდერნიზმის განვითარებაში.
თუკი გადავავლებთ თვალს გამოფენაზე წარმოდგენილ მათ ნამუშევრებს, დავინახავთ, რომ ქიქოძე უკვე ავლენს ინტერესს გერმანული ექსპრესიონიზმისა და ფრანგული ავანგარდული მხატვრობისადმი. ლადო გუდიაშვილი აქ გამოჩნდა, როგორც ჩამოყალიბებული, საკუთარი ხელწერის მქონე მხატვარი. სტილიზებული ხაზოვანებაში, კომპოზიციის საერთო მუსიკალურ-პლასტიურ ჟღერადობაში ჩანს მისი სპარსული მინიატურით გატაცება და ასევე ქართული კედლის მხატვრობის ტრადიციების გავლენაც. კაკაბაძის, გამოფენაზე წარმოდგენილ, მის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევარში “იმერეთი - დედაჩემი” (1918წ) დედის პორტრეტში ვლინდება აკადემიური მხატვრობის გავლენა, მაგრამ სურათის საერთო გადაწყვეტაში, ფონის დამუშავებაში ჩანს მხატვრის ავანგარდული მისწრაფებები, რომლებიც კიდევ უფრო თვალშისაცემია მის იმდროინდელ იმერულ პეიზაჟებში, სადაც ის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორც უსაგნო ხელოვნების მიმდევარი, თუმცა მისი კუბისტური გეომეტრიზმი ამ ტენდენციას აშკარად ავლენს.

შალვა ქიქოძე. ავტოპორტრეტი ულვაშებით. ტილო, ზეთი. 40 x 35 სმ. 1916. კერძო კოლექცია.

ლადო გუდიაშვილი. კინტოების ქეიფი ქალთან ერთად. 1919. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

დავით კაკაბაძე. იმერეთი - დედაჩემი. ტილო ზეთი. 139 x 157 სმ. 1917. საქართელოს ეროვნული მუზეუმის კოლექცია.
1918 წელს “ფუტურისტთა სინდიკატმა” მოაწყო კირილე ზდანევიჩის 1912-1916 წლების ნამუშევრების გამოფენა. კატალოგს ა. კრუჩონიხის და ელი ეგანბიურის (ი. ზდანევიჩი) შესავალი სტატია უძღვის. აქ ავტორები კირილეს მხატვრობას “ორკესრულ ფერწერას” უწოდებენ და ადარებენ რა ზდანევიჩს მიხეილ ლარიონოვს, რომელიც სხვადასხვა სტილში მუშაობდა, თვლიან, რომ ის უფრო შორსაც წავიდა, რადგან შეძლო ერთ ტილოზე სხვადასხვა სტილები გაეერთიანებინა⁶ და შეექმნა მართლაც ორკესტრული “ახალი სილამაზის ფორმები”. ⁷
1924 წელს ქართველმა მწერლებმა, პოეტებმა და მხატვრებმა გამოსცეს ფუტურისტული ალმანახი H2SO4.⁸ აქ იყო კიდევ ერთი მცდელობა ლიტერატურის, პოეზიის და მხატვრობის დაკანონებული ჩარჩოების გარღვევის და ახალი მხატვრული “რეალობის” შექმნის, სადაც ექსპერიმენტი და თამაშია წამყვანი.

ფუტურისტული ალმანახი. H2SO4.
ჟურნალში გამოკვეთილად ჩანს ქართული ავანგარდის დადაიზმისკენ სვლა. ალმანახის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, სიმონ ჩიქოვანი წერდა: “პარიზიდან და მოსკოვიდან მოდიოდა დადაისტური ნისლი. ამ სეზონში ჩამოყალიბდა წარმოებითი ფუტურიზმი და კონსტრუქტივიზმი [...] ჩვენ მოვხვდით პოეზიის ფრონტზე: წარმოებითი ფუტურიზმის, კონსტრუქტივიზმის და დადას შორის” “... ჩვენ გავხსენით მეტყველების ახალი ლაბორატორია, სადაც გადაჭრით იქნა დაყენებული რამოდენიმე ცდების შესაძლებლობა. რევოლუციის ეპოქების შემდეგ იბადება საჭიროება ახალი მეტყველების. ამ მხრივ ჩვენი დადა გარდა იმისა, რომ გამოყენებულ იქნა წარსულის გასანადგურებლად ის იღებს შემოქმედებითი პრაქტიკის მეთოდს...” ⁹
ავანგარდული ძიებები აისახა მიხეილ გოცირიძის, ბენო გორდეზიანის, ირაკლი გამრეკელის, ემა ლალაევას და სხვათა 1920-იანი წლების ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებში. პოლიტიკური წნეხის ქვეშ, ქართული ავანგარდის შემდგომი განვითარება მალე შეჩერდა.

ბენო გორდეზიანი. ცხრაწყარო. ტილო, ზეთი. 88 x 68 სმ. 1924.

ბენო გორდეზიანი. რევოლუცია. 1924.
მაგრამ 1920-იანი წლების ბოლომდე ის ინერციით განაგრძობდა არსებობას, განსაკუთრებით, თეატრსა და კინოში.¹⁰ ამის მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყოს ის, რომ თეატრში (და კინოშიც), რომელიც მოქმედების ხელოვნებათან ასოცირდებოდა, მნიშვნელოვანი იყო სპექტაკლების შინაარსობრივი მხარე. როგორც წესი, დადგმები მემარცხენე ხასიათის, ან პატრიოტული სულისკვეთების (“ანზორი”, “ყაჩაღები”, “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”, “გაზი”, “კაცი-მასა” ”, “მალშტრემი, “რღვევა”, “ლამარა” და სხვ.) იყო. ამდენად, აქცენტი კეთდებოდა უფრო შინაარსზე და არა ფორმაზე და შესაბამისად, გარკვეულ დრომდე მხატვრულ-ფორმალური ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება ეძლეოდათ თეატრის მხატვრებსა და რეჟისორებს. ამ პერიოდის თეატრალური მხატვრობის საინტერესო მაგალითებს გვთავაზობენ ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, კირილე ზდანევიჩი, ელენე ახვლედიანი და სხვები. მათი მხატვრული ენა მოიცავს მინიმალიზმს, ფუტურიზმს, კონსტრუქტივიზმსა და სხვა ავანგარდულ ექსპერიმენტებს.¹¹

ირაკლი გამრეკელი. მალშტრემი. 1924. გამრეკელი გალერეა

ირაკლი გამრეკელი. ანზორი. რუსთაველის თეატრი. 1928.
ამჯერად შევჩერდები ირაკლი გამრეკელზე, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ავანგარდულ თეატრალურ მხატვრობაში. მისი ფუტურისტული ნამუშევრებიდან გამოვარჩევ 1923 წელს რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლის “მალშტრემის” (გრ. რობაქიძის ნაწარმოები), 1926 წელს ასევე რუსთაველის თეატრში დადგმული “ლონდას” (გრ. რობაქიძე) და 1923 წელს რუსთაველის თეატრში დადგმული ტოლერის “კაცი მასას” გაფორმებას. ირაკლი გამრეკელის შემოქმედებას ავანგარდული ძიებები მუდამ თან სდევდა, მაგრამ აღნიშნულ სპექტაკლებში მან მინიმალიზმი და კონსტრუქტივიზმი ახლა ფუტურისტული ელემენტებით ჩაანაცვლა.
ირაკლი გამრეკელი. ზაგმუკი. რუსთაველის თეატრი. 1928.
ავანგარდული ძიებების საინტერესო მაგალითს ვნახულობთ კირილე ზდანევიჩის თეატრის მხატვრობაშიც. მის მიერ 1924 წელს გაფორმებული სპეკტაკლი “გაზი” ფუტურისტული მხატვრობის საუკეთესო მაგალითია. ზდანევიჩის ნათელი, ექსპრესიული კოლორიტი კარგად ეხამება მის ენერგიულ, განზოგადებულ ფორმათა ურთიერთდაპირისპირებითა და შეჯერებით შექმნილ დინამიკურ კომპოზიციებს. საინტერესოა “მალშტრემისათვის” ზდანევიჩის მიერ შექმნილი კოსტიუმების ესკიზები. ეს კუბო-ფუტურისტულ-დადაისტური ნამუშევრებია, სადაც გეომეტრიული, განზოგადებული ფორმები დომინირებს. ხოლო მთელი კომპოზიციური ქარგა კი დადაისტური აბსურდითაა გაჯერებული, აკი ერთ-ერთ გმირს უჭირავს კიდეც ხელში წარწერა “დადა”. ცალკე უნდა აღინიშნოს ქართული კინო-ავანგარდი, სადაც მხატვრები რეჟისორებთან ერთად ქმნიდნენ ისეთ შედევრებს, როგორიცაა: “ჩემი ბებია” (1929წ., რეჟ. კოტე მიქაბერიძე, მხატვარი ირაკლი გამრეკელი), “ჯიმ შვანთე” (1930წ., რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე), “საბა” (1929წ., რეჟ. მიხეილ ჭიაურელი, მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე) და სხვ.

კირილე ზდანევიჩი. კაცი მასა. რუსთაველის თეატრი. 1923.

კირილე ზდანევიჩი. ესკიზი, გრიგოლ რობაქიძის "მალშტრემის" კოსტიუმის დიზაინისთვის. ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი. 44 x 64 სმ.
1924. ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმი.
1928 წელს საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტი მხატვრული და ლიტერატურული გაერთიანებების შესახებ, სადაც მოდერნისტულ-ავანგარდული მიმდინარეობები ფორმალისტურად და ბურჟუაზიულად გამოცხადდა, შესაბამისად, ეს იყო დასაწყისი საბჭოთა კავშირში ავანგარდის დასასრულის. ქართული თანამედროვე ხელოვნების ბუნებრივი, ლოგიკური განვითარების პროცესიც ხელოვნურად იქნა შეჩერებული. 1932 წელს საბჭოთა მთავრობამ სოციალისტური რეალიზმი გამოაცხადა ხელოვნების საყოველთაო ფორმად მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ის ძლიერი იდეოლოგიური იარაღი გახდა ხელისუფლების ხელში. ასეთი იყო ქართული მოდერნიზმის დასარული. რუსეთის რევოლუციის სუსხმა და ქარიშხალმა საქართველოსაც გადაუარა. იმ ადამიანების დიდი უმრავლესობა, ვინც თბილისი პოეტების ქალაქად და საქართველო “ოაზისად” აქცია გადასახლებებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. ბევრი იმ ავადსახსენებელ 1930-იან წლებს შეეწირა. ქართული ინტელიგენციის ნაწილი, რუს თანამოძმეთა მსგავსად, უცხოეთში გადაიხვეწა და მათი ცხოვრების ბოლო წუთებამდე სიზმრისეულ მოგონებად დარჩა იმ მშვენიერი წლების ატმოსფერო, რომელიც, როგორც დავით კასრაძე წერდა “განთავისუფლებული საქართველოს ახალი პოლიტიკის არქიტექტორებმა შექმნეს”.
⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯⎯
1. საქართველოს დედაქალაქ თბილისის მაშინდელი სახელი 1936 წლამდე იყო ტფილისი.
2. ტიციან ტაბიძის წერილი “ქიმერიონი” დაიბეჭდა ჟურნალ “ბარრიკადის” მე-5 ნომერში, 1922 წლის 22 იანვარს.
3. ნატალია გონჩაროვას, მიხაილ ლარიონოვის, ალექსანდრ შევჩენკოს, მიხაილ ლე-დანტიუსა და სხვათა მანიფესტი “ლუჩისტი ი ბუდუშნიკი” (ლუჩისტები და ფუტურისტები) გამოიცა მოსკოვში, 1913 წელს, კრებულში “ოსლინიი ხვოსტ ი მიშენ” (ვირის კუდი და სამიზნე).
4. პაოლო იაშვილის “პირველთქმა” გამოქვეყნდა ჟურნალ “ცისფერი ყანწების” პირველ ნომერში, 1916 წელს.
5. ტიციან ტაბიძის “ქიმერიონი” კვლავ ფიგურირებს ჟურნალ “ბარრიკადის” მე-5 ნომერში (1922 წ.), გვერდებზე 2-3.
6. ჟურნალი “ARS”-ი (1918 წ.) გვამცნობს, რომ მაყურებელმა მხატვარ კირილე ზდანევიჩის შემოქმედება ცივად მიიღო, რადგან გაუჭირდა მისი “ახალი სილამაზის ფორმების” აღქმა.
7. ეგანბიურისა და კრუჩონიხის ნაშრომი “კირილე ზდანევიჩის სურათების გამოფენა”, გვერდი 2.
8. გამომცემელთა ჯგუფში შედიოდნენ ბენო გორდეზიანი, აკაკი ბელიაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ჟანგო ღოღობერიძე, ირაკლი გამრეკელი, ნიკოლოზ შენგელაია, შალვა ალხაზიშვილი და სხვები.
9. სიმონ ჩიქოვანის “სასწრაფო განმარტება” ჟურნალ H2SO4-ის გამოსვლის შესახებ დაიბეჭდა “მნათობში”, 1924 წლის მე-4 ნომერში.
10. ხელოვნების გარკვეულ სფეროებში ავანგარდულმა მიმდინარეობებმა 30-იანი წლების ბოლომდე გასტანა.
11. ქართული ავანგარდული თეატრი ჩამოაყალიბა გამოჩენილმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა, რომელმაც 1922 წლიდან ნიჭიერი მოდერნისტი ხელოვანები მიიწვია მასთან თანამშრომლობისთვის.
12. დავით კასრაძის წერილი “ქიმერიონი” დაიბეჭდა გამოცემა “საქართველოში” (1920 წ., #3), გვერდზე 3.