menu

„ჩვენი ეროვნული თავშესაფარი“ - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

1860-იანი წლების ერთ საღამოს თბილისში, ქართველი ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ მამაცაშვილის ოჯახში იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე შეკრებილან. ასეთი საღამოები მაშინ ხშირად ეწყობოდა თბილისის ქართულ ოჯახებში, რაც საუკეთესო საშუალება იყო გულახდილად ესაუბრათ ქვეყნის მომავალზე. რუსეთის იმპერიის მმართველობის პირობებში საიმედო არა ჩანდა რა.

აქ დაიბადა წერა-კითხვის საზოგადოების, საქართველოში პირველი სამოქალაქო ორგანიზაციის, შექმნის იდეა, რომელიც შემდეგ დიდ მამულიშვილს, თბილისის ქალაქის თავს, დიმიტრი ყიფიანს გაანდეს. დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, ნიკო ცხვედაძემ, ვახტანგ თულაშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა ყველაზე მეტი ღვაწლი დასდეს ამ საზოგადოებას. იაკობი იგონებს, როგორი „მხურვალე თანაგრძნობით შეეგება ძვირფასი მასწავლებელი“ დიმიტრი ყიფიანი წინადადებას. იაკობ გოგებაშვილი ამ დროს ჭლექით იყო ავად და დროებით გამოეთიშა წესდებაზე მუშაობას, და როცა საბოლოო ვერსია ნახა, არ მოეწონა. საზოგადოების შექმნის დედააზრი — სწავლება წარმართულიყო გლეხებისთვის გასაგებ დედა ენაზე და არა რუსულად — დაკარგული იყო. მისი აზრით, ეს წესდების მუხლით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. დიმიტრი ყიფიანი შიშობდა, რომ ხელისუფლება ასეთი სახით წესდებას არ დაამტკიცებდა.

„თუ ეგ მუხლი არ იქნება მოქცეული წესდებაში, საზოგადოების დაარსება ამაო იქნება, რადგან ბიუროკრატიას უფლება მიეცემა, სწავლება საზოგადოების სკოლებში რუსულ ენაზე მოითხოვოს, და მაშინ ჩვენი საზოგადოება ქართველი ხალხის განათლებას კი არ გაუწევს სამსახურს, არამედ მის გადაგვარებას და მისი გონების დაბნელებას დაეხმარება“, — ამბობდა იაკობ გოგებაშვილი. ამიტომ წესდებაში მე-3 მუხლი ჩაამატეს: საზოგადოების მთავარ მიზნად „კავკასიის გუბერნიაში მცხოვრებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელება და დაწყებითი განათლების“ დედა ენაზე წარმართვის მიღწევა განისაზღვრა.

როცა წესდება მომზადდა, 1878 წლის 30 იანვარს დამფუძნებლები პოეტ გრიგოლ ორბელიანის სახლში შეიკრიბნენ. ერთხმად გადაწყდა, რომ რაკი რუსეთ-თურქეთის ომი მიმდინარეობდა და რუსეთისთვის არცთუ სახარბიელოდ, ამ მდგომარეობით ესარგებლათ და დასამტკიცებლად წარედგინათ პეტერბურგში. დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და ნიკოლოზ ღოღობერიძემ 1878 წლის 20 ივნისს გენერალ-ლეიტენანტ სტაროსელსკის, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროსს, მიმართეს. პასუხს ერთი წელი ელოდნენ. წინააღმდეგობას სწორედ მესამე მუხლი ქმნიდა, რომლის ჩაწერას დაჟინებით მოითხოვდა იაკობ გოგებაშვილი. ჩანაწერს განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკიც, რომელმაც ქართული ენა განდევნა სასწავლებლებიდან.



ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებლები. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან.


წესდების დამტკიცება დიმიტრი ყიფიანს 1879 წლის 14 აპრილს აცნობეს. ერთ თვეში, 15 მაისს, სათავადაზნაურო ბანკის შენობაში „მოხდა პირველი საერთო ყრილობა „თბილისის საზოგადოებისა“, რომელმაც წიგნის ცოდნა და სწავლა უნდა გაავრცელოს ქართველთა შორის კავკასიის სანამესტნიკოში“, — წერია „დაწესების“ (დაფუძნების) ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი და გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ერისთავი. ამიტომ 15 მაისი მიჩნეულია იმ საზოგადოების დაარსების თარიღად, „რომელიც არა მხოლოდ კულტურული დაწესებულება, არამედ ჩვენი ეროვნული თავშესაფარია“, — აღნიშნულია საზოგადოების გამგეობის ანგარიშში.



ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი და გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ერისთავი. საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან.


ეს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი (ამ დროის საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 2–3 პროცენტმა იცის წერა-კითხვა) და ამავე დროს წიგნის გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი საზოგადოება, იმ დროს არარსებული ეროვნული არქივიც, მუზეუმიც და ბიბლიოთეკაც, უმთავრესი კერა, სადაც ყველაფერი ეროვნული იბადებოდა და კეთდებოდა. ეს იყო საზოგადოება, რომლის შექმნა ადამიანების მცირე ჯგუფმა რუსეთის იმპერიის უამრავი შეზღუდვისა და წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა და გამოაღვიძა ეროვნული იდეები. გაავრცელა განათლება, უპატრონა კულტურულ მემკვიდრეობას და ქართულ საზოგადოებას იმედი და რწმენა ჩაუსახა.

საზოგადოებამ თავმჯდომარეობა ერთხმად სთხოვა პოეტ გრიგოლ ორბელიანს, რომელმაც ბოდიში მოიხადა — ჯანმრთელობის გამო ამას ვერ შევძლებო. თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი.



1879–1918 წლებში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ: დიმიტრი ყიფიანი, ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი, ილია ჭავჭავაძე, გიორგი ყაზბეგი. საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან.


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები აღარ არსებობდა, გადარჩენის ერთადერთი გზა — განათლების გავრცელება — რჩებოდა. საზოგადოების უმთავრესი მიზანი ქართველი ხალხის ქართულ ცნობიერებაში დაბრუნება იყო. საზოგადოებამ დამფუძნებლებად გავლენიანი პირები და საზოგადო მოღვაწეები მოიზიდა. საზოგადოებას შეუერთდნენ „თერგდალეულების“ სახელით ცნობილი 60-იანელების ახალი თაობა. ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიახლეების დანერგვას მოითხოვდნენ და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ქართული ეროვნული მოძრაობის მამოძრავებელ ძალად მიაჩნდათ.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება საწევროებით, შემოწირულებებით, სათავადაზნაურო ბანკის დახმარებით, წიგნის მაღაზიიდან შემოსული სახსრებით, სპეციალურად საზოგადოების დასახმარებლად მოწყობილი საღამოებით არსებობდა. მალე ილიამ წამოაყენა წინადადება, დაეგზავნათ საზოგადოების აგენტები და სოფლებში სკოლების გახსნაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინათ მაზრებში, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი გვერდითაც არ გაიკარა.

1881 წელს ერთ-ერთი პირველი სკოლა გაიხსნა ბათუმში. 66 მოსწავლე რომ შეიკრიბა, შენობამ ვეღარ დაიტია და სწავლება ორ ცვლაზე გადაიყვანეს. აქ მაჰმადიანებიც სწავლობდნენ და ქრისტიანებიც. სკოლას ბევრი პრობლემა ჰქონდა და ამისთვის გადაწყვიტეს ყოველ წელს, 14 იანვარს საღამო გაემართათ და შემოსული თანხა სასწავლებლისთვის გამოეყენებინათ. პირველ ასეთ საღამოზე დასასწრებად აკაკი წერეთელი ჩავიდა ბათუმში. სამი ათასზე მეტი მანეთი შემოვიდა და სასწავლებელი გაჭირვებიდან იხსნაო — იგონებდა მწერალი დავით კლდიაშვილი.


წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან.


ასეთი სკოლები გახსნილი იყო აფხაზეთიდან საინგილომდე. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმ მხარეებს, სადაც ქართულის სწავლას პრობლემა ექმნებოდა. ქართული სკოლები გაიხსნა ახალციხეში, ბორჩალოში, სოხუმში, საინგილოში... 1893 წელს კავკავში (ვლადიკავკაზი) საზოგადოებამ საკუთარ შენობაში გახსნა სკოლა, სადაც 65 ღარიბ-ღატაკი ქართველი ბავშვი სწავლობდა. საუკეთესოდ მუშაობდა ბაქოს ფილიალი. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ მანსვეტაშვილის შემოწირულებით სკოლისთვის შენობაც აიგო. საზოგადოების ყურადღება ფერეიდანსაც მისწვდა.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიებს უნიშნავდა. ერთხელ დავით კარიჭაშვილისთვის კავკავის სკოლის მასწავლებელს წერილი გამოეგზავნა: ერთი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ უკიდურესად გაჭირვებული ახალგაზრდა გვყავს,  ხელზე მოსამსახურედ მუშაობს ვიღაც რუსთან, სახლის პატრონს გიმნაზიაში შეუყვანია, სადაც თავისი ნიჭიერებით ყველა გააოცაო. საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა და დაავალა, გამოეყვანა სხვისი ოჯახიდან, რომ კარგად ესწავლა. ეს ახალგაზრდა შემდგომში ცნობილი მეცნიერი, პავლე ინგოროყვა იყო.

დიმიტრი ყიფიანის მოწამებრივი მკვლელობის შემდეგ საზოგადოებას რამდენიმე წელი ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს, რომელიც მას 25 წელი უძღვებოდა. ილიას მხარში ედგა პედაგოგი, მწერალი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი კორპუსის აგების ინიციატორი ნიკო ცხვედაძე, რომელიც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ილია ყოველნაირად ცდილობდა დახმარებოდა საზოგადოებას. ერთხელ მეჯლისი გამართა და შემოსული თანხა — 550 მანეთი — ფონდში შეიტანა. ასეთ საღამოებს მისი და მისი მეუღლის — ოლღა გურამიშვილის — ინიციატივით ხშირად აწყობდნენ. ყოველწლიურად იზრდებოდა საქართველოს რეგიონებისთვის გაწეული დახმარება. იხსნებოდა სკოლები, სამკითხველოები, ფინანსდებოდა ნიჭიერი ახალგაზრდობა, ხელს უწყობდნენ ქართველ მწერლებს. წერა-კითხვის საზოგადოება ბეჭდავდა ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებს. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარმატება ხვდა. ყოველწლიურად ქართული ენის ამ უნიკალური სახელმძღვანელოს 20–25 ათასი ეგზემპლარი იყიდებოდა. 1916 წლამდე „დედა ენის“ 550 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

იმდროინდელ ქართულ პრესაში ასეთ განცხადებებს მრავლად შეხვდებით:

„გთხოვთ, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით გამოვუცხადოთ მადლობა წერა-კითხვის საზოგადოებას 25 ცალი „დედა ენის“ უფასოდ გამოგზავნისთვის ჩემ მიერ გახსნილი ლაილაშის სამრევლო სკოლის სასარგებლოდ... მეორე დღეს მოვიდნენ სხვა პატარები, დედებს გამოჰქცეოდნენ და „ჩვენც გვინდა ვისწავლოთო“ გაიძახოდნენ!“ — წერდა მღვდელი ი. გერსამია გაზეთ „დროებას“.

„ვაჟა-ფშაველა წელიწადში ორჯერ მოადგებოდა წერა-კითხვის საზოგადოებას, ითხოვდა ოთხ-ხუთ თუმანს ან სესხად, ან დასაბეჭდი თხზულების ავანსად, რადგან სხვა დამხმარე არავინ ჰყავდა“.


ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილი) მოხსენება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი ფშავში მოძრავი სკოლის გახსნის შესახებ. 1893 წლის 17 დეკემბერი. საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან.


„სწავლის სურვილი გვაბედინებს მივმართოთ „ივერიის“ შემწეობით წ.კ. საზოგადოებას და ხელი შეგვიწყოს ისე, როგორც სხვა სკოლებს უმართავს ხელს... თუ უნუგეშოდ დაგვტოვა საზოგადოებამ, მაშინ ჩვენ მეტი გზა არ დაგვრჩება, ... ყველასგან მოძულებულნი წყალში გადავცვივდეთ“ — წერდნენ ბაკურციხელი ყმაწვილები.

1893 წელს საზოგადოების ინიციატივითა და ხარჯით სამშობლოში ჩამოასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.


ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება თბილისში. 1893 წლის 25 აპრილი. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან.


საზოგადოებამ ითავა ილიას ძეგლის აღმართვა მთაწმინდაზე, რომელიც იაკობ ნიკოლაძეს დაუკვეთეს. იმ პერიოდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა მეწარმემ და მეცენატმა გიორგი ქართველიშვილმა 1888 წელს გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა, რომელიც საგანგებოდ მოწვეული უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის, ნახატებით იყო გაფორმებული. გამოცემის მთელი ტირაჟი მან წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა.



„ვეფხისტყაოსანი“. 1888 წლის ქართველიშვილისეული გამოცემა და მიხაი ზიჩის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან.


წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა უძველესი ხელნაწერების, დოკუმენტების, სიგელ-გუჯრების მოძიება და დაცვა გახდა. ამ დროს საქართველოში, როგორც კრიტიკოსი და მთარგმნელი ალექსანდრე სარაჯიშვილი წერდა, იღუპებოდა საისტორიო ნაშთები... „მცხეთის ეკლესიიდან დაიკარგა შესანიშნავი ხატი მაცხოვრისა (VI ს.), მცხეთის წიგნსაცავი, საცა შვიდი ათასი სხვადასხვა წიგნი და ხელნაწერი იყო, ამჟამად აღარსადა ჩანს. დაიკარგა და გაიბნა ქვათახევის მონასტრისა და ბოდბის წიგნთსაცავი, ჯუმათის მონასტრიდან სულ ერთიანად გაზიდეს წიგნები და ნივთები... ბატონმა დიმიტრი ბაქრაძემ შესანიშნავი ქსნის ოთხთავი იპოვა ტაძრის ეზოში. მეორე ხელნაწერი, მეცხრე საუკუნისა, ბატონმა ბაქრაძემ იპოვა ნიქოზის ტაძრის მახლობლად ნაგავში...“




ექვთიმე თაყაიშვილის მიმართვა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი საზოგადოების წიგნსაცავსა და მუზეუმში დაცული სიძველეების დაცულად გადატანის შესახებ. 1905 წლის 27 დეკემბერი. საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან.


წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაიცვა, ერთად შეკრიბა და გამოსცა ქართული მწერლობის ბევრი ძეგლი. დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე მის განკარგულებაში უკვე 200-ზე მეტი ბეჭდური და ორჯერ მეტი ხელნაწერი ტექსტი იყო დაცული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეკრიბეს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს. რაფიელ ერისთავის ბიბლიოთეკის გადმოცემის შემდეგ, ყველაზე დიდი შემოწირულება ამ მხრივ საზოგადოებამ სამეგრელოს მთავრისგან, ნიკო დადიანისგან მიიღო, რომელმაც 1855 წელს საზოგადოებას საკუთარი ბიბლიოთეკა — 169 ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნი — გადასცა. ნიკო დადიანი საპატიო წევრად აირჩიეს.

ქართველი მოღვაწეები საკუთარ ქონებასა და შემოსავლებს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძებდნენ. ცნობილმა ქართველმა მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა საკმაო დიდი თანხა დაუტოვა, ძმებმა ზუბალაშვილებმა — 20 ათასი მანეთი შესწირეს. 1905 წელს ანდერძი დატოვა ილია ჭავჭავაძემ და მთელი თავისი ქონება, მისი სიკვდილის შემდეგ, მეუღლეს დაუტოვა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას უნდა დარჩენოდა. ოლღა ჭავჭავაძემ უკვე 1908 წელს, ილიას მკვლელობის შემდეგ მალევე, საგურამოს მამულის საზოგადოებისთვის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.

მდიდარი ბიბლიოთეკა, ქონება, საკუთარი სახელმძღვანელოები და მათი სასტამბო კლიშეები, სტატიები დაუტოვა საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილმა.
„მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ კარგად მოუაროს ჩემს „დედა ენას“ და გონივრულად მოიხმაროს მისი შემოსავალი“. „დედა ენა“ დიდი რამეა ჩვენი ერისათვის, მეფე ერეკლეც რომ გვყოლოდა, ეს სახელმძღვანელო ისეთივე იქნებოდა, როგორიც დავტოვე ამ ბოლო დროს“ — თანამედროვეთა გადმოცემით, ეს იაკობის ბოლო სიტყვები იყო.



ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სახალხო სამკითხველო დარბაზი. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან.


სოფელ სხვიტორის სახლი და ეზო აკაკი წერეთელმა ცოლ-შვილს დაუტოვა, შემდეგ კი საზოგადოების ხელში უნდა გადასულიყო. ცოლ-შვილმა საკუთარ უფლებებზე უარი თქვეს.

1910-იანი წლებიდან, პოლიტიკური ვითარების ცვლილებების კვალობაზე, საზოგადოების მუშაობაშიც იჩინა თავი პოლიტიკური საკითხების შემოტანის მცდელობამ. ჯერ სოციალ-დემოკრატებს სურდათ წერა-კითხვის საზოგადოება მასობრივი გაეხადათ, საწევრო შეემცირებინათ და მართვაც შეძლებოდათ. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ბოლშევიკები ცდილობდნენ მათი საქმიანობის შეფერხებას. ბოლშევიკების ერთი მგზნებარე წარმომადგენელი, ფილიპე მახარაძე, ეკითხებოდა საზოგადოების მესვეურებს: „რაში ხარჯავთ ამ ძველმანების საყიდლად ფულსო“.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორიის შესახებ ბოლო მნიშვნელოვანი კვლევის ავტორი ოლივერ რაისნერი („ქართველი ერის სკოლა“, თბილისი, 2005 წ.) აღნიშნავს, რომ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ილია ჭავჭავაძის პირადი ავტორიტეტის დახმარებით ცარიზმის მისწრაფებებს ეღობებოდა და კომპრომისების მოძიებას ახერხებდა“. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მისი, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუციის, საზოგადოებრივი მნიშვნელობა თანდათან დაიკარგა: დაიხურა უცხოეთის ფილიალები, წევრების დიდი ნაწილი პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ინსტიტუციებში სამუშაოდ გადავიდა, ხოლო 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, „მისმა არსებობამ მეფის დროის ნოსტალგიური გადმონაშთის სახე მიიღო და თანდათანობით შთანთქა სახელმწიფო ინსტიტუციებმა“.

1922 წელს საზოგადოებას სახელი შეეცვალა და „წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება“ ეწოდა. ამრიგად, მის ფუნქციად მხოლოდ საგამომცემლო საქმე განისაზღვრა.

პუბლიცისტი და იურისტი იასონ ლორთქიფანიძე კვლავ იმ უკმაყოფილებაზე საუბრობს, რომელიც ამჯერად საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონია წესდებასთან დაკავშირებით: 


„ჩვენ ხანდახან ვაცხადებთ ჩვენს ფირმას ისე, როგორც ის დამტკიცებულია — „ქართული წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება“. ეს უკანასკნელი ნაწილი არ მოსწონთ... არ ვიცი, როგორ გათავდება ეს საქმე. ჩვენი წესდება და ყველა საბუთები მოუთხოვიათ შინაგან საქმეთა კომისარიატისაგან განსახილველად სხვა დაწესებულებაში. მე მგონი, მოგვიხდება ამ საზოგადოების დახურვა“.

საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმის გამგე დავით კარიჭაშვილი თბილისის რევკომს წერდა: მუზეუმი და ბიბლიოთეკა თქვენი მფარველობის ქვეშ მიიღეთო. საზოგადოება ცუდ დღეში იყო, ფინანსებიც აღარ ჰქონდა... მუზეუმი და ბიბლიოთეკა თბილისის უნივერსიტეტში იყო განთავსებული.

1926 წელს საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. განათლების სახალხო კომისარიატმა საზოგადოების ქონება მწერალთა კავშირს გადასცა, წიგნსაცავი, მუზეუმი და არქივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს იყო 2214 ხელნაწერი, 1600 სიგელი და დოკუმენტი, 5286 ქართული და 6348 სხვა ენებზე გამოცემული წიგნი, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული ნივთები, ნახატები და ფოტოები. გახშირდა წიგნების დაკარგვის ფაქტები. იოსებ გრიშაშვილმა საზოგადოების ბეჭდიანი წიგნები ბაზრობაზე შეისყიდა და უნივერსიტეტში მიიტანა. „სანამ მე ცოცხალი ვარ, ამ საზოგადოების წიგნები არ დაეკარგება ქართველ ხალხს“, — ამბობდა პოეტი.

1937 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ხელნაწერები ეროვნული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას გადაეცა (ამჟამად ხელნაწერთა ცენტრში დაცულია S კოლექციის სახელით), ბიბლიოთეკა კი საჯარო ბიბლიოთეკაში ურმებით გადაიტანეს. წიგნადი ფონდი დაშალეს და ბიბლიოთეკის სხვა ფონდებს შეუერთეს. 1999 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნადი ფონდი ცალკე გამოიყო, აღდგა ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა, მიკვლეული იქნა მისი პირადი ბიბლიოთეკის 100-ზე მეტი ეგზემპლარი; ასევე — რაფიელ ერისთავის, დავით ჩუბინაშვილის, დიმიტრი ბაქრაძის პირადი ბიბლიოთეკა-კოლექციები.



1979 წელს აღინიშნა საზოგადოების 100 წლის იუბილე. საიუბილეო პლაკატი. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან.


წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბოლო საქმე ილია ჭავჭავაძის ქვრივის — ოლღა გურამიშვილის — დაკრძალვის ორგანიზება იყო, რომელიც 1927 წლის 24 აპრილს შედგა. ოლღას, რომლის მეუღლემ ამ საზოგადოებას დიდი ღვაწლი დასდო, სიცოცხლის ბოლო წლებში ისე უჭირდა, საკუთარ წიგნებს ბაზარში ყიდდა. აპრილის ამ დღეებშივე დაიწერა საზოგადოების ლიკვიდაციის აქტიც...