menu

მიხეილ თუმანიშვილი - ფრთხილი, მაგრამ გაბედული რეჟისორი


თუ ფრთხილი იყო, მაშინღა გაბედული როგორ იყო - იკითხავს მკითხველი. დიახ, გამოჩენილი ქართველი თეატრის რეჟისორის, პედაგოგისა და თეორეტიკოსის მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრება და შემოქმედება კონტრასტულ პერიპეტიებსა და წინააღმდეგობებზეა დაფუძნებული.


მიხეილ თუმანიშვილი იმ ეპოქის შვილი იყო, რომელიც შექმნა საბჭოთა კავშირმა და მერე მის წინააღმდეგ განაწყო. წინააღმდეგობას ტოტალურ დიქტატურაზე დამყარებული სისტემის მიმართ მხოლოდ შემოქმედებაში გამოხატავდა, როგორც შინაარსობრივად, ისე გამომსახველობითი ფორმების საშუალებით. ამხელდა ტირანიას ხან დიდი ტრაგიზმით, ხანაც მსუბუქი იუმორითა და ირონიით.


მუდმივად ეძებდა ფორმებს, რომელიც დააშორებდა მას საბჭოთა მეინსტრიმული სათეატრო ფორმებისგან და უფრო მეტად აახლოებდა მისი დროის ევროპულ სათეატრო კულტურას, მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა „რკინის ფარდის“ მიღმა, სადაც ინფორმაციის წყარო დახშული იყო. დიდ ხელოვანს და მოაზროვნეს შემოქმედებითი ინტუიცია არასდროს ღალატობდა. ამიტომაც საბჭოთა ეპოქაში ქმნიდა ავანგარდულ თეატრს, რომელიც თავისი არსით, მსოფლმხედველობითა და ფორმით ეწინააღმდეგებოდა XX საუკუნის 40-იანი წლებიდან იძულებით დამკვიდრებულ სოცრეალიზმს, პათეტიკურობასა და მონუმენტურობას თეატრში. ილტვოდა კამერული სივრცისკენ, შლიდა უხილავ საზღვარს სცენასა და პარტერს შორის, ქმნიდა ინტიმურ ატმოსფეროს, ებრძოდა პათეტიკურობას და სიყალბეს, დეკლამაციურობას სათეატრო ხელოვნებაში...


მიხეილ თუმანიშვილი


მიხეილ თუმანიშვილი უნიკალური მოვლენაა თანამედროვე საბჭოთა თეატრში. მისი, როგორც მოვლენის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის თანაბრად იყო წარმატებული და გამორჩეული როგორც პრაქტიკოსი რეჟისორი, პედაგოგი და თეორეტიკოსი. მისი თეორიული შრომები და წიგნები სათეატრო ხელოვნებაზე იქცა სახელმძღვანელოებად მსახიობებისთვის, რეჟისორებისთვის, სცენოგრაფებისთვის, კრიტიკოსებისთვის, თეატრის მკვლევრებისთვის. მიხეილ თუმანიშვილის მოწაფეები ამშვენებენ და ამრავალფეროვნებენ ქართული თეატრის სცენებს აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, კინოეკრანებზე კი ქმნიან მნიშვნელოვან მხატვრულ სახეებს, ხოლო მის მიერ აღზრდილ რეჟისორთა სახელები ცნობილია საქართველოს ფარგლებს გარეთ, მხოლოდ რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძისა და დავით დოიაშვილის დასახელებაც კმარა. მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლებმა რადიკალურად შეცვალეს ქართული თეატრის გეზი, ენა და საბჭოთა მაყურებლის მსოფლმხედველობაც კი.


მიხეილ თუმანიშვილი დაიბადა 1921 წლის 6 თებერვალს თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე ძველ და კულტურულ უბანში - ვერაზე. ბავშვობაშივე დაინტერესებული იყო მხატვრობითა და თეატრით. 13 წლის ასაკში ნახა სანდრო ახმეტელის სპექტაკლი სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“ რუსთაველის თეატრში, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ყმაწვილზე. მას შემდეგ მოზარდი მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრის ხშირი სტუმარი გახდა, თუმცა მომავალ პროფესიად არქიტექტორობა აირჩია. მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრა, მალევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. 1941 წელს კი მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე აღმოჩნდა. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილი დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და თბილისში დაბრუნდა. ომში მიღებულმა ტრავმებმა მძიმე კვალი დატოვა რეჟისორის ცხოვრებაზე.


მიხეილ თუმანიშვილი


თბილისში დაბრუნებული მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობაზე, რომელმაც თეატრის რეჟისურა გიორგი ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა. ეს ის გიორგი ტოვსტონოგოვია, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრს და უდიდესი გავლენა ჰქონდა რუსულ საბჭოთა თეატრზე. ინსტიტუტი მიხეილ თუმანიშვილმა 1949 წელს დაამთავრა. მისი პირველი სტუდენტური სპექტაკლები არაფრით გამოირჩეოდა. პედაგოგები და სათეატრო საზოგადოება, რომელიც მის სპექტაკლებს ესწრებოდა, არ უწინასწარმეტყელებდნენ დიდ რეჟისორობას. მისი შესაძლებლობების მხოლოდ თეატრალური ინსტიტუტის რექტორს, რუსთაველის თეატრის დირექტორს და ცნობილ მსახიობს აკაკი ხორავას სჯეროდა. აკაკი ხორავას დახმარებით და მხარდაჭერით აღმოჩნდა მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრში. თავდაპირველად ის თეატრში მივიდა როგორც მეხანძრე, რადგან რეჟისორის ადგილი იმ ეტაპზე არ იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იდეებით დატვირთული ახალგაზრდა ხელოვანისთვის.


მიხეილ თუმანიშვილის პირველი სპექტაკლები თითქმის არ გამოირჩეოდა არც ახალი ფორმით და არც სათეატრო ენით. ნოვატორად ის გამოცდილებამ და დროის გამოწვევებზე ღრმად დაფიქრებამ აქცია. მისი პირველი წარმატება უკავშირდება იულიუს ფუჩიკის პიესას „ადამიანებო იყავით ფხიზლად!“, რომელიც მან რუსთაველის თეატრში დადგა. აქ გამოჩნდა რეჟისორის განსაკუთრებული ხედვაც, ალღოც და ინტუიციაც.


მიხეილ თუმანიშვილი იყო პირველი, ვინც ფარდის გამოყენებაზე უარი თქვა. ამ ხერხით მან მოშალა ზღვარი რუსთაველის თეატრის მონუმენტურ სცენასა და პარტერს შორის, უფრო დააახლოვა მაყურებელი მსახიობს. უფრო მეტიც, მიხეილ თუმანიშვილი იყენებდა ირიბ ინტერაქტივს, რომელიც უჩვეულო იყო იმ პერიოდის თეატრში, კერძოდ პარტერიდან შემოსული მსახიობი (სერგო ზაქარიაძე) სპექტაკლში პაველ კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია“ განსაკუთრებულ მოულოდნელობის ეფექტს ახდენდა ტრადიციული თეატრალური ფორმების მოყვარულ მაყურებელზე. მიხეილ თუმანიშვილი აღარ იყენებდა მონუმენტურ დეკორაციებს, პირიქით, ის ქმნიდა ვიზუალურად ცარიელ სივრცეს, რომელსაც მსახიობები და პერსონაჟები ავსებდნენ, ამიტომაც იყო მის სპექტაკლებში დაშვებული უკიდურესი პირობითობა. მიხეილ თუმანიშვილმა ფსევდო რომანტიკული ქართული საბჭოთა თეატრი ჩაანაცვლა ფსიქოლოგიური თეატრით, სადაც მსახიობი იყო პერსონაჟი, ცოცხალი და ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანი. ასეთმა მიდგომამ შეცვალა მსახიობთა თამაშის მანერა და სტილი.


როცა ასეთი სიყვარულია


რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: იულიუს ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯონ ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კიტა ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გუგა ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1964), ჟან ანუის „ანტიგონე“ (1968), ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ალექსანდრე ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა.


განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხეილ თუმანიშვილის „ჭინჭრაქა“, რასაც უკავშირდება რუსთაველის თეატრის მცირე სცენის გახსნა. პიესიდან დაწყებული, შემსრულებელი მსახიობებით დამთავრებული ყველაფერი უჩვეულო იყო ამ სპექტაკლში. რუსთაველის თეატრი იმხანად არ დგამდა ზღაპრებს და საბავშვო სპექტაკლებს, ამიტომაც საზოგადოება ანონსს ზღაპრის დადგმის შესახებ არაერთგვაროვნად შეხვდა, გაოცებულები იყვნენ თავად შემსრულებელი მსახიობები, ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავები: სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ბელა მირიანაშვილი, კარლო საკანდელიძე, ნანა ფაჩუაშვილი და სხვები, რომელთაც ცხოველები და ზღაპრული პერსონაჟები უნდა განესახიერებინათ. მსახიობები იმდენად ენდობოდნენ მიხეილ თუმანიშვილს, რომ დათანხმდნენ და სპექტაკლი გამოვიდა ფეიერვერკი, რომელსაც მრავალჯერ ესწრებოდა ერთი და იგივე მაყურებელი. ამ სპექტაკლით მიხეილ თუმანიშვილმა კიდევ ერთ ახალ სტილს და მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი ქართულ თეატრში, რომელზედაც მომდევნო წლებში აღმოცენდა რობერტ სტურუას თეატრი, როგორც ესთეტიკური კატეგორია. ეს არის პირობით-გროტესკული თეატრი.



ჭინჭრაქა. სერგო ზაქარიაძე და რამაზ ჩხიკვაძე.


ჭინჭრაქა. სერგო ზაქარიაძე და რამაზ ჩხიკვაძე.


არანაკლებ სკანდალური იყო მიხეილ თუმანიშვილის „ანტიგონე“ ჟან ანუის პიესის მიხედვით. რეჟისორმა ანტიკური მითოლოგიური სიუჟეტი თანამედროვე საბჭოთა სამყაროს აქტუალურ პრობლემებს მოარგო და ამხილა სისტემა, რომელიც არავის ინდობს, რომლისთვისაც არ არსებობს ჰუმანური ღირებულებები და ადამიანური ფასეულობები. სერგო ზაქარიაძისა (კრეონი) და ზინაიდან კვერენჩხილაძის (ანტიგონე) შესრულება კი ქართული სამსახიობო სკოლის სანიმუშო სახელმძღვანელოდ იქცა.



ანტიგონე. სერგო ზაქარიაძე (კრეონი) და ზინაიდა კვერენჩხილაძე (ანტიგონე)  


მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში ახალგაზრდა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა და ჩამოაყალიბა „შვიდკაცა“, ერთგვარი შემოქმედებითი ჯგუფი. მათთან ერთად შექმნა ეპოქალური და საეტაპო სპექტაკლები, თუმცა სწორედ ამ ჯგუფში გაჩენილი კონფლიქტის გამო მოუხდა მიხეილ თუმანიშვილის რუსთაველის თეატრის დატოვება. უთეატროდ დარჩენილმა რეჟისორმა მშობლიურ თეატრალურ ინსტიტუტს შეაფარა თავი, სადაც მსახიობთა და რეჟისორთა არაერთი თაობა აღზარდა, რამაც გააჩინა საშუალება ახალი სათეატრო კერის ჩამოყალიბების. ასე შეიქმნა კინომსახიობთა სტუდია, რომელიც 1978 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა როგორც თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი. დღეს თანამედროვე ქართული თეატრის ეს უმნიშვნელოვანესი სათეატრო კერა, მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს. თავის დროზე თეატრი სახელოსნოს პრინციპზე მუშაობდა, რომელიც ღია იყო ექსპერიმენტებისთვის. ეს იყო ცენზურისგან თავისუფალი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს პედაგოგთან ერთად შეეძლოთ შეექმნათ ისეთი სპექტაკლები, რომელიც მათი შემოქმედებითი ექსპერიმენტის ნაყოფი იქნებოდა.



მიხეილ თუმანიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე და ზურაბ ყიფშიძე.


მიხეილ თუმანიშვილი და სესილია თაყაიშვილი


კინომსახიობთა თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, რომელიც დღემდე შემორჩა თეატრის რეპერტუარს და რომლის მიმართ მაყურებლის ცხოველი ინტერესი არ ცხრება; რეზო გაბრიაძის „ჩვენი პატარა ქალაქი“, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რჩებოდა თეატრის მოქმედ რეპერტუარში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მოლიერის „დონ ჟუანი“ და შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელებმაც ფაქტობრივად მოიარა მსოფლიო ფესტივალები XX საუკუნის გამოჩენილი რეჟისორის პიტერ ბრუკის რეკომენდაციით, რომელიც გულშემატკივრობდა მიხეილ თუმანიშვილის რეჟისურას.


ბაკულას ღორები. რამაზ იოსელიანი და ლაურა რეხვიაშვილი.


მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა 1996 წელს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მიხეილ თუმანიშვილს მიღებული ჰქონდა ათობით ჯილდო. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა კინომსახიობთა თეატრს, რეჟისორის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესებულია მისი სახელობის ჯილდო და პრემია, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი და ხელოვნების განვითარების ფონდი, რომელიც მის სახელს ატარებს. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიხეილ თუმანიშვილის სახელი ეწოდა.


მიხეილ თუმანიშვილი დღემდე ცოცხალია, რადგან მის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებსა და ტრადიციებს აგრძელებენ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეები. რეჟისორის წიგნები: „სანამ რეპეტიცია დაიწყება“, „რეჟისორი თეატრიდან მიდის“, „ახლა კი ფარდა“, „ფიქრები თეატრსა და ცხოვრებაზე“, „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ“ დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მომავალი მსახიობებისა და რეჟისორებისთვის სამაგიდო წიგნებად რჩება.