menu

დავით (დუდა) გაბაშვილი


ფერმწერის, გრაფიკოსის, მოქანდაკის, პედაგოგის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სახალხო მხატვრის, დავით დუდა გაბაშვილისადმი (1914-1995) მიძღვნილ გამოსათხოვარ წერილში ხელოვნების ისტორიკოსი, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე აღნიშნავდა, რომ იგი იყო აბსოლუტური, შეუმცდარი გემოვნებისა და დახვეწილობის, უმაღლესი მხატვრული კულტურისა და პროფესიონალიზმის შემოქმედი.[1] ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი ხოშტარია კი ამბობს, რომ დავით გაბაშვილის ხელოვნება არ არის სათანადოდ დაფასებული, რადგან იგი არ იყო ორიენტირებული ზედაპირულ ეფექტებზე და მისი აღქმა მაყურებლისგან სპეციალურ, სიღრმისეულ მომზადებას მოითხოვს.[2]





წინამდებარე წერილში დავით დუდა გაბაშვილის საინტერესო და მრავალმხრივი ხელოვნების ზოგადი სურათის წარმოდგენას შევეცდებით. მისი შემოქმედება მოიცავს:  წიგნის გრაფიკას, დაზგურ გრაფიკას, პლაკატის ხელოვნებას, ფერწერასა და ქანდაკებას, სადაც გამოხატულია მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, პროფესიონალიზმი, უზადო გემოვნება და ხელოვნების თითოეული  დარგის სპეციფიკის ორგანული შეგრძნება.


ხელოვანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი არისტოკრატული,  დახვეწილი გარეგნობითა და ასეთივე შინაგანი სამყაროთი, იზრდებოდა განათლებული, პატრიოტი მშობლებისა და მხატვრულ-ინტელექტუალურ ოჯახურ გარემოში. მამას - ალექსანდრე  გაბაშვილს, უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, დედა - ევგენია წმინდა ნინოს პანსიონში აღიზარდა, ის ღრმად განათლებული ადამიანი იყო და საუცხოოდ ფლობდა ფრანგულ ენას. დავითის ბაბუა იყო გენერალი ვასილ გაბაშვილი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. მისი ახლო ნათესავები კი იყვნენ ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამაარსებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი, მწერალი ეკატერინე გაბაშვილი, მხატვარი გიგო გაბაშვილი და სხვა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები.


მან 1933 წელს დაამთავრა სამშენებლო-სახუროთმოძღვრო ტექნიკუმი არქიტექტურის განხრით. სწორედ იქ შეიძინა კონსტრუქციის, პროპორციის, ფორმის ლოგიკური აგებისა და სიბრტყე-სივრცული კავშირების გააზრების უნარი. 1934-39 წლებში გაბაშვილი საწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, იოსებ შარლემანის კლასში. შემდეგ ის ამთავრებს ასპირანტურას და 1944 წლიდან აკადემიის გრაფიკის კათედრაზე უფროს მასწავლებლად მუშაობს, 1947 წლიდან ის იმავე კათედრის დოცენტია, 1974 წლიდან კი იგი პროფესორი და  ხატვის კათედრის გამგეა. მისი მრავალწლიანი და პროდუქტიული პედაგოგიური მოღვაწეობა ცალკე აღნიშვნის ღირსია. მის მოწაფეთა შორის იყვნენ ისეთი გამორჩეული მხატვრები, როგორებიცაა:  დიმიტრი ერისთავი, ლევან ცუცქირიძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ლეჟავა, ვლადიმერ კანდელაკი, ალექსანდრე ბანძელაძე და სხვები.


ნატურმორტი, ტილო, ზეთი, 75x56 სმ, 1936


დავით დუდა გაბაშვილის, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბება საბჭოთა სოციალისტური რეალიზმის მეთოდის დანერგვისა და სოციალისტური იდეოლოგიის გავრცელების ხანას ემთხვევა. საბჭოთა რეალობაში ეს იყო დრო, როდესაც ნიჭიერი, გამორჩეული ხედვისა და მხატვრული სამყაროს მქონე ხელოვანები, სახელმწიფოს მიერ საყოველთაოდ დამკვიდრებულ სისტემაში, ინდივიდუალური გამომსახველობისა და ხელწერის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებას ცდილობდნენ. სწორედ ამ გარემოში მოუწია გაბაშვილს თავისი ხელოვნების ენის ჩამოყალიბება. მისი შემოქმედება მიღებული აკადემიური განათლების საფუძვლებზე დგას. მისი ცოდნა და უტყუარი მხატვრული ალღო კი განაპირობებს მისი ხელოვნების სპეციფიკას, სადაც კომპოზიცია ყოველთვის კონსტრუქციულად და სწორად არის აგებული, ხოლო თავის „მხატვრულ ექსპერიმენტებსა“ და „თავისუფალ კომპოზიციებს“ ხელოვანი სწორედ აკადემიურ ფუნდამენტზე აშენებს.


გაბაშვილის ხელოვნებას ახასიათებს სტრუქტურულობა, სიბრტყე-სივრცის გააზრებულად ორგანიზება, ზუსტი ხაზის ფლობა, კონსტრუქციული კომპოზიცია, კონკრეტულისა და განზოგადებულის სინთეზი, ორგანზომილებიანი  სიბრტყისა და მოცულობითი ფორმის ერთიანობა და რიტმული განლაგება, ხაზისა და ფორმის რიტმიკის მხატვრულ მთლიანობად გარდაქმნა და ესთეტიკურად აჟღერება. მასთან ზოგჯერ ასევე გვხვდება რბილი შუქ-ჩრდილით მოდელირება და უხეში მონასმების რიტმიკა - მათი ურთიერთდაპირისპირება და ამ საპირისპირო მხატვრული გამომსახველობების ესთეტიკურ და ექსპრესიულ ხერხად გარდაქმნა.


დავით გაბაშვილი მიუხედავად იმისა, რომ აკადემიზმით იკვებება, გრძნობს თანამედროვე ხელოვნების მაჯისცემას. ის მხატვრული მასალის, სამეტყველო ენის სპეციფიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მასთან სიბრტყე, ხაზი, ფერი, ფორმა, ტექსტურა ამეტყველებული და მძაფრად გამომსახველია. მისი ინტერესი ხელოვნების სხვადასხვა დარგისადმი, განსხვავებული მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებისადმი მის მხატვრულ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ის არ კმაყოფილდება მხოლოდ რეალისტური გამოსახულებით, მისთვის მასალის სახვითობასა და მხატვრული ენის ექსპრესიულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაწარმოების გამომსახველობის შექმნაში.


გაბაშვილის შემოქმედება არა მხოლოდ დარგობრივი, არამედ ჟანრთა მრავალფეროვნებითაც ხასიათდება, მისი ხელოვნება მოიცავს ნატურმორტს, პორტრეტს, შიშველი ნატურას, პეიზაჟს.

დავით გაბაშვილმა კარგად იცის ხელოვნების ისტორია, მის შემოქმედებაში  ვხედავთ, მაგალითად, სეზანისა და მატისის ხელოვნებით დაინტერესებას, რაც ვლინდება მისი ადრინდელი ნამუშევრების კომპოზიციურ აგებაში, კომპოზიციის ელემენტების შერჩევაში, უკუპერსპექტივის გამოყენებასა და ფერის გამომსახველობითი ფუნქციის განსაკუთრებული მნიშვნელობაში, სხვადასხვა ხედვის წერტილისა და პლანების სპეციფიკურ გამოყენებაში.


ხელოვანს მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე გასდევს გრაფიკისადმი ინტერესი, სადაც ის იყენებს მასალის მრავალფეროვნებას - ფანქარი, აკვარელი, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა და ა.შ. ის წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია, ასევე უმნიშვნელოვანესია მისი წვლილი ქართული შრიფტის განვითარებითვის


იოსებ შარლემანის პორტრეტი. ოფორტი, 20x10 სმ, 1939
ეთერის პორტრეტი, ქაღალდი, სანგინი, ფანქარი, 43x33 სმ, 1939

გრაფიკული ნამუშევრებიდან ცალკე გამოსაყოფია მისი პროტრეტები. მათში ხელოვანი რეალისტური ფორმისა და თანამედროვე მხატვრული ხერხების სინთეზს მიმართავს, როცა მასალის სპეციფიკის გამოვლენა მხატვრული სახის გამომსახველობას აძლიერებს. იმავდროულად, მხატვრისთვის უმნიშვნელოვანესია მოდელის ხასიათის ჩვენება. მაგალითად, შარლემანის გრაფიკულ პროტრეტში მხატვარი შუქ-ჩრდილოვან მოდელირებას იყენებს, რათა შექმნას რეალისტური გამოსახულება. ის ასევე ხმარობს ხაზს, შტრიხს, სიბრტყეს, ტექსტურას, მოდელის პოზასა და კომპოზიციის აგებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინოს ოფორტის ტექნიკის სპეციფიკა და მხატვრული სახე ესთეტიკური ღირებულებით დატვირთოს. ქაღალდის ზედაპირზე დატანილი უხეში შტრიხები მატერიალურობასა და ექსპრესიას აძლიერებს. მხატვრისთვის მთავარი მაინც პიროვნების გონიერების, სიბრძნის ხაზგასმაა, რასაც უპირველესად მოდელის თვალების გამომეტყველება და ჩრდილის მიზანმიმართული გამოყენება ქმნის - სახის ცალი მხარე ჩრდილშია მოქცეული და გარკვეული იდუმალება შეაქვს სურათში. აქ მაყურებელი არა უბრალოდ ადამიანის გარეგნობას, არამედ მის სულიერ მდგომარეობას ხედავს - მძიმე, ჩაფიქრებულ და გარკვეულწილად სევდიან განწყობას.


იმისდამიხედვით, თუ რა მიზანი აქვს ხელოვანს, ის ცვლის მხატვრულ მიდგომებსა და ტექნიკას და ის ყოველთვის გამომდინარეობს მასალის თავისებურებიდან. მაგალითად, თუკი ზემოთაღნიშნულ პორტრეტში მთავარი ფაქტურულობა და შტრიხის ექსპრესიულობაა ხასიათის შესაქმნელად, „ეთერის პორტრეტში“ ხელოვანი რბილ მოდელირებასა და კონტურის გამძაფრებას აქცევს გამომსახველობის მთავარ იარაღად. მისი მხატვრული ენა სანგინის ფერადოვნებასა და კონტურული ხაზის დენადობაზეა აგებული, რათა პორტრეტის ხასიათის სირბილესა და ქალურობას გაუსვას ხაზი.


კავთისხეველი მუშა. ლითოგრაფია, 47x35 სმ, 1955
ეთერის პორტრეტი. მუყაო, ზეთი, 34x27 სმ, 1936

ფაქტურულობაა მთავარი გამომსახველი საშუალება მის „კავთისხეველი მუშის“ პორტრეტში, აქ მხატვარი თითქოს „ჭედავს“ მუშის ძლიერ, შრომითა და გამოცდილებით „გამოქანდაკებულ“ სახეს. სხვაგვარი მიდგომა აქვს მხატვარს, როცა ის „ეთერის პორტრეტის“ ფერწერულ ვარიანტს ქმნის. ზეთის საღებავის პასტოზურობა, შუქისა და ჩრდილის დრამატული ურთიერთდაპირისპირება, სასურათო სიბრტყის მოდელის სახით მთლიანად შევსებითა და მისი ახლო კადრით წარმოდგენით, მხატვარი ქალის სევდიან განწყობასა და ღრმა შინაგან ბუნებას გვიხსნის.  


ხელოვანის მიერ 1930-იანი წლებში გრაფიკაში შესრულებული შიშველი ფიგურები - ერთგვარი ჩანახატებია, რამდენიმე მონასმით გადმოცემული ფორმებითა და გამარტივებული გამოსახულებით. აქ ხაზგასმულია მოძრაობის დინამიკა, ფორმა-ხაზის ურთიერთმიმართებასა და სივრცეში გამოსახულების ორგანიზებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგი ნიუ ეტიუდურობით გამოირჩევა, ზოგან ერთგვარი დაუსრულებლობის ეფექტია და მხატვრული გამომსახველობა მასალის ჟღერადობასა და ფორმათა მოძრაობის დინამიკაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მის „მჯდომარე მოდელში“ მთავარ გამომსახველ ხერხს დასრულებული და დაუსრულებელი ფორმებით მანიპულირება და ურთიერთშეპირისპირება წარმოადგენს.


მსუქანი ქალი. ქაღალდი, ფანქარი, 55x36 სმ, 1937           
ქალი კატით. ლინოგრავიურა, 21x17 სმ, 1939          
მჯდომარე მოდელი. ქაღალდი, ფანქარი, 60x45 სმ, 1939

გაბაშვილის გვიანდელი გრაფიკული შიშველი ფიგურები მხატვრის რეალისტური ნახატიდან მასალის სპეციფიკურ გამომსახველობამდე სვლას გვიჩვენებს - როცა მასალა თავისთავად მხატვრულ ჟღერადობას იძენს და მისი სპეციფიკა მაქსიმალურად გამოვლენილია, ხოლო ნიუ, ესთეტიკურ სილამაზესთან ერთად, უფრო გამომსახველიც ხდება.                                                          

მოდელი. ქაღალდი, სანგინი, 76x53 სმ, 1980                     
მოდელი. ქაღალდი, სანგინი, 77x56 სმ, 1980                    
მოდელი. ქაღალდი, სანგინი, 74x55 სმ, 1989 

დავით გაბაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პლაკატის ხელოვნებას, სადაც იკვეთება ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა და ექსპრესიულობა. მის პლაკატებში მკაფიოდ იკითხება ლაკონური, გასაგები და მკვეთრი ვიზუალური გზავნილი, რომელიც ხშირად იუმორისტულ ნიუანსებსაც შეიცავს - თავად გამოსახულების ან მასში ჩართული ლოზუნგის სახით. ცალკე აღსანიშნავია მისი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი პლაკატები, სადაც ლაკონური ენა, მძაფრი გამომსახველობა და ზუსტი მესიჯი ერთმანეთს ერწყმის.


მხატვარი პლაკატის შექმნისას სხვადასხვა გამომსახველობით ხერხსა და ტექნიკას მიმართავს: ზოგ შემთხვევაში იყენებს გრაფიკულ ნახატსა და გამარტივებულ ფორმებს, ზოგან აპლიკაციის ტექნიკასაც ხმარობს, რაც კომპოზიციას დამატებით მატერიალურობასა და დეკორატიულობას სძენს.


აპლიკაციის ტექნიკითაა შესრულებული მისი პლაკატი „პარკ-მუზეუმი“, რომელიც თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მიეძღვნა. აღნიშნულ ნამუშევარში მხატვარი ორიგინალურ გადაწყვეტას გვთავაზობს: იგი ქალაქის ურბანულ გარემოში ინტეგრირებულად წარმოადგენს ეთნოგრაფიულ ელემენტებს, რითაც ხაზს უსვამს ტრადიციისა და თანამედროვეობის თანაარსებობას და მუზეუმის კონცეპტუალურ დანიშნულებას. პლაკატის მხატვრული ენა მინიმალისტური და გამარტივებულია - კომპოზიციაში დომინირებს მაღალსართულიანი ქალაქის სილუეტები, რომელთა შორისაც ჩასმულია ფაცხისა და ქვევრის გამოსახულებები. ეს კონტრასტი ქმნის იდეის - ქალაქის მოდერნულ სივრცეში კულტურული მეხსიერების შენარჩუნების, მკაფიო ვიზუალურ მეტაფორას.


პლაკატი “ყველამ უნდა დაიჭიროს გარეწარი”. გუაში, 1940-იანი
პლაკატი “ღვინო”. გუაში აპლიკაცია, 89x64 სმ
პლაკატი “მოდი დავარტყათ”. გუაში, 68x62 სმ, 1942
პლაკატი “პარკ-მუზეუმი”. გუაში, აპლიკაცია, 87x62 სმ, 1978


მხატვრის მიერ ფორმის სივრცეში ორგანიზებისა და ფორმა-სიბრტყის, კომპოზიციის აგებისა და ფაქტურულობის გადმოცემის არაჩვეულებრივ უნარს გვიჩვენებს მისი ფერწერული ნამუშევრებიც, მაგალითად - „ნატურმორტი ხოჭოთი“. სურათის მთავარი მახასიათებლებია მონუმენტურობა, ფაქტურულობა, სივრცეში განვითარებულ ფორმათა მონაცვლეობის რიტმიკა, განზოგადებული ფორმები და ამასთან, სახასიათო დეტალების გადმოცემა. ხორბლის თავთავი, ხოჭო, კომპოზიციის თითოეული დეტალი მკვეთრი ფაქტურულობითაა გადმოცემული, ყველაფერი ერთად კი ქმნის შთამბეჭდავ და სახასიათო მხატვრულ მთლიანობას. სურათის ფერთა გამა დამატებით გამომსახველობას ქმნის - ჟღერადი მოყვითალო, ოქროსფერი და სანგინისფერი თბილი ფერები კონტრასტშია მაგიდის ზედაპირისა და ფონის ცივ მონაცრისფრო ტონებთან, რომელშიც ასევე თბილი მოყვითალო ფერია გაზავებული, რაც ამთლიანებს კომპოზიციას და მას განსაკუთრებულ მხატვრულ ჟღერადობასა და ჰარმონიულ განწყობას ანიჭებს.  


ნატურმორტი ხოჭოთი. მუყაო, ტემპერა, 83x62 სმ, 1958

1950-იანი წლებიდან გაბაშვილის შემოქმედებაში შემოდის ქანდაკება. როგორც უკვე აღინიშნა, მოცულობითი, პლასტიკური ფორმებით აზროვნება მხატვრისთვის ახლობელია. ის, როგორც არქიტექტორი, კარგად გრძნობს ფორმას და სივრცეში განვითარებილი ფორმების პლასტიკას. ამიტომ მისთვის კომფორტულია რეალურ სივრცეში განვითარებული ფორმებით აზროვნება. მის სკულპტურულ პორტრეტებში ის მისდევს მოდელის სახასიათო ნიშნებს, არ არღვევს  პროპორციას, ნაწილისა და მთელის ურთიერთდამოკიდებულებას. აქაც შემოდის მასალის მნიშვნელობა - მისი ფაქტურულობა, სილუეტის, კონტურის, ფორმის მონახაზის გამომსახველობა მთლიან პლასტიკურ მხატვრულ ფორმას განსაზღვრავს.        


დავით კაკაბაძის პორტრეტი. ბრინჯაო, 30x29x23 სმ, 1967

ცალკე გამოვყოფდი დავით კაკაბაძის პორტრეტს, სადაც ინდივიდუალურთან ერთად, ხასიათის საოცარი გამომსახველობაა წინა პლანზე წამოწეული, რასაც მასალის სპეციფიკურ დამუშავებასთან ერთად (ზედაპირზე ნაჭდევები, რაც შუქისა და ჩრდილის დამატებით ეფექტებს ქმნის), ცალკეული ნაკვთის ძალიან სახასიათოდ წარმოდგენაც ქმნის - მოკუმული ტუჩები, შეჭმუხნული წარბები, თვალები, რომლებიც თითქოს მხატვრის შინაგან „მე“-ში მიმართულ მზერას გადმოსცემს. ყოველივე კი პორტრეტს ერთგვარ ტრაგიზმსა და ექსპრესიულ გამომსახველობას ანიჭებს. მსგავსი ექსპრესიულობა ახასიათებს კაკაბაძის საფლავის ქანდაკებასაც - ბრინჯაოს აბსტრაქტული კომპოზიცია გამოსახავს მძაფრ მოძრაობასა და თითქოს თავის თავში ჩაკეტილ ენერგიას, რაც მხატვრის ბიოგრაფიასა და მისი ცხოვრების ბოლო პერიოდის ტრაგიზმს ეხმიანება.


დავით კაკაბაძის საფლავის გაფორმება. ბრინჯაო


გაბაშვილის შემოქმედებაში 1970-იანი წლების ბოლოდან ჩნდება აბსტრაქტული კომპოზიციები. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი თავის აბსტრაქციებში  ხშირად აპლიკაციის ტექნიკას იყენებს. ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი აბსტრაგირებული ფორმები სიბრტყე-სივრცის თამაშსა და ამ ფორმათა არქიტექტონიკას გვთავაზეობს. მის აბსტრაქციებში ორგანულად ერთიანდება არქიტექტორის სივრცული აზროვნება, ილუსტრატორის დეკორატიული და სიმბოლური ხედვა, გრაფიკოსის ხაზობრივი სიზუსტე და ფერმწერის ფერთა ემოციური მეტყველება. ასეთი სინთეზით მხატვარი ქმნის მრავალშრიან, რიტმულად ორგანიზებულ კომპოზიციებს, რომლებშიც ფორმა, ფერი და სივრცე დამოუკიდებელ გამომსახველობით მნიშვნელობას ატარებს.


კომპოზიცია. ხე, ზეთი, 91x84 სმ, 1979
აბსტრაქცია. შერეული ტექნიკა, 1979-1981

ხელოვანი აბსტრაქციაშიც ერთგული რჩება საკუთარი მხატვრული პრინციპების -  მათ ახასიათებს სტრუქტურულად გამართული კომპოზიცია, პლასტიკური ფორმების ურთიერთშეხამება, მოძრაობის რიტმულობა და კონსტრუქციული სიმყარე. მოხაზულობები და ფორმები სასურათო სიბრტყეზე ისეა განაწილებული, რომ ნამუშევარში სივრცის განცდა იქმნება, ხოლო ხაზი, ფორმა და ფერი ჰარმონიულ ერთობას აყალიბებს. ზოგ შემთხვევაში მხატვარი აქცენტს ფერის გამომსახველობაზე აკეთებს, ზოგან კი გამომსახველობით ეფექტს მოხაზულობებისა და ფორმათა დინამიკური ურთიერთობით აღწევს.


მის აბსტრაქციებში კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იკვეთება - მაყურებელი მათში უნებურად ამოიცნობს გრაფიკოს ხელოვანს, რომელიც ილუსტრაციისა და შრიფტის ხელოვნებას ოსტატურად ფლობს. მოხაზულობებსა და ფორმებში თითქოს ქართული ასოების კონტურები იკითხება, თუმცა აქ არაფერია პირდაპირი ან კონკრეტული. ეს ნიშნები აბსტრაქტულ სილუეტებად და ფორმათა თავისუფალ თამაშად გარდაიქმნება, სადაც ხაზის, სიბრტყისა და მარტივი ფორმების რიტმზე აგებული კომპოზიციები შთამბეჭდავ მხატვრულ-ესთეტიკურ მთლიანობას ქმნის.


კომპოზიცია. ხე, ზეთი, 138x84 სმ, 1984
კომპოზიცია. ხე, ზეთი, 136x85 სმ, 1988

მხატვრისთვის აქტუალურია მოდერნისტული პარადიგმა, რაც თავს იჩენს ფორმალურ გადაწყვეტებსა და ენობრივ მახასიათებლებში. კუბიზმი, სუპრემატიზმი, სურეალიზმი ფორმალურ საფუძველს უქმნის მის აბსტრაქციებს, მაგრამ გონების თვალით მაყურებელი მაინც ამ აბსტრაქტულ მოხაზულობებს მიღმა გრძნობებისა და მნიშვნელობების ამოცნობას ცდილობს. ერთი რამ უდავოა, მხატვარს არასდროს ღალატობს ცოდნა და გემოვნება, რომ შექმნას ესთეტიკურად და ემოციურად დატვირთული აბსტრაქტული სურათები.


დავით დუდა გაბაშვილის შემოქმედება XX საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მრავალმხრივ ფენომენს წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი იყო შემოქმედი, რომელმაც თანაბარი ოსტატობით იმუშავა ფერწერაში, გრაფიკაში, ქანდაკებაში, პლაკატის ხელოვნებაში, წიგნის ილუსტრაციასა და შრიფტის ხელოვნებაში და თითოეულ დარგში შექმნა მაღალი პროფესიონალიზმით, კულტურითა და დახვეწილი ესთეტიკური გემოვნებით გამორჩეული ნამუშევრები.


ამრიგად, გაბაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია როგორც მრავალდარგოვანი მხატვრული პრაქტიკის, ისე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინდივიდუალური მხატვრული ენის თვალსაზრისით. მიუხედავად საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური დიქტატისა, მისმა შემოქმედებამ შეძლო საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება და XX საუკუნის ქართული ხელოვნების კონტექსტში გამორჩეული ადგილის დამკვიდრება.


ბიბლიოგრაფია:

გიორგი ხოშტარია, დავით გაბაშვილი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა. თბ., 2000.

მერი კარბელაშვილი. “მხატვარ დავით  გაბაშვილის შემოქმედება”, ARS Georgica, სერია B, . 6, 1964, გვ. 25-50.

მარიამ გაჩეჩილაძე. “დავით გაბაშვილი – 100”, ელ.ჟურნალი – Ars Georgica, სერია B, 2014.
მაია ციციშვილი. ქართული მხატვრობა, განვითარების ისტორია, თბილისი 2013.

მხატვარ დავით (დუდა) გაბაშვილის დაბადებიდან 110 წელი გავიდა, https://kvira.ge/973426

ვახტანგ ბერიძე, ნატალია ეზერსკაია. Искусство советской Грузии 1921-1970. მოსკოვი 1975.

ვახტანგ ბერიძე. “გამოსათხოვარი”, ლიტერატურული საქართველო, თბილისი 1995 17-24 მარტი.

მარიამ გაჩეჩილაძე. “დავით (დუდა) გაბაშვილი”, მწიგნობარი ’16, თბილისი 2016. გვ . 187-201.

დავით ანდრიაძე. ქართული წიგნის ხელოვნება, თბილისი 2013.




[1] ვახტანგ ბერიძე. “გამოსათხოვარი”, ლიტერატურული საქართველო, თბილისი 1995 17-24 მარტი, გვ. 15.

[2] გიორგი ხოშტარია, დავით გაბაშვილი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, აბსტრაქცია, პლაკატი, წიგნის გრაფიკა. თბ., 2000, გვ. 6.