70-იანი წლების საბჭოთა საქართველოში სოცრეალიზმის პროპაგანდისა და ცენზურის წნეხი საგრძნობლად შენელებული კი იყო, მაგრამ ნონკონფორმისტი მხატვრები სახელმწიფო შეღავათებით მაინც ვერ სარგებლობდნენ - მათთვის არც მსხვილი შეკვეთები არსებობდა, არც ავტომობილი, ბინა ან აგარაკი პარტიული სიებით, არც პერსონალური გამოფენის ან ფართო აღიარების იმედი. თავ-თავის სახელოსნოებში შეკეტილნი, ისინი ბელადების ხოტბაზე უარს ამბობდნენ, შემოქმედებით თავისუფლებას ინარჩუნებდნენ და სანახევროდ მშიერნი, ჭეშმარიტ ფერწერას ქმნიდნენ.
ნიკო ფიროსმანისა და ავთო ვარაზის „ტიპიკონის“ მიმდევართათვის დადგენილ ნორმატივებთან შეგუება სრულიად მიუღებელი იყო. იმის მაგალითებსაც ხედავდნენ გარშემო, როგორ ღუპავდა მათი კოლეგების შემოქმედებას მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ გაწეული კომპრომისი. რაც უფრო პარადული იყო სოცრეალიზმი, მით უფრო პაროდიული ხდებოდა იგი. სოცრეალიზმის ყალბ პარადულობას 70-იანელთა ნაწილმა პირადული, ინტიმური დაუპირისპირა. საბჭოთა იდეოლოგიას მათ რომანტიზირებული, ნოსტალგიური, ოდნავ სევდიანი და პოეტური ესთეტიკით უპასუხეს. ასეთი იყო მათი ჩუმი პროტესტი.


თავის გადასარჩენად ეს მხატვრები ხშირად კერძოდ ამზადებდნენ მოსწავლეებს. ეს არ იყო მხოლოდ „რეპეტიტორობა“ ფულის საშოვნელად - ეს იყო თავისებური აკადემიური იატაკქვეშეთი, სადაც სახელოსნოები თავისუფალი აზროვნების კერებად იქცეოდა. ასე შეიქმნა უწყვეტი ჯაჭვი - სწორედ ამ მხატვრებმა ასწავლეს მომდევნო თაობას ფერწერა, პატიოსნება, გულწრფელობა და სიმართლის ერთგულება. მათ შორის გამორჩეული იყო თემო მაჭავარიანი (1944-2019).

რთული გზა განვლო - სკოლა არ დაუმთავრებია, ისე ჩააბარა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. გარიცხეს. კუბიზმით გატაცება დაუწუნეს. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში დააპირა სწავლის გაგრძელება, მაგრამ რადგან არც სკოლის ატესტატი და არც სასწავლებლის დიპლომი გააჩნდა, სამუშაო სტაჟით უნდა ჩაებარებინა. ამის გამო 31-ე საავიაციო ქარხანაში დაუწყია მუშაობა.
დილით 6 საათზე იღვიძებდა, რომ ტრამვაით ჩაერიხინებინა ქარხნამდე მისასვლელი გზა (ალბათ მაშინ შეიყვარა ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ჩაფლული თბილისი).

შემდეგ სამი წლით მოუწია ვოლგოგრადში გადახვეწა სამხედრო სამსახურის გამო. ჯარის შემდეგ სამხედრო სკოლაში უსწავლია. ფიზიკურად კი იყო ამისთვის მზად - ბავშვობიდან სპორტის ბევრი სახეობა მოუსინჯავს მამის რჩევით. სცენის მუშადაც უმუშავია ოპერაში. სამი წელი აბარა აკადემიაში.
მესამე წელიწადს ჩაირიცხა ხელოვნებათმცოდნეობაზე და იქიდან გადასულა თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე, ფარნა ლაპიაშვილის სახელოსნოში. ასპირანტურა უჩა ჯაფარიძესთან დაუმთავრებია. თუმცა, რა ფაკულტეტზეც არ უნდა ესწავლა, თემოს ერთი მისწრაფება ჰქონდა - ეხატა ქალაქი, რომელიც ასე უყვარდა.

თემო მაჭავარიანი ნაწყვეტ-ნაწყვეტ, კადრებად გვიამბობს თბილისის ისტორიას. გაცრეცილი და ოღრო-ჩოღრო აღმართები ისეთია, ქვაფენილი ფეხარეულმა რომ უნდა აიარო. ქალაქი დილის სიჩუმითა და ძილ-ღვიძილის სადაფისფერი ბურუსითაა მოცული. მხატვარი სისხამ დილით გადიოდა გარეთ, როცა ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. სწორედ ამ დროს გრძნობდა ქალაქის ნამდვილ განწყობას. ქუჩაში ორიოდ ადამიანს თუ წააწყდები, მშვიდად მიმავალს.

ურბანული მარტოობით გაჟღენთილ პეიზაჟებში უბრალო ყოველდღიურობის ინტიმური ხიბლი და გამვლელების მიმართ სითბო და მადლიერება იგრძნობა.
თემო მაჭავარიანი ქალაქურ პეიზაჟს ისე ხატავს, თითქოს გულისყურით უსმენდეს მის ჩურჩულს. თავადაც სულგანაბულია და შენც გაჩუმებს, რომ ვერხვის შრიალი გაიგონო. ასეთია მხატვრის დიალოგი ქალაქთან - სახლები თავისას უამბობენ, თავად კი ფუნჯის მონასმით უხსნის სიყვარულს. მხატვარი ახერხებს გადმოგვცეს თბილისის ძველი უბნის ხასიათი, სადაც სახლები და მათი ბინადარი ადამიანები ერთიან მთლიანობას ქმნიან.

თემო მაჭავარიანის ყველა პეიზაჟი ამ ქალაქისა და კერძოდ, ვერის უბნის მიკიბ-მოკიბული ქუჩების, ქვაფენილი აღმართების, ალაყაფებისა და აგურის დაბრეცილი, სიძველისგან დეფორმირებული კედლების სიყვარულითაა გამთბარი. მისთვის თბილისი არ იყო უბრალოდ გეოგრაფიული ადგილი, ტიპური, ზედაპირულად ეგზოტიკური თუ ტურისტული, „საბარათედ“ მომგებიანი ხედების ერთობლიობა. თემო მაჭავარიანის თბილისი იყო დაკარგული სამოთხის, ძველი კულტურისა და თავისუფლების პოეტური სივრცე, შინაგანად განცდილი, ოდნავ მელანქოლიური და ინტიმური.

ზეთის საღებავის ფენა რბილად ედება სურათის ზედაპირს. თანაც ისე თხლად, რომ ტილოს ხაოიანი ფაქტურა „ამოდის“ და სახლების მოძველებულ, გადაქექილ კედლებს აშიშვლებს. თემო მაჭავარიანი არ სცნობს ახალშენ კორპუსებს. ის ხატავს უბრალო სახლებს, გაცვეთილს - ხატავს კვალს, რომელიც დრომ სახლებზე დატოვა, ადამიანების ცხოვრებით, პირადი ისტორიებით დატოვებულ კვალს. პეიზაჟებში იგრძნობა ერთგვარი მარტოობა - ქუჩები ადამიანებზე მეტს ყვებიან. თემო მაჭავარიანისთვის თბილისის ალაყაფები და დაბრეცილი კედლები მისი ავტოპორტრეტია. ეს არის შინაგანი მდგომარეობის პროექცია ტილოზე, სადაც ფერმწერი და გარემო ერთმანეთისგან განუყოფელია და სადაც ფერი მთავარი მედიუმია.


პოლ სეზანის მსგავსად, თემო მაჭავარიანი ფორმას ფერადი ლაქების ურთიერთობით აგებს. სეზანისეული სიმკაცრით ინარჩუნებს ის საგნის კონსტრუქციას, სადაც ყოველი მონასმი ზუსტადაა გათვლილი ფერწერული სივრცის შესაქმნელად. აქ არც ერთი მონაკვეთი არაა ლოკალური ფერით დაფერილი. თითოეული კედელი, სახურავი თუ ჭიშკარი ცივი და თბილი ნახევარტონების ნიუანსებითაა გამდიდრებული. აქ სადაფისფერი ბურუსის სიმკვრივეც იგრძნობა და ჰაერის ტემპერატურაც, რომელიც თემოს თბილისური დილისთვის იყო დამახასიათებელი. აქ არ არის მკვეთრი, მჭრელი მზის სხივები. პირიქით, განათება რბილია, თითქოს ქალაქი ჯერ ძილ-ბურანში იყოს გახვეული. თეთრი კედლებისა და ფიგურების მუქი სილუეტების კონტრასტი სიმშვიდის, გარინდების განცდას ქმნის. თემო მაჭავარიანის კედლის სიბრტყე არ არის უბრალოდ თეთრი - ის შედგება უამრავი ნიუანსისგან, რომლებიც შუქის ლივლივსა და ჰაერის სიმკვრივეს გადმოსცემენ.

კედელი ფერით „შენდება“, სადაც ფორმა ფაქტურის სიღრმიდან იბადება. ფორმა ფერადოვანი ლაქების კომბინაციით იქმნება. საგნის მოცულობას და სივრცეში მის მდებარეობას „ფერწერული მოდულაცია“ განსაზღვრავს ფერის ტემპერატურული ცვალებადობით, თბილი და ცივი ტონების მონაცვლეობით. მისი ტილოები არის ფერწერული მასით შექმნილი სამყარო, სადაც ყოველი მონასმი ემოციის ნაყოფია.
თემო მაჭავარიანის ფერწერას გრაფიკულობაც ახლავს. სახლების ფერადოვან ლაქებს შორის აღმართული ხეების მეჩხერი ტოტები ძარღვიან რიტმს ქმნიან და პეიზაჟს შინაგან დინამიკას, სიცოცხლეს მატებენ. ვერეს პეიზაჟებში ხეები მხოლოდ ბუნების ელემენტი არ არის - ისინი თითქოს კარკასია, „ხერხემალია“ კადრისა, რომელიც კომპოზიციას „იჭერს“ და ტილოს „არქიტექტურას“ ამყარებს.
ნატურმორტებში ცივი და თბილი ფერები ისე თამაშობენ საგნების ზედაპირზე, ისე ელვარებენ, ერთმანეთს ისე ეპასუხებიან, თითქოს ერთად ყოფნით ხარობდნენო. აქ ვერ ნახავთ ლოკალურ ლაქას, რომელიც თავისთვის, იზოლირებული იყოს და მის გვერდით დადებულ, სხვა ფერის მონასმზე არ რეაგირებდეს. ეს სინათლეა, რაც ამ ფერებს აცოცხლებს და ფერწერულ თამაშს აწყებინებს. ყოველი მომდევნო მონასმი წინაზეა დამოკიდებული, სანამ ტილოზე ერთიანი, შეკრული ორგანიზმი არ დაიბადება. ფუნჯის თამამი, სქელი და „ნივთიერი“ მონასმი ყოველდღიურ უბრალო საგნებს - თევზს, ლითონის ლანგარს, ხილს თუ ქსოვილს, ისეთ მატერიალურობას სძენს, რომ თითქმის ფიზიკურად გრძნობ მათ ფაქტურას.

მხატვარი უმარტივეს ყოფით საგნებს დიდ ფერწერულ მოვლენად გარდასახავს, სადაც მთავარი თავად საგნის მატერიალურობა და ფერის სიცოცხლეა. აქ ხილი თუ ჭიქა არ არის მხოლოდ გამოსახულება - ეს არის ფერადი მასა, რომელსაც აქვს წონა და ფაქტურა. აქ ყველაფერი სუნთქავს. ფერი გეუბნება - ეს თევზი არ იჭმევა. ეს ფერწერაა, თვალის, გულის და მეხსიერების გასახარად დაწერილი. აკი პერსპექტივაც დაირღვა, მაგიდაც აყირავდა, რომ საგნებზე ფერადად დაფენილი შუქ-ჩრდილის თამაშით დაგატკბოს! ეს ხდება თემო მაჭავარიანის „აბსოლუტური ხედვის“, ფერწერული ალღოს წყალობით. მხატვარი საგნების მიღმა მათ ფერადოვან ენერგეტიკულ ველს ხედავს.

თემო მაჭავარიანისთვის მხატვრობაში უპირველესი გულწრფელობაა. ის არ ცდილობს ქალაქის ან საგნების გალამაზებას; ის ხატავს მათ ისეთებად, როგორებიც არიან - ნამდვილი, ფაქიზი და გამჭვირვალე. მისი შემოქმედება არაოფიციალური „სკოლის“ ის მაგალითია, რომელიც სიმართლისა და ფერწერის სიყვარულზე დგას. ფერწერა ხომ, უპირველეს ყოვლისა, არა ობიექტის აღწერა, არამედ ფერით აზროვნებაა.
თემო მაჭავარიანის ფერწერა მასვე ჰგავდა, ნამდვილს, მორიდებულს და გარინდულს, გამჭვირვალე, ფაქიზი, რაინდული სულისას.