menu

კარლო გრიგოლია - ნონკონფორმიზმის ანატომია

კარლო გრიგოლია, როგორც ქართული ქანდაკების ერთი-ერთი რეფორმატორი და ქართული ხელოვნების ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურა, ქართულმა საზოგადოებამ სულ ახლახანს გაიცნო. 2019-2023 წლებში მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამი გამოფენა შედგა. მათ შორის მის პირველ, რეტროსპექტულ გამოფენას „აკრძალული ხელოვნება“ 2023 წლის მარტში საქართველოს დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა. გამოფენის გახსნის დღიდან ქართული საზოგადოება კარლო გრიგოლიას შემოქმედებისადმი ინტერესმა და პატივისცემამ გააერთიანა, რისი დასტურიც სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული გამოხმაურებები იყო. არავინ უშვებდა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი რანგის მოქანდაკე ყოლოდა ქვეყანას და მის შესახებ არაფერი სცოდნოდათ. მოქანდაკე ათწლეულების მანძილზე, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მარგინალიზებულ შემოქმედად რჩებოდა. მისი შემოქმედება, გარდა პროფესიული წრისა, უცნობი იყო საზოგადოებისთვის. ეს იყო კარლო გრიგოლიას ნონკონფორმიზმის ფასი, რაც მან სოციალისტური რეალიზმის ჩარჩოების უარყოფისთვის და საბჭოთა კულტურიდან განდგომისთვის გადაიხადა.


კარლო გრიგოლია - დასაწყისი 


მისი შემოქმედებითი გზა 64 წლიან პერიოდს ითვლის. კარლო გრიგოლია 1927 წელს დაიბადა საქართველოში, ქ.სენაკში. 1950 წელს, 23 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მისი პედაგოგები საბჭოთა ქართული ქანდაკების მეტრები და უდაოდ ბრწყინვალე მოქანდაკეები, ნიკოლოზ კანდელაკი და შოთა მიქატაძე იყვნენ. კარლო გრიგოლია იმ სტუდენტების რიცხვს განეკუთვნებოდა, ვინც განსწავლის პერიოდშივე, სამხატვრო აკადემიის, მოსკოვში დამტკიცებული სასწავლო პროგრამების პარალელურად საკუთარი, საბჭოთა ხელოვნებისგან განსხვავებული პლასტიკური ამოცანების გადაწყვეტას ცდილობდა.


კარლო გრიგოლია (1927-2014)  თბილისი, მოქანდაკის სახელოსნო.


„ნატურალიზმი“ თუ „ფორმალიზმი“ ?


მიუხედავად სამხატვრო აკადემიის პროფესურის მუდმივი მცდელობისა, სტუდენტებისთვის თავისუფალი სივრცე შეენარჩუნებინათ, 1950-იანი წლების სამხატვრო აკადემია საბჭოთა პოლიტიკური რეჟიმის მიერ ფხიზლად კონტროლდებოდა. ინსტიტუციას იმპერიის პროპაგანდისტები უნდა აღეზარდა. ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, კარლო გრიგოლია აკადემიაში ჩარიცხვისთანავე ცდილობდა განრიდებოდა სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულ სოციალისტური რეალიზმის სავალდებულო შაბლონებს. ამგვარ დამოკიდებულებას კი სისტემა არ ითმენდა. პირველივე დარტყმა, რაც კარლო გრიგოლიას საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემამ აგემა, იყო მისი სადიპლომო ნამუშევრის უარყოფა, რომელიც სავარაუდოდ „ნატურალისტურად“ და ალბათ „ფორმალისტურად“ ჩათვალეს მუხედავად იმისა, რომ სადიპლომო ნამუშევარმა, ისეთი დიდი შემოქმედის მხარდაჭერა მოიპოვა, როგორიც სერგო ქობულაძე იყო. ზემოთ ნახსენები ორი ტერმინი - „ნატურალიზმი“ და „ფორმალიზმი“, საბჭოთა ხელოვნების ისტორიაში უკიდურესად გაბუნდოვანებული მნიშვნელობისა იყო და მიზანში ამოღებული ხელოვანის კარიერის გასანადგურებლად, ხშირად გამოიყენებოდა. ახალგაზრდა მოქანდაკემ გაანადგურა დაწუნებული სადიპლომო ნამუშევარი... 



სადიპლომო ნამუშევარი, რომელიც არ მიიღო კომისიამ 1956წ. თბილისი. ნამუშევარი მოქანდაკემ გაანადგურა. შემორჩენილია მხოლოდ საარქივო ფოტოში.


დევნა


მიუხედავად 1960-იანი წლების „ოტტეპელისა“ (რეპრესიებისა და ცენზურის შერბილების ე.წ. ხრუშჩოვის ხანა), რომელმაც შესაძლებელი გახადა ნონკონფორმისტული და ანდერგრაუნდის ხელოვნების გაჩენა სსრკ-ში, ქვეყანაში სიტუაცია მაინც რთული იყო. თვალთვალმა და რეპრესიებმა სტალინური პერიოდისგან განსხვავებული ფორმა მიიღო, მაგრამ არსად არ გამქრალა. შესაბამისად, სხვებთან ერთად, კარლო გრიგოლიაზეც, დიდი ხნის მანძილზე არ შეწყვეტილა სისტემის მხრიდან მძიმე ზეწოლის პრეცედენტები - ხშირად უარს ეუბნებოდნენ გამოფენებში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო არასდროს იძენდა მის ნამუშევრებს, რითიც ხელოვნურად აყენებდნენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში; მხატვართა კავშირის ყრილობებზე, რომლის წევრიც მოქანდაკე 1960 წლიდან იყო, კოლეგებისა და სისტემის მხარდამჭერი ხელოვნებათმცოდნეების მხრიდან ხდებოდა მისი, როგორც ანტისაბჭოთა შეხედულებების ხელოვანისა და მოქალაქის სახელდება, რაც სოციალური დაძაბულობის წინაპირობა და მოქანდაკის მეტი მარგინალიზაციის საბაბი ხდებოდა; კარლო გრიგოლიას მხარდამჭერებიც ჰყავდა, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი რისკის ფასად მის დახმარებას, რაც არ რჩებოდა შეუმჩნეველი და მათაც ხშირად უხდებოდათ სისტემასთან გამკლავება. და მაინც! ვერც კარლო გრიგოლია გატეხეს და ვერც იმ ქართველ კოლეგებს დაუკარგეს მისი დახმარების სურვილი, ვინც ზუსტად იცოდა მოქანდაკის შემოქმედების მნიშვნელობა. ასეთი დევნის პირობებში, კარლო გრიგოლია ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ არასდროს ჩარეულა, სხვა სტრატეგია ჰქონდა - მან იცოდა, რომ სისტემასთან ბრძოლა ქართული ქანდაკების რეფორმირების გზით შეიძლებოდა. სწორედ ხელოვნების ენის განახლებით ცდილობდა მოქალაქეებამდე მიეტანა სხვა და თავისუფალი სამყაროს იდეა. ამ იდეისთვის კი მზად იყო შევიწროვება აეტანა. მოქანდაკემ მთელი ენერგია სამუშაო პროცესისკენ მიმართა, თავის თავს არ მისცა უფლება, სოციალურ და პოლიტიკურ პროვოკაციებთან ბრძოლაში გახარჯულიყო. მან ისიც კი მოახერხა, რომ ნელ-ნელა, მის მიერ შესრულებული, მოდერნისტული(!) პორტრეტები დააშვებინა ყოველწლიურ მთავარ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებზე, რითიც უზარმაზარი საქმე გაუკეთა ქართველ მოქანდაკეებს და მაყურებელს, საკუთარი შემოქმედების მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახადა რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი და საქართველოში აკრძალული მოდერნული ხელოვნება. თუმცა ხშირად, ცენზურისთვის ამტკიცებდა, რომ მისი პორტრეტები რეალისტური ხელოვნების ნიმუში იყო. 



კარლო გრიგოლია (1927-2014). გრაფიკული ილუსტრაციები


დუმილი


სისტემამ მასზე სრული დუმილით, შური მაინც იძია. კარლო გრიგოლიაზე არც ჟურნალისტური და არც პროფესიული გამოხმაურებები, ანალიტიკური და შეფასებითი ტიპის სტატიები 1980-აინ წლებამდე არ იძებნება. საბჭოთა ხელოვნების ისტორიისთვის ის არ არსებობდა. მისი, როგორც მოქანდაკის წარმდგენი სტატია 1988 წელს მოამზადა და ჟურნალში „საბჭოთა ხელოვნება“ (#12) გამოაქვეყნა ელგუჯა ამაშუკელმა, დიდი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური გავლენის მქონე ქართველმა მოქანდაკემ. ელგუჯა ამაშუკელმა, სერგო ქობულაძემ, აპოლონ ქუთათელაძემ, ზურაბ წერეთელმა და ქართული კულტურისა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლებმა არაერთგზის სცადეს დახმარებოდნენ კარლო გრიგოლიას და მისთვის, თანამედროვე ქანდაკებაზე სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცათ. ელგუჯა ამაშუკელმა საბჭოთა ხელისუფლების დასუსტებით ისარგებლა და 1982 წელს, თანამოაზრეებთან ერთად შეძლო და კარლო გრიგოლიას ორი ნამუშევარი, თბილისის ხელისუფლებას, ქაშუეთის ეკლესიის წინ მდებარე სკვერში, ასევე დღევანდელი 9 აპრილის ბაღში (მაშინდელი კომუნარების ბაღი) დაადგმევინა. საბჭოთა სისტემა სუსტდებოდა, მაგრამ კარლო გრიგოლიას ქანდაკების დადგმისთვის ელგუჯა ამაშუკელი საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში მაინც დაიბარეს. 

1980-იანი წლების ბოლოსკენ საბჭოთა რეჟიმმა ძალა დაკარგა. შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, შესაძლოა ქართველი ხელოვანების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და კარლო გრიგოლიას მაღალ მხატვრულ რანგს, შედეგი გამოეღო და ნონკონფორმისტი მოქანდაკე ჩრდილიდან გამოეყვანა. სამწუხაროდ, მალევე, 1990-იანი წლების „პერესტროიკა“ დაიწყო და ქვეყანა დიდი ხნით შთანთქა ახლად დაბრუნებული თავისუფლების თანმდევმა, პოლიტიკურმა ქაოსმა. თავად კარლო გრიგოლია, რომელიც თავის დროზე ვერ შეაფერხა საბჭოთა ტოტალიტარულმა სისტემამ, არც ახლა გაჩერებულა. იგი გარდაცვალებამდე ყოველ დღე მიდიოდა და მუშაობდა თავის სახელოსნოში. კ.გრიგოლიასთვის ქანდაკება პროფესიაზე მეტი იყო, იგი მას მისიად განიხილავდა. აქედან მოდიოდა დიდი გამძლეობა და უდიდესი ერთგულება დარგისადმი. 

კარლო გრიგოლია 2014 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კ.გრიგოლია ხელმძღვანელობდა საქართველოს ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციას. იყო აშშ-ში ბაზირებული, ქანდაკების საერთაშორისო ცენტრის (ISC) წევრი. კარლო გრიგოლიას ნამუშევარი, საქართველოს ფარგლებს გარეთ ფრედონიაში (კოლუმბია), ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივ კოლექციაში 2001 წლიდან არის დაცული.



კარლო გრიგოლია (1927-2014). ელგუჯა ბერძენიშვილის პორტრეტი. თაბაშირი, 34სმX27სმX 25სმX. 1978 



კარლო გრიგოლია (1927-2014). კარინა ვამლინგის პორტრეტი. 32x24x26, თაბაშირი. 1990


ნონკონფორმიზმის მოტივები


კარლო გრიგოლიას ხელოვნება წლების განმავლობაში ევოლუციონირებდა. მისი ნონკონფორმიზმი და სისტემისადმი წინააღმდეგობა სხვადასხვაგვარად რეზონირებდა მის ბიოგრაფიაში, მაგრამ ყველაზე მეტად ორი მიმართულებით იჩინა თავი. პირველად, როდესაც მას, საბჭოთა კავშირის მოქალაქეს, უცხოეთში მყოფ კ.გრიგოლიას იტალიაში სამუდამოდ დარჩენა და ამით სისტემისგან გაქცევა შესთავაზეს. წინადადებაზე მოქანდეკემ უარი თქვა. როგორც ყოველთვის, მატერიალურ კეთილდღეობაზე და კომფორტზე მაღლა, პროფესიული ინტერესი დააყენა. მოქანდაკე უკომპრომისო იყო. მისთვის წარმოუდგენელი იყო შემოქმედება ქართული კულტურის სივრცის მიღმა, ვინაიდან სწორედ ეს კულტურული და გეოგრაფიული სივრცე წარმოადგენდა მისი კონცეფციის ღერძს -  „საქართველო ვულკანური წარმოშობის ქვეყანაა, უზარმაზარი აზიდული მთები, უღელტეხილები და მწვერვალები, ჩვენში არსებული დიდი შინაგანი ენერგიის გამოსახულებაა, რომელიც შიგნიდან არის დამუხტული, შეკრული და არ იფრქვევა. სწორედ ამიტომ გამოირჩევა ქართველი ერი უზარმაზარი ენერგიით, რასაც თავად ჩვენი მიწა, ჩვენი ბუნება გვაძლევს. ჩემი ხედვით, ჩემი ქანდაკება ჩვენი ეროვნული სულის ფიზიკური გამოვლინებაა. ჩემი აზრით, ქანდაკება ერთდროულად უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული საწყისებიდან და აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კოსმიურ ასტრალურ აზროვნებას, ანუ ჩვენს სვლას მარადიული განვითარებისკენ.“ - წერდა კარლო გრიგოლია. 

მოქანდაკის ნონკონფორმიზმის მეორე გამოვლინება მთელი მისი ცხოვრების ლაიტმოტივი გახდა. მან არასდროს გაიზიარა საბჭოთა იმპერიის ღირებულებები, არასდროს მოინდომა მათ გამტარ და დამამკვიდრებელ სახელოვნებო მეთოდში, სოციალისტურ რეალიზმში ემუშავა. მაშინ როდესაც იმპერიის მასშტაბით ათიათასობით ნიჭიერი ხელოვანი ყავდა საბჭოთა კავშირს საკუთარი ვიზუალური პროპაგანდისთვის მობილიზებული, სწორედ მაშინ, კარლო გრიგოლიამ საბჭოთა იმპერიის სოციალისტური კონცეფციის მიღმა სხვა ჭეშმარიტების ძიება დაიწყო, რაც ძალიან სარისკო, ნონკონფორმისტული ნაბიჯი გახლდათ.  

კარლო გრიგოლიასთვის სოციალისტური რეალიზმის ფანტომური ხასიათი და სოციალისტური კონვულსიები სრულიად უცხოდ დარჩა. იგი წერდა „ჩემი მთელი შემოქმედება სამყაროსთან და ბუნებასთან შემოქმედის ორგანული შერწყმის ნიმუშია. სამყარო თავად არის უდიდესი შემოქმედი, სწორედ ამიტომ ქანდაკების პრინციპების უმთავრეს არსს და გამოვლინებას ბუნებაში ვხედავ. ჩვენს პლანეტას კოსმოსში წარმოვიდგენ, როგორც მთლიან სავსე ქანდაკებას, რომლის შინაგანი იმპულსი არის სასიცოცხლო ენერგია კაცობრიობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩემი ქანდაკება ფლობს დიდ შინაგან, ვულკანურ ენერგიას, ფორმა დამუხტულია ატომის ბირთვივით და მასში იგრძნობა შინაგანი ძალა. ჩემი მთავარი ამოცანაა ფორმის პლასტიკა და ესთეტიკა, სწორედ ამიტომაც ვინარჩუნებ ქანდაკების ზოგად კლასიკურ პრინციპებს. ამით თანამედროვე ქანდაკებას ვუბრუნებ თავის სამეტყველო ენას.“ ამ მცირე ამონარიდიდანაც ჩანს, რამდენად ჰომოგენური, ნაფიქრი და სტრუქტურირებული იყო თავად მოქანდაკის პოზიცია. კარლო გრიგოლიამ იმგვარი პლასტიკური თუ შინაარსობრივი საკითხები წამოწია ქართული ქანდაკების ისტორიაში, რაც თავად საბჭოთა სისტემის კოლექტივიზებული, გაუპიროვნებული კულტურის ღირებულებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. 



კარლო გრიგოლია (1927-2014). "პლასტიკური ფორმა" თაბაშირი, 50სმX15სმX10. 1978


კარლო გრიგოლია (1927-2014). „პლასტიკური კომპოზიცია“. ბრინჯაო, 45სმX21სმX12. 1959


აბსტრაქტული ხელოვნება - დეკონსტრუქციის აგენტი


კარლო გრიგოლია სამყაროს საფუძველში ჩადებული, უსასრულო ენერგიების კვლევამ  ფიგურატიული ქანდაკებიდან აბსტრაქტულ ფორმებამდე მიიყვანა. ამიერიდან მისი შემოქმედება, აბსტრაქტული ქანდაკების კულტივირებით, საბჭოთა კავშირში აკრძალული მოდერნისტული ხელოვნების პრინციპებს გაიზიარებს. კარლო გრიგოლიას აბსტრაქტული ქანდაკება, ისევე როგორც ზოგადად აბსტრაქტული ხელოვნება, გათავისუფლდა სოციალისტური ყოველდღიურობისა და ყოფის ყველა ხილული ნიშნისგან. გაემიჯნა კოლექტივისთვის, სახელმწიფოს მხრიდან თავსმოხვეულ სწრაფვას „კომუნისტური სამოთხისკენ“ და ქართული ქანდაკება კვლავ დააბრუნა მნახველთან პერსონალური კომუნიკაციის ველში. აბსტრაქტული ქანდაკება ხომ ობიექტსა და მაყურებელს შორის არაიმპერატიული, არაიდეოლოგიზებული, პერსონალური ურთიერთობის ყველაზე ინდივიდუალიზებული და შესაბამისად აბსოლუტურად ანტისაბჭოთა ფორმაა. რამდენადაც ინდივიდუალურია კარლო გრიგოლიას ქანდაკება, იმდენად ეხმარება იგი მაყურებელს პერსონალური გამოცდილების მიღებაში, საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და გააზრებაში, რითიც კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციის - კოლექტივიზმის დეკონსტრუქციის აგენტი ხდება.


კარლო გრიგოლია (1927-2014). „პლასტიკური კომპოზიცია“. ბრუნჯაო, 67x40x15. 1980. ეს ნამუშევარი ეკუთვნის ATINATI-ს კერზო კოლექციას. 



კარლო გრიგოლია (1927-2014). „პლასტიკური კომპოზიცია“. 1963


პატრიარქალური მზერის მიღმა


საინტერესოა, რომ მისი ხელოვნებისთვის კონსტანტური თემა - სამყაროს ენერგია, ყოველთვის იღებდა ქალის ფორმას. შემოქმედების საწყის ეტაპზე მის პლასტიკაში ამოცნობადი იყო ქალის ენერგიით დამუხტული სხეულები, რომლებიც ნელ-ნელა აბსტრაგირდნენ და ბოლოს არა აბსტრაქტულ ფემინურ ფიგურებად ტრანსფორმირდნენ, არამედ ქალური ენერგიის აბსტრაგირებულ, მოცულობრივ კომპოზიციებად იქცნენ. კარლო გრიგოლიას პლასტიკურ კვლევაში გაცხადდა, რომ მისთვის სამყაროს შემქმნელი ენერგია - სექსუალური ენერგიაა. შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ქალისაკენ მიმართული მისი მზერა მეტისმეტად მასკულინური იყო, მაგრამ მის მიერ შექმნილი ქალთა ფიგურები და განსაკუთრებით გრაფიკული თუ პლასტიკური აბსტრაქტული კომპოზიციები ადასტურებენ, რომ კარლო გრიგოლია არ გვთავაზობდა ქალის სხეულით ტკბობას, არ განიხილავდა მას ობიექტად, ქალის სხეულს განიხილავდა არა როგორც ბანალურად ახალი სიცოცხლის წყაროს, არამედ ქალურ ენერგიას მიიჩნევდა კოსმიურ ენერგიად. მან გაიყვანა ქალის სხეული მარტივი მასკულინური კულტურის მზერიდან და გაათავისუფლა პატრიარქალური კულტურის მიერ მინიჭებული ფუნქციებისგან. რაც კიდევ ერთი ჯანყი იყო მკაცრი, ასკეტური, უნიფიცირებული და უკიდურესად პატრიარქალური საბჭოთა კულტურის წინააღმდეგ. საბჭოთა ვიზუალურ კულტურაში ქალის სხეულმა რეპრეზენტაციის სხვადასხვა ეტაპები გაიარა. ფემინური სხეული ყოველ ჯერზე, საბჭოთა კულტურის პოლიტიკის შესაბამისად ხან ხელოვნურად იყო მასკულინიზებული, ხან ასევე ხელოვნურად ფემინიზებული, მაგრამ არასდროს ასახავდა თავისუფალ, საკუთარ სხეულზე და სექსუალობაზე პასუხისმგებელ ქალს. საბჭოთა ხელოვნებაში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარე პროცესების ფონზე, კარლო გრიგოლიას ნამუშევრები არღვევდნენ კომუნისტური პარტიის მიერ დადგენილ, საბჭოთა ქალის სახეს. კარლო გრიგოლიას ქალისადმი ამგვარ დამოკიდებულებაში, მისი პიროვნული დემოკრატიზმის გარდა, ჩანს მისი ბმა პრე-საბჭოთა, ქართული კულტურის ღირებულებებთან. XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქართულმა პუბლიცისტიკამ მძაფრად წამოწია წინა პლანზე ქალთა ემანსიპაციის აუცილებლობის საკითხი. ამავე პერიოდში ქართულ კულტურაში მომზადდა თეორიული საფუძვლები მოდერნიზმისთვის, რომელიც წარმატებით შედგა ქართულ რეალობაში და მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შედეგად, ძალადობრივად იქნა შეჩერებული. კარლო გრიგოლიას შემოქმედება ქართულ მოდერნიზმს ეყრდნობა, ქართველ მოდერნისტებთან დიალოგში აგრძელებს იგი მუშაობას და ავითარებს ქართული მოდერნიზმის მიერ დაწყებულ ძიებებს. 



კარლო გრიგოლია (1927-2014). „პლასტიკური კომპოზიცია“. თაბაშირი, 62სმX30სმX12. 1986


კარლო გრიგოლია (1927-2014). „პლასტიკური კომპოზიცია“. თაბაშირი, 47სმX25სმX14. 1995


მოდერნისტული მეთოდი


სკულპტურული პორტრეტების გალერეა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარლო გრიგოლია მოდერნისტი შემოქმედია. იგი მოდერნისტების მეთოდს მიმართავს და ეცნობა დასავლური კულტურის წრის მიღმა ფორმირებული, ძველი სამყაროს ქანდაკებას. ევროპული ქანდაკების განახლებისა და აბსოლუტური რეორგანიზაციის წყარო სწორედ მოდერნისტების სწრაფვაშია - ევროპული ქანდაკების მოძველებული ტრადიცია გადალახონ უძველესი ხალხების ტრადიციათა გააზრების გზით. კარლო გრიგოლიას მიერ შექმნილ პორტრეტებში ჩანს, რომ მოქანდაკეს გამოკვლეული, პლასტიკურად გააზრებული და ინკორპორირებული აქვს მეზოამერიკული, აფრიკული, ეგვიპტური, მესოპოტამიური, აქემენიდური სპარსეთის სკულპტურული ტრადიცია. აღნიშნული მეთოდი მას საშუალებას აძლევს გადალახოს სოციალისტური რეალიზმის სკულპტურული პორტრეტის მოთხოვნები: მეტისმეტად პოეტიზირებული და ესთეტიზირებული სახეები ან პირიქით, მომავლისკენ მიმართული, მკაცრი და ნებელობითი მზერა, არანაირი ემოციური გრადაციები, გარდა მაჟორული ჟღერადობის, იმპერატიული გამომეტყველებისა. აღნიშნულის საპირწონედ, კარლო გრიგოლიას მიერ შექმნილი პორტრეტების გალერეა ოსტატურად ბალანსირებს ინდივიდუალურსა და ზოგადსაკაცობრიო კულტურებს შორის, რითიც ემსახურება პლასტიკური ხელოვნების ამოცანებს - „დიდ ყურადღებას ვანიჭებ ქანდაკების სპეციფიკას, მოცულობას და არქიტექტონიკას. ჩემი იდეალია „კვერცხი“, როგორც აბსოლუტურად იდეალური, სავსე ფორმა თავისი სასიცოცხლო იმპულსებით. მე ვცდილობ, განვავითარო არა მარტო ახალი ფორმა, არამედ ახლებური მასშტაბური აზროვნებაც“. 


კარლო გრიგოლია (1927-2014). ავტოპორტრეტი. ბრინჯაო, 32x27x23. 1960


კარლო გრიგოლიამ დაუღალავად იკვლია პლასტიკური ენა, ქართულ ხელოვანებს აჩვენა გზა, როგორ დაბრუნებულიყვნენ სახელოვნებო ამოცანების ველში. მხატვრულ ამოცანებთან დაკავშირებულ კითხვებზე, მოცულობრივი პასუხები დაგვიტოვა. კარლო გრიგოლიას შემოქმედების გაცნობის შემდეგ, ყველასთვის განსაკუთრებით რეზონირებს მისი სიტყვები: 

              "თუკი მსოფლიოში ვინმეს შეუქმნია პლასტიკა, მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ“  

კარლო გრიგოლია