menu

მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი და 1960-70-იანი წლების თბილისი

1960-იანი წლების თბილისში ელგუჯა ამაშუკელის სახელი უცბად გახდა საყოველთაოდ ცნობილი. შეუძლებელი იყო მისთვის ყური არ მოგეკრა და მით უმეტეს შეუძლებელი იყო, მოქანდაკის საჯარო ნამუშევრები არ გენახა. ისინი მაშინვე იქცნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებად და სამუდამოდ დარჩნენ მის სიმბოლოებად.


ეს იყო ხრუშჩოვის „დათბობის“ წლები - ეტაპი საბჭოთა სინამდვილეში, როდესაც სახელმწიფოში მიმდინარე ლიბერალიზაციის პროცესმა გარკვეული შემოქმედებითი თავისუფლებაც მოიტანა. შესაბამისად, დაიწყო სოციალისტური რეალიზმის პრინციპებიდან განთავისუფლება და დასაშვები გახდა ეროვნული, მათ შორის ისტორიული თემების წინ წამოწევა. საქართველოში მომენტით ისარგებლეს და 1958 წელს დიდი ზეიმით აღინიშნა თბილისის დაარსების 1500 წლისთავი.

ზეიმი, ცხადია, არაერთი სადღესასწაულო მოვლენით აღინიშნა. სწორედ მაშინ,  ქალაქის თავზე, ნარიყალაზე, ადგილი დაიკავა მონუმენტურმა ძეგლმა, რომელსაც მალე ხალხმა „ქართვლის დედა“ შეარქვა. კარგად არის ცნობილი ამ ძეგლის სიმბოლიკა: ქართველ ქალს ცალ ხელში უჭირავს თასი, რომლითაც სტუმარს ეგებება, ხოლო მეორე ხელში - მტრის წინააღმდეგ მომართული ხმალი უპყრია. ქანდაკება 30 წლის ელგუჯა ამაშუკელმა შექმნა.


მეტრო სადგური რუსთაველის შემკულობა


იმავე წელს, თბილისის ორ შემოსასვლელთან, ჩრდილოეთით და სამხრეთით, აღიმართა მისივე რელიეფებით შემკული ობელისკები (არქიტექტორები თ. კანდელაკი, ა. ბაქრაძე, ნ. ჯობაძე); რუსთაველის გამზირის დასაწყისში, ს. ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის ფასადზე, განთავსდა მის მიერ შესრულებული მემორიალური ბარელიეფი რუსთაველის წარმოსახვითი პორტრეტით. მოქანდაკის მიერ შექმნილმა ლაკონურმა სიმბოლურმა გამოსახულებებმა ადგილი დაიკავეს ასევე დღესასწაულის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშნებზე და სამახსოვრო მედალიონებზე. ამგვარად, ელგუჯა ამაშუკელის სახელი იმავე წელს თბილისისგან განუყოფელი გახდა.


მეტრო სადგური რუსთაველის შემკულობა




ბარელიეფი თბილისის 1500 წლისთავი. 1958. თბილისი 


მაშინ ჩატარდა ასევე კონკურსი ვახტანგ გორგასლის ქანდაკებაზე - მეფის, რომელმაც გამოაცხადა თბილისი საქართველოს დედაქალაქად. რთულ კონკურსში კვლავ ელგუჯა ამაშუკელმა გაიმარჯვა და 1967 წელს, მეტეხის ტაძრის წინ, მტკვრის თავზე დაკიდებულ ქარაფზე, დაიდგა მის მიერ შექმნილი, ცხენზე ამხედრებული მეფის სკულპტურა (არქიტექტორები თ. კანდელაკი, დ. მორბედაძე).

ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა, რომ მწერალ კონსტანტინე გამსახურდიასთან, მხატვარ ლადო გუდიაშვილთან და პოეტ ირაკლი აბაშიძესთან ერთად, ელგუჯა ამაშუკელი იყო პირველი, ვისაც 1965 წელს, ახლად დაფუძნებული შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


 

გორგასალი 1959-67. თბილისი


გორგასალის პორტრეტი. 1966 

 


1969 წელს, თბილისში შემომავალ გზატკეცილზე, დიღმის უბანში, დაიდგა ამაშუკელის ძეგლი - „ ვეფხი და მოყმე“ - ამავე სახელწოდების პოპულარული ქართული ხალხური ლექსის ქვაში გადატანილი ილუსტრაცია.   

1975 წელს მოქანდაკემ შექმნა ფიროსმანის ძეგლი. მუხლმოდრეკილ მხატვარს ხელში უჭირავს ბატკანი - სიწმინდის სააღდგომო სიმბოლო, რომელსაც ხშირად ხატავდა ფიროსმანი. „ცოდნის ზარი - დედა ენა“ - ეს კიდევ ერთი სიმბოლური მონუმენტია, რომელიც ამაშუკელმა  თბილისისთვის შექმნა. ქანდაკება 1983 წელს გაიხსნა. ის ეძღვნება ყოველი ქართველისთვის უმნიშვნელოვანეს წიგნს - მის პირველ სახელმძღვანელოს, სახელწოდებით „დედა ენა.“


ვეფხი და მოყმე


ცოდნის ზარი. 1983. თბილისი


ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი აღნიშნული და კიდევ რამდენიმე ქანდაკება, თბილისში საინტერესო მარშრუტს ქმნიან. ზოგი მათგანი ხელის გულზეა და ქალაქში შემოსვლისთანავე იქცევს ყურადღებას. ზოგი შედარებით ნაკლებად თვალსაჩინო, თუმცა, ასევე ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებშია განთავსებული. თუმცა,ყოველი მათგანი არის განზოგადებული სიმბოლო, რომელშიც ვიზუალიზირებულია ქართველი ადამიანისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი თემები, სახეები. მოქანდაკემ ეს თემები სადად გადაწყვიტა, გარეგნული პათოსის გარეშე. ეს მონუმენტური, მაგრამ პოეტური, განზოგადებული სახეებია. ისინი ძლიერია სადა, ლაკონურ ფორმებში ჩამუხტული ენერგიით.    


ამაშუკელის ნამუშევრებს გამოარჩევს სიმბოლური მეტყველება, ლაკონიზმი, ფორმის მონუმენტურობა, შეკრული სილუეტი და გარემომცველ სივრცესთან ერთიანობა. ყველაფერში მჟღავნდება ავტორის თანამედროვე ხედვა. აღნიშნულმა განაპირობა, რომ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე საზღვარგარეთ, დღესდღეობით მოქანდაკის არაერთი ნაწარმოები დგას.



დავით აღმაშენებელი. 1995. ქუთაისი


ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამაშუკელის მიერ შექმნილი მცირე ზომის ქანდაკებები და დაზგური მხატვრობის ნიმუშები, სადაც კარგად მჟღავნდება მისი აბსტრაქტული აზროვნება. მოქანდაკისთვის აუცილებელ მონუმენტალიზმის გრძნობასთან ერთად, სწორედ აბსტრაჰირებისკენ მიდრეკილება დაედო საფუძვლად ამაშუკელის ინდივიდუალურ მხატვრულ სტილს.  


ელგუჯა ამაშუკელი. მუსიკალური ფორმები. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 48x40,5სმ. 1990. ათინათის კერძო კოლექცია


ელგუჯა ამაშუკელი. მუსიკალური ფორმები. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 47x39სმ. 1990. ათინათის კერძო კოლექცია


ორიგინალური მხატვრული ენა ელგუჯა ამაშუკელმა არქაული ქანდაკებების, ძველაღმოსავლური სკულპტურული ფორმების გადააზრების საფუძველზე ჩამოაყალიბა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, როდესაც სოციალისტური რეალიზმიდან პირობით მხატვრულ ფორმებზე ხდებოდა გადასვლა და ახალი ამოცანების გადასაწყვეტად მხოლოდ კლასიკური აკადემიური წვრთნა აღარ იყო საკმარისი. სწორედ „არააკადემიური“ წყაროები წარმოადგენდა იმ საფუძველს, რომელმაც ამაშუკელს  მიანიჭა ფორმათა განზოგადების, რეალობიდან აბსტრაჰირების, ლაკონური ფორმებით მეტყველების უნარი.  


ელგუჯა ამაშუკელის თითოეული ძეგლის გახსნა - „ქართვლის დედიდან“ (1958) – „დედა ენამდე“ (1983), მუდამ დიდ, ხალმხრავალ ზეიმად იქცეოდა - იქნებოდა ეს თბილისში, თელავში („ერეკლე II“), ფოთში („მეზღვაურთა დიდების მემორიალი“), გორში („გამარჯვების მემორიალი“) თუ სხვა ადგილებში. თეთრი საბურველის ჩამოხსნასთან ერთად, სივრცეში გაჩენილი ახალი მოცულობა მუდამ განსჯის საგნად იქცეოდა, სანამ ადგილს არ დაიმკვიდრებდა  გარემოში და სამუდამოდ არ შეერწყმოდა მას. 


ქართლის დედა. 1995



გამარჯვების მემორიალი 1979.  გორი


ელგუჯა ამაშუკელი იყო ქართული ქანდაკების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. მისი ხელმძღვანელობით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი (1946-1955, ასპირანტურის ჩათვლით). მოქანდაკეს მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. იყო საქართველოს და საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი. ელგუჯა ამაშუკელმა ცოლად შეირთო ასევე ცნობილი პოეტი ლია სტურუა, რომელთანაც დიდი სულიერი ერთობა აკავშირებდა. ელგუჯა ამაშუკელი თვლიდა, რომ მონუმენტალიზმი - ეს არის თანდაყოლილი, მეექვსე გრძნობა. 1987 წელს მისი წიგნიც გამოიცა, დასახელებით - „მეექვსე გრძნობა.“ ცხადია, მან ეს პირადი გამოცდილებით იცოდა.