2024 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა „სამშობლოს მიღმა“. პროექტის ინიციატორი გახლდათ გალერეა „შარდენი“, რომელმაც საზოგადოებას ოთხი ქართველი ემიგრანტი მხატვრის — მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, ვერა ფაღავასა და ვანო ენუქიძის — შემოქმედება წარუდგინა. ოთხივე მათგანი გასული საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა გზით მოხვდა პარიზში და საფრანგეთი მათთვის მეორე სამშობლოდ იქცა. განსხვავებულია როგორც ამ ხელოვანთა ცხოვრებისეული გზა, ისე შემოქმედებითი მემკვიდრეობა. გამოფენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართული მოდერნიზმის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვან ფურცელს ქმნიან ემიგრანტი მხატვრები, მით უმეტეს, რომ თითოეულის ხელოვნება სხვადასხვა ფორმით ავლენს კავშირს ქართულ ეროვნულ კულტურასთან. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ნაწილი საზოგადოებამ პირველად იხილა.

ავტოპორტრეტი. ტილო,ზეთი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი.85X65. მე-20 საუკუნის 20-იანი წლები
ერთ-ერთი ასეთი ექსპონატი იყო მიხეილ ბილანიშვილის „ნატურმორტი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ პარიზში აღმოაჩინა და შეიძინა ქართველმა კოლექციონერმა. ამდენად, საქართველოში მოხვდა ამ ნაკლებად შესწავლილი ემიგრანტი მხატვრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი.

ქართული ნატურმორტი. ტილო, ზეთი. კერძო კოლექცია. 60X72. 1927
ცნობისათვის: დღეისათის ჩვენთის ცნობილი მიხეილ ბილანიშვილის მხატვრული მემკვიდრეობა სულ 8 ფერწერულ ტილოსა და 12 გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული მისი პარიზის პერიოდის პორტრეტები და პეიზაჟები იმდენად მაღალმხატვრული ფერწერაა, რომ თანადროული ქართული მხატვრობის თითქმის ყველა გამოფენაზე იფინება. ამდენად, მიხეილ ბილანიშვილის სახელი ცნობილი და დამკვიდრებულია. თუმცა, მის შესახებ ცოტა რამ ვიცით.

ქართველი ქალის პორტრეტი. ტილო,ზეთი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. 96X75. 1929

ღამბარაშვილის პორტრეტი. ტილო, ზეთი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი.91X72. 1926

პარიზის სატრიუმფო თაღი. ტილო.ზეთი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. 61X77. 1926

პარიზის ქუჩა. ტილო, ზეთი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. 60X74. 1925
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ახლად აღმოჩენილ არტეფაქტზე. ნატურმორტი პირდაპირი რეპლიკაა ნიკო ფიროსმანაშვილის ხელოვნებაზე, უფრო ზუსტად კი — მის ნატურმორტებზე.

ნიკო ფიროსმანაშვილი. ნატურმორტი.მუშამბა, ზეთი. 102X135

ნიკო ფიროსმანაშვილი. ნატურმორტი. მუშამბა, ზეთი. 36X73
ნიკო ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი), პირველი ქართველი მოდერნისტი მხატვარი, გენიალური ფერმწერი აკადემიური განათლების გარეშე, 1918 წელს გარდაიცვალა. დღეს ის მსოფლიოში ცნობილია და ქართული კულტურული იდენტობის სიმბოლოდ იქცა. სიცოცხლეში კი „ვერ შენიშნეს“... ქართველმა მხატვრებმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აღმოაჩინეს მისი მხატვრობა, თუმცა 1920-იან წლებში ნიკო ფიროსმანის შეფასება ჯერ კიდევ არაერთგვაროვანი იყო.
ჩანს, მიხეილ ბილანიშვილი, რომელმაც 23 წლის ასაკში დატოვა საქართველო, ნ. ფიროსმანის ნიჭის უპირობო დამფასებელი ყოფილა. 1929 წელს, პარიზში გამოცემულ ქართულ ჟურნალში მას გამოუქვეყნებია სტატია — „ხელოვნების პრინციპები და ნიკო ფიროსმანაშვილი“. ავტორის მთავარი სათქმელია, რომ მაღალი ხელოვნების პრინციპები მარადიულია ყველა დროისა და რეგიონისთვის, ხოლო ამის ერთ-ერთი მაგალითი ნიკო ფიროსმანია. „...ნიკო თავის კომპოზიციებს ჰქმნიდა თავისი და ქართველი ერის გენიოსობის წყალობით. მაშ საიდან და როგორ იჩინეს თავი ამ უმაღლესმა პრინციპებმა ჩვენს ხალხში და მის წარმომადგენელში — ნიკო ფიროსმანაშვილში?“ — წერს მ. ბილანიშვილი („კავკასიონი“, 1929, პარიზი). სტატიამდე ორი წლით ადრე კი, პარიზში მ. ბილანიშვილს ზემოაღნიშნული ნატურმორტი შეუქმნია. ნამუშევარში ჩანს ნ. ფიროსმანის მხატვრული სამყაროს სიღრმისეული განცდა. ეს ის რეპლიკაა, რომელიც გამორიცხავს უბრალო მიმბაძველობას და ორ მხატვარს შორის შემოქმედებითი დიალოგის საუკეთესო ნიმუშად გვევლინება. მ. ბილანიშვილის ნატურმორტის ნახვისას, პირველივე შთაბეჭდილებაში იბადება პარალელი ფიროსმანისეულ ლაკონურ ხატოვანებასთან. ჩნდება პირდაპირი ასოციაცია მის ხელწერასთან. იდენტურია არაერთი გამომსახველობითი ხერხი: შავი ფერის სასურათე სიბრტყე; საგნების პირობითი განლაგება (მაგიდის ან რაიმე ჰორიზონტალური ზედაპირის უგულებელყოფით); ნათლად აღქმადი და გაწონასწორებული კომპოზიცია ცენტრალური აქცენტით (თიხის დოქი); სიმეტრიულად განლაგებული გამოსახულებები (თეთრი ლანგრები სურსათით); ლანგრების გამოსახვის სპეციფიკური წესი (ოვალური ფორმა, წინა მხრიდან მონიშნული ჰორიზონტალური ზოლით) და ა.შ. განსხვავებულია საგანთა გამოსახვის მანერა — მეტი სიზუსტით რეალურ ფორმებთან და მოცულობითი ძერწვით. მ. ბილანიშვილის ხელწერა განსაკუთრებულად ვლინდება კოლორიტში — მსუყე, კონტრასტული და ინტენსიური ფერებით.
შედეგად, ერთდროულად საგრძნობია როგორც ნიკო ფიროსმანის მხატვრული ენა, ისე მიხეილ ბილანიშვილის ნატურმორტის ორიგინალურობა. ხელოვანის უდავო ნიჭზე მეტყველებს, რომ რიგი იდენტური გამომსახველობითი ხერხების პირობებში იქმნება ახალი, მხატვრულად ფასეული ვერსია. 1927 წლით დათარიღებული ნატურმორტი მნიშვნელოვნად ავსებს ჩვენს ცოდნას მხატვრის შესახებ.
მიხეილ ბილანიშვილი მათ შორისაა, ვინც რთული ემიგრაციული ყოფის ფასად მოიპოვა შემოქმედებითი თავისუფლება. მისი ხვედრი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა: ემიგრაციაში გატარებული 10 წლის შემდეგ, მხატვარი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიხეილ ბილანიშვილის ცხოვრების შესახებ დღემდე ყველაზე ინფორმაციულ წყაროდ რჩება ცნობილი ფილოლოგისა და მკვლევრის, გურამ შარაძის, პუბლიკაცია ("უცხოეთის ცის ქვეშ" - 1993, თბილისი, გამომცემლობა მერანი). მისი ცნობით, მ. ბილანიშვილი იძულებული იყო პარიზში, ქიმიურ ქარხანაში ემუშავა, სადაც ჯანმრთელობა დაიზიანა და ტუბერკულოზით დაავადდა. ამ პერიოდში მას პატრონობდა პარიზში ჩასული თბილისელი მეგობარი მხატვარი — ლუკა ხითარიშვილი, რომელიც 1935 წელს დაბრუნდა საქართველოში. გადმოცემით, მას თითქოს სამშობლოში ჩამოჰქონდა მ. ბილანიშვილის ნამუშევრები, თუმცა გზაში ბარგი დაუკარგავს. გ. შარაძეს კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოაქვს: მ. ბილანიშვილი ოჯახში აგზავნიდა საკუთარი ნამუშევრების ფოტოებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, საფლავში ჩაატანეს დედას. ასე დაიკარგა ინფორმაციაც კი მხატვრის მემკვიდრეობის შესახებ. ემიგრაციამდე მიხეილ ბილანიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ორი წელი. მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე და ევგენი ლანსერე.1924 წელს კი გამორჩეული სტუდენტი სტიპენდიით გაემგზავრა პარიზში. მხატვრის საგამოფენო ისტორია სავარაუდოდ იწყება 1927 წლის პარიზის დამოუკიდებელთა სალონში მონაწილეობით, სადაც მან ორი ნამუშევარი წარადგინა.
გამოფენის კატალოგი. 1927

მიხეილ ბილანაშვილი გამოფენის მონაწილეთა სიაში
საყურადღებოა ამ გამოფენის შესახებ პუბლიკაცია თანადროულ ფრანგულ პრესაში. ჟურნალ Revue du Vrai et du Beau-ს ერთ-ერთი ნომერი (10 mars, 1927) თითქმის სრულად ეძღვნება გამოფენის განხილვას, დეტალური ანალიზითა და მონაწილე ხელოვანთა შეფასებებით. პუბლიკაციის პირველივე გვერდზე განთავსებულია ტექსტი მიხეილ ბილანიშვილზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქვე გამოქვეყნებულია მისი ერთ-ერთი ნამუშევრის — „ახალგაზრდა ქალის პორტრეტის“ ფოტო.

სტატია ჟურნალიდან

ფაქტი ძალზე ღირებულია — ასე გვეძლევა წარმოდგენა კიდევ ერთ, აქამდე უცნობ ტილოზე. უცხოელი ავტორი აღფრთოვანებით აღწერს პორტრეტს და ხაზს უსვამს ახალგაზრდა ქართველი მხატვრის დიდ პოტენციალს. მისივე თქმით, მეორე ნამუშევარმა — კომპოზიციამ ქალის ფიგურებით (les femmes nues) — მას „ზომიერი სიმპათია“ აღუძრა და ურჩევს მხატვარს მუშაობის გაგრძელებას პორტრეტის ჟანრში. ამ მიმართულებით კი მას მეტად წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
საყურადღებოა, რომ მხატვრის გვარი ფიქსირდება 1929 და 1931 წლის დამოუკიდებელთა სალონის გამოფენათა კატალოგებშიც.
გამოფენის კატალოგი. 1929

მხატვრების სია კატალოგიდან
გამოფენის კატალოგი. 1931

მხატვრების სია კატალოგიდან
ცნობილ გარემოებათა გამო არალეგალურად ემიგრაციაში დარჩენილი მხატვრის შესახებ ინფორმაცია მწირია, თუმცა დიდია ინტერესი მის მიმართ და ვიმედოვნებთ, მომავალში დანაკლისი შეივსება.
დასკვნის სახით: მიხეილ ბილანიშვილის მემკვიდრეობის 8 ფერწერული ტილოდან 6 პარიზის პერიოდისაა. ყველა მათგანი მაღალი რანგის ფერწერაა. სწორედ ამით აიხსნება დებიუტანტი ქართველი მხატვრის მიმართ გამოვლენილი ინტერესი თანადროულ ფრანგულ პრესაში. მიხეილ ბილანიშვილი თანაბრად საინტერესო ნიმუშებს ქმნიდა პეიზაჟის, პორტრეტისა თუ ნატურმორტის ჟანრში. ქმნიდა კომპოზიციებსაც, რომელთა შესახებ ვიზუალური მასალა ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება. არსებულ ფერწერაში გამოვყოფდი 3 ტილოს, რომლებიც არა მხოლოდ მოდერნისტული მხატვრობის ფასეული ნიმუშებია, არამედ მათში საკუთრივ მიხეილ ბილანიშვილის, როგორც ქართულ ეროვნულ კულტურაზე აღმოცენებული ხელოვანის ხელწერა იკვეთება. ესენია: 1. ქართველი ქალის პორტრეტი; 2. ქართული ნატურმორტი; 3. 1927 წელს პარიზის დამოუკიდებელთა სალონში ექსპონირებული პორტრეტი, რომლის მხოლოდ საგაზეთო ფოტოა ჩვენს ხელთ.