menu

მუსიკა


ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერის და ბეჭდვის თავგადასავალი

ილია თავბერიძე · ნოემბერი 3, 2022

ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერის და ბეჭდვის თავგადასავალი

1880 წელს თბილისში იტალიიდან დაბრუნდა ცნობილი საოპერო მომღერალი ფილიმონ ქორიძე. იმდროინდელი პრესის ქრონიკებით ვიგებთ, რომ ფილიმონი წარმატებით მოღვაწეობდა იტალიის სხვადასხვა თეატრში, მათ შორის მილანის ლა სკალაში. თბილისში კი აქაური ოპერის თეატრის მოწვევით დაბრუნდა. უკან წასვლას რომ აპირებდა, მასთან ქართველი მგალობლები მისულან სტუმრად და უკითხავთ: ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება თუ არის შესაძლებელიო. ფილიმონს თანხმობა განუცხადებია: „მოვიდნენ, იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე, ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზეც გავაგონე საგალობლები. მაშინ დარწმუნდნენ, რომ ქართული გალობის ნოტებზე დაწყობა შესაძლებელი ყოფილა“- ასე იგონებდა იმ პირველი შეხვედრის ამბავს, მალე მთელ საქართველოს რომ მოედო.